გამთენიისას ელენე უცნაურმა გრძნობამ გააღვიძა. მოულოდნელად წამოჯდა საწოლში, სუნთქვააჩქარებული და ისეთი აღელვებული, ერთიანად ოფლში ცურავდა.
ხელისგულებიც გაყინული ჰქონდა და პულსაციასაც საფეთქლებში გრძნობდა, თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა სჭირდა. შეხვედრამაც კარგად ჩაიარა, კონტრაქტზე ხელის მოწერამდეც სულ ცოტა რჩებოდათ. დილით სტუმრებისთვის ვენახებიც უნდა დაეთვალიერებინათ და საღამოს, საქმიან ვახშამზე გაეფორმებინათ დოკუმენტი, რომელიც კომპანიას დიდ სარგებელს მოუტანდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო საიმისოდ, რამეზე რომ ენერვიულა.
არც დემნასთან უკამათია და გიორგისთანაც, ეგონა, რომ ყველაფერი მოაგვარა. თუმცა, რაღაც უცნაური შეგრძნება, კუჭს რომ ატკიებდა პირდაპირ, მაინც არაფრით ტოვებდა და კი ხვდებოდა, ქმარი, აწ უკვე ყოფილი, სულ იმას რატომ უმეორებდა, ქალი პანიკა ხარო, მაგრამ ამის მიუხედავადაც ვერ შეიკავა თავი, დილის ექვსზე დედასთან რომ არ დაერეკა.
საუკუნედ მოეჩვენა ის წამები, წყვეტილი ზუმერი რომ ესმოდა მობილურში. რაღაც ცუდს უგრძნობდა გული და მართალია, ეჭვის საფუძველიც კი არ ჰქონია რამეზე, მაგრამ მაინც პირველივე, სწორედ ლილუ გაახსენდა და ვერაფრით მოისვენებდა, სანამ არ გადაამოწმებდა, როგორ იყო.
– ხო მშვიდობა გაქვს, დედიკო? – ისეთი ფხიზელი ხმით უპასუხა ეკამ, კიდევ უფრო აღელდა. რატომ არ ეძინა ამ დროს?!
– რატომ გღვიძავს? – მასაც გაუმეორა არაცნობიერში დასმული შეკითხვა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, სანამ პასუხს გაიგებდა.
– მე კი არა, შენ რა გჭირს, ელე?
– დედა, მითხარი, რა მოხდა!
– ელენე, მართლა კარგად ხარ? – ეჭვი გაერია ეკას ხმაში.
– მე კი, მაგრამ თქვენ როგორ ხართ? ლილუ კარგად არის? – მიაყარა ერთიანად. მანამ ვერ დაწყნარდებოდა, სანამ დამაჯერებელ პასუხს არ მოისმენდა.
– მითხარი, თვითონ დაგირეკა ჩემი ტელეფონიდან ხო? თუ ბაბუამისს დაარეკინა?
– დედა! – ვეღარც კი ფარავდა ნერვიულობას. – არ მეტყვი, რა ჯანდაბა ხდება?!
– რაღაცამ მოწამლა და გადასხმას უკეთებენ ახლა... არაფერია სერიოზული, დედა, მართლა. სიცხემ აუწია უბრალოდ და სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, საავადმყოფოში გადაყვანა აჯობებსო და მაგიტომ წამოვედით ჩვენც. კარგადაა უკვე, სძინავს.
– რატომ არ დამირეკე? – აღმოხდა შოკირებულს და ისე ეცა ტანსაცმელს, არც კი დაუშვია, რომ რაიმე ძალა მის აქ გაჩერებას შეძლებდა. – მე რომ არ დამერეკა, არ უნდა გეთქვა?
– ელენე, ნუ ხარ პანიკაში! კარგადაა ბავშვი, არაფერი სჭირს, მორჩება გადასხმა და წავიყვანთ სახლში. დარჩი შენ მანდ და მიხედე საქმეებს, მართლა არაფერი არ არის სერიოზული.
– დედა, საავადმყოფოში ხართ! ჩემი შვილი საავადმყოფოშია და მეუბნები, რომ არაფერია სერიოზული? და გულწრფელად გჯერა იმის, მე რომ აქ გაჩერებას შევძლებ? – უკვე სიბრაზეში გადასდიოდა ნერვიულობა. არა, როგორ დაუმალეს?!
– და აქ რომ ჩამოხვიდე, რას გაუკეთებ?! თავთან დაუჯდები და ზღაპრებს წაუკითხავ? მაგას მეც ვუკეთებ, დედიკო. მართლა არაა შენი ჩამოსვლა საჭირო.
