საახალწლოდ ერთმანეთს ჯანმრთელობას, წინსვლას, სიკეთეს და სიხარულს ვუსურვებთ ხოლმე, მაგრამ არცთუ იშვიათად სწორედ უხვი საახალწლო სუფრა ჯანმრთელობის გაუარესებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზი ხდება.
ასე რომ არ მოხდეს, საახალწლო სუფრაზე ე.წ. უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვათ.
საახალწლო ლხინამდე, 31 დეკემბერს, დილით და შუადღისას, უმჯობესია კუჭი მძიმე საჭმლით არ დატვირთოთ. მიირთვით მხოლოდ ხილი და ახალი ბოსტნეულის სალათები.
უკიდურეს შემთხვევაში - წყალზე მომზადებული ფაფები ან ცოტა მზესუმზირა, თხილეული.
საქართველოში საახალწლო სუფრაზე მიღებულია მძიმე საკვები. არადა, სწორედ მათი მიღება უნდა შეზღუდოთ. მაიონეზიანი სალათები, საცივი, შემწვარი გოჭის ხორცი უმჯობესია ჩაანაცვლოთ ზეითუნის ზეთზე დამზადებული სალათებით. რაც უფრო ერთფეროვანი იქნება საუზმეული, მით უფრო გაგიადვილდებათ ცხელი საკვების მონელება.
თუ "ოლივიეს" მიეძალეთ, ჭამეთ დიდი რაოდენობით შებოლილი ხორცეული, დამარილებული თევზი, მოერიდეთ მათი მიღებიდან მოკლე დროში ცეკვას და მკვეთრ მოძრაობებს. უმჯობესია საათი, საათ-ნახევარი შეისვენოთ.
ალკოჰოლი
როგორც წესი, საახალწლო სუფრა შამპანურით იწყება. ბევრმა არ იცის, რომ ყველა გაზიან სასმელს მზაკვრული თვისებები აქვს. მათში შემავალი ნახშირმჟავა გაზის გამო ალკოჰოლი სწრაფად ხვდება სისხლში და სწრაფ თრობას იწვევს. თუ შამპანური უზმოზე დალიეთ, თრობა კიდევ უფრო სწრაფად დგება.
განსაკუთრებით ქალები უნდა გაფრთხილდნენ, რომლებსაც საახალწლოდ დიდი შრომის გაწევა უხდებათ - სახლს ალაგებენ, სარეცხს რეცხავენ, უხვ საახალწლო პურმარილს ამზადებენ და ყოველივე ამასთან ერთად საკუთარ გარეგნობაზეც ზრუნავენ. ამ ყველაფერს ისეთ მოკლე დროში აკეთებენ, რომ, რასაკვირველია, ძალიან იღლებიან. დაღლილ ორგანიზმზე კი ალკოჰოლი უფრო ძლიერ მოქმედებს.
ამიტომ, ქალებო, მშიერ კუჭზე და დაღლილმა არასოდეს დალიოთ. პირველ ჭიქამდე თუნდაც ერთი ლუკმა კარაქიანი პური ან ხორცი მიირთვით, რათა კუჭი ცხიმის აპკით დაიფაროს. ეს დაგიცავთ სწრაფი თრობისაგან, რომელმაც შეიძლება დღესასწაული ჩაგამწაროთ. ასევე სასურველია ახალი წლის სუფრასთან მიჯდომამდე 20-30 წუთით ადრე ნახევარი საათით წამოწვეთ და დაისვენოთ. ეს სამედიცინო რჩევაა, რომელსაც ნუ წაუყრუებთ.
კიდევ ერთი გაფრთხილება მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აწუხებს: ჰიპოტონიკებმა იციან, როგორ ცუდად მოქმედებს მათზე ერთი ყლუპი წითელი ღვინო - თავბრუ ეხვევათ, ძილი ერევათ და ა.შ. ეს სიმპტომები მათ ღვინის გარეშეც აწუხებთ. ალკოჰოლის პირველივე ყლუპიდან სისხლძარღვები ფართოვდება, წნევა ეცემა, ჰიპოტონიკებს კი ისედაც დაბალი წნევა აქვთ, ამიტომ დგება გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობა.
ეს რომ არ მოხდეს, დაბალწნევიანებმა არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლი მშიერ კუჭზე. გირჩევთ, ჯერ ყველიანი ბუტერბოდი მიირთვათ, ყველი წნევას მაღლა სწევს. ასევე შეგიძლიათ ფინჯანი ყავა ან მწვანე ჩაი დალიოთ.
ალკოჰოლი თავიდან სისხლძარღვებს კი აფართოებს, მაგრამ მოგვიანებით ავიწროებს. ნაბახუსევის სინდრომი, რომელიც მეორე დღეს დგება, გამოწვეულია თირკმლისზედა ჯირკვლებიდან დიდი რაოდენობით ნორადრენალინის გამოტყორცნით, რომელიც არტერიულ წნევას მაღლა წევს. ამიტომ აუცილებელია ნაბახუსევზე კარგად ჭამა.
და კიდევ ორი რამ: ნაბახუსევზე დაგეხმარებათ სიცივე (ცივი წყალი, ცივი ჰაერი) და მოძრაობა. თუ ადამიანი დათვრა, გაიყვანეთ ქუჩაში, სუფთა ჰაერზე ან შეიყვანეთ აბაზანაში და სახე და ხელები ცივი წყლით მობანეთ ან შუბლზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცი დაადეთ. ინტენსიური მოძრაობისას გამომუშავდება განსაკუთრებული ფერმენტი - კატალაზა, რომელიც შლის და გადაამუშავებს ალკოჰოლს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)