სამყაროში არცთუ ისე ბევრი რამაა, რაც სრულყოფილი სიცოცხლის განცდას მოგცემთ. მოგზაურობა ერთ-ერთი მათგანია. მოგზაურობა აფართოებს თვალთახედვას, გვაძლევს საშუალებას, შევიგრძნოთ უცხო კულტურა; ცვლის აზროვნებას.
ბოლოს და ბოლოს, ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია თვითშეგრძნებისთვის.
როგორც მწერალმა დევიდ მიტჩელმა აღნიშნა: "იმოგზაურეთ რაც შეიძლება შორს და ერთხელაც საკუთარ თავს შეხვდებით".
თუმცა, მოგზაურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სულიერი განათლებით. დიდ ბრიტანეთში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოგზაურობა აუმჯობესებს ჯანმრთელობას - როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქიკურს.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 31 მილიონი მოგზაური. მათგან 81% აღნიშნავს, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს მოგზაურობის შემდეგ.
ეს ფაქტი დიდად არავის გააკვირვებს, მაგრამ გაგაცნობთ სხვა მონაცემებსაც: მაგალითად, აქტიურ მოგზაურებს არ აწუხებთ ზედმეტი წონა, თავს ახალგაზრდად და თავისუფლად გრძნობენ და მათ ცხოვრებაში მეტი სექსია.
გამოკითხულთა 1 მილიონ ადამიანზე მეტი ამბობს, რომ მოგზაურობა მათ სექსუალურ ლტოლვას ზრდის.
შესაძლოა, ეს საერთო ამაღლებული განწყობის გამო ხდება მოგზაურობამდე და მოგზაურობის შემდგომ. ამასთან, მეტი თავისუფალი დროის ქონა მეტ შესაძლებლობებს იძლევა.
მილიონ ადამიანზე მეტი აღნიშნავს, რომ მოგზაურობის წყალობით წონაში დაიკლეს. შვებულების გატარება უცხო ქვეყანაში არის მცდელობა, გააუმჯობესო ჯანმრთელობა. ჩვენ ვისახავთ ახალ მიზნებს: მაგალითად, თავი დავანებოთ მოწევას ან შევწყვიტოთ ფასთფუდის ჭამა.
გარდა ამისა, პლაჟზე გვაქვს საშუალება, ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი სხეული, ხოლო ზღვაში გამოვცადოთ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები. ესეც გვაძლევს ბიძგს, უკეთ მოვუაროთ თავს.
2 მილიონ ადამიანზე მეტი აცხადებს, რომ მოგზაურობენ, რათა მეტად შემოქმედებითნი გახდნენ და ეს აზრს მოკლებული არ არის, რადგან ახალი გამოცდილება ყოველთვის შთაგვაგონებს. ამასთან, მოგზაურობისას სხეული გამოჰყოფს სეროტონინს, რაც ტვინს პოზიტივსა და სიხალისეს მატებს.
თუ თავს დათრგუნულად და გადაღლილად გრძნობთ, უკვე იცით, რა უნდა მოიმოქმედოთ.
მიენდეთ მილიონობით ადამიანის არჩევანს, რომელთაც უკვე გადაწყვიტეს რეგულარულად მოგზაურობა! მოგზაურობა საუკეთესო წამალია!