ბესტსლერი - „გათხოვილის დღიური“ ახალი ქართული რომანია, რომლის ავტორი, ახალგაზრდა მწერალი, ჟურნალისტი და ბლოგერი - თეა ინასარიძე გახლავთ. სანამ წიგნად დაიბეჭდებოდა, რომანი ჯერ ბლოგის სახით ქვეყნდებოდა საიტზე - „მარაო.გე“ და ქართველ მკითხველში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული პერიოდის შესახებ. თუ როგორ ტრანსფორმირდა მხიარული და თავგადასავლების მოყვარული გოგონას ცხოვრება - დაქორწინების შემდეგ. გმირი ვერ ეგუება რუტინას და უმოქმედობას. აცნობიერებს, რომ ნელ-ნელა გარშემომყოფებისთვის აქტუალობას კარგავს და თუ არ „გაცურავს“, ჭაობში ჩაიძირება. ამიტომ, გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ცხოვრება და დააბრუნოს ის ექსცენტრიული გოგო, რომელიც ერთ დროს მასში ცხოვრობდა.
წიგნი ძალიან კარგად იკითხება და გაჯერებულია იუმორით. ავტორი არ გვახვევს თავზე საკუთარ შეხედულებებს, ის უბრალოდ გვიყვება ამბავს, რომელიც უდავოდ, ძალიან საინტერესოა.
გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან - „გათხოვილის დღიური“
***
„მინდა, ავდგე და ისეთ ადგილას წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ! მინდა, იქ გზა ამებნეს და ბევრი ვიარო! მინდა, რომ არავინ შემხვდეს, უნებურად გზა რომ არ ვკითხო. მინდა, მომწყურდეს და სანამ წყაროს არ ვიპოვი, არ გავჩერდე. მინდა, მომშივდეს და შიმშილმა შემაწუხოს! უცებ გაწვიმდეს და დავსველდე! მერე ქარი ამოვარდეს და შემცივდეს! პატარა დანა მინდა, რომ ხეებზე ნიშნები დავტოვო... რომ წრეზე არ ვიარო! მერე სადმე ცეცხლი დავანთო. მიტოვებული შენობა ვიპოვო. მინდა შემეშინდეს, მაგრამ თავი ძლიერად ვიგრძნო! გათენდეს და გამიკვირდეს, ეს შენობა სიბნელეში ასე საზარლად რატომ მომეჩვენა!
გზად ვიღაც გადავარჩინო, იმ ვიღაცამ მადლობა გადამიხადოს და ერთად გამოვიდეთ ტრასაზე! მინდა, გამიკვირდეს, თურმე, სად ვყოფილვარ! მინდა, ის გზა დავიმახსოვრო და თუ როდისმე ეჭვი შემეპარება, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა, ან ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, წავიდე და ჩემ მიერ ხეზე ამოტვიფრული ნიშნები ვიპოვო, რათა დავრწმუნდე, რომ ეს მართლა გავაკეთე!“
***
"რეალურად, ყველაზე დიდ ტკივილს შეწყვეტილი ურთიერთობები ტოვებს. ტოვებს დიდ ემოციას და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. მეუღლესთან ცხოვრების რთულ მომენტებში სწორედ ეს შეწყვეტილი ურთიერთობები გვახსენდება და ვფიქრობთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, თუ ის ურთიერთობა გაგრძელდებოდა და განხორციელდებოდა.
გულისწყვეტას და სინანულს ვგრძნობთ, ვფიქრობთ, რომ სხვა არჩევანი რომ გაგვეკეთებინა, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. თუმცა იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებთ, რომ, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ოდესღაც ის ურთიერთობაც დაკარგავდა ფერს, გაჩვეულებრივდებოდა.
ახლა იმიტომ არის ასეთი ძლიერი, რომ განელება არ დასცალდა და უბრალოდ, შეწყდა. ალბათ, სწორედ ამიტომაც არ გვავიწყდება არავის ჩვენი პირველი სიყვარული, რადგან არ შედგა, არ გაგრძელდა.
