ჩვენ ხშირად ვბრაზობთ ერთმანეთზე, განსაკუთრებით, ახლობლებზე. მით უმეტეს, თუ ხარ ისეთი ხისტი და მომთხოვნი ურთიერთობებში, როგორიც მე.
არის ორიოდე თვისება, რის გამოც ადამიანთან ურთიერთობა მიჭირს – პოპულისტობა და წუწუნი. შემიძლია ფუნდამენტურ ნაკლზე დავხუჭო თვალი და არც თვითონ ვარ იდეალური ბუკეტი, მაგრამ ეს ორი ფაქტორი, უმეტეს წილად, გადამწყვეტია.
ყოველთვის მაღიზიანებდა და ზოგჯერ კვირაობით ვაიგნორირებდი კატოს იმის გამო, რომ საზოგადოებაში ხშირად ირგებდა სხვადასხვა პოზას. და ეს მოდას და ტენდენციებს აყოლილ ხალხზე არანაკლებ მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ სხვა მხრივ, იმდენად დადებითი აღმოჩნდა, რომ მივიღე ისეთი, როგორიც არის...
ყველას გვყავს თითი დაქალი, რომელიც ზოგჯერ უზომოდ გვაღიზიანებს (პარალელურად, უზომოდ გვიყვარს), მაგრამ მაინც "ფალშზე" მეტი სიტკბო აქვს.
ხშირია გაორება, როცა ადამიანი გვიყვარს, მაგრამ არ მოგვწონს... თუმცა საბოლოოდ ვერკვევით, ვის რა როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და იმაზე მეტს არ ვთხოვთ... ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ "ის" გამაღიზიანებელი დაქალი (?)
მოკლედ, როცა დედამ მითხრა, რომ კატო დაიკარგა, ესეც მის მორიგ პათეტიკურ პოზად ჩავთვალე. მაშინაც, როცა მის სახლთან პატრულის ციმციმები დავლანდე და მისი ოჯახის დაფეთებული წევრები ვნახე.
...კარგად დალაგებული სახლი (როგორც ყოველთვის), ჩანთისა და მობილურის ჩათვლით, ყველაფერი სახლში დაეტოვებინა. "დილას არ მომაკითხა კლინიკაში. წინა ღამეს ველაპარაკე და ადრე მოვალ გაწერამდეო. მობილური გამორთული დაუტოვებია აქ. მის ყველა ნაცნობთან და მეგობართან ვეძებდი, არავინ დაგვიტოვებია. არ ვიცი, რა ვქნა. დილიდან არავის უნახავს, არც მაღაზიაში ყოფილა.
ველოდებოდი... ჩემი ტანსაცმელიც არ მოუტანია. იმის მერე ვეძებთ..." – გაოცება და შიში ეტყობოდა ლუკას. როგორ? კატომ? თავდადებულმა და მეოჯახე კატომ? როგორ, რანაირად? შეუძლებელი იყო. ორი აზრი არ არსებობდა – უბედური შემთხვევა!
დაიწყო დაკითხვები! ვიჯექი ეზოში, საქანელაზე და ჩემი რიგის მოლოდინში კატოზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ვნერვიულობდი. სულ მისი გაურკვეველი წინადადებები და არეულობა მიტრიალებდა გონებაში და მეშინოდა... ნუთუ ამას ყოყმანობდა ამდენ ხანს? ნუთუ ასე მიდის ადამიანი იმ კონდიციამდე...
...როცა ცხოვრება ნაბახუსევის განცდაა, მთვარე – ყვითელი ლაქა, ღიმილი – მოვალეობა. ნუთუ კატომ? არა! ეს არ გამომეპარებოდა... სად? როგორ? რისთვის...? ვუყურებდი ნაძვის წვეროებს და ცას, როგორც ყოველთვის, მაკლდა ურთიერთობა ბუნებასთან და სივრცე. ამიტომ ყველგან დავეძებდი მას და ვაკვირდებოდი სურათებს, ვიჭერდი და ვიმახსოვრებდი წამს... "ახლა ფოტოაპარატი რომ მქონდეს..." ...მიყვარს ხეები... ხეები განსაკუთრებით... რა ცოტა ხეა ქალაქში. სამაგიეროდ, ჩემთან...
...და აი, გაელვება, რომელსაც რეალისტები ლოგიკას ეძახიან, მისტიკოსები – ინტუიციას, მორწმუნეები – ღმერთს, ურწმუნოები – ადამიანს, მე კი, ყველა მათგანს... საგურამო... ჩემი სახლი... ადგილი, სადაც, კატო ამბობდა, რომ არაფრის ეშინოდა. კატოს კი ეშინოდა ყველაფრის. თუ ის ვინმემ ან რამემ არ შეიწირა, მაშინ კატო ცოცხალი ან მკვდარი, იქ იქნებოდა, სადაც ყოველი "აფეთქებისას" მიდიოდა.
