როცა მაღალი კლდიდან წყალში პირველად ვხტებოდი, ზემოდან გადმოვიხედე და აღმოჩნდა, რომ სიმაღლე აღემატებოდა ქვევიდან აღქმულს და მანძილი კლდის წვერიდან წყლის ზედაპირამდე ბევრად მეტი იყო. პირველად ამიტანა უკან დახევის უპირობო სურვილმა.
მაშინ ნაპირიდან უცნობმა ექსტრემალმა სახეზე ჩემი შიში ამოიკითხა და მხიარულად დამიყვირა: "არ დაფიქრდე! უბრალოდ, არ დაფიქრდე და ისე გადმოხტი!" თუ სლიპინა, უშველებელი და ციცაბო კლდიდან, რომელზეც ძლივს ავბობღდი, უკან ჩასვლას გადავწყვეტდი, დალეწვის შანსი უფრო მეტი იქნებოდა. მოკლედ, ერთიც შევხედე კამკამა ზღვას, ჩემ უკან მდგარ ბიჭებს, რომლებთანაც საერთო გასაჭირი მაერთიანებდა - ისინიც ასევე ვერ წყვეტდნენ, რა ექნათ, მერე შევხედე კმაყოფილი ექსტრემალის, შემდგომში ჩემი მეგობრის სახეს და გადავხტი.
ეს იყო ერთ-ერთი ისეთი წამებთაგანი, რომლის გამეორებასაც მთელი ცხოვრება ჯიუტად ვცდილობთ და ყოველი ჩვენი მცდელობა მხოლოდ იმიტაციაა. ამ მომენტს ჰქვია "პირველად". სულ ვფიქრობ - როგორი დროული, მარტივი და გენიალური რჩევა მომცა (აწ უკვე) ჩემმა მეგობარმა და ამ მეთოდით რამდენი საყოყმანო საკითხი გადავჭერი წარმატებით.
სწორედ ჩემი მორიგი კრედოს სულისკვეთებით მივწერე საპასუხო წერილი რედაქციას და ზუსტად ამ განწყობით მივდიოდი დათქმულ გასაუბრებაზე. ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში სპონტანურია და ცვლილება სრული კურსითაც იმ ერთ გაელვებაში ხდება, როგორ ტრივიალურადაც არ უნდა ჟღერდეს. ასეა... ამიტომ ვაფასებ ექსპრომტს:
- ე.ი. ამჟამად სამოყვარულო კამერით მუშაობთ მხოლოდ. რამდენი წლის სტაჟი გაქვთ?
- თერთმეტი წლიდან ფოტოკამერასთან მაქვს შეხება. ასე რომ, ფირზე გადაღებაც არ წარმოადგენს სირთულეს ჩემთვის.
- ჟანრი?
- ეკლექტიკური... ძირითადად ქუჩა, პორტრეტები...
- სად სწავლობდით? - მას ხომ არ დაუკონკრეტებია, რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ამიტომ განზოგადებულ კითხვას შესაფერისი პასუხი გავეცი და აქაც "გამოვძვერი". არც ფირზე მომიტყუებია პრინციპში, 11 წლიდან ვიპარავდი ბიძაჩემის "კოდაკის" ფოტოაპარატს და... ბოლოს და ბოლოს, ყველა კარგი ხელოვანი თვითნასწავლია და მეც მეშველება-მეთქი რამე. ერთი რამ ფაქტი იყო, "კლდიდან" ჩასვლას არ ვაპირებდი...
მერე ეს სტუდია - თეთრი, ნათელი, უამრავი ფოტოაპარატი, ობიექტივები, შტატივები, პროჟექტორები და ა.შ. - რედაქციაში იყო როგორც ოქროს კუნძული ოკეანეში. მეც ისე ვიქცეოდი, როგორც (თვითმარქვია, მაგრამ...) თვითდაჯერებული, პროფესიონალი უნდა მოქცეულიყო.