განვითარება ვერ ჰპოვა და უკმარისობის განცდა დაგვიტოვა. ჩვენ კი თავს ვიმშვიდებთ იმაზე ფიქრით, რომ სადღაც არის ჩვენი მეორე ნახევარი, ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდით. რეალურად კი, სავსებით შესაძლებელია, რომ იმასთან გაცილებით უარესი ურთიერთობა გვქონოდა, ვიდრე ჩვენს არსებულ პარტნიორთან გვაქვს."
***
"ცოლქმრობა არ ხდის პარტნიორებს ერთმანეთის საკუთრებად და რეალურად, ყველას თანაბარი უფლება აქვს, იბრძოლოს თავისი გრძნობებისათვის. ეს ჩვეულებრივი კონკურენციაა და არა საკუთრებისათვის ბრძოლა. აქ არ არის - უკეთესი და უარესი. სინამდვილეში, “წაგება” ასეთ “ბრძოლაში” არ ნიშნავს რომელიმე მხარის სისუსტეს.
დამსხვრეული და გაბზარული ურთიერთობების დაწებება, შეკოწიწება, გამთელება უკვე წინასწარ წაგებული ბრძოლაა. ამიტომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ცოლ-ქმარი. ეს მოცემულობა უნდა გაქრეს..."
***
გაგიკვირდებათ და… ახლა სასტუმროში ვარ! თანაც, ბათუმში. გუშინ ჩამოვედი. სერთიფიკატთან ერთად, ხუთდღიანი საგზური გადმომცეს, ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში.
ამ ხუთი დღის განმავლობაში მედია სემინარებს უნდა დავესწრო. მასტერკლასს ჟურნალისტიკაში იტალიელი ჯუზეპე სპანიოლო გვიტარებს. ჩემ გარდა, კიდევ ხუთი ჟურნალისტია: რუსი ანდრეი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობს ქართულად; სამი ქალი, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის (ისინი ყველგან ერთად დადიან), მე და „მაჩო“, – ასე დავარქვი ამ ტიპს (იმ საღამოსაც იყო, დაჯილდოებაზე და ყურადღებას იქცევდა ნავარჯიშებ სხეულზე შემოტმასნილი, წინ ჩახსნილი ვარდისფერი პერანგით და ზედმეტად თავდაჯერებული მანერებით).
ჩემზე აშკარად „აკრეფილი“ აქვს. ეტყობა, ბოლომდე ვერ შეეგუა „ვიცე მისტერის“ სტატუსს. ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ პირველ ადგილს აიღებდა. ნეტავ მისი სტატია წამაკითხა. ალბათ, დაწერდა, „როგორ დავკავდი სექსით მთაში“, რადგან აგერ უკვე მესამე ღამეა, საოცარი ხმების მოსმენა მიწევს გვერდითა ნომრიდან.
დაიწყო და რა დაიწყო! ასე მეგონა, ჩემს საწოლში აკეთებდნენ „ამას“. ჯანდაბა, რაღა ჩემს მეზობლად მოხვდა? ბედი უნდა ყველაფერს...
იგივე ხმებს უკვე მესამედ ვისმენ. არა, ეს უკვე მეტისმეტია! მესამე ღამეა, ფაქტობრივად, არ მძინავს. ერთი სული მაქვს, გათენდეს, რომ საუზმეზე ჩავიდე. მივალ და ვეტყვი! ან ეს გატყეპვა რა მოდაში შემოვიდა?.. ისეთი გამეტებით უტყლაშუნებს, იმ გოგოს მაგივრად მე მტკივა.
ვეღარ მოვითმინე და კედელზე მივუკაკუნე. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ბოლოს ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე.
მაღვიძარამ 9 საათზე დარეკა. ბოლოს მომიღებს ამდენი უძილობა. ცივი შხაპი მივიღე, რომ გამოვფხიზლებულიყავი, მერე სასაუზმოდ ჩავედი. ანდრეი მარტო იჯდა და ყავას ამთავრებდა. მეც მასთან დავჯექი და მაჩო დავინახე, თავის ღამის პარტნიორთან ერთად საუზმობდა.