ორმოც წუთში სახლის ზღურბლთან ვიდექი და სიჩუმე მაფრთხობდა, თუ იქ საერთოდ დამხვდებოდა ვინმე, სულიერი აღარ იქნებოდა და მეც პირველი ეჭვმიტანილი გავხდებოდი, მაგრამ როცა კარს მივაწექი და ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, მივხვდი, რომ ამერიკული თრილერების გავლენამ "მიმსხვერპლა":
– კატო!
– რა?
– აი, რა კითხვა უნდა დასვას ადამიანმა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა და იცის, რომ ეძებენ?
– აქ არიან?
– არა.
– არ უთხრა რა. არ მინდა იქ. აქ მინდა.
საძინებლის კუთხეში ისედაც მინიატურული და კიდევ უფრო დაპატარავებული ხუჭუჭა ოცდარვა წლის გოგო, ორმოცი წლის თვალებით, ნერვიული მოძრაობებით, შეშლილი გამომეტყველებით, გაურკვევლობის საზვერეში გაჭედილი სულივით:
– ვერ გამიგია, რა მინდა. ლუკა მიყვარს, თან არც მიყვარს, არც ნაწყენი არ ვარ, მაგრამ სახლშიც არ მინდა, არ მინდა შვილების ყოლა, არ მინდა ოჯახი, არ მინდა ლუკა...
– სტრესია, გაგივლის...
– არა, არა! ნუ დგახარ ყოველთვის ასეთი მშვიდი... არ შეიძლება, ყველა მოვლენას გაუკეთო შენეული ანალიზი და ამით დაკმაყოფილდე. არაფერი არ მჭირს. ისედაც ბევრი დრო დამჭირდა, რომ ეს მეღიარებინა. ახლა თუ დავბრუნდი იმ ჭაობში, ვეღარასოდეს გამოვაღწევ. ყველა ზღაპარში პრინცი აბედნიერებს პრინცესას და ეს ჩვენი ცხოვრების კრედო ხდება. დიდი ხანია, საპირისპიროში დავიჭირე საკუთარი თავი და მას მერე ვებრძვი...
ტეო, ის ზღაპარია! გამოგონილი, არარეალური სამყარო, სინამდვილის ალტერნატივა. მაგრამ მე ვცდილობ... მე მაინც ვდილობდი... ვაკეთებ სადილებს, ვამყარებ წესრიგს, ვმუშაობ, ვიღიმი და ეს ის არ არის, რაც მინდა. მეტიც, ეს მანადგურებს... ლუკასთან ინტიმიც აღარ მაკავშირებს, იმდენად არ მიზიდავს. არც ის და არც არაფერი იმ ცხოვრებიდან.
მითხარი რამე, რამე მითხარი იმის გარდა, რომ უნდა დავბრუნდე... სახლში არ დავბრუნდები, ტეო! ეს აფექტი არ არის! არ მჭირდება შენი ფსიქოლოგიური ახსნა და თეორიები. ეს აბსოლუტურად გააზრებული, რაციონალური გადაწყვეტილებაა, უბრალოდ, მოუხერხებლად დავიწყე სისრულეში მოყვანა.
– მე ველოდი ამას... დრო სპირალურია, ე.ი. არასდროს არ არის გვიან, დაიწყო თავიდან ცხოვრება.... რაღაც გწამს, ვხედავ და უნდა მიჰყვე ამ შუქს! თუ რამეში ცდები, გამოჩნდება... ყველამ ერთნაირად არც უნდა იცხოვროს, სხვადასხვაგვარად განიცდის და არაფერია ამაში იმდენად ფატალური, რომ კუთხეში მიგდებულ კნუტს გიყურებდე. ადექი.
– იცი, რამდენ რამეზე ვიფიქრე?
– მერე მეტყვი. ახლა ადექი.
– რა ვქნათ?
– არაფერი. ჯერ დედაშენს გავაგებინოთ, რომ კარგად ხარ და მერე მივყვეთ ინსტრუქციას.
– ყველა ჩემთანაა, ხო?
– კი. გსიამოვნებს, არა?
– ამჯერად არა.
– იდიოტი ხარ. სოფი პატრულს ეჩხუბა.
– სოფიც მანდაა? იცის, აქ რომ ვარ. მარტო სოფიმ.
– ხო, მეტი სანდო დაქალი არ გაგაჩნია და...
– შენც გირეკავდი, გამორთული გქონდა ტელეფონი.
– ფეისბუქზეც დაგეწერა, უფრო შენი სტილია... ისე, მანდ რაღაც მომწერეს, მარა ვინ მაცალა რა...
– ვინ მოგწერა?