პორტფოლიოდ ხუთიოდე ფოტო მიმქონდა, ტექნიკურად საშუალო დონის და შინაარსობრივად არც მთლად ბანალური... მოკლედ, ჩემი ტყვიაგაუმტარი განწყობისა და იღბლის წყალობით, რედაქციის ფოტოსტუდიაში სამუშაოდ ამიყვანეს, საცდელი ვადით... ასევე, რამდენიმე დღეში უნდა შემეთავაზებინა საკუთარი პროექტი ან რუბრიკა... და მხოლოდ იქიდან გამოსვლის მერე ჩამოვდგი ფეხი ღრუბლიდან მიწაზე და დამეწყო სრული პა-ნი-კა!
ყველას გავუგზავნე შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: "სამუშაოდ... სტაჟიორად... რედაქციაში... ფოტოგრაფი... ამიყვანეს სტუდიაში... გასაუბრებაზე... ვაიმე, რა ვქნა?"
ყველამ სათითაოდ გადმომირეკა და სათითაოდ გამითიშა, როცა ტექსტი რამდენჯერმე უცვლელად გავუმეორე. ცოტა ხანში ზარები განმეორდა და აღარც მე ვიყავი შეურაცხადი. იგივე მესიჯი გავუგზავნე მათ შორის თომასაც, რომელთანაც შეხვედრის მერე თითო-ოროლა ლაკონური მესიჯი მაკავშირებდა და რომელმაც, რა თქმა უნდა, არც ამ შეტყობინებაზე მიპასუხა. საერთოდ, სამიდან ერთს პასუხობდა ხოლმე, რომელსაც თვითონ თვლიდა საჭიროდ. ასე რომ, შემდეგშიც ჩემი sms-ები ქარში უმისამართოდ გაფრენილ წერილებს უდრიდა... (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა). საღამოს ილიასთან შევიკრიბეთ, პარასკევი იყო:
- მოკლედ, ეს გოგო ისევ არ მხვდება. ვერ გამიგია მე ამ ქართველების. მგონი, მოსწონთ, როცა უხეშად ელაპარაკები და "ბლატნოი ტიპი" ხარ. რომ ჰკითხო, ყველა რომანტიკოსია და აშკარად უზრდელი ბიჭები უფრო იზიდავთ, - ილია თავის სტიქიაშია. ყოველთვის ერთი პრობლემა აქვს: პირადი ურთიერთობები. სხვა ყველაფერი სულ რიგზე აქვს ან თუ არ აქვს, არც აინტერესებს და კიდევ, გატაცებულია ქართველური ენების, განსაკუთრებით, მეგრულის შესწავლით. მართალია, თვითონ ბერძენია და ზოგჯერ ურევს ენებს საუბრისას, მაგრამ რასაც ქართულად ამბობს, ამბობს უშეცდომოდ და ბევრ ქართველზე სწორად...
მისი მსჯელობაც თავისუფალია ქართული სტერეოტიპებისგან და ბუნებრივია, ბევრი რამე, სრულიად სამართლიანად, არ ესმის.
- ოოო, თუ არ მოგწონს ქართველი გოგოები, წადი შენს საბერძნეთში რაა... - კატო უჟმური.
- სულ უცხოთში წასვლაზე არ ფიქრობ?! ხოდა, შენ წადი. ე.ი. მე შენზე ქართველი ვარ და მიყვარს აქაურობა... სულ არ მაინტერესებს, როგორია ხალხი ბოლო წლებში... არ ვაპირებ გაქცევას და თუ მომინდა, დიახაც, წავალ! იცი, რა ათლეტური, ბერძნული ქანდაკებები დადიან იქ? ყველა მაღალი და ნატიფი, ულამაზესი ტერფები და კისერი აქვთ... ყველას ხელის მტევნის დახატვა მინდა ხოლმე... მაგრამ მე ქართველები უფრო მომწონს, სახეზე...
- ნუ გადაყვები ხოლმე ყველას ეგრევე, აფრთხობ ხალხს. ცოტა თავი დაიფასე შენც, ზედმეტად გულიანი ხარ. - ლილის არასდროს ეზარება ვინმეს დამოძღვრა. - ეგრევე ნუ დაეტაკები ხოლმე...
