რუბრიკა კინოგიდის სტუმარია ახალგაზრდა ქართველი მწერალი იაგო თვალაბეიშვილი, რომანის - „ტრანსმუტაცია“ ავტორი.
იაგო თვალაბეიშვილი:
- ძალიან კარგი, კარგი კი არა, დიდი ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი ერთ-ერთ პატარა მოთხრობაში მოგვითხრობს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი დის ისტორიას. ერთი და კეთილია, გიჟდება წარმოსახვის უნარსა და ბავშვებზე, ხოლო მეორე და ცოტა ღვარძლიანია და შეიძლება ითქვას, ვერ იტანს მეოცნებე ადამიანებს. შესაბამისად, პირველმა დამ გამოიგონა მხატვრული ლიტერატურა, ხოლო მეორემ - კინემატოგრაფია. პირველი და ზრუნავს წარმოსახვის უნარის გაფართოებაზე, მეორე - პირიქით. ეს მოთხრობა იმ კამათის ერთგვარი გამოძახილია, რომელიც მეოცე საუკუნიდან იღებს დასაბამს და დღემდე არ ცხრება. დაუსრულებელია დავა იმის შესახებ, თუ რომელია უკეთესი: კინო თუ ლიტერატურა? კამათი კარგია, რასაც უნდა შეეხებოდეს იგი, მაინც კარგია, რადგან დალოცვილი ძველი ბერძნებისგან ვიცით, რომ კამათის ნიადაგიდან ჭეშმარიტება აღმოცენდება ხოლმე. წარმოდგენა არ მაქვს, ამ კამათის ნიადაგიდან რა სახის ჭეშმარიტება აღმოცენდება ან აღმოცენდება თუ არა საერთოდ რამე, თუმცა, ასეა თუ ისე, უნდა ითქვას, რომ ეს ორი მედია (ლიტერატურა და კინოხელოვნება) ერთმანეთისგან ისევე განსხვავდება, როგორც ხსენებული დები და ამდენად, ორივეს აქვს არსებობის უფლება.
არ ვაპირებ, ზემოხსენებულ კამათში ჩავეთო. უბრალოდ წარმოგიდგენთ ხუთი ლიტერატურული ტექსტის კინოეკრანიზაციას, რომელიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი წაგიკითხავთ, უნდა ნახოთ კიდეც, აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან კონკრეტულმა კინოადაპტაციებმა კონკრეტულ ლიტერატურულ ტექსტებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და ეპოქალური კონტექსტიდან გამომდინარე განავრცეს.
წარმოგიდგენთ ხუთ მათგანს, ოღონდ არა მნიშვნელობების, არამედ ქრონოლოგიის მიხედვით:
5. პროცესი, 1962 (The Trial)
- ფრანც კაფკას დაუსრულებელი რომანი „პროცესი“ დაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოიცა - 1925 წელს. რომანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნამუშევარია, რომელიც ამხელდა საზოგადოებრივი ნორმებისა და დაწესებული სამართლებრივი კანონების აბსურდულობას. ტექსტში, დოსტოევსკის ნაწარმოების საპირწონედ, პიროვნება დანაშაულის გარეშე ისჯება. 1962 წელს რომანის ეკრანიზაცია წარმოადგინა ორსონ უელსმა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად მოახერხა ლიტერატურული ტექსტის ვიზუალურ-აკუსტიკური ადაპტაცია. ამასთან, ფილმი გაამდიდრა უამრავი სიმბოლური ერთეულით, რომელთა შემჩნევა დაკვირვებულ და გამოცდილ თვალს შეუძლია.
