კანის გასუფთავების სქემას, რომელიც უნგრელმა დერპატოლოგმა ლაზლომ დაახლოებით 100 წლის წინ შეიმუშავა, უამრავი ვარსკვლავი მიმართავდა და ახლაც აქტუალურია. რაშია მისი საიდუმლო?
ერნო ლაზლო მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე შეისწავლიდა კანზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს, რომელიც დაბერების პროცესს შეაჩერებდა. საოცარია, მაგრამ ისე, რომ არ ჰქონია შეხება თანამედროვე ლაბორატორიებთან და არ ჰქონდა არანაირი მაღალტექნოლოგიური ინგრედიენტი, ექიმმა შეიმუშავა ძალიან ეფექტური, თუმცა არც ისე მარტივი სისტემა კანის მოსავლელად, რომელიც დღემდე პოპულარულია ვარსკვლავებში.
დაბანა ლაზლოს მეთოდით გულისხმობს იმას, რომ დილითაც და საღამოსაც საკუთარი თავისთვის უნდა გამოჰყო ნახევარი საათი. სამაგიეროდ, ეფექტი გარანტირებული გაქვს, ოღონდ ზედმიწევნით სწორად უნდა დაიცვა წესები, თანამიმდევრობა და სისტემატურობა.
რაშია ამ სისტემის უპირატესობა:
- კანიდან გაქრება გამონაყარი და კომედონები (ფერიმჭამელები), იშვიათად ან საერთოდ აღარ შეგაწუხებთ კანზე ანთებითი პროცესები.
- მიკროცირკულაციის ხარჯზე გაგიუმჯობესდებათ კანის ფერი.
- დაივიწყებთ გომაჟებსა და პილინგებს: კანი ისედაც საკმაოდ კარგად განახლდება.
- მასაჟური მოძრაობის და კონტრასტული დაბანის წყალობით გაუმჯობესდება კანის ტონუსი.
- შევიწროვდება ფორები, რამეთუ ღრმა გასუფთავება კანს მოაცილებს ზედმეტ ცხიმს.
გადაწყვიტე?
პირველი ეტაპი: დაორთქვლა
დადექი ცხელი შხაპის ქვეშ, ოღონდ ისე, რომ წყალი სახეზე არ მოგხვდეს. წყლის ტემპერატურა მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს, იმდენად, რამდენადაც შეძლებ, რომ გაუძლო. კანის დაორთქვლისთვის ლაზლო მხოლოდ 10 წუთს გვირჩევს.
მეორე ეტაპი: დაცხიმვა
დაორთქლილ, მაგრამ მშრალ კანზე წაისვი კოსმეტიკური ზეთი. ეს შეიძლება იყოს როგორც მზა პროდუქტი, რომელიც მაღაზიაში შეიძინე, ასევე საკუთარი ხელით მომზადებული კოქტეილი სხვადასხვა მცენარეული ზეთისგან, ან უბრალოდ, ზეითუნის ზეთი. უნდა წაისვა ზეთი მასაჟური მოძრაობით სახის ცენტრიდან პერიფერიებისკენ.
მესამე ეტაპი: დაბანა
აავსე პატარა ტაშტში ან მოზრდილ ჯამში მაქსიმალურად ცხელი წყალი. ჩადე მასში კოსმეტიკური საპონი და პირდაპირ გაცხელებული საპონი შემოიტარე იმ ხაზებზე, რომლებზეც ზეთი წაისვი. შემდეგ კვლავ ჩადე ცხელ წყალში საპონი, ხელით ოდნავ ააქაფე და ამ საპნიანი წყლით იბანე იქამდე, სანამ მთლიანად არ ჩამოიბან ზეთს სახიდან.
მეოთხე ეტაპი: გადავლება
იგივე საპნიანი წყალი, რომელიც ჯამში დარჩა, ოღონდ გაგრილებული ოთახის ტემპერატურაზე, შეისხი სახეზე ზუსტად 80-ჯერ. ვიმეორებთ, ზუსტად 80-ჯერ, არც მეტი და არც ნაკლები.
მეხუთე ეტაპი: დატენიანება
შეისხი სახეზე გრილი წყალი და წაისვი დამატენიანებელი ლოსიონი ან კრემი, რომელსაც საერთოდ იყენებ.
ავტორი გვპირდება, რომ ასეთი დაბანისგან აშკარა ეფექტს ერთ თვეში დავინახავთ. როგორ ფიქრობ, ღირს ცდად?