- რას ნიშნავს, "ზედმეტად გულიანი"? გული ზედმეტად როგორ უნდა გქონდეს? თუ ზედმეტი გული უნდა მქონდეს კიდევ სადმე? არ შეიძლება ადამიანს სიკეთე უანგაროდ გაუკეთო? სიმპათია გამოხატო, როგორც შეგიძლია? თუ უნდა დააიგნორო, როცა მოგწონს და უფრო მოიხიბლება... - აქ უნდა აღვნიშნო, რომ ილიას ნახსენები სიკეთე, რომელიც "ახლად მოწონებულს" გაუკეთა, სულ რაღაც 400$ დაუჯდა გერმანიაში ყოფნისას, ერთი წლის წინ. საუბარია კაკლის მოლბერტზე, რომელიც გამოფენაზე შეიძინა და ახლა ზემოხსენებულ კოლეგას აჩუქა იმიტომ, რომ მან წაიწუწუნა - მე არ მაქვსო.
- ილია, მე რომ ასეთი საჩუქარი გამიკეთონ, შეიძლება მეც დავფრთხე; ან არა - ვიფიქრებ, რომ შემდეგ წაწუწუნებაზე სახლს გადმომიფორმებ და ა.შ.
- ტეო, შენ სახლს ისედაც გადმოგიფორმებ, იმიტომ, რომ "საღაპო"...
- ელაპარაკე ახლა ამას.
- მოკლედ, გოგოებში არ მიმართლებს!
- კარი გააღეთ, დათო მოვიდა ალბათ...
- აუ, თქვენს ძმობას ვფიცავარ, გარეთ ისეთი "დადუტული" "ტროიკა" დგას, ტრ*კს კი არა, სიხოხლეს მივცემ მაგისთვის.
- ჯერ გამარჯობა თქვი.
- ვთქვი მე, რომ შემოვედი.
- ხო, აბა რა...
-აუ, ლილი, გამარჯობა კი არა, ჩემი პატრონი არ მახსოვს ახლა, მაგრამ იმ მანქანის უნდა გავიცნო და ცოლად გავყვე.
- შენ პატრონი, ფული რომ გინდა, მაშინ გახსოვს, ისედაც. - მე მიყვარს დათოს წვალება.
- ტეო, ჩაი რა... მიდი, გთხოვ...
- კარგი, ჩაიდანი დაადგი შენ. მე მანიკიური მიშრება და გამიფუჭდება. - სულ ეს მიზეზი მაქვს და ის მაინც არასდროს ამოწმებს ჩემს ფრჩხილებს.
- მოკლედ, იმ კვირას მივდივართ კონცერტზე, გადაწყვეტილია.
- ვის კონცერტზე?
- ალექსა ვერ მოდის დღეს, მაგრამ დამიბარა, მეც ამიღეთო ბილეთი.
- და ვისი კონცერტია?
- ეგ საიდუმლოა, მაგრამ მივდივართ.
- ოოო... მე არ მოვდივარ, ე.ი. ისევ როკ-კლუბში უნდა შემიტყუოთ.
- მე მოვდივარ, ჩემთვი სულერთია. - ილია.
- მეც, თუ კარგი გოგოები იქნებიან.
- მეც...
- მე არა!
- კარგი, ლილი! - ერთხმად.
- ალექსას რომ რაღაც სჭირს, შეამჩნიეთ?
- არაფერი არ სჭირს, ნერვიულობს, ყოველ წლიური პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმების დრო მოდის და იძაბება ამ დროს. ერთხელ მომიყვა, ისიც იუმორში - ქიმიას რომ უკეთებდნენ, თან სრულიად მარტო იყო იმ უცხო ქვეყანაში, ტუალეტში ხოხვით მივდიოდი, გული რომ მერეოდა, ფეხზე ვერ ვდგებოდიო... ახსენდება ხოლმე ალბათ ამ დროს ეს ყველაფერი და უხალისოდაა, მაგრამ გაუვლის, ხომ იცი, რა მხიარულია, დიდხანს არ შეუძლია უხასიათოდ ყოფნა.
- მე მაინც მგონია, რომ სხვა რაღაც აწუხებს.
- ტეო, ადუღდა.
- პირველ თაროზე ჩაი დევს და ორი კოვზი ჩაყარე ჩაიდანში.
