ვინც ძველი "პირველი არხის" (ამჟამინდელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის") შენობაში ყოფილხართ, გეცოდინებათ პირველი და მეორე კორპუსების შემაერთებელი შუშის ხიდი.
ადგილი, სადაც ზაფხულში ისეთი დახუთულობა იდგა, სულს ვერ მოითქვამდი, ხოლო ზამთარში - ისეთი სიღუნღულე, 90-იანი წლების უჟმური და სიპი ცხოვრებისგან გაყინულს ცოტა ხნით მაინც გაგითბობდა ძვლებს. ჰოდა, ზამთრობით, უსაქმურობის დროს, გვიყვარდა ამ ხიდზე ჩამოჯდომა და სანატრელი სითბოსგან მოთენთილებს ზანტი საუბარი, ზოგიერთს - სიგარეტის გემრიელი გაბოლებაც. მაგრამ იყო ამ ხიდზე მოარული კაცი, "სხვანაირს" რომ ეძახიან – აი, ისეთი. ვერ ვიტყვი, ავად იყო-მეთქი. ვერც "შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს" დავარქმევ, რადგანაც არაფერი ჰქონდა შეზღუდული, პირიქით, შეუზღუდავი ენერგიისა და შემართების ადამიანი იყო... მოდი, დავარქმევ მეც, უბრალოდ, ასე: სხვანაირი კაცი, არაჩვენნაირი.
არ ვიცი, რატომ ან რისთვის გადამეკიდა, მაგრამ სხვანაირ კაცს გაუჩნდა აკვიატებული იდეა, სურვილი თუ მანია, ვყოფილიყავი მისი სამიზნე... ოღონდ "თავდასხმის" მიზეზს დღემდე ვერ ჩავწვდი. მოკლედ, არ ჰქონდა მნიშვნელობა - ხიდზე მეც ვზოზინებდი გოგოებთან ერთად, ვიდეოკასეტები მიმქონდა სამონტაჟოში თუ სხვა საქმეზე მივდიოდი, შემოქროლდებოდა თუ არა სხვანაირი კაცი, რაღაც უცნაური სიშლეგით, აზარტითა და ჟინით, მთელი ხმით მომაძახებდა: "აჩქარებული სექსი... აჩქარებული სექსი დაღუპავს მსოფლიოს!" მისი ყოველი შემოტევა, დიდ უხერხულობასთან ერთად, სირცხვილით გამოწვეულ გაწითლებად მიჯდებოდა, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რა უნდა მექნა: გამეცინა თუ გავბრაზებულიყავი.
ძველ პირველარხელებს "წითელი ბარიც" გემახსოვრებათ – ბევრისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, სადაც ერთმანეთში არეული იყო მაგიდების ალაგ-ალაგ ამომწვარ წითელ გადასაფარებლებზე უხვად დალექილი დანესტილი ყავის, თამბაქოს ხშირი კვამლის და სუნამოს ტკბილ-მწარე სუნი. აქ მუდამ ხალხმრავლობა და მხიარული ყაყანი იდგა, რადგან დიდი თუ პატარა, მყიდველი თუ ნისიად ამღები – თავს აქ იყრიდა. ვსვამდით წყალწყალა ყავას, ვჭამდით თურქულ ორცხობილა "პიკნიკებს" ან მის მსგავს შხამს, ვჭორაობდით მეგობრებთან... ვხალისობდით რა, ჩვენთვის. ჰოდა, ერთ ჩვეულებრივ... არა! – არაჩვეულებრივ დღეს მეც ვიჯექი ზემოხსენებულ "ბარში" ერთ-ერთ მაგიდასთან და მეტად უჩვეულო განწყობაზე მყოფი ვეტიკტიკებოდი რამდენიმე მეგობარს და უფრო მეტად კი შეყვარებულს, რომელიც ჩემი კოლეგა იყო და ამ უჩვეულო განწყობის შემოქმედიც, რადგან სწორედ იმ დღეს, ალბათ, განგების ნებით, შავი შლაპა მაჩუქა...
და ამ შავ შლაპასა და ხასხასა წითელ მანტოში გამოწყობილს თავი მეცხრე ცის იქით რომ მეგონა, შემოგრიალდა თავისი უშრეტი ტემპერამენტითა და ნაცნობი გრიმასით სხვანაირი კაცი! იქვე გაჩერდა, შემოსასვლელთან და ამაყი მზერა მოავლო წითელ მაგიდებს. "ღმერთო, ვერ დამინახოს!.. ღმერთო, ვერ დამინახოს, რა იქნება, ღმერთო!.." – ჩემი გულის ბაგა-ბუგი სადღაც ყელში მესმოდა და ვიგრძენი, როგორ დამიბუჟდა ხელები... მაგრამ თუნდაც ამ საყოველთაო სიწითლეში (მაგიდებიც ხომ წითელი იყო) ვის გამოეპარება შლაპა! შავი შლაპა და ხასხასა წითელი მანტო! და სხვანაირი კაცი ისეთი გაბოროტებული ქშენით, ამღვრეული თვალებითა და კიდურების უჩვეულო ქნევით გამოქანდა ჩემკენ, მეგონა, ერთიანად ჩამნთქავდა და ჩამყლაპავდა!.. - "თქვენ!.. თქვენ... მოგელანდებათ ეკატერინე ჭავჭავაძის საშო!" – შეჰყვირა აკანკალებული, შეურაცხყოფილის გაბზარული ხმით, ისტერიკულად აიქნია ხელები, გაჩაჩხა ფეხები და რამდენიმე წამს ხარბად დამაშტერდა ალეწილ სახეზე...
მერე? მერე გასაოცარი ის იყო, რომ იმ საერთო ხმაურსა და ყაყანში მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჩემი შეყვარებულისა, რომელიც სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა... არა, რა... რაღა მაინცდამაინც იმ დღეს მაჩუქა ის ოხერი შლაპა! ეს ამბავი მივიწყებულიც კი მქონდა, მაგრამ დღეს, კარადის დალაგებისას, ზედა თაროდან შემთხვევით გადმოვარდა სწორედ ის შლაპა. რომელიც ამ ამბის შემდეგ აღარც მხურებია. )))