"მის საქართველო 2012", მოდური და სექსუალური მოდელი თამთა შედანია მოდის სამყაროსა და სილამაზეზე გვესაუბრა. მან გაგვიზიარა თავისი შეხედულებები.
როგორც აღმოჩნდა, თამთას გარდერობში ფეხსაცმელების ძირითადი ნაწილი უცხოელი დიზაინერების ნაჩუქარია. მოდელმა ასევე გაგვიმხილა, რას ატარებს ჩანთით.
- რომ არა მოდა, როგორი იქნებოდა მსოფლიო?
- მოსაწყენი, ჩემი აზრით, მოდა ქმნის მსოფლიოს და კაცობრიობა კი მოდას.
- დაასახელეთ სამი ყველაზე მოდური ადამიანი...
- მაკა ჩიჩუა, როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი და ოლივია პალერმო.
- ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ყველა ქალი ლამაზია, უბრალოდ, ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს, თავს არ უვლის?
- არ ვეთანხმები, თავის მოვლა არ აისახება ქალის სილამაზეზე.
- დაასახელეთ სამი სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა ქალს გარდერობში...
- ყოველდღიური, სპორტული და „ბიზნეს ლედის“ სამოსი.
- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია?
- სულს, ისევე, როგორც სხეულს, სჭირდება მოვლა და განვითარება, შედეგი ინდივიდუალურია.
- თქვენი ყოვედღიურობა მაკიაჟის გარეშე წარმოგიდგენიათ?
- რა თქმა უნდა, ზოგადად, ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას.
- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები...
- ქალი ყველა ასაკში ბედნიერი უნდა იყოს, ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას...
- ქალი ყველაზე მოდური არის, როცა..
- როცა ის შეყვარებულია.
- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მოდურობასა და გემოვნებიანობას შორის? საერთოდ, არის თუ არა განსხვავება?
- მოდურობა არის ტრენდი, ხოლო გემოვნება - ცხოვრების სტილი...
- რომ არა კაცები, ქალი მოდას აყვებოდა?
- კაცი რა შუაშია, მოდა ქალის სამყაროა და ქალი თავის მოდურ სამყაროში ცხოვრობს. ამ სამყაროში ზოგჯერ საჭირო ან არასაჭირო კაცები ხვდებიან.
- გაქვთ ფერი, რომელსაც არ ღალატობთ?
- შავი.
- მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით?
- სწორი კვება, ვარჯიში, დასვენება და პოზიტიური ხასიათი... ეს უკანასკნელი, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად, 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში?
- ჩემთვის პირადად ჯანსაღი ცხოვრების წესია და ძალიან სასიხარულო მოვლენად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ფიტნესით აქტიურადაა ხალხი დაკავებული ძველ დროსთან შედარებით.
- რამდენი წყვილი ფეხსაცმელი გაქვთ, დაახლოებით მაინც?
- უი, არ დამითვლია, ძირითადად, უცხოელი დიზაინერები მჩუქნიან ჩვენებების შემდეგ.
- საყვარელსა და მავნე ჩვევას ხომ არ გაგვიმხელთ?..
- მავნე ჩვევაა ტელეფონზე დამოკიდებულება, საყვარელი - სულ ვიპრანჭები.
- ”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო”, სტერეოტიპია თუ არა? რას იტყვით თქვენი გამოცდილებიდან ამის შესახებ?
- ქალებს ყოველთვის გვიწევს დიდი დროის დათმობა სილამაზეზე ზრუნვისთვის...
- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი აქსექსუარი და რაიმე მოგონებას ხომ არ უკავშირდება?
- ჩემი საყვარელი აქსესუარია მამაჩემის ნაჩუქარი საათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ.
- ის, თუ რა დევს ჩანთაში, ხშირად ქალის ხასიათს განსაზღვრავს. გაგვიმხელთ, რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის თქვენს ჩანთაში?
- ჩანთაში ყოველთვის მიდევს სუნამო, საფულე, კოსმეტიკის ჩანთა, დამტენი და რამდენიმე სათვალე.
მერიემ კაკაურიძე
იხილეთ ასევე: „მამაკაცები ჩვენი სამკაულები არიან...“ - მერაბ ამზოევის ულამაზესი მეუღლის სილამაზის ფორმულა