ყოველთვის, როცა ცა საწვიმრად ემზადება, მე ვიწყებ სახლის დალაგებას და მაქსიმალურად ვცდილობ, წვიმის დაწყებამდე მოვასწრო წესრიგის დამყარება.
არ ავხსნი ამ ფენომენს, ალბათ, თვითონაც გესმით, რატომ არ მინდა არაფერმა შემიშალოს ხელი წვიმაში ჩაძირვისას...
...დღის განმავლობაში თვალებიდან იმდენ ენერგიას ვკარგავთ, რომ აუცილებელია ზოგჯერ დავხუჭოთ ქუთუთოები და ვუსმინოთ იმ ბანს, რომელსაც შინაგანი მდგომარეობა გვთავაზობს.
სხვაგვარად ვერ წავალთ დიალოგზე საკუთარ თავთან. ბუნების ხმა კი ჩვენი ყველაზე კარგი პროვოკატორია. თქეში ჩვეულებრივი მოვლენაა გვიან შემოდგომაზე და მე ბოტებით, ქოლგით, "მატრიცას" საწვიმარითა და გაბრწყინებული თვალებით - ჩვეულებრივი სურათი. გზაზე გადასვლისას მთელი შემართებით ჩავხტი ღრმა გუბეში და გოგო რომ არ ვყოფილიყავი, მარტო შენიშვნას არ დაჯერდებოდა მანქანიდან სიგარეტის საყიდლად გადმოსული გაწუწული მძღოლი.
ხალისით მოცული მივდიოდი ბექასთან "სასაუბროდ" და გზაში ვაოსტატებდი სერიოზული ფიზიონომიის რამდენიმე ვარიანტს.
ყველას გვაქვს ამოჩემებული კაფე თუ ბარი, რომელშიც ლამის სახლივით მყუდროდ ვართ და ამას ისიც განაპირობებს, რომ უმეტესწილად, ეს ადგილი მართლა ორ ნაბიჯშია სახლთან. კაფე "სოციუმი", ხის უბრალო მაგიდებითა და სკამებით შემოფარგლული, პატარა, მყუდრო ნასარდაფალია.
დაბალი შუქითა და უშუალო პერსონალით შემდგარი. ყავაც, ჩაიც და ლუდიც იგივეა, რაც სხვაგან, მაგრამ მეპატრონის უზომო ინტელექტუალობიდან გამომდინარე, უფრო იაფი, ვიდრე სხვაგან.
ხალხიც შესაბამისი. ეს არ არის ადგილი პოპულისტი და გადაპრანჭული კონტინგენტისთვის. ძირითადად, უბრალო, თანამედროვე, მაგრამ უშუალო საზოგადოება იკრიბება. მართალია, ზედმეტი ხმაური და ღრეობა "სოციუმში", დღესასწაულების გარდა, სხვა დღეებში გამორიცხულია, მაგრამ თუ შენს მაგიდაზე უცნობის გამოგზავნილი სასმელი ან სასუსნავი გაჩნდა, არ უნდა გაგიკვირდეს.
მოკლედ, კაფე კარგ ენერგეტიკას ატარებს და ის ჩვენი საყვარელი ადგილია საღამოობით, მაგრამ ყოველთვის შემიძლია დილიდანაც ვიჯდე ცარიელ მაგიდასთან, არცერთი შეკვეთით და მხოლოდ სლავ ბარმენ რომას ვეჭორავო სხვადასხვა თემაზე, თუმცა ის დღე გამონაკლისი იყო:
- მოხვედი? ვა, ასე წვიმს გარეთ? ქოლგა რატომ არ გაშალე?
- როგორ ხარ ბექუუს?
- რა გჭირს?
- "ციპაჩკობას" ვცდილობ.
- მერე? მოგწონს?
- ნწუ... მძიმე შრომაა.
- რა შევუკვეთოთ?
- დღეს განწმენდის დღე მაქვს, მინერალური მხოლოდ...
- მე მშია, ბურგერებს ავიღებ.
- ოკ... იმდენი შეუკვეთე, რომ სასაუბრო დრო დაგვრჩეს... მეც მალე უნდა გავიდე, დღეს ლუკას წერენ და...
- საუბარი... უნდა ვისაუბროთ, ხო?
- არა?