- მოკლედ, ითარგმნა ბუკოვსკი ისევ ძალიან დაბალ დონეზე, გამომცემელს გამოვართვი თარგმანი. იმ კვირაში გავა გასაყიდად. ველაპარაკე ამ კაცს და მითხრა - ილია, შენ ხელმოწერები შეაგროვე, კარგი თარჯიმნები მიპოვე და ქართულადაც გამოვცემ და რუსულადაცო. აი, გადახედეთ.
- მანახე... აუ, როგორ მახინჯდება სტილი ქართულ თარგმანში.
- ტეო, ხუთი წუთი გავიდა და ეყოფა?
- კი, დათო, შაქარი მაგიდაზე დევს და აჰა, შენ ჭიქა. მუსიკას ვინ დაუწია?
- მე! აბა, რატომ მიყვირის ეს ქალი მთელი საღამო?
- ლილი, ამ ქალის ყვირილის მოსასმენად სოლიდურ თანხას იხდიდნენ და ეს ქალი, სხვათა შორის, ეტა ჯეიმსია.
- ვინც გინდა, ის იყოს. რომ შემეხვეწოს, არ წავალ მაგის კონცერტზე და ფულს, მით უმეტეს, არ გადავიხდი ამაში.
- აწი შენი მტერი წავიდა მაგის კონცერტზე.
- მოგიყვეთ, დღეს რა ხდებოდა იქ?
- ხო, აბა?.. ტყუილად მუშაობ კატასტროფაში? მიდი, ჟურნალისტებს დავასწროთ ექსკლუზივი.
- მოკლედ... - და დაიწყო... ჯერ ლილიმ, მერე ილიამ, კატომ, დათომ, მე... ყავა, ჩაი, ლუდი, რძე... შესაბამისად - შოკოლადები, ჩიპსები, სპაგეტის მზადება ღამის პირველ საათზე... ფილმების განხილვა, ყურება, მთისა და ბარის ამბები... პოკერი სურვილის ასრულებაზე. სურვილს ვადა ერთ საათში ეწურებოდა, ასე რომ... სპონტანური სიტუაციების და სურვილების წარმოდგენა თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდვია... უკვე თენდებოდა, რომ ვეღარ მოვითმინე და თომას მივწერე:
- მეგონა, როგორც მინიმუმ, ფოტოგრაფიის მოყვარული, რამეს მეტყოდი. - სამ წუთში მიპასუხა, ე.ი. როგორც მოსალოდნელი იყო, არ ეძინა:
- ახლა კითხვას ვერ მივატოვებ და მოგვიანებით აუცილებლად გეტყვი, თუ მომინდა რამის თქმა, იმის გარდა, რომ ამ დროს უნდა გეძინოს, თორემ ნივთიერებათა ცვლა თუ დაგერღვა, ერთით მეტი პრობლემა და ცუდი სამედიცინო ისტორია გექნება.
- სულ რატომ "მეჭკვიანები"?
- პროფესია მაქვს ასეთი. დამაცდი კითხვას?
- შენ რომ მწერ და მაღვიძებ შუაღამისას, მეც იმავეთი გიპასუხო?
- მაგის სრული უფლება გაქვს.
- მოკლედ, შენი დახმარება მჭირდება, რა. ფაქტობრივად, აზრზე არ ვარ ფოტოგრაფიის და არ მინდა ამ სამსახურის დაკარგვა. გთხოვ.
- ვერ დაკარგავ იმას, რაც არც გაქვს. ჩემ იმედზე მიდიოდი გასაუბრებაზე? მოლოდინს გაგიცრუებ. მანამდე რაზე ფიქრობდი?
- არ ვფიქრობდი.
- ვა, ესეც შეგიძლია?
- რატომ, კიდევ რა შემიძლია?
- ბროლის უტოპიური სამყაროს შექმნა და ყოველი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევების შეკოწიწება და ბავშვური გულმოდგინებით იმავეს თავიდან გამეორება. კიდევ, ადამიანის შეწუხება, თავის მობეზრება, თან ისე, რომ ოდნავადაც არ გეხამუშოს და აგერ, უკვე მერამდენე უარის მიუხედავად, შემომეჭერი სახლში, ცნობიერებაში, ჩემს დროსა და სივრცეში.
- ამხელა მესიჯი, მგონი, პირველად მომწერე.
