იბიცა ერთ-ერთ ძვირად ღირებულ კურორტად ითვლება. იქ რომ ჩვეულებრივ ადამიანად იგრძნო თავი, საჭიროა დღეში 100 ევრო მაინც გედოს ჯიბეში.
იბიცაზე რამდენიმე კურორტია, მათ შორის გამორჩეულებია:
პორტინაჩი (Portinatx) - მინი-კურორტი, კომფორტული და მშვიდი ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. აქ ნაკლებია ხმაურიანი კლუბები. სწორედ ამის გამო ირჩევენ მას ბავშვიანი დამსვენებლები. ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი ადგილი იბიცაზე.
სანტა-ეულარია დეს რიუ (Santa Eulalia des Riu) - სიდიდით მესამეა იბიცაზე. პალმებით და ულამაზესი ყვავილებით დამშვენებული დიდი სასეირნო ზონა პირდაპირ სანაპიროზეა გაშენებული.
კვირაში ერთხელ აქ ეწყობა ”ჰიპების ბაზრობა”, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გასაყიდად გამოაქვს სუვენირები, ნაკეთობები, ნიჟარებისგან გაკეთებული სამკაულები.
ტალამანკა (Talamanca) და პლაია-დენ-ბოსა ( Platja d'En Bossa) - კურორტები მათთვის, ვისაც იტაცებს ღამის ცხოვრება და კლუბური გართობა. აქ მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი უამრავი ღამის კლუბი, მათ შორის ყველაზე ცნობილია დისკოთეკა Space.
პლაჟები იბიცაზე 18 კილომეტრზეა გადაჭიმული, მათ შორის ყველაზე პოპულარულია ტალამანკა და ფიგურეტაჩი. სანაპირო ყოველდღიურად იწმინდება და კონტროლდება პოლიციის მიერ.
ტრანსპორტი - ყველაზე იაფი ავტობუსია, თუმცა ის მხოლოდ გაჩერებებზე ჩერდება და ხშირადაც არ დადის.
მოსახერხებელი უფრო ტაქსია, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ტურისტები ხშირად ქირაობენ ველოსიპედს ან მოტოციკლს, - უფრო ხელმისაწვდომია, ამასთან პრაქტიკულიც.
კლუბები - Space - ე.წ. მუსიკალურ პლაჟზე გართობა იწყება დილის 8 საათზე, ამ დროს დანარჩენი კლუბები იკეტება. აქ მიდიან ადამიანები, რომლებსაც ”შემორჩენილი ენერგიისა და უკანასკნელი ემოციის” დახარჯვა სურთ.
ბორა-ბორა - მუსიკა 24 საათის განმავლობაში ისმის, თუმცა DJ და დისკოთეკა ღამით იწყება და დილამდე გრძელდება, აქ უკრავენ ცნობილი ჰაუსის მეფეები და დიჯეები.
Tahiti Bar - რეზინის მილიდან ხან ქაფი, ხან შამპანური, ხანაც ყინულივით ცივი წყალი მოედინება.
სასტუმროები - იბიცაზე დაახლოებით 80 ათასი სასტუმროა, მათი უმეტესობა 2- და 3-ვარსკვლავიანია. ტურისტი აქ სასტუმროს ირჩევს არა ვარსკვლავების, არამედ ადგილმდებარეობისა და გასართობის მიხედვით.