– აბა, მზად ხარ?! – მოჩვენებითი მხიარულებით გამოეცხადა ხერგიანი დეას მისაღებში, ყველაფერზე რომ შეთანხმდნენ და უპრობლემოდ დაითანხმა ლანჩზე.
არა, კი ატყობდა, ეს გოგო თვითონვე რომ ცდილობდა დაახლოებას, თუმცა ასეთ სწრაფ პასუხსაც არ ელოდა.
– მე მზად ვარ, მაგრამ... – თავი ჩახარა უხერხულად და ის იყო,, უნდა გაეგრძელებინა, ჯერ ქუსლების კაკუნის ხმა რომ მოისმა და შემდეგ ავისმომასწავებელი ღიმილით სახედამშვენებული ელენეც გამოჩნდა.
– ცუდ დროს ხომ არ მოვედი? – გაიღიმა წარბებაწეულმა, თუმცა კაცის სიტყვებმა ისე შეაყინა ღიმილი სახეზე, გააზრებაც ვერ მოასწრო.
– გავდივართ, არ გვცალია. – მხრები აიჩეჩა, რა ჩემი ბრალიაო და ისე გახედა დეას, გოგონამ წინააღმდეგობის გაწევა მაშინვე გადაიფიქრა.
– კი, მაგრამ...
– ასეთი საჩქაროა?! – თითქოს, ვერც ხვდებოდა, რატომ იყო ელენე ასეთ დღეში, ისე მშვიდად პასუხობდა.
– დემნა...
– ანუ არ არის. მაშინ შესვენების შემდეგ ვისაუბროთ, ლანჩზე გავდივართ. – გაუღიმა კიდევ ერთხელ და შიგნითა მხრიდან იკბინა ლოყაზე, ხარხარი რომ არ აეტეხა, სახეალეწილი ელენე უკან რომ მოიტოვა და თვითონ დეასთან ერთად გავიდა ოფისიდან.
სიმართლე ითქვას, ეს საქმე იმაზე მეტად გასართობი გამოდგა, ვიდრე წარმოედგინა. ისიც იცოდა, ასე მოულოდნელად რატომ გამოეცხადათ ლენა, თუმცა, არაფრის დიდებით აპირებდა გეგმის განხორციელებაზე უარის თქმას. მიზანი რომც არა, ამ სიამოვნებას მაინც ვერაფრით გაუშვებდა ხელიდან. ელენემ ხომ ივახშმა ღვინიანიძესთან?! ჰოდა, ახლა მისი ჯერი იყო!
სპეციალურად შეარჩია სამსახურთან ახლოს მდებარე კაფე. ეჭვიც არ შეჰპარვია, მთელი გზა რომ თვალს არ მოაშორებდა მაჩაბელი. იდგებოდა მინის კედელთან, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული, ლოყებაწითლებული, ტუჩები ისე ექნებოდა მოკუმული, ერთ წვრილ ხაზად გადაექცეოდა, ნერვები კი მუსიკალური ინსტრუმენტის სიმებივით დაეჭიმებოდა. ახლა ნახოს, როგორია ეჭვიანობა! თვითონ ხომ გამწარებული არწმუნებდა, საქმეში გამოგვადგება დავითთან ვახშამიო?! ჰოდა, საპასუხო მოქმედებისთვისაც მზად უნდა ყოფილიყო!
– მაინც ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტეთ ჩემთან ერთად სადილობა... – დეა კი მართლა დაბნეული შეჰყურებდა. პრინციპში, როგორია, კაცისგან სამსახურის გარდა, ერთ სიტყვას არ ისმენდე ზედმეტს და უცბად, გამოგეცხადოს და ლანჩზე დაგპატიჟოს. არც გაემტყუნებოდა, თუმცა ხერგიანს რაღაც იდუმალი, შინაგანი ხმა მაინც ეუბნებოდა, ეს დაბნეულობაც კარგად დამუშავებული ნიღაბი რომ იყო სინამდვილეში.
– მე კი, ვფიქრობ, ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. – გაუღიმა მოზომილად და მიმტანს შეკვეთა ისე ჩააწერინა, მენიუში არც ჩაუხედავს.
– გეტყობათ, აქ ხშირად დადიხართ... – გოგონას კი, ეს მცირედი ნიუანსიც არ დარჩენია შეუმჩნეველი.
– საკმაოდ. იდეალური ადგილია ისეთი საუბრებისთვის, რომლის შესახებაც არ გინდა, სხვამ გაიგოს. არც ზედმეტად ოფიციალურია, არც ისეთი, საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება რომ არ შეიძლებოდეს. მარტოც მოხვალ, მესაიდუმლესთან ერთადაც და ბიზნესპარტნიორთანაც...
– და, თუ საიდუმლო არ არის, მე ვის რანგში ვიმყოფები აქ? – ჰკითხა ღიმილით და აშკარად წამოეგო იმ ანკესს, დემნამ ასე შეუმჩნევლად და პროფესიონალურად რომ გადაუგდო.