- ღამე მშვიდობისა.
- დამეხმარები?
- გააჩნია, ხვალ რამდენ დროს დავკარგავ...
- ვერ დაკარგავ იმას, რაც არ გაქვს. შენ ისედაც არ გეკუთვნის. დრო კი არა, შენ იკარგები. ის კი არა, შენ მიდიხარ. დრო ადგილიდანაც არ იძვრის. ღამე მშვიდობისა.
მანქანების ხმაური შემოდიოდა ღია ფანჯრიდან და მაღალსართულიანი შენობის ბოლოდან, რომელიც ქალაქის ასევე მაღალ ადგილას დგას, ჩემი საყვარელი ხედი მოჩანდა. ილიას ბინა პატარა და მყუდრო იყო. მისი სახელოსნოსგან განსხვავებით, მინიმალისტურად მოწყობილი საძინებელი, სამზარეულო (ქრონიკულად დასალაგებელი), აბაზანა და მისაღები, სადაც თავს ვიყრით ხოლმე; ხაკისფერი კედლები, დიდი TV, უზარმაზარი მუსიკალური კარაოკე-ცენტრი, ერთ კედელზე ჩაყოლებული პატარა ბიბლიოთეკა, დიდი დივანი, პუფები და პიანინო. ჩვეულებრივი ბინა იყო, მხოლოდ იმით გამორჩეული, რომ კომპიუტერი არ ჰქონდა, არც ქონის სურვილი. სამაგიეროდ, ჰქონდა კედლის მთელ სიგრძეზე ჩაყოლებულ ფანჯრებთან დაკიდებული ხის საქანელა და თუ აივნის კარებს და ფანჯრებსაც ერთდროულად გააღებდი, გიჩნდებოდა განცდა, თითქოს საქანელით ქალაქის თავზე ქანაობ... მეც და ილიაც, მთელი წლით ვტოვებდით საახალწლო ნათურებს და ეს ხშირად გვიქმნიდა სადღესასწაულო განწყობას.
ისე გათენდა, ვერც ვიგრძენი. თითქმის წამთვლიმა, მკაცრმა გაბმულმა კაკუნმა დამაფეთა. როცა დავრწმუნდი, რომ ყველა "საღათას ძილს" მისცემოდა, მე ავდექი და კარი გავაღე:
- გამარჯობა, მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ.
- სასიამოვნოა.
- ნია მქვია.
- სასიამოვნოა.
- თქვენი სახელი?
- სასიამოვნოა. ა, ტეო... სასიამოვნოა.
- ჩემი საძინებელი თქვენს კედელს ებჯინება. ეს მართლაც სასიამოვნოა, მთელი ღამე კარგ მუსიკას მასმენინებდით...
- ფორტეპიანოზე უკრავთ?
- როგორ გამოიცანით?
- გუმანით. სხვანაირად არ გამიგო, ნია, მაგრამ რომც გეუარა, არაფრით არ დავიჯერებდი.
- მართლა? რატომ? - გრძელი ნაწნავი, მთლიანი სადა კაბა, არა მაკიაჟი, ხელშეუხებელი ფრჩხილები და წარბები, ტიპური კონსერვატორი, უნატიფესი თითებით და კიდევ მეკითხება - რატომო.
- შეგიძლიათ, დილიდანვე ამაწყოთ პირველი ოქტავის მიხედვით? ძალიან გამახარებთ.
- რა პრობლემაა. გაქვთ ინსტრუმენტი?
- აქეთ მობრძანდით... ბეთხოვენი... მეცხრე სიმფონია. გთხოვთ...
ასეთივე პიონერული ნაბიჯებით გამოიარა, მიუჯდა პიანინოს და...!!! ...მზერა თავიდანვე მძინარე ანგელოზებზე მეჭირა. ასე რომ, პირველი დარტყმის ეფექტი არ გამომრჩენია და იქამდე ვიცინე, სანამ თავბრუ არ დამეხვა. ის მორცხვად იჯდა და იღიმოდა:
- უი, უკაცრავად, თქვენ ვერ დაგინახეთ...
- არა უშავს, ნია, ძნელია პირველივე შემოსვლაზე ყველა ნივთის შემჩნევა სახლში.
