ფენ-შუის ხელოვნება, უამრავ რჩევასთან ერთად, თილისმებსაც გვთავაზობს. სწორედ ფენ-შუის თილისმებადაა მიჩნეული სხვადასხვა სახეობის ჯუჯა ხე, რომლებიც ბიზნესში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას გვპირდებიან.
ისინი შეიძლება იყოს ცოცხალიც და ხელოვნურიც, ოღონდ გახსოვდეთ, მხოლოდ მათი შეძენა და სადღაც თაროზე შემოდება საკმარისი არ არის. მათ გულმოდგინედ უნდა მოუაროთ, კარგად განათებულ ადგილზე დადგათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაედოს მტვერი - ხელოვნური ხე ახალივით უნდა პრიალებდეს, ცოცხალი კი - ჯანსაღად უნდა გამოიყურებოდეს.
ამასთან, ხშირად ელაპარაკეთ მას, მოეფერეთ და მადლობა გადაუხადეთ წარმატებისთვის. ამჯერად სიყვარულისა და ნაყოფიერების ხეებზე შევჩერდებით.
სიყვარულის ხედ მანდარინია მიჩნეული. როგორც აღვნიშნეთ, შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ცოცხალი, ისე ხელოვნური ხე თავისივე ხელოვნური ნაყოფით. ის "პასუხს აგებს" არა მარტო სიყვარულზე, არამედ სექსზე, პარტნიორებს შორის ნორმალურ ურთიერთობასა და ჯანმრთელ შთამომავლობაზე.
სიყვარულის ხედაა მიჩნეული, აგრეთვე ქლიავი. ოჯახური თანაცხოვრებისთვის განსაკუთრებით წარმატების მომტანია აყვავებული ქლიავის ხე. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მისი გამოსახულებაც დაგეხმარებათ.
ვაზი, ისევე, როგორც ყურძენი, ნაყოფიერების, დღეგრძელობისა და ბარაქის თილისმაა. ის უნაყოფო წყვილსაც ეხმარება შვილის ჩასახვაში. ოჯახში კი, სადაც პატარები იზრდებიან, ბავშვების ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს მფარველობს.
ხე ან საძინებლის, ან იმ სამყოფლის სამხრეთ-დასავლეთით უნდა დადგათ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. თილისმის მოქმედების გასაძლიერებლად შეგიძლიათ ხესთან რაიმე წყვილი საგანი დადოთ, მაგალითად, მინიატურული ორი დელფინი ან წყვილი ჩექმა, შეყვარებული მტრედები ან ქალ-ვაჟი.
თილისმამ შეიძლება მოახლოებულ საფრთხეზე მიგანიშნოთ. თუ ხე ცოცხალია, ის ავადდება და ფოთლები სცვივა, ხელოვნურ ხეებს კი, გარეგანი ზემოქმედების გარეშე, შეიძლება ნაყოფი ან მონეტა მოსძვრეს.
ამ ნიშნებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. თუ კარგად დაუკვირდებით იმ საკითხს, რომ თილისმა საფრთხეზე მიგანიშნებთ, დროულად შეძლებთ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ან სულაც არ დაუშვებთ ამ შეცდომას.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)