კატო იმ დღის მერე დედასთან ცხოვრობდა. ლუკას მარტივად მოუჭრა -არ მიყვარხარ და უნდა გავეყაროთო და გარჩევები, პრეტენზიები, კონფლიქტი და მთლიანი სცენაც ისეთივე იყო, როგორიც არის ხოლმე ასეთ შემთხვევაში...
ორკვირიანი შვებულება აიღო და ძირითად დროს სახლში და მუსიკის სმენაში ატარებდა... გასაკვირია და, ინტენსიური კითხვა დაიწყო, მაგრამ კლასიკურის ნაცვლად, შემეცნებით ლიტერატურას ჩაჰკირკიტებდა. ჩანდა, საკუთარი თავის შეკოწიწებას და ცხოვრების აზრის ახსნას ცდილობდა, ის კი ისეთი მარტივია...
მოწევა მიატოვა, მერე ისევ დაიწყო, მერე ისევ მიატოვა... რაღაცის შეცვლა სურდა, თან ვერც ცვლიდა; წინსვლა ეწადა, მაგრამ ადგილზე იდგა, ალბათ მწიფდებოდა... ბევრს ლაპარაკობდა, ძალიან ბევრს, მოსაბეზრებლად, ერთსა და იმავეს, მაგრამ მხოლოდ ჩემთან. მისი საუბრები მონოტონური და პერსევერაციული ხასიათის იყო...
ალბათ ბაზაც აკლდა, რომ რამე მოემოქმედებინა. არადა, არ იყო უნიჭო. ის ხომ ცხრამეტი წლიდან ოჯახურ ცხოვრებას ეზიდებოდა და ინდივიდუალური განვითარებაც იქ შეწყვიტა. ხშირად ხდება ასე, მაგრამ ყოველთვის არა... თავს შანსი მისცა და ახლა არკვევდა, რა სად იდო... თუმცა ასეთ შემთხვევებს განვითარება იშვიათად აქვს, მოვლენის მაქსიმუმი იმით შემოიფარგლება, რასაც პირველ ეტაპზე აკეთებ; მერე კი ერთ ადგილს ტკეპნი და ხვდები, რომ სულ ეს იყო...
ქმარს გაშორდი და სულ ეს იყო შენი ცვლილება... მაგრამ კატოსთვის ესეც საკმარისი იყო, იმდენად ცუდ ფსიქოლოგიურ პირობებში ცხოვრობდა... ხვდებით, ალბათ... რაშიც ქართველი დიასახლისების 80%... დაპირებული ცხოვრების მხოლოდ ლანდი რომ რჩება და ცხოვრება გაძლებას ემსგავსება, შიგადაშიგ კი მარწუხებს უშვებენ და ესეც გაბედნიერებს...
მოთხოვნილება კი მეტის ჰქონდა, მაგრამ არ ემთხვეოდა სურვილი შესაძლებლობებს. ის დაითრგუნა. ნუ... რა არის ახლა ეს? როგორ შეიძლება ამასთან შეგუება... არ მოგწონს? გადართე... წუწუნს როგორ ბედავ? წუწუნს როგორ ბედავ ცოცხალი ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეგიძლია...
მეც მეხება ეს... პირველ რიგში, მე... შეიძლება წუწუნი არ მახასიათებდა, მაგრამ კუს ნაბიჯებით კი ვიკვლევდი გზას საკუთარი მოწოდებისკენ... "რა არის მთავარი ცხოვრებაში? ყველა ჯვარს ვეცვით ამ კითხვით... ხალხი... ხალხი... მოგზაურობა და სიყვარული... ჯერ სიყვარული...
...მიუკერძოებელი და ფართო გაგებით..." - მივაწერე ბლოკნოტის პირველ ფურცელს ბავშვობაში და ეს ჩემს კრედოდ ყალიბდებოდა. ადრე ვცდილობდი, ჩემი თავი იმ პარამეტრებში ჩამესვა, რომლებსაც ბავშვობიდანვე მთხოვდნენ...არ გამომივიდა.