სანამ ყავა დავლიე, მან ოთხი კვერცხი, ოთხი სოსისი და ლორიანი ბუტერბროდი გადასანსლა. გენაცვალე, იმდენ ენერგიას ხარჯავს ყოველ ღამე, წესით, სამი კაცის დოზა საკვებს უნდა იღებდეს.
ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი და მათი მაგიდისკენ გავემართე.
– დილა მშვიდობისა! იმედი მაქვს, კარგად გეძინათ… – აი, მე კი საშინლად! ბოლო სამი ღამეა, რაც კოშმარები მაწუხებს. მესიზმრება, ვითომ დემონი შემოფრინდა ჩემს ოთახში და თავის ცეცხლოვან მათრახს მიტყლაშუნებს (იმ გოგოს სახე ისე გაწითლდა, როგორც, ალბათ, მისი საჯდომი გუშინ ღამით მაჩოს ლოგინში).
– ამაღამ კიდევ რომ მოფრინდეს და მათრახის ტყლაშუნი გააგრძელოს, ჯერ ვარდისფერ ბუმბულებიანი ხელბორკილებით მივაბამ საწოლზე, მერე იმ თავისი ცეცხლოვანი მათრახით კარგად ნავარჯიშებ სხეულს მთლიანად ავუჭრელებ (ეს ისეთი სახით ვთქვი, თითქოს ამ წუთებში მართლა მეჭირა მათრახი და ტანს ვუჭრელებდი)!!!
***
ის ღამე, როდესაც ლევანის საუბარი მოვისმინე, ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში. სტრესისგან გამოწვეულმა პირველმა ტალღამ მთლიანად მომიცვა. ვიწექი და ვგრძნობდი, როგორ ვიშლებოდი პატარ-პატარა ნაწილაკებად. მთლიანად ტკივილში ვიყავი ჩაძირული. თითქოს სუნთქვაც მიჭირდა. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ვერ შევძელი ხვალინდელი დღის წარმოდგენა. თითქოს ყველაფერი დამთავრდა! მე დავმთავრდი!
რამდენიმე საათის მერე მთლიანად დავცარიელდი. ვეღარც ტკივილს ვგრძნობდი და ვეღარც სხვა რამეს. თავში ჩვენი ურთიერთობის ბოლო პერიოდის სურათები მიტრიალებდა:
აი, მოვდივარ მაღაზიიდან, ორივე ხელში პარკები მიჭირავს. ნეკა თითები გამოვანთავისუფლე, რომ ჩემს ორ შვილს როგორმე ხელი მოვკიდო. ერთი ერთ მხარეს გარბის, მეორე − მეორე მხარეს…
მაცივარზე მაგნიტით მიკრულ ფურცელზე ჩამოწერილია, რა მაქვს გასაკეთებელი და „პლუსებს“ ვუწერ.
სადილს ვაკეთებ, ვრეცხავ, ვალაგებ და ცალი ყური და თვალი ბავშვებისკენ მაქვს… მათთან თამაშსაც ვასწრებ! ბოლო „პლუსი“ და დღის მისია შესრულებულია! საღამოს ლევანი მოდის სამსახურიდან. კარის გაღების წინ სარკეში ვიხედები, რომ თმა მაინც შევისწორო… მერე ვავახშმებ, ვალაგებ, ვრეცხავ.
ბავშვებს ვაძინებ და ასე მგონია, მალე საკუთარი სხეული პროტესტს გამომიცხადებს…
ლევანთან ორი სიტყვით შემოვიფარგლები. აღარც ის ცდილობს მეტს. კომპიუტერთან ზის და მეორე დღისთვის წერს რაღაცას, ან საიტებს ათვალიერებს და ტექნიკის სიახლეებს ეცნობა.
