მარანტა ფართოდ გავრცელებული ფოთოლდეკორატიული მცენარეა, რომელიც სახელწოდებას იტალიელი ექიმისა და ბოტანიკოსის - ბართოლომეო მარანტას პატივსაცემად ატარებს, თუმცა ერთი მეტად უცნაური თვისების გამო ხალხში მას „მლოცველ მცენარეს“ უწოდებენ და ოჯახისთვის სიკეთის მომტანად მიიჩნევენ.
მარანტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც 25-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებსა და ბრაზილიაშია გავრცელებული. მცენარემ სახელწოდება XVI საუკუნის იტალიელი ექიმისა და ბოტანიკოსის - ბართოლომეო მარანტას პატივსაცემად მიიღო.
მარანტას სახეობებს 15 სმ-მდე სიგრძის ფართო და ოვალური ან მოგრძო-ლანცეტისებური, ეფექტური შეფერილობის ფოთლები აქვს, რომლებიც მოკლე ღეროზეა განლაგებული.
ფოთლების ფონი ღია მწვანიდან მუქ მწვანემდე (თითქმის შავ შეფერილობამდეც კი) შეიძლება მერყეობდეს, რომელზეც მუქი ყავისფერი ან ვერცხლისფერი რგოლები, ლაქები და ხაზებია გამოსახული.
მარანტას ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებს - არასაკმარის სინათლეში ან სიბნელეში ის ფოთლებს ზემოთ მიმართავს და კეცავს. სწორედ ამიტომ ხალხში მას „მლოცველ მცენარეს“ უწოდებენ.
განათება და ტემპერატურა
მარანტას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად ეგუება.
მთავარია, მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.
მარანტა ძალიან კარგად რეაგირებს ხელოვნურ სინათლეზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ მას დღე-ღამის განმავლობაში 16 საათით შუქდიოდური ნათურების მეშვეობით გაანათებთ.
მცენარის აქტიური ზრდისას (გაზაფხულსა და ზაფხულში) ეცადეთ, ოთახის ტემპერატურა 22-24 გრადუსს არ აღემატებოდეს, რადგან ზედმეტი სიცხე მცენარეს ვნებს.
მოსვენების პერიოდში კი (ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით) ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსს უნდა აღწევდეს და ყველაზე ცივ ზამთარშიც კი 10 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს.
ჰაერის ტენიანობა
მარანტას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ზამთარ-ზაფხულ, კვირაში 3-ჯერ მაინც, მცენარეს რბილ, ნადგომ წყალს შეასხურებთ.
მეტი ტენიანობისთვის ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტიც დაყარეთ.
ზაფხულობით შეგიძლიათ, გრილი შხაპი მოუწყოთ ან დროდადრო ქოთანი წყლით სავსე თასში მოათავსოთ. გაგრძელება