- კი... ჰო... - ძალები მოიკრიბა და პირველი ბურგერის მერე განაგრძო: - პირდაპირ გეტყვი, შენმა მესიჯმა გამაკვირვა. არ მესმის, როგორ უნდა ითამაშოს ადამიანმა ასე კარგად. ჩვენი შეხვედრების მანძილზე სულ მეჩვენებოდა, რომ ძალიან გულწრფელ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა...
შეყვარებული მზერით მიყურებდი თვალებში, ვსაუბრობდით ყველაფერზე, უამრავი რამ გამიზიარე, ბევრი ნაწილაკი შენი გულიდან, შენი სამყარო... მწერდი წერილებს. თუ ყველაფერი თავიდანვე იცოდი, რა გაიძულებდა ამას? რისთვის აკეთებდი? ასე უბრალოდ ვერ ითამაშებდი, ასე კარგად. გამორიცხულია. ვხედავ, არ ხარ გულგრილი ჩემდამი.
- ერთი წუთით. შენ ახლა ცდილობ საუბრის სულ სხვა მიმართულებით წაყვანას და თან ძალიან მოხერხებულად. საქმე ჩემში კი არა, შენშია... მე კი არა, შენ გყავს საცოლე.
- მყავდა.
- არა, გყავს. შენ გგონია, ვერ ვხვდებოდი, რატომ იყავი ქრონიკულად მოუცლელი? რატომ იყო შენი "ინბოქსი" და ზარების ისტორია ყოველთვის ცარიელი? რატომ გეყენა ტელეფონი უხმოზე და რატომ გადიოდი მობილურზე საუბრისას გვერდზე? ან რატომ არასდროს დაინტერესებულხარ, რომ არ გეკითხები, რატომ არ იღებ არასდროს ფოტოს ჩემთან, რატომ არაფერზე მაქვს პრეტენზია...
- არა! არასოდეს მიფიქრია ამაზე. შენ სხვანაირი ხარ... შენ არ იფიქრებ ბევრს, თუ მე არ დაგირეკავ. არ დაელოდები ჩემს მესიჯს და არ მკითხავ, ვინ იყო ის გოგო, რომელმაც თბილი კომენტარი დამიტოვა იმიტომ, რომ შენს სამყაროში ხარ გართული და სხვისი მსხვილმანებიც შენთვის წვრილმანია, შენი კი სხვისთვისაა უმნიშვნელო და ეს არც ცუდია და არც კარგი, თუმცა მაინც მგონია, რომ ასე ვერ იცხოვრებ და კიდევ, შენთვის ძალიან ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობ.
არ მესმის, რატომ გააკეთე ასეთი არჩევანი, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის დროც არ მაქვს. მეც ბევრი რამე გამიკეთებია ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ცუდი გოგო არ ხარ, მაგრამ რაღაცნაირი არაპრაქტიკული ჭკუა გაქვს... ხომ გესმის... ადამიანს უნდიხარ, როცა უნდა, რუტინას მოსწყდეს, ყოველდღიურობისგან იღლება, მაგრამ, ტეო... მაპატიე... სადღესასწაულო მორთულობასავით ხარ, რომელსაც წლიდან წლამდე მტვერი ეყრება და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყენებენ...
- იყენებენ... აბა რა... (უცებ ავიტაცე მსხვერპლის როლი. აი, თურმე როგორ ჩანს გვერდიდან ყველაფერი)
- ცუდად ჟღერს, მაგრამ ასეა... ლეკა მიყვარს... ბავშვობიდან ერთად ვართ... –(მაინც როგორ ახერხებს ეს ხალხი აკვნიდანვე ერთმანეთის პოვნას?) - მაგრამ შვიდი-რვა წელი რომ ერთად ხართ... ალბათ, გესმის... გინდა რაღაც ახალი...
- არა, არ მესმის. ...და ურთიერთობის განახლება? ვერა..?
- არა, არა... სხვა რამეა ეგ... სისულელეა ეს თეორიები. ახალი ფლირტი გჭირდება, ახალი ურთიერთობა. იმ ეტაპის გავლა, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ გაიარე. მე ასეთი ვარ. არის კატეგორია, რომელსაც არ სჭირდება ის, რაზეც ვლაპარაკობ, მაგრამ რომანტიკოსი ვარ და სულ მინდა ახალი ვნება, ახალი სისხლი. როცა ადამიანები დიდი ხანი ერთად არიან, მათი ჰორმონები ერთმანეთს ეჩვევა (ეს დამტკიცებულია). ამიტომ საჭიროა ახალი ურთიერთობები, სხვების გაცნობა.
