საინტერესოა, რა გრძნობაა, როცა მსოფლიოში ნომერ პირველი დამნაშავის ცოლი ხარ. ალ კაპონეს, პაბლო ესკობარის და სხვა ლეგენდარული განგსტერების ცოლების ისტორიები...
მეი კაპონე
19 წლის ალ კაპონემ 18 წლის ირლანდიელ მეი ჟოზეფინა კაფლინზე იქორწინა, რომელმაც მანამდე ვაჟი გაუჩინა. კაპონემ საცოლეს სიფილისი გადასდო, რომლითაც სიცოცხლის ბოლომდე თავადაც იტანჯებოდა. ბავშვიც დაავადებული დაიბადა. ჩვილობაში თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც სმენა დაკარგა. ყველაფრის მიუხედავად, მეის უყვარდა მაფიოზი ქმარი და მისი ერთგული იყო 1947 წლამდე, სანამ ინსულტმა და პნევმონიამ არ მოუღო ბოლო და არა მტრის ტყვიამ, როგორც ეს ბევრს ეგონა.
ალისა დაიმონდი
რელიგიური და მოკრძალებული ალისა განგსტერ ჯეკ ლეგსი დაიმონდის საქმიანობას არ ამართლებდა. ქალი პატიობდა ქმარს ღალატსაც. მისთვის ლოცულობდა კიდეც. ჯეკი ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში მთავარი ბუტლეგერი იყო მშრალი კანონის დროს. ის მხოლოდ კონტრაბანდულ სასმელს არ ყიდდა. კონკურენტებს უსწორდებოდა, ხალხს იტაცებდა. ერთხელ 5 ტყვია დაახალეს, მაგრამ გადარჩა. "უკვდავიც" კი შეარქვეს, მაგრამ... 1931 წელს ორმა ადამიანმა დახვრიტა. შემკვეთებში მოიაზრებდნენ მაფიას, პოლიციას და პოლიტიკოსებსაც კი. ორი წლის შემდეგ მისი ქვრივიც დახვრიტეს.
მარია ესკობარი
1976 წელს 27 წლის კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი 15 წლის მარია ვიქტორია ენაო ვალიეჰოზე დაქორწინდა. წყვილი პირველ შვილს ელოდებოდა. მარია ქმრის ყველა საქმეში გარკვეული იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ 2 წელი, შვილებთან ერთად, გამოგონილი სახელით იმალებოდა. შემდეგ რამდენიმე წელი ციხეშიც გაატარა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. მარიამ სახელი შეიცვლა და ახლა "ჩრდილშია". ასევე მოიქცა მისი ქალიშვილიც. 41 წლის ვაჟი ესკობარ ხუან პაბლო კი არქიტექტორია, ბუენოს-აირესში ცხოვრობს, ცოლთან და შვილთან ერთად. მამას სიყვარულით და სენტიმენტებით იხსენებს. ასე მაგალითად:
"ერთხელ მთავრობას ემალებოდა. მთაში ჩვენც წაგვიყვანა და ჩვენ გასათბობად ცეცხლი რომ დაენთო, დაახლოებით, ორ მილიონ დოლარს წაუკიდა ცეცხლი". კოკაინის მეფე ოჯახის სიყვარულმა დაღუპა (მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რომანი ჰქონდა ჟურნალისტ და მოდელ ვირჰინია ვალიეჰოსთან). გარდაცვალებამდე გაქცეული იყო, ოჯახი დიდი ხნის უნახავი ჰყავდა და საკუთარ დაბადების დღეზე შვილთან დალაპარაკება გადაწყვიტა. 5-წუთიანი საუბრის შემდეგ ესკობარის ადგილსამყოფელი დააფიქსირეს და რამდენიმე საათში გაანადგურეს.
დანუბია რანჟელი
ცოლი ბრაზილიელი ნარკობარონის, ანტონიო ბონფიმა ლოპესის ინტერესებს იცავდა, სანამ თავადაც ციხეში არ მოხვდა. დანუბია 2017 წელს დააპატიმრეს. მან მოასწრო და ყველაზე საშიში კრიმინალური ომი დაასრულა რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე დიდ ფაველაში. ახლა ქალს 28-წლიანი პატიმრობა ელის ნარკოვაჭრობისა და ადამიანების გატაცება-გაყიდვისთვის.
ემა კორნელი აისპურო
18 წლის იყო, როცა მექსიკელ ნარკობარონს, ხოაკინ გუსმან ლოერას გაჰყვა ცოლად. ის 50 წლის ელ ჩაპოს (ქონდრისკაცი) მეოთხე ცოლი იყო. წყვილს ტყუპი გოგონა გაუჩნდა. "სინალოას" მექსიკელი ნარკობარონი Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანი იყო. გაქცევაში ყოფნისას ჰოლივუდის პროდიუსერებსა და ვარსკვლავებს უკავშირდებოდა და სთხოვდა, მასზე ფილმი გადაეღოთ. პოლიციამ შონ პენთან შეხვედრის დროს დაიჭირა, თუმცა, 2017 წელს სერიალი "ელ ჩაპო" მაინც გამოვიდა ეკრანებზე.
ემა კორნელმა სიყვარულის ძვირი საზღაური გაიღო. 2016 წელს, შურისძიების მიზნით, მას ორი ძმისშვილი (19 და 13 წლის ბიჭები) მოუკლეს.
წყარო: cosmo