- ტეო, შე...! - თავი შეიკავა ლილიმ, შესაბამისად, კატომაც; დათოს საერთოდ არც გაუგია და ილია ჯერ კიდევ გზააბნეული დაბოდიალობდა. მოკლედ, საუზმეზე ჩვენი ახალი საუცხოო ექსპონატიც შემოგვიერთდა, პანდას მადითა და ციყვის ხასიათით, ეგზოტიკური ხილი, ნია... მე კი ჩემი კუთვნილი დესერტი მივიღე: "საღამოს შვიდ საათზე ჩემი უბნის "ფრანგული საკონდიტროს" ფილიალთან დამელოდე. მანამდე არ მომწერო, ვმუშაობ. დილა მშვიდობისა..."
*
ჭაობისფერი გასანთლული ჯინსები, მაისური ჯენის ჯოპლინის მოღიმარი სახის გამოსახულებით და თეთრი კედები მეცვა. ნაცრისფერ სამკუთხედ პონჩოში ვიყავი გახვეული და დათოს დიდი ვერცხლისფერი საათი მეკეთა. მოკლედ, სადად ვიყავი. ჩანთის გარეშეც... არ მინდოდა ეფიქრა, რომ მასთან შესახვედრად ვიპრანჭები. ზუუუსტად შვიდ საათზე მოვიდა:
- გამარჯობა. ჩემთან ავიდეთ. - მითხრა. ნეიტრალური სახის გამომეტყველება ჰქონდა. უცებ გავჩერდი, მოულოდნელი იყო, დავიბენი... თუ უარს ვიტყოდი, ძააალიან შაბლონური იქნებოდა (ფაქტია, არ იყო ის კატეგორია, რომელთანაც სახლში ასვლა უნდა გეუხერხულებოდეს); თუ ავიდოდი, მაინც არ იქნებოდა ლამაზი; არადა, მჭირდებოდა... დილემა! ჯანდაბა! როგორ ახერხებს?
- ა... გარეთ? და... ისა...
- მოკლედ, მე ავდივარ და შენ თუ გინდა, აქ დარჩი...
"არ მინდა სამსახურის დაკარგვა. არ მინდა. არ მინდა. არ მინდა." - ვიმეორებდი და უკვე მისი კერძო ბინის კიბეზე ვიდექი. გასაღები ნოხის ქვეშიდან გამოიტანა, კარი გააღო და ხელის თავაზიანი ჟესტით შემიძღვა. ბნელი, ბევრფანჯრიანი, მაგრამ ჩაბნელებული, დიდი, ძველებური, რენესანსული სტილის სახლი იყო, უშველებელი ჭერით, აბსოლუტურად სტანდარტულად გაწყობილი და ცივი, გაყინული... სანამ აქეთ-იქით, ოთახიდან ოთახში დადიოდა, ერთ ადგილას ვიდექი და თითქმის გავითოშე.
- ძალიან ცივა...
- წამოდი... - წინ გამიძღვა და ორკარიანი ოთახი გააღო. პირველი, რაც შევამჩნიე, იყო ის, რომ ეს დარბაზი ხუთკუთხიანი იყო, იდგა ერთი დიდი მაგიდა (ბროლის გრძელი ჭაღის ქვეშ), სკამები და დივან-სავარძლის სამეული... ბიბლიოთეკა იყო, მეხუთე კუთხეში ბუხარი შევნიშნე და თვალები გამიბრწყინდა... შემატყო, რომ განძრევას არ ვაპირებდი და კლასში პირველად შესული, მორცხვი მოწაფესავით ვიქცეოდი. მე კი შევატყვე ჩვეული ღიმილი ტუჩის კუთხეში:
- დაჯექი. ბუხრის ანთება კი ძალიან მეზარება, მაგრამ მეც შემცივდა... აპარატი თან არ გაქვს?
- უი, არა...
- ჩემი მოვიტანო? კი, ბატონო...