– ჩემგან გინდა ამის მოსმენა?! საიდუმლოს ამოხსნის სიამოვნება არ გიყვარს?
– მაბნევთ...
– მოიშორე ეს თქვენობითი... – თვალები აატრიალა და ისე მოხერხებულად გადაწვა სავარძლის საზურგეზე, ცალი ხელით ჩამოეყრდნო, მეორე ხელის თითები კი მაგიდაზე აათამაშა მელოდიურად.
– მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის უჩვეულოა ასეთი სიტუაცია.
– მესმის... და მართალიც ხარ. არ გამოვირჩეოდი შენთან მეგობრული ურთიერთობით, თუმცა ყოველთვის ვერიდები სამსახურში ჭორების აგორებას.
– ანუ?
– ანუ არ მინდა სკანდალები. არც საქმისა და პირადის ერთმანეთში არევა.
– ბატონო დემნა...
– დეა! – მზერა გაუმკაცრდა და გოგომაც მაშინვე დანებების ნიშნად აღმართა ხელები.
– დემნა... – ჩაეცინა. – მეჩვენება, თუ ამ ყველაფერს საქმიანი იერი სულაც არ აქვს?!
– არა მგონია, გეჩვენებოდეს. – ჩაეცინა და შეკვეთა რომ მიუტანეს, სანამ მადლობას გადაიხდიდა, დარბაზში ქერა თმას მოჰკრა თვალი. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ შეჰპარვია!
– კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? – ზრდილობიანად გაუღიმა ფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა და ხერგიანმა ვერც ამაზე თქვა უარი. ისეთი ღიმილით უპასუხა, წამითაც არ მოუშორებია ლენასთვის მზერა.
– კი, ახლაღა გამახსენდა. „როზე“ მოგვიტანეთ, თუ შეიძლება...
– სამსახურში არ ვაპირებთ მიბრუნებას? – გაიკვირვა დეამ. ჯერ სამუშაო დღე არ იყო დასრულებული, ლანჩზე კი ღვინის დალევას ნამდვილად არ ელოდა.
– ნუ გეშინია, უფროსი არ გაგიბრაზდება! – თვალი ჩაუკრა და საგრძნობლად გადაიხარა მისკენ.
– არ ველოდი, ყველაფერი ასე თუ შემოტრიალდებოდა...
– არ გიყვარს მოულოდნელობები, დეა? – უცნაურად წარმოთქვა მისი სახელი. აშკარად შესამჩნევად ეფლირტავებოდა და არც ცდილობდა ამის დამალვას.
– ზოგადად, მირჩევნია, ყველაფერში წინასწარ ვიყო გარკვეული...
– ასე ხომ უინტერესო ხდება...
– რა?
– ცხოვრება! – თვალი ჩაუკრა და მშვიდად მოსვა „როზე“. ფაქტობრივად, ამ მოქმედებით შენელებული მოქმედების ბომბს გააქტიურება დაუჩქარა. იცოდა, აუცილებლად მოუწევდა საღამოს ახსნა–განმარტების ჩაბარება, მაგრამ ელენეს ანთებული თვალები ნამდვილად ღირდა ამ ყველაფრად.
– ანუ შემიძლია ვარიანტებიდან საქმიანი შეხვედრა გამოვრიცხო? – გაუღიმა გოგომ და ისიც მისკენ გადაიხარა. უკვე ზედმეტად სახიფათო მანძილიღა აშორებდათ ერთმანეთისგან, არც ისე მოულოდნელად, დემნას მობილური განწირულად რომ ამღერდა და კაცმა ისე ურეაქციოდ გათიშა, არც კი დაუხედავს, ვინ რეკავდა. ისედაც აშკარა იყო ყველაფერი.
– შეგიძლია... – ჩაეღიმა ცალყბად.
– და ეს ჩვენი ლანჩი წმინდა წყლის მეგობრული შეხვედრაა?
– არ ვიცი... – არაფრით იშორებდა იდუმალ ღიმილს. – ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ როგორ აღიქვამ სიტუაციას.
– ვფიქრობ, საიდუმლო შეხვედრის გამორიცხვა ჯერ ნაადრევია...
– მითქვამს, რომ ჭკვიანი გოგო ხარ? – გაეცინა და როცა შენიშნა, ქერა რომ წამოდგომას აპირებდა, მაშინვე გადაიხარა უკან. ახლა არაფრის დიდებით შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩაშლა!
– არა...
– მიუხედავად იმ ინციდენტისა... – წარბები აზიდა და ისე გაახსენა, როგორ წაასწრო დარასელთან მოჩურჩულეს, ზედმეტი სიტყვის გამოყენების არ დასჭირვებია საამისოდ.
– დემნა, ხომ გითხარი, რომ...
– არაა საჭირო იმ ამბის ხელახლა გავლა.
