ეს ერთი ახალბედა დედის წერილია, ცოტა იუმორნარევი და ასევე მისი თვალით დანახული რეალობა. როცა დიდი ხნის ფეხმძიმე ხარ, ეს ქვეყანა ზღაპრულად გეჩვენება.
თითქოს ამ ზღაპრული ქვეყნის ფერია ხარ, მრგვალი ფერია. თვალები გიბრწყინავს, იდუმალი ღიმილი გაქვს, გულისფანცქალით ელოდები, ელოდები... მერე უცებ ბახ - და გააჩენ. ყვირილი, ტირილი ღიმილი, სიხარული, ზარები, ესემესები, პამპერსები... გადის დრო და ხვდები... არ გაგაფრთხილეს, ყველაფერი არ გაუმხელიათ, რატომ დუმდნენ? ნამდვილი შეთქმულებაა. აი ის, რისთვისაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი:
1. ძუძუთი კვება. ყველგან წერენ, რომ ეს შესანიშნავია. მეც მჯეროდა. ნახეთქების შესახებაც წერენ და მეც წამიკითხავს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ნახეთქი ძუძუსთავის ასეთი საზარელი ჭრილობა იქნებოდა, რომელსაც ჯოჯოხეთური ტკივილი ახლავს. სისხლი გდის, სიცხე 40 გრადუსს აღწევს, განადგურებული ხარ, გვერდით კი ბავშვი წევს და დაჟინებით ითხოვს ყურადღებას. თანაც ისევ ძუძუ უნდა აჭამო, იმავე სისხლმდინარე და შუაზე გადახსნილი კერტებით.
2. არავინ გეუბნება, რომ მშობიარობის შემდეგ საერთოდ გიქრება მოშარდვის სურვილი. თითქოს ბავშვთან ერთად შარდის ბუშტიც იმშობიარე. გინეკოლოგი შემოდის და გვახსენებს: "აბა, დედიკოებო, მოშარდვა არ დაგავიწყდეთ". და ჩვენც მორჩილად მივდივართ ტუალეტისკენ... დანარჩენზე აღარ დავწვრილმანდები.
3. არავის უთქვამს, რომ მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღე მუცელზე წოლით ინებივრებ... სანამ რძე ჩაგიდგება. მერე მორჩა. 4 ზომის, რძით სავსე მკერდზე წოლა მხოლოდ მასაჟის მაგიდაზე შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაგიდას ორი დიდი ნახვრეტი აქვს.
4. გეუბნებიან, რომ შვილის გაჩენის შემდეგ დრო არ გექნება, მაგრამ რას წარმოიდგენ, სინამდვილეში ეს რას ნიშნავს. ცნებები "მე" და "ჩემთვის" საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან. ბანაობა და კბილების გახეხვა? ეს ადვილია... ოღონდ შუადღის 3 საათზე. საუზმე? კითხვაც არ ღირს. საღამოს ქმარი მოვა და მასთან ერთად შეჭამ... ვარცხნილობა? ელემენტარული ცხენის კუდი და... მზეთუნახავი ხარ. გაგრძელება