*
არის რაღაც ენერგეტიკული ჯაჭვი, რომელიც იმ ადამიანებისგან იკვრება, რომელთა ბიოველიც დაკავშირებულია ერთმანეთთან... როგორც ტყუპები, რომლებიც რიგრიგობით ტირიან და იცინიან... ჩვენს სამეგობროშიც რაღაც მსგავსი ხდებოდა, თავისებურად განსხვავებულიო და მსგავსი... ჩემში ცვლილება ნაკლებად შესამჩნევი იყო, იმიტომ, რომ შინ და გარეთ ერთ დაუმორჩილებელ, "დაუღვინებელ" გოგოდ მოვიაზრებოდი, მაგრამ მე ამას ცოტა სხვა სახელს დავარქმევდი...
განსაკუთრებით მზიანი დღე ყოველთვის რაღაც სასიამოვნოს გიმზადებს, მით უმეტეს, თუ დილიდან ელოდები... დააკვირდით და შეამჩნევთ, ასეა... ასე ხდება სამი ფაქტორის თანხვედრით - როცა განწყობილი ხარ შესაბამისად, აზრებიც იმავე ხასიათისაა და ქმედებაც ადეკვატური... გზაში ვიყიდე მინდვრის ყვავილების ფერადი თაიგული... ესპანური შუშის დეკორატიული ჭიქა სამ ფერში,რომელიც მზის სხივის მოხვედრისას ფერებს გასცემდა, ამიტომ ფანჯარასთან დავდგი...
ასევე - ყავა კარამელით და მენთოლის ჩხირებით და სკამის ბალიში პასტელურ ფერებში. ერთი კი შემომძახეს, სამსახურში ხარ თუ ბარშიო, მაგრამ შესვენებაზე ყველას ფინჯანი და სუნთქვა მენთოლმა მოიცვა.
დღის ბოლოს კი ალექსა ვნახე. ისე გამოიყურებოდა, როგორც შეეფერება იტალიის კურორტიდან ახალჩამოსულ დასვენებულ და წარმატებულ ქალს. ის ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც გავიხსენი და შემიძლია გულახდილად ვისაუბრო ჩემს პირადულზე. არ მიყვარს საკუთარი განცდების გაზიარება და მით უმეტეს, იმის გამხელა, რაც მეძვირფასება. სულ მგონია, რომ ასე პეწს ვუკარგავ და ყოველთვის მირჩევნია ვიყო მსმენელი, მაგრამ ალექსას უნივერსალური ბუნების წყალობით, ის ერთადერთია, ვისთანაც როლები იცვლება:
- შენ არ ჭამ არაფერს?
- რატო მეკითხები? შენსავით კმაყოფილი, დასვენებული და გარუჯული სახე რო არ მაქვს?
- არა, უბრალოდ, უფრო ანემიური გამომეტყველება გაქვს, ვიდრე გქონდა.
- ეს ბოლო დღეები ღამეს ვათევდი.
- იმ მანიაკს ელაპარაკები, ხო?
- ხო და ალბათ მეც მანიაკი ვარ...
- შენი და ბექას ქარაგმული ურთიერთობით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია...
- რაღა ქარაგმულით, კარგი, რა... დღეზე ნათელია - მე ვერთობი, ის ერთობა... მორჩა.. ცოტა შევეჩვიე, ცოტა მეცოდება, ცოტა მიყვარს. ალბათ, იმავე აზრზეა ისიც... დიდი ამბავი, ხალხი ისეთებით ერთობა... და ეს... ეს სხვა თემაა...
- ხო... ხო... ეგრევე - ხალხი... აბა რა... შენ უცხოპლანეტელი ხარ, ისინი - ხალხი...
- არა. უბრალოდ, არ ვარ ტენდენციური და ეს უფრო ცუდია, ვიდრე კარგი.
- გავლენის ქვეშ ხარ, ხომ?
- კი და მომწონს. მასთან საუბარი მთლიანად მომიცავს ხოლმე... არ მეშინია....
- ესღა აკლდა შენს მოფილოსოფოსო სისულელეებს. რას წარმოადგენს ზოგადად, თქვენი ბოდვის მიღმა?