თუნდაც პირველი შეხება უცნობ და სასურველ ბაგესთან, მაგრამ ლეკა მიყვარს. ჩემი კი არ ესმის. აი, რატომ ვჩხუბობთ და ვშორდებით ხშირად, მაგრამ ისევ ხომ ჩემთანაა? როცა გაგიცანი, დაშორებულები ვიყავით. ისევ იგივე, კლუბში გოგოს წელზე შემოვხვიე ხელი და ლეკას დაქალმა მნახა.
- და მე რა კავშირი მაქვს ამასთან?
- შენ... შენ ისეთ სიტუაციაში გაგიცანი, დარწმუნებული ვიყავი, რომ... ხომ ხვდები... სხვანაირი გოგო მეგონე...
- "ნაშა".
- ნუ...
- გასარეცხი "ტიმბერლენდები", ბაიკერის ხელთათმანები, ხუთი ზომით დიდი სვიტერი, როგორ უნდა...
- ჰო... მაგრამ... ნუ... სხვადასხვა ტიპის გოგოებთან ვყოფილვარ და ყველა "შპილკებზე" ნამდვილად არ იდგა...
- კარგი... მერე?
- მერე ინერცია... რა ვიცი, მივყევით დინებას. საინტერესო გოგო აღმოჩნდი, კარგი იუმორი გაქვს, არაფერს ითხოვ. მოკლედ, ხომ აგიხსენი უკვე...
- და ახლა?
- ახლა არ ვიცი. შენ თვითონ გადაწყვიტე. ყველაფერი იცი. აირჩიე...
- მე ვისა და ვის შორის უნდა ავირჩიო?
- ლეკას არ დავშორდები, მაგრამ არც შენი დაკარგვა არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად უკარება ხარ, ჩემ მიმართ გრძნობები გაქვს. მეც მიზიდავ, მომწონხარ, მიყვარს შენი პიროვნება, არაადეკვატური გამოხდომებიც, ბავშვური სიმბოლიზმი და ის, რომ ყველაფერს ასე გრძნობ და განიცდი. ზოგჯერ ვნანობ, რომ ჩემთან ურთიერთობისთვის გაგიმეტე; ზოგჯერ, პირიქით, მიხარია, რომ...
(აქ ყველაფერი უფრო გასაგები გახდა, მისთვის ერთი მარტოსული "სტრანნიკი" ვიყავი, რომელიც მასზე შეყვარებული და ბევრ რამეზე წამსვლელი იყო. მიაწერეთ ფსიქიკურ ხარვეზს, მაგრამ ეს როლი "მეამა"):
- "შხაპის ქვეშ გაგუდული ხრიალი არასოდეს აღმოგხდენია, როგორც ჩანს" -დროულად ამომიტივტივდა და გამომიმჟღავნდა ახალი უცნობის გავლენაც და უცებ გავიფიქრე, ალბათ, ამ სიტყვების ავტორის მიზანიც იგივე იყო, როცა მომწერა, ენახა ჩემი რეაქცია, როგორ იქცევა ადამიანი, როდესაც უპირატესობას გრძნობს. ამ ფრაზის მერე ბექამაც, რომ დომინანტი იყო და მეც მხოლოდ იმით ვიყავი დაკავებული, რომ აბაზანაში ვიდექი, მისდამი ცალმხრივი სიყვარულით გატანჯული. ვის არ აუწევს თვითშეფასებას ასეთი წარმოდგენა, მით უმეტეს, თუ "ცარიელ თავთავზეა" ლაპარაკი და შედეგმაც არ დააყოვნა:
- არა, ტეო, ძირითადად, ჩემ გამო ტირიან. ჩემი პლუსი ისაა, რომ ნებისმიერი, ვისაც დავშორებულვარ, დღესვე დამიბრუნდება, რომ მომინდეს და დამეთანხმები, ალბათ, ამას მოხერხება უნდა. ყველა მათგანი დღემდე ფიქრობს ჩემზე...
