თამო ვაშალომიძემ 12 თებერვალს იმშობიარა. მოდელს გოგონა შეეძინა და სახელად სოფია დაარქვა.
როგორც თავად ამბობს, ბავშვი წონით იმაზე ბევრად მეტი დაიბადა, ვიდრე ელოდა, თუმცა მშობიარობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. თამო მოგვიყვა, როგორ ართმევს თავს დედობას და ვინ ეხმარება სირთულეების გადალახვაში, როგორ ეგუება დედის ამპლუაში ყოფნას და როდის აპირებს პატარა სოფიას მონათვლას.
- ფიზიოლოგიური გზით იმშობიარე? ხომ არ ყოფილა რაიმე გართულება?
- ბუნებრივი, ფიზიოლოგიური გზით ვიმშობიარე, ყოველგვარი სპინალურისა და გაუტკივარების გარეშე. ყველაფერი მალე და ძალიან კარგად დამთავრდა.
- სად და ვისთან ერთად იყავი, როცა ტკივილები დაგეწყო, რა მოიმოქმედე?
-10-ში მივედი ექიმთან და მითხრა, რომ თითნახევარზე ვიყავი გახსნილი, მაგრამ სახლში გამომიშვა, დაიძინე და ხვალ დილით მოდიო. რომ წამოვედი, არ ველოდი, თუ ასე მალე მივბრუნდებოდი. საცობში ვიყავი, როცა ტკივილები დამეწყო. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე, ექიმს დავურეკე. მითხრა, ჩქარა მოდიო... გავაჩერე მანქანა, გადავჯექი სასწრაფოს მანქანაში და დავბრუნდი სამშობიაროში. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, არადა, ყველა მეუბნებოდა, რომ გოგოზე დიდხანს გრძელდება, მით უმეტეს, თუ პირველი მშობიარობააო. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა.
- რამდენი კილო დაიბადა პატარა სოფია?
- ველოდებოდი 3,500-ს და გამახარა, დაიბადა 4,100 (იცინის).
- ვინმე დაესწრო მშობიარობას?
- ყველაფერი იმდენად მალე მოხდა, ფიზიკურად ვერავინ დაესწრებოდა მშობიარობას. მე მინდოდა, ვინმე გამოცდილი, შვილიანი ქალი დამსწრებოდა, სურვილი მქონდა, მაგრამ ისე მალე მოხდა ყველაფერი, ვერ აგიხსნით... ვერაფერი მოვასწარი. ჩემს სადედამთილოს დავურეკე, საბუთები და ჩუსტები წამომიღე ჩქარა-მეთქი.
- არ გინდოდა, რომ ბავშვის მამა დასწრებოდა მშობიარობას?
- ბავშვის მამა ჩამოვიდა 12-ში ზუსტად... მე ზოგადად ვფიქრობ, რომ კაცი არ უნდა დაესწროს ამ პროცესს. ადრე, სანამ ვიმშობიარებდი, მანამდეც იმავე აზრზე ვიყავი და ახლა, საერთოდ! ბოლო წუთებში უკვე ისეთი ტკივილები გეწყება, მით უმეტეს, თუ გამაყუჩებელს არ იკეთებ, რომ კაცმა ამას არ უნდა უყუროს. მთავარია, პაციენტმა დაუჯეროს ექიმებს, ეს არის ყველაზე სწორი.
- როგორი გრძნობა იყო, როცა პირველად აიყვანე ხელში პატარა სოფია?
- პირველად რომ დავინახე, გავიფიქრე, რამხელაა-მეთქი... გულზე რომ დამაწვინეს, ისეთ შოკში ვიყავი, ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა... ყოველდღე რომ ვუყურებ, ნელ-ნელა ვაცნობიერებ. ვხვდები, რომ უმაგისოდ არ შემიძლია... სადაც უნდა გავიდე, სულ ვრეკავ სახლში და ვკითხულობ, როგორაა. თუნდაც მაღაზიაში ვიყო, ვრეკავ და ვეუბნები, დამანახეთ, მალე მოვალ, 5 წუთში მოვალ-მეთქი... ძალიან ფეთიანი ვარ, მეშინია, პატარა რომ არის, რამე არ ვატკინო, არასწორად არ დავიჭირო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩემ გვერდით, სულ მინდა, მე მყავდეს. რაც ვიმშობიარე, მას შემდეგ წესიერად არ მიძინია...
- ბუნებრივი გზით კვებავ თუ ხელოვნურად?
- ბუნებრივი გზით ვაპირებ, სანამ შვებულება მაქვს. ერთი თვე ყველა ვარიანტში ბუნებრივი გზით უნდა გამოვკვებო. დედის რძე ბავშვისთვის აუცილებელია, თუნდაც ძალიან ცოტა.
- ხომ არ გეშინია სხეულის ფორმის გაფუჭების და რა გზებს მიმართავ, რომ ფორმები შეინარჩუნო?
- მკერდის არ მეშინია, მყავს არაჩვეულებრივი მასაჟისტი, რომელიც ყოველ დილით მიკეთებს მკერდზე მასაჟს, მიწურავს. ასევე მეხმარება ბავშვის ჭიპის დამუშავებაზეც. ძალიან ბევრი რძე მაქვს, თავისუფლად გამოვკვებავ 4 ბავშვს. თუ მკერდის ფორმა გამიფუჭდება, გამორიცხული არაა, შევილამაზო... არანაირი პრობლემა არაა, სამაგიეროდ, ჩემი გოგონა იქნება ჯანმრთელი და როგორი წყნარი და მშვიდიც ახლაა, ისეთი იქნება სულ.
- რამდენი დღე დაგაყოვნეს სამშობიაროში?
- 3 დღე ვიყავი სამშობიროში და სამშაბათს გამომწერეს.
- ბავშვის მოვლაში ვინ გეხმარება?
- მყავს დამხმარე. არც ისე პატარა ასაკისაა, შესაბამისად, გამოცდილებაც კარგი აქვს და ფსიქოლოგიურად ძალიან გაწონასწორებული პიროვნებაა. გარდა ამისა, ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, დედა, სადედამთილო... მაგრამ არ მინდა ბევრი ხალხი დაჰყურებდეს, ბევრი ხალხის ხელში იყოს ჩემი პატარა. მირჩევნია მე, ჩემი საქმრო და დამხმარე ვიყოთ სახლში.
- სადედამთილო შენთან რჩება თუ მოდის ხოლმე?
- ჰო, დროებით ჩემთან რჩება, ამ ეტაპზე.
- გეხმარება?
- დახმარება, პრინციპში, არ გვჭირდება, კარგად ვართმევთ თავს, თვითონ უნდა. სხვათა შორის, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.
- ბავშვის მონათვლას როდის გეგმავ და ნათლიები თუ გყავს შერჩეული?
- ბავშვი, წესით, უნდა მოინათლოს 40 დღის მერე. ზუსტად რიცხვი არ მაქვს გაწერილი, მაგრამ ორმოცი დღის შემდეგ აუცილებლად მოვნათლავ, მალე. ნათლიებიც მყავს შერჩეული, სამი ჩემი ახლო მეგობარი და ერთი ჩემი საქმროს ახლო მეგობარი. სულ ოთხი ნათლია გამოდის, მეტი არცაა საჭირო. არ მიყვარს, ბევრი ნათლია რომ ჰყავთ და მხოლოდ სტატუსად რჩება ნათლია, ბავშვს ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ, ნათლიები ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, ვისაც ძალიან ეყვარებათ, ხშირად ნახავენ, დიდ ყურადღებას მიაქცევენ... მე, მაგალითად, 7 ნათლია მყავს და არც ერთს არ ვიცნობ. მეც მქონია, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა, ადამიანს რომ არ ვიცნობ და უნდათ, ნათლია ვიყო... რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ამის, მაგრამ ადამიანს იმის გამო არ უნდა მოანათლინო შვილი, რომ რაღაცას წარმოადგენს.
- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც სოფია მოევლინა სამყაროს?
- ხშირად მეკითხებიან ამას. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ადრე სულ გარეთ მინდოდა ყოფნა და ახლა ყოველთვის სახლში მეჩქარება. მინდა, სულ სოფიასთან ვიყო, ვუყურო. ნელ-ნელა ვიაზრებ და ვაცნობიერებ ცვლილებებს. როგორც ორსულობაზე ვერ გავიაზრე, სანამ მუცელი არ გამეზარდა, ისე ვარ ახლაც.
მერიემ კაკაურიძე