ია კიკნაძე წისქვილის ჯგუფის მხატვარ-დიზაინერია, ის ტექსტილზე მუშაობს. დიზაინერი ამზადებს აბრეშუმის ქაღალდს, ხატავს აბრეშუმზე და ასევე, ქმნის აბრეშუმის შარფებსაც.
ის მოგვიყვა თავის შთაგონების წყაროზე, ბავშვობაზე, საქმისადმი სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზე. ია აპირებს, ახლო მომავალში საქორწინო დეკორაციებზე დაიწყოს მუშაობა.
- პირველ რიგში, მკითხველს გააცანით თავი რამდენიმე სიტყვით. რამდენი ხანია, რაც საყვარელ საქმეს აკეთებთ?
- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტი, თუმცა, აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით წლების განმავლობაში არ მიმუშავია, მხოლოდ პატარ-პატარა შეკვეთები მქონდა. ბოლო 5 წელია, რაც პროფესიით ვმუშაობ. წისქვილი ჯგუფის მხატვარ-დიზაინერი ვარ და იქვე მაქვს სამხატვრო სალონი, რომელიც ემსახურება წისქვილს და არა მარტო წისქვილს. ბავშვობაში ვხატავდი, თუმცა სერიოზულად არ ვუდგებოდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველა ჩემს ნახატს ვმალავდი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემს ნახატებს ინახავდა, ეს იყო ჩემი ბიძა - მამის ძმა. მახსოვს, გვირილები დავხატე. ყვავილების ხატვა მიყვარდა ძალიან.
- ახლა კონკრეტულად რაზე მუშაობთ? თუ არ ვცდები, ქალის აქსესუარებს ქმნით. რა მასალისგან ამზადებთ და ვისთვის?
- კონკრეტულად ვმუშაობ ტექსტილზე, აბრეშუმზე. ანუ გამზადებული აბრეშუმის ნაჭერზე. ხატვა არის ბატიკა და კიდევ, თვითონ აბრეშუმისგან ვამზადებ აბრეშუმის ქაღალდს და ზემოდან ვხატავ. ქალის აქსესუარებს რაც შეეხება, კონკრეტულად ხაზი არ მაქვს, შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის შარფებით.
- რა არის თქვენი ინსპირაცია?
- ჩამაფიქრა, უფერულ ამინდში, როცა ცა ნაცრისფერია, შემოქმედებით ვიფერადებ დღეს. როცა ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ანუ შემოქმედებითი წვის პროცესში ვარ, იმდენად დიდი სურვილი მიჩნდება მუშაობის, დრო არ მყოფნის. ასევე, სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას, იქვე მიყალიბდება იდეა და ზუსტად ვიცი, რას შევქმნი. მუზა მაშინაც შემომაწვება ხოლმე, როცა რაიმე პრობლემა მაქვს. შესაბამისად, თოთოეული ნამუშევარი მახსენებს განვლილ დღეებს.
- საქართველოში რა მდგომარეობაა თქვენს სფეროში? რამდენად გაძლევთ გასაქანს გარემოებები?
- ვფიქრობ, ნელ-ნელა უფრო მოთხოვნადი და ტრენდული გახდა ეს სფერო. ადრე ისეთი სიტუაცია იყო, არავის აინტერესებდა. ახლა აშკარად იგრძნობა პროგრესი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩემნაირი ტექსტილის დიზაინერები სხვა ქვეყანაში უფრო წარმატებულნი და მოგებულნი არიან.
- თავად ხომ არ გეგმავთ, საზღვარგარეთ სცადოთ ბედი?
- არა, ასე გლობალურად არა, თუმცა "workshop"-ები ტარდება და სურვილი მაქვს დიდი. გამოფენასაც ვგეგმავ, კერძოდ, ბელგიაში.
- საქართველოში თუ აწყობთ ხოლმე გამოფენებს? ან კონკურსებში ხომ არ იღებთ მონაწილეობას?
- კი მქონდა გამოფენა 3 წლის წინ, სხვადასხვა ავტორის იყო, შერეული, წისქვილის ეზოში. გამოფენას ერქვა "ზაფხულის დღეები წისქვილში" და ამ ზაფხულსაც ვგეგმავ, მაგრამ უკვე პერსონალურს.
კონკურსებს რაც შეეხება, არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ საქველმოქმედო გამოფენებზე კი.
- ტექსტილზე მუშაობა აკადემიაში ისწავლეთ?
- კი, სამხატვრო აკადემიაში. ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე, სადაც ისწავლებოდა თექა, გობელენი, ბატიკა. დიპლომი აბრეშუმზე დავიცავი და ახლაც აბრეშუმზე ვმუშაობ.
- ხომ არ გყავთ (ან აპირებთ აიყვანოთ) მოსწავლეები?
- სალონში მაქვს უფლება, ჩავატარო მასტერკლასები. რაც შეეხება მოსწავლეებს, მიფიქრია ამაზე და სიამოვნებით ავიყვანდი.
- ხშირია ხელოვნებაში შემთხვევები, როცა პარალელურად უწევთ სხვა საქმე აკეთონ, მატერიალური კეთილდღეობისთვის. ეს საქმე თქვენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა?
- კი, ხშირია. როგორც ვახსენე, საზღვარგარეთ უფრო პერსპექტიულია ეს საქმე. იქ ხელნაკეთი ნივთები ძვირადაა შეფასებული და ანაზღაურებაც დიდია. აქ კი - არა. ამიტომაც დამხმარე საქმე საჭიროა. პირადად ჩემთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა. თუმცა, როგორც ხელოვანს, ჰონორარებიც მეხმარება.
- ხომ არ შეგიძლიათ სამომავლო გეგმებზე უფრო ვრცლად მომიყვეთ?
- დიდი სურვილი მაქვს, workshop-ებს დავესწრო ტექსტილის დიზაინის განხრით, რაც აუცილებელია თანამედროვეობისთვის. ვიმუშაო აქტიურად, რომ ვიყო მოთხოვნადი და ტრენდული. რა თქმა უნდა, ვგეგმავ გამოფენებს, რაც დაუღალავად მუშაობას ითხოვს და დამატებით მაქვს იდეები, რომლებზე ლაპარაკისგანაც ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რადგან მხოლოდ იდეის დონეზეა. თქვენ დამატებით შემოსავლის წყარო ახსენეთ. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავ ვაკეთო საქორწინო დეკორაცია, განსხვავებული და არასტანდარტული.
მერიემ კაკაურიძე