(ის მაცოდინა, რა მეთოდით ვახერხებ ყოველთვის ასეთ იდიოტებთან შეყრას (?). გაიხსენეთ ზიმბარდოს ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, როდესაც მან საპყრობილის ინსცენირება მოაწყო, როგორ გარდაისახნენ უპირატესობის მიღებისთანავე ექსპერიმენტის დაქირავებული ის მონაწილეები, რომლებსაც ციხის ზედამხედველების როლი ერგოთ. ბექასაც აღმოაჩნდა ცხოველური დაუნდობლობისა და სისასტიკის დიდი პოტენციალი და მე ამისთვის მზად ვიყავი:
- შენ რომ აღმოჩნდე მათ ადგილას?
- ყველა ადამიანი იმას იღებს, რასაც იმსახურებს...
- ა, და მეც დავიმსახურე?
- არ ვიცი... ალბათ... მე შენს მიტოვებას არ ვაპირებ. თუ გააკეთებ ისე, რომ შენთან დავრჩე, დავრჩები.
- მაინც რას?
- არ ვიცი, ამაზე შენ უნდა იფიქრო.
- შენი აზრით, მიყვარხარ?
- პირველი დღიდან იცი, სხვა ქალი მყავს და მაინც არ წყვეტ ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად გნახულობ, მაინც მხვდები. ალბათ, არის რაღაც, ხომ? თუ არა და, შეგიძლია დამემშვიდობო. ჯერაც აქ რატომ ზიხარ?
- სხვა ვერსია გაქვს?
- ვერსია ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ყველაზე ადეკვატურია. ან, თუ ჭკუის სწავლება გინდოდა ჩემთვის და ა.შ. მასწავლე? (გაეცინა) სამაგიერო გადამიხადე "ყველა ქალის სახელით" თუ რა? მითხარი, გისმენ...
წინ მეჯდა განათლებული და სიმპათიური ჩლუნგი, რომელიც დარწმუნებული საკუთარ წარმატებულობაში "მეტიპებოდა". იმ წუთას რომ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი, მომავალშიც იცხოვრებდა ამ აზრში გახვეული და მერე რა? მე რომელი "დედა ტერეზა" ვარ? რა მესაქმება? ...მაგრამ რაღაცამ "ამაგდო", პირველ რიგში - ჟინმა, მეორეში - უსაქმურობამ:
- არ ვაპირებ წასვლას...
- დარწმუნებული ხარ? რამდენჯერაც შენი კოცნა გადავწყვიტე, იმდენჯერ მომიშორე. ასე დიდხანს ვერ "გავქაჩავთ"... მართალია, არ ჰგავხარ მათ, ვისაც აქამდე ვიცნობდი, მაგრამ მარტო აბსტრაქტული წყაროებით ვერ "გავძღებით". ვხედავ შენს ტემპერამენტს, ისიც ვიცი, რომ ფუნდამენტურ საკითხებში ტრადიციული ხარ და ეს მომწონს, მაგრამ თუ მართლა გიყვარვარ, ცოტა ახლოს უნდა მომიშვა. დიდი მადლობა, რომ შინაგანად შემომიშვი...
- ...მაგრამ ფიზიკურადაც უნდა შეგიშვა, არა?
- გეცინება?
- შენი საცოლის შერთვა რატომ არ გინდა?
- ჯერ არაა ამის დრო და არც...
- გასაგებია.
- მოკლედ, ერთად ვართ?
- კი.
- მიყვარხარ. ვიცი, სასტიკად გელაპარაკე, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. არაფერი დამიმალავს, რომ არჩევანი თვითონ გაგეკეთებინა. როგორც ჩანს, ჩვენ შორის მართლაა სულიერი კავშირი.
(ხო, აბა რა... (გამეღიმა გულში), თუმცა გარკვეული ფილოსოფიით, სიმართლის ნაწილაკი იყო ამაშიც).
- წამიკითხავ რამე ლექსს? "შენი" ტერენტი, მაგალითად.
- ამ ამ ბოლო დროს მუხრანს უფრო ვემეგობრები... არ უნდა გახვიდე? დაღლილი იქნები.
- ხო, პირდაპირ სამსახურიდან მოვდივარ. წამოდი, გავიაროთ...
- არა, კატოს ველოდები, შენ გადი.
- არ მეყო შენთან ყოფნა... – (ღმერთო რა ბანალურია)
- არც მე... ხვალ თუ არ გამოგიძახეს...
- გნახავ.