– მართლა არ ყოფილა ჩემი ბრალი... – უჩვეულოდ აფორიაქდა გოგო. არც მაშინ ჩანდა მშვიდად, გიორგისთან რომ გამოიჭირეს, თუმცა ახლა აღარ ელოდა ამ თემის განხილვას და უარესი დაემართა, ამდენი ხნის შემდეგ ისევ რომ გაუხსენეს.
– ვიცი... – ამოიოხრა დაღლილმა. – ჩემი ბრალი იყო, არ უნდა დამევალებინა შენთვის ის, რის გამოც შეიძლებოდა პრობლემები შეგქმნოდა.
– არაა მასე. რომ დაგთანხმდი, კარგად ვიცოდი, რა რისკზეც მივდიოდი.
– და რაღატომ დამთანხმდი?
– შენი აზრით? – გვერდზე გადახარა თავი და ისეთი მზერით შეხედა, აშკარა იყო, ზედმეტად სერიოზულად რომ მიიღო დემნას მსუბუქი ფლირტი.
– მე ვიცი. შენგან მინდა მოსმენა...
– გეყოფა. – ჩაეცინა და აწითლებულმა ჩახარა თავი.
– უკაცრავად. – მოულოდნელად გამოჩნდა მიმტანი. – ქალბატონს კიდევ ერთი „როზე“ გამოუგზავნეს... – ჩაილუღლუღა დაბნეულმა. მეტად უცნაური სიტუაცია იყო მისთვის, განსაკუთრებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ დეა კაცთან ერთად იყო მოსული, ღვინოს კი ქალი უგზავნიდა.
– ვისგანაა? – და დემნამაც ისე იკითხა, თითქოს, წინასწარვე არ იცოდა პასუხი.
– კი მაგრამ, ვინ გამომიგზავნა? – აჰყვა დეაც.
– მაპატიეთ, მაგრამ ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა... – ნაძალადევად გაუღიმა ბიჭმა, ბოთლი მაგიდაზე დადგა და ისე სწრაფად გაუჩინარდა, აშკარად არ სურდა სკანდალში გახვევა. {{ArticleSplitCont}}
– როგორც ჩანს, მხოლოდ სამსახურში არ გესხმიან თავს თაყვანისმცემლები. – გაეცინა ხერგიანს.
– რას გულისხმობ?
– რას არა, ვის.
– დემნა...
– ვერაფრით დამაჯერებ, რომ გიორგიმ კედელთან მხოლოდ ჩემ გამო მიგიმწყვდია.
– ძალიან გთხოვ, არ გინდა...
– ყველაფერში მეჯიბრება, ძველშიც და ახალშიც.
– უხერხულ სიტუაციაში მაგდებ.
– შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, ისედაც აშკარა ფაქტს ვუსვამ ხაზს. ვერც კი ვხვდები, საერთოდ რატომ ამიყვანა სამსახურში... ჩემამდე ვინც მუშაობდა, იმასაც ასე ექცეოდა?
– არ ვიცი... ჩემი პირველი უფროსი შენ ხარ.
– ეგ როგორ? გამოუცდელი მდივანი მომიყვანეს ასევე გამოუცდელ იურისტს? – წარბები აზიდა, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა.
– მასე გამოდის... – დეა კი, ისე შეიშმუშნა, ვერაფრით მალავდა, ამ თემაზე საუბარი რომ არ სიამოვნებდა.
– საინტერესოა, რატომ გვენდობა ასე ძალიან დარასელი... იმედია, ჩვენი შეცდომის მოლოდინში არაა ჩასაფრებული...
– რამეს ეჭვობ?
– ბევრ რამეს...
– მაშინ ის საბუთებიც...
– არა, ეგ არაფერ შუაშია! – შეაწყვეტინა სწრაფად, სხვა თემაზე რომ არ გადასულიყვნენ. – უფრო, პირადი დაპირისპირების ამბავი მგონია, ვიდრე სამსახურებრივი.
– ანუ არ შემიძლია დახმარება?
– შეგიძლია... – ნელა დაუქნია თავი, ისე, მზერა წამითაც რომ არ მოეშორებინა. საუბართან ერთად, მისი სახის გამომეტყველებასაც აკვირდებოდა, მაქსიმალურად დეტალურად რომ შეესწავლა ყველაფერი.
– მაგრამ? – გოგონამ თვითონვე გააგრძელა, ინტონაციას რომ მიუხვდა.
– დაივიწყე! – სწრაფადვე აიქნია ხელი. – სარისკოა. არ მინდა, კიდევ რამეში გაგრიო.
– ჩემ გამო უკან ნუ დაიხევ. თუ რამით შემიძლია დახმარება, უნდა მითხრა! – უთხრა გადაჭრით, პასუხის მოსმენისას კი ძალიან გაუჭირდა გაკვირვებული სახის მიღება, რადგან სწორედ ეს წინადადება იყო, რის მოსმენასაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა ხერგიანისგან:
– და შენ მზად ხარ, ჩემ გამო საკუთარი უფროსზე მოაგროვო კომპრომატები?
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი