თავს ნუ მოვიტყუებთ: დღეს ჩვენ სოციალური ქსელის მეშვეობით მეტს ვურთიერთობთ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ამასთან, ეტიკეტს ყველა როდი იცავს. გთავაზობთ სოციალურ ქსელებში ქცევის წესებს, რომლის დარღვევაც არაფრით არ შეიძლება.
ნუ ითხოვთ ლაიქებსა და გაზიარებებს
ანუ ნუ მოითხოვთ ხშირად. კედელი, რომელიც შედგება მიუსაფარი ფისოების სახლში წაყვანის, კონკურსში ფოტოს დალაიქების ან სენტიმენტალური ისტორიების გაზიარების თხოვნით, ისე გამოიყურება, თითქოს ისტერიკაში ხართ ჩავარდნილი და ხელგაწვდილი იხვეწებით.
ნუ მოითხოვთ დაუყოვნებლივ პასუხს
როგორ ვიურთიერთოთ სოციალურ ქსელებში? თუნდაც ხედავდეთ, რომ ადამიანი ონლაინ არის, ნუ მიაყრით კითხვებს: "სად ხარ? ალო! კითხვაზე მიპასუხებ?". იგი, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, მაგრამ გვეეჭვება, რომ მოგეწონოთ მესიჯი. იმიტომ, რომ როდესაც რამდენიმე წუთით კომპიუტერს სცილდები, მოსულს კი "წივილ-კივილი" გხვდება მესინჯერში, სურვილი გიჩნდება, უხეშად უპასუხო.
თუ სტატუსად "ონლაინ" გაქვთ მითითებული, ეცადეთ, პასუხი არ დააყოვნოთ
დიახ, დიახ. რათა გულები არ დაუხეთქოთ და ისტერიკაში მყოფ ხალხს არ მოაწერინოთ სწორედ ის: "სად ხარ? ალო! კითხვაზე მიპასუხებ?".
ნუ მონიშნავთ ფოტოზე ადამიანებს დაუკითხავად
უბრალოდ, არასოდეს მოიქცეთ ასე!
ნუ დაფიქსირდებით თითოეულ სახინკლეში
გვერწმუნეთ, არავის აინტერესებს, "ლილო-მოლში" ფეიკ "შანელის" ჩანთა შეიძინეთ თუ გლდანის შაურმას მიირთმევთ.
საჭმლის ფოტოების გამოჭენება არცთუ ისე ესთეტიკურია
განსაკუთრებით, შვრიის ფაფის, ბოსტნეულის რაგუს ან "პონჩიკების".
პირად პოსტებს ბოქლომი დაადეთ
თქვენი მეგობრები მზად არიან წაიკითხონ, რომ თქვენ კვლავ ეჩხუბეთ შეყვარებულს, რა სიტყვებით შეამკეთ ერთმანეთი და როგორი ტრაგიკულია ეს ყველაფერი. ვინ, თუ არა მეგობრები, გაიზიარებენ თქვენს უბედურებას?! მაგრამ სხვა დანარჩენებისთვის ამის ცოდნა აუცილებელი არ არის, რადგან ღია პოსტები გაფიქრებინებს, რომ ბავშვობაში მექსიკური სერიალების ყურებას გიკრძალავდნენ და ახლა ანაზღაურებ ამას.
სულელური სტატუსების დაპოსტვა საჭმლის ფოტოებზე უარესია
"ჩემი პოვნა რთულია, დაკარგვა ადვილი, დავიწყება კი შეუძლებელი..." - დაიკარგე უკვე, რაა, დაუვიწყარო!
არასოდეს გაწყვიტოთ ურთიერთობა სოციალური ქსელით
ყურადღება! ეს არის სიმდაბლე და სიბეცე! მოიკრიბეთ ძალები, პირადად შეხვდით ადამიანს და დაელაპარაკეთ. სოციალურ ქსელში გაცნობილებს ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება.
სამ სელფიზე მეტის ატვირთვა - გოიმობაა
"ინსტაგრამშიც" კი. ჰო, ჩვენც არ გვესიამოვნა ეს პუნქტი...
ნუ გამოიყენებთ სიმბოლოებს ასოების ნაცვლად
თუ გინება გინდათ და გეხერხებათ - შეიგინეთ. არ გეხერხებათ ან გრცხვენიათ? - შეარჩიეთ ევფემიზმები. მაგრამ გაფიცებთ ყველაფერს, არასოდეს დაწეროთ ასე: "ამ ს@#$ა მიმატოვა, გოგოებო!"
ნუ გაიზიარებთ პუბლიკაციებს დახოცილ დალმატინელებზე
ეს "ახალშობილი" დალმატინელები, რომელთაც ხვალ აუცილებლად სასტიკად დახოცავენ, სინამდვილეში უკვე გაიზარდნენ და ცხოვრობენ ბედნიერად. სანამ მსგავს რამეს გაიზიარებთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია.
ნუ გააზიარებთ პირად ინფორმაციას სხვის კედლებზე
როდესაც პუბლიკაციაში მეგობარს ნიშნავთ, გახსოვდეთ, რომ ამას, თქვენ გარდა, მისი მეგობრებიც ნახავენ. ასე რომ, ნუ გადაუხდით მას მადლობას იმის გამო, რომ წინა ღამეს წვეულებაზე ცუდად რომ გახდით, თქვენი შუბლი უნიტაზთან ეჭირა. ნუ, ამ გზით მაინც ნუ გადაუხდით მადლობას.
არა თეგებს!
#დილა, #მწუხარება, #მინდა, #სახლიტკბილისახლი, #აზრები, #თაკობაკო, #ოჯახი, #ახლობლები, #ბედნიერება, #ფიქრებიმარადიულზე
და რაზეა ეს ყველაფერი დაფრქვეული? - ფინჯანი ყავის ფოტოზე...
ნუ ტროლავთ
რა თქმა უნდა, თუ სკოლის მოსწავლე ან ბებიამისი არ ხართ. მათთვის შეიძლება.