*
ვიჯექი "სოციუმში" და საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი... საღამოს დედა ჩამოდიოდა სოხუმიდან, მინიმუმ, სახლი უნდა დამელაგებინა, სანამ დავხვდებოდი ადამიანს, რომელიც უზომოდ მომენატრა. კატოც მელოდებოდა, როგორც სასწრაფო დახმარებას. პოსთვის დამავიწყდა საჭმლის ყიდვა, არც ბანკის კრედიტი გადამიხდია, არც სამსახურის საქმეებისთვის მიმიხედავს და მეტი სიცხადისთვის დავამატებ, რომ ალბათ უთო, რომელსაც არ ვხმარობ, ჩართული დავტოვე...
დაძაბული ვიყავი ვალდებულებებითა და სურვილებით... უცებ გავაჩუმე ფიქრები და დავხუჭე თვალები, მაინტერესებდა რა სურდა "მე"-ს. სკამიდან წამოვდექი და მაგიდის ქვეს შევძვერი, დავწექი ხის იატაკზე და ვუყურებდი მაგიდას ქვევიდან ზევით, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რომელიც ძალიან ახლოა. გულზე ხელები შემოვიჭდე და ხის ავეჯის სუნს შევიგრძნობდი.
ეს იყო ჩუმი, პასიური ისტერიკა, რომელშიც საკუთარი თავი გამოვიჭირე, მაგრამ საოცრად მამშვიდებდა სიმყუდროვე, რასაც იქ ვგრძნობდი, იზოლირების და თავისუფლების განცდა... ნელ-ნელა დაილექა ქაოსიც და აზრებმა კონკრეტული ფორმები მიიღეს. არ არსებობსო აბსოლუტური სიბნელე - როგორც ბექა არ იყო აბსოლუტურად მტყუანი, ისე მე არ ვიყავი აბსოლუტურად მარტო, მით უმეტეს, რომ რომას წყვილი თვალი დამყურებდა:
- ლუდი ხომ არ შემოგაწოდო?
- გამოვალ.
- მე არ მიშლი. უბრალოდ, კლიენტებს კლავთ ცნობისმოყვარეობა.
- ნემსი გაქვს?
- в смысле? ты что собираешся шить?
- ან მახათი, ქინძისთავი?
- БУЛАВКА? კი.. - სამსახურის ჟილეტს მოხსნა და მომაწოდა: - встанешь?
კი-მეთქი, გამოვძვერი, ბარიდან არყის ბოთლი და მარტინის ლიმონი ავიღე და საპირფარეშოში წავედი. რომა უკან გამომყვა, ოღონდ უფრო არაყს, ვიდრე მე...
- რას აკეთებ, გოგო?
- ერთი წვეთი მინდა რა, ყურს ვიხვრეტ - ჩავყავი არაყში ქინძისთავი და ყურის ნიჟარის ზედა მხარეს, ხრტილში გავიყარე. ქვევიდან ლიმონი დავუხვედრე წონასწორობისთვის. ზეპირად გავაკეთე ის, რაც ვიცოდი თეორიულად. არ მტკენია, მხოლოდ ტკაცუნის ხმა გავიგე და არცერთი გრამი სისხლი არ წამომსვლია. მე და რომა გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს:
- ну ты шизанутая!
- "ინდუსტრიალი" უნდა გავიკეთო. - ვთქვი და ისე, რომ არც მიფიქრია, პირველი ნახვრეტისგან ერთი სანტიმეტრის ქვეშ გავიყარე ქინძისთავი.
- "ინდუსტრიალს" ქვემოთ არ იკეთებენ. აი, აქ უნდოდა, გოგონი...
- ვიცი. შემეშალა. ვაიმე, მეტკინა. - მართლა ძალიან მეტკინა და კიდევ კარგი, იმ წერტილს ავაცილე, რომლის დაზიანებითაც დამბლა გარანტირებული მქონდა, მაგრამ ორ ნახვრეტს არ დავჯერდი და სადგისი მესამეჯერ გავიყარე ხრტილში. ერთმანეთის მიყოლებით სამი ვერტიკალური ნახვრეტი დავისვი და სისხლმაც ამოხეთქა... ბიბილოებიდან ორი საყურე მოვიხსენი, ერთიც რომას ვესესხე და არაყი შევისხი.
კმაყოფილები, არყისა და ადრენალინის სუნით აქოთებულები გამოვედით და გავუყევი გზას... არ ვიცი, ეს ნამდვილად ის იყო, რისი გაკეთებაც მართლა ძალიან მინდოდა თუ არა, მაგრამ ამ მომენტიდან დავიწყე საკუთარი თავის მეტად მოსმენა და ჩემი ჭეშმარიტი სურვილების შეცნობა. ნელ-ნელა ვისწავლე, გამერჩია ერთმანეთისგან საკუთარი შეხედულება და ის, რაც საღდება, როგორც ჩემი აზრი, სინამდვილეში კი საზოგადოების ანარეკლია...