– ჩემს შვილს მე უნდა მივხედო! – წარმოთქვა გადაჭრით და სანამ გაუთიშავდა, ისეთი ხმით უთხრა, ახლავე მომწერეთ, რომელ საავადმყოფოში ხართო, ქალს აღარც კი უცდია დარჩენაზე დაყოლიება, რადგან საკუთარ შვილს ზედმეტად კარგად იცნობდა საიმისოდ, ის რომ დაეჯერებინა, ახლა ქალაქგარეთ დარჩენას და საქმეზე კონცენტრაციას მოახერხებდა...
წამებში ჩაიცვა ელენემ. ბარგიც, რაც ჰქონდა, ერთი ხელის მოსმით, დაუდევრად ჩაყარა ჩემოდანში და პარალელურად, მძღოლის ნომერი რომ აკრიბა, ცხოვრებაში პირველად არ უგრძვნია უხერხულობა იმის გამო, ასეთ დროს რომ ურეკავდა. ყოველთვის ერიდებოდა ხოლმე, ძალიან გვიანი ან ძალიან ადრე თუ იყო. ზედმეტად ლმობიერი უფროსი იყო და ხშირად ტაქსითაც მგზავრობდა იმის გამო, დათო რომ არ შეეწუხებინა.
კარგად იცოდა, მასაც საკუთარი ოჯახი, ცოლ-შვილი რომ ჰყავდა და მხოლოდ იმის გამო ვერ მოექცეოდა მონასავით, თვითონ მისი უფროსი რომ იყო და ამის უფლება ჰქონდა.
ლამის კედლებზე გავიდა, კაცმა რომ არ უპასუხა. აღარც მოუცდია, გიჟივით გავარდა დერეფანში და ახლა ნომრის კარზე დაუწყო კაკუნი, თუმცა, სანამ იქიდან გააგონებდნენ, ისევ მობილურში გაისმა ნამძინარევი ხმა.{
– ქალბატონო ელენე? ხომ მშვიდობაა?
– დათო, სად ხარ? ჩამოგიღე კარი! ბოდიში, ასეთ დროს რომ გირეკავ, მაგრამ...
– ქალბატონო ელენე, თქვენთვის არ უთქვამთ? – მორიდებულად ჩაილაპარაკა კაცმა.
– რა უნდა ეთქვათ, ან ვის?
– ბატონმა გიორგიმ ღამით სახლში გამომიშვა. დაისვენე ეს ორი დღე და უკან მე წამოვიყვან ელენესო... მეგონა, თქვენც იცოდით.
– რაა? – ისე წამოიძახა, თავიც ვერ შეიკავა, აღშფოთება რომ დაემალა. რა უფლებით? რატომ ერევა მის საქმეებში?
– გნებავთ, ჩამოვიდე?
– არა, არა, იყავი... მასე დიდხანს ვერ მოვიცდი... მოვიფიქრებ რამეს. – მიაყარა სწრაფად და არც გაკვირვებია, დერეფანში გიორგის სილუეტი რომ დალანდა.
– ელენე, რა მოხდა? მე გავუშვი დათო... – ჩაიდუდღუნა ნამძინარევმა და კარზე ანიშნა, ამდენხანს რომ უმოწყალოდ აბრახუნებდა მაჩაბელი.
– ერთი წუთით! – მიახალა გაცეცხლებულმა და ოთახში შევარდა, კონტრაქტის დოკუმენტები რომ აეღო, შემდეგ კი, ისე მიაჩეჩა, გააზრებაც არ აცადა. – ამაზე ხელის მოწერას ჩემ გარეშეც შეძლებთ. მე ჩემი საქმე გავაკეთე, მეტხანს ვეღარ დავრჩები! – ერთი სიტყვასავით გადააბა. წამის დაკარგვაც არ უნდოდა ახლა. არა, მაინც რა ჯანდაბის გამო გაუშვა მძღოლი?!
– სად მიდიხარ, რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს?! – დარასელი კი, საერთოდ დაიბნა. იმან ბოლომდე გადარია, ანერვიულებული ელენე ახლა დემნას ნომრისკენ რომ წავიდა.
– თბილისში. – მოუჭრა და ღმერთმა უწყის, რად დაუჯდა საკუთარ თავზე გადაბიჯება, ხერგიანის კარზე რომ დაეკაკუნებინა და დახმარება ეთხოვა.