4. ოიდიპოს მეფე, 1967 (Oedipus Rex)
- „მეფე ოიდიპოსი“ ძველი ბერძნული დრამატურგიის გვირგვინია, თუმცა მხოლოდ დრამატურგიის ფარგლებში არ დარჩენილა. იგი განზოგადდა კაცობრიობაზე და კულტურების წარმოქმნის ქვაკუთხედად იქცა. ტრაგედია ჩაკირკიტებს გამოცანას ადამიანის რაობაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ. ამ გამოცანას მიუბრუნდა 1967 წელს იტალიელი რეჟისორი პიერ პაოლო პაზოლინი და საოცრად კოსტიუმირებულად და კომპოზიციურად მწყობრად აჩვენა ანტიკური და თანამედროვე ადამიანის არსობრივი იგივეობა - რაც ვიყავით, ისევ ის დავრჩით. უბრალოდ ერთი სხვაობაა: თანამედროვე ადამიანს უქვეითდება თანაგანცდის უნარი.
3. სიკვდილი ვენეციაში, 1971 (Muerte en Venecia)
- „სიკვდილი ვენეციაში“ თომას მანმა 1912 წელს გამოსცა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ტექსტია მათ შორის, რომელიც ოდესმე დაწერილა ხელოვნებისა და სამყაროს შესახებ, უფრო სწორად, ხელოვანისა და ცხოვრების ურთიერთმიუღებლობაზე. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია გუსტავ აშენბახი, მწერალი. აშენბახს კარგად შენიღბული ღმერთების შიკრიკი და სულთა გამცილებელი ჰერმესი მიაცილებს სასიკვდილო გზაზე - წყლის გავლით ვენეციაში. 1971 წელს ლუკინო ვისკონტმა ლიტერატურულ ტექსტზე დაყრდნობით გადაიღო ამავე სახელწოდების შესანიშნავი ფილმი, სადაც ძირითადი თემა ისევ ხელოვნება და ადამიანია, მაგრამ შეცვლილია გარეგნული ფორმები (მაგალითად, მთავარი პერსონაჟი კომპოზიტორია და ა.შ.).
2. მექანიკური ფორთოხალი, 1971 (a clockwork orange)
- საბჭოთა კავშირის, და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი რეალობით შეშფოთებული ბრიტანელი მწერალი ენტონი ბერჯესი 1962 წელს აქვეყნებს დისტოპიურ რომანს - „მექანიკური ფორთოხალი“. ავტორს აინტერესებს, სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და ძალადობას შორის ან რა შედეგები მოაქვს სისტემურ მექანიზმებსა და ბერკეტებს, რომლის მეშვეობითაც ინდივიდებში ბოროტების დათრგუნვას ცდილობენ. ალბათ ბერჯესის წიგნი ნაკლებად პოპულარული იქნებოდა, რომ არა სტენლი კუბრიკი, რომელმაც 1971 წელს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი გადაიღო.
1. სოლარისი, 1972 (Солярис)
- 1961 წელს პოლონელმა მწერალმა სტანისლავ ლემმა ტექნოლოგიური პროგრესისა და ადამიანის სულიერების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ შექმნა ტექსტი, რომელსაც „სოლარისი“ უწოდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად ითვლება, ახლოს ვერ მივა ტარკოვსკის მიერ 1972 წელს გადაღებულ „სოლარისთან“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იტყვი და არ მოგერიდება: „ფილმი სჯობს“. ტარკოვსკის კინოადაპტაციამ სტანისლავ ლემის ნარატიული ტექსტი შემოქმედებითად მაღალ დონეზე აიყვანა.
0. პარფიუმერი: ერთი მკვლელის ისტორია, 2006 (Perfume: The Story of a Murderer)
- პატრიკ ზიუსკინდმა „სუნამო“ 1985 წელს გამოსცა და მაშინვე მიიპყრო ლიტერატურის კრიტიკოსთა თუ უბრალოდ მკითხველთა ყურადღება. იგი ამ ტექსტით პოსტმოდერნული ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკოსი გახდა, რამდენადაც დაინტერესდა პიროვნული იდენტობის არქიტექტურით. 2006 წელს კი რეჟისორმა ტომ ტიკვერმა ლიტერატურულ ტექსტზე დაყრდნობით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, სადაც უფრო აშკარა გახადა ბიბლიური ალუზიები და მთავარი პერსონაჟი ქრისტეს პროტოტიპად (ან ატიპოდად) წარმოადგინა.