როგორია მისი თვალით დანახული ცოლი? როგორი და ყურებამდე სარეცხის ჩასაყრელ „კვატში“ ჩაყუდებული… ღმერთო ჩემო! – ამ ყველაფრის მერე არ არის გასაკვირი, რომ ვიღაც სხვასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდეს… ვიღაც მოგეწონოს, რომლის ფონზეც ცოლის უმნიშვნელო ნაკლიც დიდად მოგეჩვენოს და ძალიან გაგაღიზიანოს…
***
ჯერ კიდევ ბავშვობაში მჯეროდა, რომ ადამიანებს სიხშრეები გააჩნიათ. სიტყვა "სიხშირე" მოგვიანებით დავარქვი, ფიზიკა რომ ვისწავლე. ასე იმიტომ მეგონა, რომ სხვა ბავშვებთან ერთად თამაში მიჭირდა, რადგან "სახლობანას" - "უჟასობანა" და "გამომძიებლობანა" მერჩია. განსხვავებული ინტერესები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირი ინტერესების მქონე არავინ მხვდებოდა, მაინც მჯეროდა, რომ სადღაც აუცილებლად იარსებებდნენ ჩემი სიხშირის ადამიანები, რომლებიც უსიტყვოდ გამიგებდნენ..."
***
"რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს იმ მომენტში, გავა დრო და მივხვდებით: ტკივილის გარეშე ბედნიერება არასრულფასოვანი იქნებოდა; ვერასოდეს გავიზრდებოდით პიროვნულად; ვერ ვისწავლიდით სირთულეების გადალახვას და პირველივე წინააღმდეგობისას წავიბორძიკებდით და დავეცემოდით.
თანაც, შეიძლება ისე დავცემულიყავით, რომ წამოდგომა ვერ შეგვძლებოდა. ტკივილის გარეშე არ იქმნება არაფერი ღირებული. ტკივილი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ჩვენს ცხოვრებაში და ყველაზე დიდი მასწავლებელი".
***
„მოდი, თევზს ვიყიდი და შევწვავ!“ – გადავწყვიტე და მარკეტში ჩავედი. თევზეულის განყოფილებაში ქალბატონი აშარაშკა დამხვდა. ისიც თევზს არჩევდა. ვერ ვითმენ და მოდი, აგიწერთ, როგორი ტიპია. თქვენც ხომ გაინტერესებთ? მოკლედ, დაბალია! თმა ბიჭურად აქვს შეჭრილი, ძალიან მოკლედ. სიარულის მანერა კი საოცარი…
ნაბიჯებს რომ ადგამს (ამასაც ნერვულად აკეთებს), გეგონებათ, მუხლებმა წვივებსა და ტერფებს პროტესტი გამოუცხადა და მისი გაგდება გადაწყვიტაო. ისე ძლიერად გაიქნევს ხოლმე სახსრის გაშლის დროს, იფიქრებთ, ქვედა კიდური სადაცაა, მუხლს მოსწყდებაო… მის სახეზეც თითქოს ყველა კუნთი დაძაბულ რეჟიმში მუშაობს.
დამინახა და არ მომესალმა. პრინციპში, არც ველოდი. მის უკან დავდექი და ჩემს რიგს დაველოდე.
– ეს რანაირი თევზი შემაპარე! რატომაა ასე მოღრეცილი?
– მე რა ვიცი , ქალბატონო! ალბათ, „პავაროტში“ დაიჭირეს… თქვენ ამოიღეთ, რომელიც მოგწონთ!
– გაგიჟდიი? ხელზე სუნი ამივა!
– ეს?
– რა არის ეს? რა დაჭყეტილი აქვს თვალები… აბა, ის ამოიღე!.. უი, არა, არა! პირი რა ძალიან აქვს დაფჩენილი!..
– ისეთი თევზი არა გაქვთ, ცოტა ლამაზი ნაკვთები რომ ჰქონდეს და აგონიაში დაკრუნჩხულს არ დაელიოს სული? – შევეკითხე გამყიდველს ლოდინით დაღლილმა. მივქარე (ეტყობა, დამავიწყდა, ვისთან მქონდა საქმე).
ამ სიტყვების გაგონებაზე მთელი 90 გრადუსით შემობრუნდა ჩემკენ და დასჭექა:
– შენ ხომ არ დაგავიწყდა, ვისთან გაქვს საქმე?.. (ისეთი მზერა ჰქონდა, ეგრევე ქვეტექსტი ამოვიკითხე: „შენ გგონია, არ ვიცი, ვისთან იყო ჩემი ქმარი გუშინ საღამოს?“.
– არა, შემახსენე…
– გოიმი ეს!.. (თევზების პარკს ხელი დაავლო და ზემოთ რომ აგიღწერეთ, იმ „პახოდკით“ დამტოვა).
– „სტერვა!“ – მივაძახე გაბრაზებულმა. – მე დახმარება მინდოდა! მაგრამ დამავიწყდა, რომ არც ხუმრობა გესმის, არც თევზის არჩევა. ალბათ, მარტო სარეცხის კარგად გაწურვა გეხერხება!
შემობრუნდა და ჩემკენ გამოემართა. მეგონა, იმ გაყინულ თევზს თავში ჩამარტყამდა. ალბათ, გამყიდველმაც ეს გაიფიქრა და დახლიდან გამოვიდა ჩემს დასაცავად.
– სად არის ჩეკი?
– ჰაა?.. ახლავე! – დაფაცურდა გამყიდველი და სასწრაფოდ ჩეკი ამოარტყა.
– შე საცოდაო, შენ! საწყალი შენი ქმარი! – მომაძახა, ჩეკი მუჭში მოიქცია და წავიდა.
– გაათამაშე, გაათამაშე! ეტყობა, იღბალი გაქვს, ქმარსაც ლატარიაში თუ მოიგებდი, თორე…
– უჰ, გაიხარე ქალბატონო, რაა, როგორ გამაცინეთ! – დამლოცა გამყიდველმა. სანამ მაღაზიიდან გამოვედი, მისი როხროხა სიცილი ისევ მესმოდა.
***
ხელოსანმა იატაკისა და ჩემი ნერვების ბურღვა დილიდანვე დაიწყო. ნაბახუსევს თავი მისკდებოდა და ასე მეგონა, იმ ბურღით ტვინს მიხვრიტავდნენ. იატაკი რომ გახვრიტა, დაბლა ჩავიდა. ხელოსნის არყოფნით ვისარგებლებ-მეთქი, ვიფიქრე და ტუალეტში შევედი, მაგრამ იმ ოხერს იმხელაზე გაეხვრიტა, კინაღამ ფეხი ჩამივარდა.
დავიკუზე და ხვრელში ჩავიხედე. სწორედ ამ დროს ჩემს მეზობელსაც გადაეწყვიტა ამოხედვა და ის ფილმი ხომ გახსოვთ, „გარიგება“? – „შემოფეთებისა იყოი“ – აი, ეგრე დაგვემართა. ხვრელს სასწრაფოდ მოვშორდი.
„არა, მგონი ბედისწერა მეხუმრება… რა უხერხულია!.. მე კიდე ეს მინდოდა? რას იფიქრებს…“
– როგორ ხარ? – მისი ხმა მომესმა ქვემოდან.
სხვა გზა არ მქონდა, ისევ ხვრელს დავუბრუნდი და ნაძალადევი ღიმილით ჩავიხედე:
– კარგად ვარ, შენ?..
მერჩია, მიწა გამხეთქოდა და თან ჩავეტანე… (თუმცა, არა! რომ ჩავეტანე, მასთან არ აღმოვჩნდებოდი? )
– მეც არა მიშავს! რამხელაზე გაუთხრია არტიომას, ახლა ვეჩხუბე! – რა საჭირო იყო ამხელა ხვრელი… რა ამოავსებს ამას…
– ჰოო, მართლა რა ფართო ხვრელია, რად უნდოდა ამხელა, ვიწრო არ ჯობდა?
– ნამდვილად, ვიწრო აჯობებდა! იცი, ამ ხვრელზე ახლა „უცნობი ქალის წერილი“ გამახსენდა. გასაღების ხვრელიდან რომ უთვალთვალებდა მწერალს…
– ჰოო, რა უცნაური ასოციაცია გქონია! ტუალეტში გათხრილი ხვრელი და „უცნობი ქალის წერილი“ – გამეცინა. – „მოჩვენებებზე მონადირენი“ რომ გაგხსენებოდა, კიდე ხოო… ასეთ ხვრელში რო ჩასრიალდებოდნენ ხოლმე, მილით.
– რომანტიკა ყველაფერში შეიძლება დაინახო!
„შენი ცოლის გარდა“ – გამეფიქრა უნებურად.
***
წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსი“-ს წიგნის მაღაზიათა ქსელში.