– არის რა... მორიგი პათეტიკური არსება. რას ვეძებთ ნეტა..?
– რას ვეძებთ?
– "ვეძებ და ვეძებ, რაღაცას ვეძებ, წარსულში ვეძებ, აწმყოში ვეძებ, მერმისში ვეძებ, აკვანში ვეძებ, კუბოში ვეძებ, ჰაერში ვეძებ... ვეძებ და ვეძებ, რაღაცას ვეძებ. ვიცოდე მაინც, ვიცოდე მაინც, – რა არის, რასაც ვეძებ და ვეძებ. ა, კაცი! – იცის, გასაღებს ეძებს. ამოუვარდა ჯიბიდან წეღან. მას ეხმარება მეუღლე, შვილი, ცოლისდა, სიძე, სიდედრი, დედა. ეძებენ სკამქვეშ. ეძებენ ტახტზე. ეძებენ ტახტქვეშ და... იპოვის კიდეც ერთ-ერთი, ალბათ. მე?!" – მუხრანია...
– წავალ, ყავას მოვძებნი, იქნებ მეც ვიპოვო.
– დავტოვეთ, ბოლოს რომ ვიყავით.
– ცხოვრებაში ხშირია დაბნევა, მატერიით დატვირთულ სამყაროში. ხშირად გვავიწყდება, რას რისთვის ვაკეთებთ. ვკარგავთ მიზანს და კავშირს მიზეზსა და შედეგს შორის, მაგრამ ის რა ცხოვრებაა, რომელშიც ერთხელ დაიბადები... რომელშიც ფერს არ შეიცვლი...
– თმის ფერი ვერ შეგიცვლია, ჯერ ეგ გაბედე...
– ცხოველია ადამიანი. ისეთი საზეიმო განწყობა მაქვს, თითქოს...
– ახალმა გვერდმა იცის... – გამეღიმა სევდიანად.
– მთავარია, ენთუზიაზმი ენთუზიაზმადვე არ დარჩეს.
– ...და გეგმები არ შემოდო თაროზე, მტვრიან წიგნებთან ერთად...
– როცა ამ დღეს გავიხსენებ, არ მინდა ვთქვა: რა მინდოდა, რას ველოდი-მეთქი.
– იმედია, ეს ბავშვური აღტაცება არ არის და კარგ შედეგს "დადებ".
– აუ, რანაირად ვლაპარაკობთ, რა...
– პენსიონერები... :)))
– კარგი გამოცდილი ქალები ცხოვრებას რომ უკან მოიტოვებენ და არახდენილ ოცნებებს მისტირიან...
– ზოგჯერ ქრონიკულში გადადის ლოდინი და არაფერიც არ ხდება იმიტომ, რომ ფეხი ფეხზე გადადებულები ვეფლობით უტოპიაში და ვხდებით ჩვეულებრივი უსაქმურები. მეც ისევ იქ ვარ, ჩემს უსულო სამსახურში, რობოტი. ვგრძნობ, როგორ არ მომწონს ეს პარანოიდული რუტინა. ადრე მაშინებდა იმის წარმოდგენა, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება ასე გამეტარებინა.
- ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრია? ვიცი, რომ დანიშნული იყავი, მარა ისე, გაცნობიერებულად.
– შენ მეუბნები მაგას?
– მართალი ხარ... რომც შექმნა ოჯახი, რა იქნება მერე? სახლი, სამსახური, ვიქენდები და სხვა. ნუთუ მარტო ამისთვის ვიბადებით? ბავშვები... ამბობენ, ბავშვები აბედნიერებსო...
- მე ერთი შვილიც მეზედმეტება რა... უფრო გლობალურ საკითხებზე დავიწყე ფიქრი,მაგრამ არა მოქმედება...
– ე, რას აკეთებ?
– გიჯიკე რა... ამ მომენტში ბიძგიაო საჭირო, მოქმედებაზე რომ გადახვიდე და...უსიყვარულო ადამიანებივით ვმსჯელობთ.
– ...ცივად... წავედით მოკლედ...
– მოიცა ცოტა ხანი... მიყვარს ამ აივანზე ყავის სმა. ახლა მგონია, ტყიდან "ტრამალის მგელი" გამოვარდება და დაიძახებს, ვარსებობო.
*
ვისხედით ტაქსიში და ხმას არ ვიღებდით. ორივე ვიყოფდით ჩვენ-ჩვენ წილ სივრცეს, რომელიც ფანჯრიდან ჩანდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სადღაც ძალიან მელოდნენ... გზაში ვუყურებდი ხედებს და იმას ვაკეთებდი, რაც პატარობიდან მჩვეოდა: გონებაში ვათავსებდი კადრებს ვირტუალურ ობიექტივში და საშინლად მსიამოვნებდა, CARPE DIEM ... (დაიჭირე წამი).
