ბრინჯმა სითეთრე რომ შეინარჩუნოს, ხარშვის დროს ცოტაოდენი ძმარი დაუმატეთ.
ადუღებული ერბო რომ არ გადმოგეღვაროთ, ტაფაზე ერბოსთან ერთად დადეთ პურის პატარა ნაჭერი.
პომიდვრის წვენს ლითონის ჭურჭელში ნუ მოათავსებთ. ვიტამინები სინათლეზე იშლება. თუ წვენს ბოთლებში შეინახავთ, გარედან ქაღალდი შემოახვიეთ ან ბნელ ადგილას დადეთ.
პომიდორს თუ ემალის ქვაბში ჩააწყობთ და მაცივრის ქვედა თაროზე თავღიად დადგამთ, დიდხანს შეინახება.
გამსკდარი პომიდორი რომ არ დალპეს, ნაპრალში მარილი ჩააყარეთ.
პომიდვრის შენახვა ზამთრამდეც შესაძლებელია: გადააარჩიეთ უმწიფარი, მწვანე, საღი პომიდორი, სათითაოდ გაახვიეთ ქაღალდში და ჩალამოგებულ ყუთში ან კალათაში ჩააწყვეთ, შეინახეთ დაახლოებით 11-12 გრადუსის ტემპერატურაზე.
გახსნილ ქილაში ტომატი არ დაობდება, თუ ზედაპირზე მარილს მოაყრით და ცოტაოდენ ზეთს დაასხამთ.
თუ ბოსტნეულს წინა დღით იმარაგებთ, ის ჯერ უნდა გაასუფთაოთ, შემდეგ დააფაროთ წყალში დასველებული სუფთა ჩვარი და ისე შეინახოთ.
თუ გსურთ ოხრახუში არომატული იყოს, გაავლეთ თბილ წყალში.
სტაფილო და ხახვი მოხრაკვის დროს კარგად შეწითლდება, თუ ცოტაოდენ შაქრის ფხვნილს დაუმატებთ.
უმი ბოსტნეულის სალათაში ვიტამინი C რომ შევინარჩუნოთ, მაშინვე გადავასხათ ძმარი, ლიმონის წვენი ან კომბოსტოს მწნილის წვენი.
იმისათვის, რომ მოშუშული კომბოსტო არ ჩაფლავდეს და ხრაშუნა იყოს, შეწვისას ძმარი ან ლიმონმჟავა დაუმატეთ.
ყვავილოვანი კომბოსტოს ხარშვისას უსიამოვნო სუნი რომ არ დადგეს, ქვაბში რამდენიმე კარგად გარეცხილი კაკალი მოათავსეთ.
სველი ჩაი კარგად აცილებს თევზისა და ხახვის სუნს ქვაბებსა და ტაფებს.
ხორცის ნახარში გამჭვირვალე რომ გამოვიდეს, დაუმატეთ 2-3 ნატეხი კარგად გარეცხილი კვერცხის ნაჭუჭი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ქაფქირით ამოიღეთ.
ვიდრე დაფაზე ხახვის ან ნივრის დაჭრას შეუდგებით, დაფას წინასწარ ერთი ნაჭერი ლიმონის გადაუსვით.
ხახვის და ბოლოკის დაჭრა-გაწმენდის შემდეგ ხელები სველი მარილით გაიწმინდეთ.
თუ წვნიანს კვერცხით აზავებთ და გეშინიათ, კვერცხი არ აგეჭრათ, გათქვეფის დროს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ცოტა მაწონი, ასე წვნიანი უფრო გემრიელი იქნება.
თუ ზეთისხილის დიდი ხნით შენახვა გსურთ ისე, რომ გემო არ დაკარგოს, მოათავსეთ ერთი საათით ცივ წყალში, წყალი გადააქციეთ, ჩაყარეთ ზეთისხილი ქილაში და დაუმატეთ ლიმონის ნაჭრები და მოასხით მზესუმზირას ზეთი. ზეთისხილი სასიამოვნო გემოს შეიძენს და შეინახება კიდეც.
სამზარეულოში არასასიამოვნო სუნი გაქრება, თუ იქ ლიმონის ან ფორთოხლის ქერქს დაწვავთ.