ისეთი გაცეცხლებული იყო ახლა, გიორგის დანახვაც არ უნდოდა, ტაქსის კი ვერ დაელოდებოდა. როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო ამის აღიარება, ერთადერთ იმედად სწორედ ის კაცი რჩებოდა, ვინც, მართალია, არა განზრახ და საკუთარი სურვილით, მაგრამ მაინც, ყველაზე მეტ ზიანს აყენებდა. იმ ფაქტსაც ვერსად წაუვიდოდა, ლილუ მხოლოდ საკუთარი კი არა, ორივეს შვილი რომ იყო და სურვილი რომც არ ჰქონოდა, ვალდებული მაინც იყო, სიტუაცია გაეგებინებინა... თუმცა, ეს რომ არა, ახლა და აქ მხოლოდ დემნა ჰყავდა ისეთი, ვინც მის გამხნევებას შეძლებდა. და საერთოდ, არა მხოლოდ ახლა და აქ...
– რა ხდება? – შეშფოთებულმა გაუღო კარი და პირდაპირ გარეთ გამოვიდა, ჩაცმული, აღელვებული ლენა და პიჟამიანი დარასელი რომ შენიშნა.
– თბილისში უნდა წამიყვანო. ჩემი მძღოლი აქ არ არის! – მიაყარა ისეთი ხმით, თითქოს, ხვეწნა სჭირდებოდა დასათანხმებლად.
– ლილუს მოუვიდა რამე? – მაშინვე მიხვდა და თან ნომერში შებრუნდა, ჩაცმა რომ დაეწყო.
– სიცხე აქვს მაღალი, რაღაცამ მოწამლაო, გადასხმას უკეთებენ... – ტუჩები აუკანკალდა ამის თქმისას. ერთი შეხედვით ხომ მართლა არაფერი იყო სერიოზული, მაგრამ მთელი სხეული ეწვოდა იმის წარმოდგენისას, რომ როცა შვილს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, სწორედ მაშინ იყო მისგან შორს.
– დამშვიდდი, ნუ ხარ პანიკაში! – ჩაცმისა და ნივთების ჩალაგების პარალელურად, ელენეს მდგომარებაც არ გამოჰპარვია დემნას. – ახლავე გავალთ და მაქსიმუმ, ერთ საათში უკვე იქ ვიქნებით. მთავარია, თავი ხელში აიყვანო.
– და მე არაფერს მეკითხებით? – როგორც იქნა, ხმა ამოიღო დარასელმაც. – არა, მესმის, რომ საქმე თქვენს საერთო შვილს ეხება, მაგრამ...
– რა მაგრამ? – იფეთქა ხერგიანმა. სულ ცოტაღა უკლდა, ამ კაცისთვის კისერი რომ არ მოეგრიხა და ატყობდა, უკვე ზღვარზე იყო.
– ხელშეკრულება გვაქვს გასაფორმებელი. აქ დასასვენებლად არც ერთი არ ჩამოვსულვართ!
– გიორგი, მე უკვე გავაკეთე ჩემი საქმე! – ხმასაც ვეღარ იმორჩილებდა ლენა, დემნამ კი, პასუხიც არ გასცა საერთოდ, ისევე გაასრიალა ჩემოდანი დერეფანში და კარიც ჩაკეტა.
– ამას არ გაუკეთებია! – თავით ანიშნა დემნაზე. ჭკუიდან გადადიოდა, როცა აცნობიერებდა, რომ ეს გეგმაც ჩაეშალა. არადა, განზრახ გაუშვა მძღოლი, უკანა გზაზე ერთად რომ ემგზავრათ. და ახლა, რა გამოვიდა?!
– ნუ მაიძულებ, შენზე დრო რომ დავკარგო! – ცალყბად მიუგდო სვანმა, შემდეგ კი, ის იყო, გასვლას აპირებდა, კვლავ რომ მოესმა უფროსის ხმა.
– შენ ჩემთვის მუშაობ, ხერგიანი! და მე არ გიშვებ!
– მე მგონი, ატყობ, რომ არც გეკითხები, არა?
– ხომ არ გავიწყდება, ვის ელაპარაკები?!
– გიორგი, ძალიან გთხოვ... – ჩაერია ელენეც, სიტუაციას დაძაბვა რომ შეატყო.
– ლენა, მომეცი გასაღები, შენსასაც ჩავაბარებ... – დარასელის სრული უგულებელყოფით მიუბრუნდა ქალს ხერგიანი.
– არ გესმის, რას გეუბნები?! მე არ გიშვებთ!
– მაგრამ მაინც მივდივართ!
– კონტრაქტი გაქვს გაფორმებული, ეს გეშლება იურისტ კაცს?!