ათ წუთში დაბრუნდა, ციფრული, პროფესიონალი ფოტოაპარატით და ორი ჭიქა გროგისმაგვარი სასმლით ხელში. მთელი ორმოცი წუთი მიხსნიდა, როგორ უნდა გადავიღო პორტრეტი, როგორ - პეიზაჟი, რა უნდა გავითვალისწინო პირველ რიგში. მოკლედ, მცირე მასტერკლასი ჩამიტარა, რომელიც იმისთვის მეყოფოდა, რომ პირველივე კვირას არ გავეგდე სამსახურიდან...
- მაინც ვერ გავიგე, ფოტოგრაფი ხარ თუ ოფისის მენეჯერი თუ რაღაც...
- არცერთი, რა მნიშვნელობა აქვს?
- მაინტერესებს...
- მალე უნდა მოვრჩეთ, ბევრი საქმე მაქვს მე...
- კარგი, წავედი. ბოდიში, რომ შეგაწუხე...
- ფამილარობის გარეშე ოღონდ, კარგი?
- რა შუაშია? ყველგან რაღაც რატომ გეჩვენება?
- ერთ ჩემს მეგობარს მაგონებ, ისიც შენისთანა ჭკვიანი მოსულელო ელემენტია. გინდა გაგაცნო?
- კი, მინდა...
- "სპალნიკი" გაქვს?
- არა.
- მაშინ ვერ გაგაცნობ.
- რატომ? სადმე მეპატიჟებოდი?
- არა, უბრალოდ, გაგიყოლებდით.
- ა, ის გოგო, იმ დღეს რომ გელოდებოდა?
- სალომე? არა... ეგ რანაირი გოგოა? მეგიზე გეუბნები... იშოვე და წაგიყვანთ...
- იქნებ ქალაქის ფარგლებში გამაცნო, თუ ასე მგავს.
- არაა... ეგ ვერ გამოვა...
- ვნახოთ, რა... მივენდოთ განგებას...
- აუჰ... დინებას რომ მკვდარი თევზები მიჰყვებიან, ხომ თქვეს უკვე? კარგი, როგორც გინდა.
- წავედი, მოკლედ... მადლობა ალკოჰოლიანი ჩაისთვის, ძალიან მომეწონა. მადლობა ცოდნისთვის, რომელიც გამიზიარე. მომეწონა შენი სახლი და...
- კარგი, კარგი, რამდენს ლაპარაკობ ხოლმე... - გაეღიმა, კარისკენ წავიდა და ქურთუკი ჩამოხსნა.
- იყავი, არ მინდა გაცილება...
- თვითონ უკეთ ვიცი...
მივდიოდით ქალაქის ძველი უბნის ქუჩაზე. რამდენიმე შენობასთან შეჩერდა და მათი ისტორია მომიყვა. მერე მოაყოლა, როგორც იცის ხოლმე ისტორიულ-გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-ანალიტიკური მიმოხილვა თემის ირგვლივ. გაჩერება საკმაოდ შორს იყო. ეტყობოდა, ამაზე დიდ მანძილს გადის ყოველ საღამოს სეირნობისას... როცა გაჩერებაზე მივედით, ტაქსი გავაჩერე, სწრაფად დავემშვიდობე (ხელის ჩამორთმევით) და გაოცებული დავტოვე... რატომ ვატარე ამხელა გზა გაჩერებამდე, თუ მაინც ტაქსით მივდიოდი? რა ძნელი მისახვედრია... ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანთან რატომ მქონდა ამდენი საერთო?
და რატომ ვგრძნობდი რაღაც არამიწიერს, რაც აქამდე არასდროს მიგრძვნია... სახლში რომ მივედი, ჩემი სამოყვარულო აპარატით დავიწყე ახლად ნასწავლი თეორიის პრაქტიკა. არ ველოდებოდი მის მესიჯს... შეგრძნება მქონდა, თითქოს ისედაც ჩემთან იყო და პრინციპში, ხელს არ მიშლიდა ჩემი საქმის კეთებაში, მისი პერსონის არსებობა ჩემს ცნობიერებაში. ის იქ კალათდებოდა, თავის ადგილზე... იმ კლასიკური მელოდიასავით იყო, რომელიც ახლავს ვალსს... ლეიტმოტივი... იმ დღესაც ასე იყო.
გაგრძელება ხუთშაბათს
იხილეთ ასევე: კედებიდან პლატფორმამდე. თავი IX - "Our day will come"