*
სახლში რომ მივედი, მაშინ მივხვდი, რაზე ვფიქრობდი მთელი დრო ქვეცნობიერად. წაუკითხავი წერილი...: "ახალგაღვიძებულზე დემაგოგობა გყვარებია..." – ლაკონური და არაფრისმთქმელი გზავნილი!.. ბუნებრივია, უკმარისობის გრძნობაც... ჩანდა, ონლაინში იყო და სხვა დროს თუ რიგით კიბერმანიაკად "გავატარებდი", იმჯერად ამოუხსნელი მექანიზმით მივწერე:
– ისე ლაპარაკობ, თითქოს ყველაფერი შენ იცი...
– ყველაფერი არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის საჭირო და სწორედ ეს მიშლის ხელს, ვიყო თავისუფალი...
– და ინტერნეტით ეძებ საკუთარ თავისუფლებას, არა?
– რა სტანდარტული ხარ! ალბათ, ყოველ ღამე ფანჯრებთან ლოცულობ და გწამს, რომ ღმერთი ცოტას კიდევ დაგაცდის ახალ განსაცდელამდე...
– რა გინდა? ან ღმერთი რა შუაშია? ან რატომ არ გბლოკავ (?)
– ღმერთი შუაში კი არა, ყველგანააო, თქვენ არ ამბობთ?
– ვინ ჩვენ? ათეისტი ხარ?
– აუცილებლად ვიღაცისტი უნდა ვიყო?
– კარგად იყავი.
– სხვას არც არაფერს ველოდი :)) რელიგია ყველაზე კარგად შეფუთული კომერციული პროდუქტია მასების სამართავად.
– როგორ არ მოგბეზრდათ... რაღაც მნიშვნელოვანი გაკლია...
– ერთადერთი, რაც ახლა მაკლია, ჩაიში ერთი კოვზი შაქარია... წავალ, ისევ "ულისეს" გავაგრძელებ, თორემ სუნთქვა ამიჩქარდა აშკარად...
– ჰოი, ქაოტურობავ...
– სხვა რა შეგიძლია ადამიანის მასხრად აგდების მეტი, მორწმუნევ? აბა, იმის პოტენციალი ვინ მოგცა, რომ ეჭვქვეშ დააყენო საკითხები...
– შენ რატომ ხარ დაინტერესებული სხვისი მონაცემებითა და შესაძლებლობებით? საერთოდ, რა მიზნით გწერ, მესიავ? სანამ დაგბლოკავ, მითხარი რა...
– უბრალოდ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენს ხმას გალობა უხდება და ქვესკნელისფერი თვალები არ იტყუებიან. კარგად!
(საუბრის დასასრული)
ახლაც, როცა იმ მიმოწერას ვიხსენებ, ისევ სამყაროს კანონზომიერებაზე ვფიქრდები... და მისი რეკომენდებული ფილმი "რევოლვერი" მახსენდება...
ფანჯარასთან იმ აზრით ნამდვილად არ ვჯდებოდი ხოლმე, რომ მელოცა, მაგრამ ანონიმურმა მეილმა ჩემს გონებაში პირველი ინვესტიციური მარცვალი ჩააგდო, რომელმაც აზროვნება დამაწყებინა... რა იყო, ყველა ჩემსავით ზის ძილის წინ ფანჯარასთან? რაღაც მისტიკური ვიგრძენი მის პიროვნებაში და არც შევმცდარვარ.... კოსმოსში ხომ ჩვენ მიერ გაგზავნილი ყოველი აზრი ინახება და მატერიად იქცევა...
*
...მეც ვდილობდი, პოზიტიური ვყოფილიყავი, როცა კიბეზე ჩასვლისას ჩვენთან გახსნილი ოფისის ის უჟმური ღლაპი შემხვდა... მე ჩავრბოდი, ის მონოტონურად ამოდიოდა და შეგნებულად გაჩერდა, რომ გავეტარებინე და ამით ეჩვენებინა – შეშლილებს გზას უთმობს. რაღაცნაირი, ქედმაღალი გამომეტყველება ჰქონდა და ისე გადგა გვერდზე, თითქოს მუნიანს ატარებდა...
"მონსტრები, იცი, რატომ არსებობთ? ხალხმა რომ ვიცოდეთ, როგორები არ უნდა ვიყოთ!" – მივაძახე საზეიმო შემართებით და კიბეზე ფრენა გავაგრძელე. მერე ქვევიდან შევავლე ცნობისმოყვარე მზერა – არ განძრეულა, მაგრამ შევამჩნიე, გაეღიმა... ...ტუჩის კუთხეში.
გაგრძელება იხილეთ ორშაბათს
თეკლა ლაზი
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე - კაფე "სოციუმი" და ახალი ეტაპის დასაწყისთან... თავი VI