- წარმოდგენაც არ მაქვს. სახელი ვიცი მარტო და ის, რომ ასაკით ჩემი ტოლია და სახელი - თომა. თომა ჰქვია (ალბათ). უკვე ორი კვირა გავიდა ასე შეფარულ დიალოგებში. მისი ტონი ძირითადად ცინიკურია... სიტყვაში ვერ გამოიჭერ რამეში, რომ "დაჩაგრო", იმდენად კარგად აქვს გათვლილი, რას მწერს და ისე კარგად იცის, მის რომელ წინადადებას რა რეაქცია მოჰყვება. ამას ხან ძალით აკეთებს, ხან იმიტომ, რომ ასეთია და მორჩა... ლაპარაკობს ყოველთვის იმდენად რეალისტურად, რომ ძნელია, უცებ შეეწინააღმდეგო...
- რაზე გელაპარაკება?
- თემა ძირითადად სოციუმია, რელიგია, ურთიერთობები და თუმცა მის ყველა მყარ და ერთი შეხედვით რეალისტურ წარმოდგენას ვეწინააღმდეგები, იმდენად არგუმენტირებულ თეზისებს მიხვედრებს, რომ ძნელია შეწინააღმდეგება და ეს უფრო მიტაცებს... რაღაცებში უკვე გავიწაფე... სხვათა შორის, ნაწილობრივ სასარგებლო ვინმეა... გვერდიდან გაჩვენებს საკუთარ თავს, რომელიც ძალიან არ მოგწონს, მაგრამ იმდენად გავლენიანია, რომ შესაძლებელია, შენს თვისებად გაასაღოს ის, რაც არ გეკუთვნის და დააკვირდეს რეაქციას ასე, რომ გამჭრიახობასაც ვავარჯიშებ.
- ძალიან უსაქმური რომ ხარ, გრძნობ?
- არა, რატომ? წიგნებსაც განვიხილავთ ხოლმე. თუ წაკითხული არ მაქვს ის წიგნი, რომელზეც საუბარს იწყებს, ბიბლიოთეკაში მივდივარ...
- ჰო და გავმეორდები - უსაქმური ხარ...
- მე უფრო თვითგამორკვევის ერთ-ერთ მეთოდს დავარქმევდი ამ ყველაფერს...
- და ბექას რას ეუბნები, იცის შენი ვირტუალური ურთიერთობის შესახებ?
- რატომ უნდა ვუთხრა რამე? მე რამეს ვთხოვ? საერთოდ, მომბეზრდა უკვე ეგ ბიჭი... ვირტუალური მაილები უფრო მავსებს, ვიდრე რეალური სპექტაკლები და "რომანწიკა". პირველი, რაც ამ დროში თომას წყალობით ვისწავლე, აღმომეჩინა საკუთარი აზრი... მასთან დიალოგში აღმოვაჩინე ბევრი რამ საკუთარ თავში. კიდევ, ვისწავლე მსჯელობა...
- ეტყობა, კარგად გამოიცნო ჩემი ფსიქოტიპი და იცოდა, რომ იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომელსაც არ შეუძლია გაჩუმდეს, თუ რამის თქმა სურს და "გაგდებს"...
- კი. ამიტომ ხშირია მისი მხრიდან პროვოკაციული მონოლოგები, რის შემდეგაც მე ვიწყებ ფიქრს. მისი ინტელექტიდან გამომდინარე, ჩემს ბანალურ პასუხებს აზრი აქვს. ამიტომ გადავედი ანალიზზე. გონებაში ვალაგებ სათქმელს, აბსოლუტურად აღჭურვილს არგუმენტებით. ზოგჯერ ველოდებოდი მთელი დღე საღამოს, როცა მოვიდოდა და მომწერდა... ...რომ გავუზიარო ჩემი აზრი იმაზე, რაზეც გუშინ ვსაუბრობდით... მას კი აღარ ახსოვს ან ვითომ აღარ ახსოვს, ამ დროს ვხედავ, იწოვს ჩემს ნათქვამს.