– ზუსტად იმიტომ არ მეშლება, რომ იურისტი ვარ და შენგან განსხვავებით, კანონებს კარგად ვიცნობ... თუმცა, უკვე იმაშიც ეჭვი მეპარება, რა არის შენი ნამდვილი პროფესია, უფროსო... – ბოლო სიტყვა განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა დემნამ და შემდეგ, პასუხს აღარც დალოდებია, ისევე ჩაჰკიდა ელენეს ხელი და ისე გაიყვანა გარეთ, აშკარად ატყობდა, როგორ მექანიკურად მიჰყვებოდა ქალი.
ყოველთვის ზედმეტად მშიშარა იყო ლილუსთან დაკავშირებით. ზოგადად, ყველა დედა ხომ ფრთხილია და განსაკუთრებულად განიცდის შვილის ამბავს, მაგრამ ელენე სულ სხვა ფენომები გახლდათ. იმაზეც კი შეეძლო ენერვიულა, რომ საღამოს ბავშვმა ჩაის ორცხობილა არ მიაყოლა, ან იმაზე, ხუთი წუთით ნაკლები ეძინა, ვიდრე ჩვეულებრივ.
როგორი გაწონასწორებული და საკუთარ თავში დარწმუნებულიც იყო ზოგადად, იმის სრული ანტიპოდი ხდებოდა, როცა საქმე ბავშვს ეხებოდა. სწორედ შვილთან იყო ყველაზე სუსტი და ალბათ, ასე რომ არ ყოფილიყო, არც მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, ორი წლის წინ რაც მიიღო.
ისე ჩასვა დემნამ მანქანაში და ისე შეუკრა ღვედი, არც კი დაფიქრებულა, იყო თუ არა ამის საჭიროება საერთოდ. ისედაც ატყობდა, ძლივს რომ იკავებდა ტირილისგან თავს და არ უნდოდა, თვითონაც დაემატებინა. ხმასაც არ იღებდა საერთოდ, იცოდა, კიდევ უფრო გაანერვიულებდა, დამშვიდება რომ დაეწყო. ეს ის ერთადერთი თემა იყო, სადაც მისი დამაჯერებელი ტონი არ ჭრიდა, რადგან ლილუ მისთვისაც განსაკუთრებულ სისუსტეს წარმოადგენდა...
– რა ჯანდაბის გამო გაუშვა მძღოლი?! – ეცადა, სხვა თემაზე გადაეტანინებინა ყურადღება, მანქანა რომ დაძრა.
– არ ვიცი...
– ლენა, მომისმინე ახლა...
– ხომ იცი, რომ აზრი არ აქვს...
– და შენც ხომ იცი, დედის ნერვიულობა შვილზეც რომ გადადის?!
– ყველაზე მეტად ის მჭამს, რომ მის გვერდით არ ვარ, როცა ვჭირდები. იცი, როგორ ეშინია ნემსების? მოკვდებოდა ტირილით, გადასხმის სისტემის დაყენებისას! ხომ იცი, არა?!
– ლენ, ლილუ იმაზე მაგარი გოგო გვყავს, ვიდრე გვგონია. და იმაზე უფრო ინერვიულებს, შენ რომ დაგინახავს ასეთ დღეში.
– რომ ჩავალთ, ასე აღარ ვიქნები. – ღრმად ამოისუნთქა და დაუკითხავად ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა.
– მძღოლის ამბავი მაინც ვერ გავიგე... – დემნა კი, ისევ ძველ თემას დაუბრუნდა.
– დაითხოვა ორი დღით, დაისვენეო... და სადღაც მართალიცაა, ტყუილად ვაცდენდი და ოჯახს ვწყვეტდი, მაგრამ, ასე მოულოდნელად რომ დამჭირდა, რა უნდა მექნა ახლა?
– ელენე, მისი სამსახურია ეგ, რას ჰქვია, ტყუილად აცდენდი?! ან მანქანა მაინც ვერ დაგიტოვა, თუ მიდიოდა?!
– მაგას აზრი არ აქვს...
– ნუ გადამრიე, ახლა! თქვენ საერთოდ რანაირი კონტრაქტი გაქვთ, ან რა პირობებით მუშაობთ?! არ მითხრა ახლა, რომ მანქანაც მძღოლისაა.
– კომპანიისაა...
– დამცინი, ხო? რატომ იწვალებ თავს?
– არ ვიწვალებ... – ამოიოხრა, შემდეგ კი, ისეთი მწარე ღიმილით დაამატა, მაშინვე მიხვდა დემნა, რაშიც იყო თურმე სინამდვილეში საქმე... – უბრალოდ, იმ ავარიის შემდეგ საჭესთან ვეღარ ვჯდები...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი