ჯეიმს ბერის სახელით ინგლისელი ექიმი, სამხედრო ქირურგი მარგარეტ ენ ბალკლი აფრიკაში მუშაობდა. კარიერის ბოლოს არამხოლოდ დაჭრილებს მკურნალობდა, ადგილობრივების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეც ზრუნავდა. პირველი იყო, ვინც აფრიკაში საკეისრო კვეთა გააკეთა. მარგარეტზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი, დაწერილია რომანი...
ქალებს მამაკაცები განვითარებაში ხელს რომ უშლიდნენ, არახალია. არადა, რამდენ კარგ საქმეს გააკეთებდნენ ისინი სხვადასხვა სფეროში. თუნდაც მარგარეტ ბალკლი ავიღოთ, ადამიანები რომ განეკურნა, მამაკაცად გარდაისახა.
ექიმი ბერი 1865 წელს გარდაიცვალა და მისი საიდუმლოც მაშინ გავრცელდა. მსახური, რომელსაც ბერის უკანასკნელი გზისთვის მოწესრიგება დაავალეს, გაოგნებული იყო ნანახით. თუმცა, უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად ექიმი მამაკაცის სახელით (რომელსაც ის ნახევარი საუკუნე ატარებდა) სწრაფად დაკრძალეს და მიივიწყეს.
მეოცე საუკუნეში ისტორიკოსმა ისაბელ პეიმ ჯეიმს ბერის დოკუმენტების შესწავლა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ჯეიმს ბერი არ არსებობდა, ის მარგარეტ ენ ბალკლი იყო. ირლანდიელმა ქალმა იმიტომ განახორციელა ეს აფერა, რომ მეთვრამეტე საუკუნეში ქალებს სამედიცინო განათლების მიღება ეკრძალებოდათ. ამასთანავე, მისი ოჯახი გაკოტრდა და გუვერნანტის ან კომპანიონის ჯამაგირი უფრო მცირე იყო, ვიდრე ექიმის. ქალი იმდენად კარგად ასრულებდა მამაკაცის როლს, რომ მისი შემოწმება არავის უცდია.
1809 წელს 20 წლის ქალბატონი ლონდონში გაემგზავრა, რამდენიმე დღეში კი ბიჭად გარდასახული - ედინბურგში. სასწავლებელში საუკეთესო იყო. თიაქარზე დაცული დიპლომი იმდენადაც უნიკალური იყო, რომ სამედიცინო ჟურნალში დაბეჭდეს.
საინტერესოა, რატომ წავიდა მარგარეტი სამხედრო განხრით? შეიძლება ქალთა საზოგადოებისგან საბოლოოდ სურდა გათავისუფლება. შეიძლება მამაკაცების გვერდით თავს უფრო დაცულად გრძნობდა.
ექიმი ბერი იმ დროისთვის ეგზოტიკურ ადგილებში: აფრიკაში, ვესტ-ინდოეთში, საბერძნეთში, კანადაში მსახურობდა. როცა კეიპტაუნში ახალჩასულმა გუბერნატორის ქალიშვილი განკურნა, სამედიცინო კოლონიის ინსპექტორად დანიშნეს. ექიმი ბერი იყო პირველი, ვინც კონტინენტზე საკეისრო კვეთა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ დედაც და ჩვილიც გადარჩნენ.
სხვათა შორის, ერთხელ ჰომოსექსუალიზმშიც დაადანაშაულეს, ბერი ადგილობრივ გუბერნატორს გაუმიჯნურდა და სიმართლე რომ არ გამჟღავნებულიყო, სასწრაფოდ გაემგზავრა. აი, ქალებთან კი ურთიერთობა არ სურდა. სიმპათიურ ქირურგს ბევრი მედდა ეარშიყებოდა, მაგრამ მათ მიმართ ბარი უხეში იყო და ხშირადაც დასცინოდა.
როცა ბრიტანეთის არმიის უმაღლესი სამედიცინო პოსტი დაიკავა, მთავარ მიზნად დაისახა ჰიგიენა, კარგი მოვლა და ჯანსაღი კვება. მანამდე დაჭრილები ჰოსპიტალში პანტაპუნტით იხოცებოდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ექიმი ბერი მხოლოდ ავადმყოფებს ესაუბრებოდა მშვიდად, ჯანმრთელებს და უფროსსაც კი ეუხეშებოდა. აღიზიანებდა, როცა ვინმე აღნიშავდა, რომ ხმა და მანერები ქალისას მიუგავდა. ღირსების დასაცავად არაერთხელ მონაწილეობდა დუელში. კარგად ისროდა და ხმალსაც იდეალურად ფლობდა.
ექიმს მუდამ თან ახლდა შავკანიანი მსახური ჯონი და ძაღლი. ძაღლები, რა თქმა უნდა, იცვლებოდნენ, მაგრამ ყველას ერთი სახელი - Psyche ერქვა.
მის ცხოვრებაში სამსახურის გარდა სხვა არაფერი არსებობდა. მის საფლავს მოკრძალებული ეპიტაფია ამშვენებს. არადა, მისი ბიოგრაფიის მქონე ექიმისთვის ძეგლი თუ არა, ბიუსტი მაინც უნდა დაედგათ.
წყარო: she-win