რომ ჰკითხო, "ჩემისთანა" არაერთ ადამიანთან უწევს საუბარი ვირტუალურადაც და რეალურადაც... პოზაა რა... ნათლად ჩანს, რომ გაბრაზებულია კაცობრიობის ნახევარზე მათი სიყალბითა და მაჩვენებლობით. მეც პირველი იარაღი, რომელიც მასთან გამოვიყენე, იყო გულწრფელობა... მერე აღმოჩნდა, რომ მეც უფრო მსიამოვნებს, როცა ვამბობ იმას, რასაც მართლა ვგრძნობ და ვფიქრობ და ამისთვის სივრცეს მაძლევს, თითქოს თვითონაც ეს უნდა... ჩემი მხრივ, ალბათ მინდა აზრი შევაცვლევინო ცხოვრებაზე, წარმოდგენა... არ ვიცი... ძნელია...
- შედეგი?
- აუუუ... შენ თუ მასშტაბურად გინდა შეხედო ყველაფერს, მაშინ შენი წარამარა სალონში სირბილის შედეგი რაშია?
- ჰმ... კმაყოფილი მოვკვდები...
- მე ეს უფრო მაკმაყოფილებს, ვიდრე სტილისტები, რომლებიც საათნახევარი ჩემს თმებს ექაჩავებიან...
- კაი, კაი, მალე მორჩი, ჩემოდნები უნდა ამოვალაგოთ, რომელიღაცაშია შენი საჩუქარი...
- აი, სულ ასეა... არასდროს "არ იცი", რომელში დევს, სანამ მთელ გარდერობს არ მოგაწესრიგებინებ.
- გააგრძელე... დასკვნა უნდა დავდო.
- მოკლედ... ვხედავ, რომ აზრი არ აქვს მასთან თამაშს და ის მაინც გამიცნობს ქვეტექსტს და ამიტომ, როცა შემომთავაზა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი და თამაში, რომელიც წმინდა სტრატეგიული იყო, მე ვუპასუხე - ერთადერთი იარაღი, რომლითაც მოგიგებ, ჩემი გულწრფელობა და რწმენა იქნება. ასე დავიწყეთ...
- ...პირველი სერიის დასასრული. ალბათ მოსწონს საკუთარი უპირატესობის განცდა და მისი შენთან ურთიერთობის მიზანიც ესაა... ე.ი. რეალობაში არარაობაა და ვირტუალურ სივრცეში ივსებს იმას, რაც აკლია.
- რა ცუდი ეჭვია... როგორ შეიძლება გავლენა არ ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ასე ფიქრობს, აზროვნებს და ამხელა ცოდნა აქვს... მოსიარულე ენციკლოპედიაა...
- კარგი ერთი... "დაგუგვლაც" კარგად მუშაობს...
- არა, არა, ის სულ სხვაა... საუბარში ეტყობა ადამიანს, რას წარმოადგენს... ისე დროულად ვერ ჩაურთავ "გუგლის ცოდნას". ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ხშირადაა აბსტრაქტულ ტალღაზე. ნახე, რას მწერს: "იმდენად დაავადებული ხარ სიყვარულის გრძნობით, რომ აუცილებლად დაავადდები კაცობრიობისადმი ზიზღით..." რა ჩანს ამ სიტყვებში? მე რომ პოზიტიური და ოპტიმისტური სულისკვეთებით ვარ, ჰგონია, ახლად თვალახელილი ბარტყი ვარ, რომელსაც ჯერ არაფერი უნახავს და უცებ: "ვამჩნევ, ბევრჯერ წაიმტვრიე კისერი, ცოტაც და გამართლდება ჩემი თეორია - ყველა მიამიტი ღვარძლის მანქანად ტრანსფორმირდება...". აი, აქ ვიბნევი... და ესეც მომწონს... ეს ფრაზები დაახლოებით ქმნის წარმოდგენას მის მოჩვენებითად ბოროტ ბუნებაზე, რის უკანაც კარგად იკითხება კედელი, რომლის მიღმაც უიშვიათესი შუქია...
- აზროვნება მართლა დაგიწყია, ოღონდ სუბიექტური, ისევ...
- არადა, ეს მის ბუნება შირმაა... მასთან საუბრის მერე იმდენ რამეზე ვფიქრობ და იმდენ რამეს ვიგებ, რომ... რეალურად ვაცნობიერებ, ვინ ვარ და რა მომწონს... არ მიტოვებს შანსს თავის მოსატყუებლად... ცივ შხაპს უდრის ხოლმე მასთან კამათი ზოგჯერ. ზოგჯერ კი მაღიზიანებს. მგონია, ცხოვრებით გაუბედურებული მარტოსული, იმედგაცრუებული ტურაა.
- და შენ რა ფუნქცია გაქვს მასთან, საცდელო თაგვო, ან მიზანი?
- არ ვიცი, მგონია, რაღაც დოზით მართლა მანიაკი უნდა იყოს... სურათს არ მაჩვენებს...მაგრამ ტელეფონები გავცვალეთ. ერთ დღეს ინტერნეტი გამეთიშა. მაშინ დავუტოვე სამსახურიდან ჩემი ტელეფონის ნომერი და მომწერა: "რამე განსაკუთრებული უნდა მითხრა ალბათ, მობილურზე მოწერაში რომ დამავალდებულე". ასე დაიწყო მეორე ეტაპი. ჯერ ყოველ დილას ვწერდი...
გავიღვიძებდი თუ არა, პოზიტიურ სმს-ს ვუგზავნიდი გარემოს აღწერით და დილის შემართებით. ის ალტერნატიულ მხარეს მანახებდა მოცემული რეალობისას... მერე ღამით მწერდა უკონტექსტო და დამაფიქრებელ ფრაზებს. ახლა ინტენსიურად ვმესიჯობთ... მშრალი და შემეცნებითი ტექსტები აქვს თვითონ, ლაკონიური... მე ვრცელი, ემოციური და ესთეტიკური... ზოგჯერ ისე დამიხატავს ჩემს ცხოვრებას, თვალების დახუჭვა მინდება. ძალიან არათანამედროვეა, ფრაზებით, აზრებით... სავარაუდოდ, მატყუებს ასაკს.
- ტეო.
- კარგი, კარგი, მორჩა. მოდი, იტალიაში მამოგზაურე, გვეყოფა კიბერისტორიები...
- მოცული ხარ...
- ვიცი და მომწონს... და ისა... უნდა ვნახო... დღეს...
- ოპააა...
- ხო...
- ცრუმორწმუნე მორწმუნე ვგონივარ. უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება... დღეს ცამეტია. ჰოდა, უნდა ვნახო, წესით... ასე მითხრა ერთი კვირის წინ და ჯერ არ შეუხსენებია...
მოკლედ, ალბათ ხედავთ ჩემს არასახარბიელო მდგომარეობას, რომელიც საოცრად პოზიტიურად მმუხტავდა. ეს თავიც ისევე მთლიანადაა მოცული მისით, როგორც მე. ამიტომ ვერ ვკონცენტრირდები იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, პარალელურად ჩემ ირგვლივ რომ ვითარდებოდა... მეტროს ერთ-ერთ ღია სადგურის ხიდის ქვეშ (გარეუბანში) დამითქვა შეხვედრა: "საღამოს ათიდან იქ ვიქნები და თუ გინდა მოდი...".
ვაგონიდან რომ გამოვედი, გული ამიჩქარდა, სრულიად ჩაბნელებული და უკაცრიელი ხიდი იყო, რომელიც უნდა გადამევლო. არადა, იცოდა და როგორც აღმოჩნდა, კარგადაც ახსოვდა, რომ სიბნელის ფობია მქონდა. ეს გამოწვევაც მივიღე... სიმართლე გითხრათ, ცოტა შემეშინდა... ჯერ თუ ხიდზე გადავიდოდი, ხომ კარგი... მაგრამ ხიდის ქვეშ?.. ძველი, მიგდებული ვაგონები... სიბნელე... მარტო... ეჭვის საბაბი მქონდა და არც მქონდა, ასე აშკარად მანიაკი არ დაგითქვამს შეხვედრას... ან იქნებ სწორედ...
მოკლედ... რაღაც მსიამოვნებდა... ადრენალინი... ინტერესი და ა.შ. ის რამდენიმე წუთი, ხიდზე რომ გადავდიოდი, ძალიან გაიწელა და ასე მგონია, ხიდიც, რომელიც ისედაც გრძელი იყო. ორიოდეჯერ გამოჩნდა ლანდი, ანუ ორიოდეჯერ ამოვისუნთქე, როცა ჩამიარეს. ჩანდა, იშვიათად სარგებლობდნენ ამ გზით და მგონი, მანამდე საერთოდ არ ვიცოდი, ქალაქში ეს ადგილი რომ არსებობდა. როცა ხიდზე გადავედი, ერთხელ ჩავისუნთქე ღრმად და გეზი დანიშნულების ადგილისაკენ ავიღე.
უკუნეთი იყო და უკუნეთზე უფრო ბნელ ტონში რაც მეჩვენებოდა, ძველი ვაგონები იყო. ოდნავ მოშორებით ცენტრალური ქუჩა მოჩანდა, ყრუდ ისმოდა ქალაქის ხმაური და ეს მამშვიდებდა. რამდენიმე მეტრში მობილურის ციფერბლატი აინთო და სიში გაქრა. წლების მერე ეს მომენტი მის ჩანაწერებში ასე აღწერილი ამოვიკითხე: "შორს, დიდ ქუჩაზე მგონი ვიღაცა ღიღინებდა, ვიღაც საუბრობდა, ვიღაც უფროსი ბავშვს ტუქსავდა და სიჩუმე იყო, მაინც სულშიჩამწვდომი სიჩუმე, მერე ვიღაცის ხმამაღალი სიცილი, გულის გამალებული გუგუნი, სუნამოს გრილი სურნელი და სევდანარევი ღიმილი...
ჯერ კიდევ ბნელოდა, როდესაც თბილისის ერთ-ერთი ქუჩაზე გამოჩნდა...":
- გამარჯობა. - ძალიან, ძალიან თბილი გრძნობა დამეუფლა მის ხმაზე და მიუხედავად იმისა, რომ სახეს ვერ ვხედავდი, ლანდის გადასაკოცნად წავიწიე, ის კი... უკან გადაიხარა და გაიწია...
- ჰმ... კარგი... რას ამტკიცებ ოღონდ მაგით...
- გინდა გითხრა, რატომ მოხვედი?
- მოვისმენ შენს ვერსიასაც...
- იმიტომ, რომ ქუჩაში მნათობი ლამპიონივით მარტო ხარ და შენთვის სულერთია, ვის გაუნათებ. ეძებ, პოულობ და კითხვა: სურს მას იყოს შენი სამიზნე?
- სწორი კითხვაა, მეგობარო.
- მეგობარო?
- მე მეგობრები არ მყავს.
- დამენახე...
ღამის ქალაქი ანშლაგს იხდენდა, ყველა თავის სამყოფ საბანს იფარებდა-იხდიდა... ცხოვრების ჯაჭვს კიდევ ერთ რგოლს ამაგრებდნენ და ვის ადარდება ის ვიღაც ორი "განძის მაძიებელი" მეოცნებე... ბიჭი წამოიწია, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. ჯერ იმიტაცია, თითქოს მეჯახებოდა, მერე კი გვერდი ამიარა და ოდნავ მოშორებით, ქუჩიდან მომავალ შუქთან უფრო ახლოს გადგა. მაშინ შევამჩნიე უკან გადაგდებული ძველი ფირიანი ფოტოაპარატი და ნელ-ნელა სახეს ავუყევი. ჩემ წინ იდგა ის უჟმური თანამშრომელი ოფისიდან...
...რომელსაც მხოლოდ კიბეზე ვხვდებოდი და არ ვიშურებდი ქლიავის "კურკებს" მისი სამსახურის მანქანისათვის. მორცხვად იდგა და ისე ეღიმებოდა ტუჩის კუთხეში, როგორც მაშინ... უსაშველოდ გაფართოებული თვალებით მისი მობილური მოვძებნე, ხელიდან გამოვტაცე და სახეში მივანათე: "შენ? შენ ხარ თომა?"
ოლიმპიური სიმშვიდით გამომართვა ხელიდან მობილური, ერთი ცინიკური და დამამცირებელი მზერა მესროლა და გზისკენ წავიდა...
გაგრძელება ხუთშაბათს
თეკლა ლაზი
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე. თავი VII - არ მოგწონს? – გადართე... დაიწყე? – განაგრძე...