მის მერე, ალბათ, სულ რამდენიმეჯერ მეკეთა საყურე ბიბილოზე, მაგრამ მეკეთა მაშინ, როცა ამის სურვილი მქონდა, არ ვიყავი მიკერძოებული. ზოგჯერ ადამიანს განსხვავებულობის სურვილი იმდენად იპყრობს (და ამ ეტაპს უმეტესობა გადის), რომ ცდილობს, გამორჩეული იყოს, რაც ასევე არაფრით განასხვავებს ბრბოს ფენომენისგან, რადგან აქ მიზანი ის კი არაა, რომ გინდა თუ არა, არ ჰგავდე სხვას, მთავარია, იცოდე, რა არის "შენი" და რა - "სხვისი". ეს გაყალიბებს ინდივიდად. ამიტომ არ მესმის მათი, ვინც საზოგადოებაში გამოსაკვეთად აკეთებს ბევრ სიდებილეს (რომელიც გულის სიღრმეში თვითონაც არ სურს).
იგივენაირად არ მესმის მათი, ვისთვისაც სალაპარაკო გახდა ჩემი ყური და არ ესმოდათ საყურე ხრტილზე, ბრმად და უკომპრომისოდ, ერთი "ურყევი" არგუმენტით: ასეთი წესია.
*
ვიდექი სადგურზე, უზომოდ მინდოდა, სადმე გავყოლოდი მატარებელს და თავდავიწყებას, მაგრამ ველოდი დედას... ლამაზი და ინტელიგენტი ქალია დედაჩემი, ძალიან ორიგინალური და მშვიდი, რომელმაც დიდი ხანია იცის ჭეშმარიტი ღირებულებები და წვრილმანებზე არ ხარჯავს დროს.
- მარტო ვერ დაგტოვებს კაცი, დეზინფექცია მაინც გაიკეთე წესიერად? რამე არ აიკიდო.
- კი. ხო ლამაზია?
- ლამაზი კია, მაგრამ მგონია, ხელს შეგიშლის...
- რა ხდება ზღვაზე? გაუტკბათ დასვენება?
- ჩამოვლენ იმ კვირაში. მუშმალა ჩამოვუტანე ჩემს მოსწავლეებს, არ იცოდნენ, რა იყო...
- აუ, მუშმალა კი არა, თეთრი ოლეანდრის ნერგი არ წამომიღე?
- აქაც იყიდება, ტეო, მე რომ არ მეთრია...
- მე სოხუმიდან მინდოდა, ეგრე მუშმალაც იყიდება აქ!
*
სახლში რომ მივედი, ტელეფონი გამოვრთე. არ მსურდა არსად წასვლა, არ მინდოდა, იმ დღეს ვყოფილიყავი ვინმეს ფსიქოლოგი თუ დახმარების ხელი ან კლოუნი და სხვა... ვუყურებდი anonym mailis ქავერის ფოტოს და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ყური სჯობდა, მაგრამ მაინც რის სიმბოლოდ ეყენა ნეტა...(?) უკვე ძალიან გვიანი იყო. ჩემს მინიატურულ ოთახში ახლად გარეცხილი ნოხი დავაფინე და ძირს მოვკალათდი, აწ უკვე ჩემი ლეპტოპი მივუერთე დინამიკებს და პიტნიან ყავას ვუბერავდი სულს.
ფეხებს ჩემი ჰოტ-დოგ-ი პო მითბობდა, სმენას - ელ ჯეროს after all. მიხაროდა, რომ ჯაზს დავუბრუნდი, ე.ი. ჰარმონიას ვუახლოვდებოდი. გადავშალე ახლად ნაყიდი, რენე დეკარტის წიგნის პირველი ფურცელი, მაგრამ ფეისბუქმა არ მაცალა: anonym mail. წამოვხტი და სანამ წავიკითხავდი, დედა შემოვიდა: "ლუკამ დარეკა, კატო დაიკარგა!"
გაგრძელება იხილეთ ხუთშაბათს
თეკლა ლაზი
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე. V თავი - "ყველა ქალი პოტენციური ძუკნაა"