ახალ 2018 წლამდე რამდენიმე საათიღა რჩება. გასული წლის შეჯამებისას გვერდს ვერ ავუვლით სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებრივ თემებს, რომლებსაც სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ.
"ფეისბუქი", "ინსტაგრამი", "ტვიტერი"... - კვლავინდებურად ჩვენი ცხოვრების აქტუალური შემადგენელი ნაწილია და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2017 წელი ყოფილა. მაშ ასე, წარმოგიდნენთ 7 ამბავს, რომელმაც სოციალურად აქტიურ ქართულ საზოგადოებაში ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია:
წლის ყველაზე განხილვადი თემების სათავეში, რომელზეც ყველაზე მეტი პოსტი და კომენტარი დაიწერა, ტრაგიკული ამბავი აღმოჩნდა, რომელიც ტელეწამყვან მაია ასათიანს დაატყდა თავს.
23 თებერვალს პარიზის საავადმყოფოში მაია ასათიანისა და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. ტრაგიკული ამბის შესახებ პირველად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით გახდა ცნობილი. უბედური შემთხვევის შემდეგ მაია ასათიანს "ფეისბუქში" უამრავი ადამიანი ამხნევებდა, უსამძიმრებდა და თანადგომას უცხადებდა. მხარდასაჭერი პოსტები არ წყდებოდა მაშინაც, როდესაც გადაცემა "პროფილი" 4 მაისს კვლავ ტელეეკრანს დაუბრუნდა.
იხილეთ: ყველა სიახლე მაია ასათიანის შესახებ
სოციალურ ქსელებში წლის ყველაზე განხილვადი თემების სიაში მოხვდა ასევე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან უგულავა-ბოკერიას ფრთის გამოყოფის ამბავი. თბილისის ყოფილმა მერმა 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე 2017 წლის იანვრის დასაწყისში დატოვა. ციხიდან გამოსული უგულავა მალევე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეგობრებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა და ხმამაღალი განაცხადი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ყოფილმა მერმა 15 იანვარს, ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა. კომპოზიტორ ნატო გელაშვილის მიერ რესტორანში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც წვეულების სტუმრები იყვნენ ასახულნი, "ფეისბუქში" აქტიური განხილვის თემად იქცა.
იხილეთ: ყველა სიახლე გიგი უგულავას შესახებ
"ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის შემდეგ სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდებოდა ორივე ფრთის ცნობილ მხარდამჭერთა თუ წარმომადგენელთა დაპირისპირების ამსახველი პოსტები. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და "ტაბულას" დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება აღმოჩნდა. 2017 წლის თებერვალში თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გიორგი გაბუნიას ერთ-ერთ გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. ჩერგოლეიშვილის პოსტს ნიკა გვარამიას მწვავე კომენტარები მოჰყვა: "სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე. და ნუ შე*** ამ "რუსთავი 2-ს იმიტომ ვიცავდი" ტექსტის მუდმივად გამეორებით, იმიტომ ვიდექით წვიმაში?"... ნუღა დადგები, რო ბრაზის აკუმულირებისგან მერე არ გასკდე", - წერდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი.