ვალცების მოსამსახურე არც დაზაფრული ჩანდა და არც სხვა უსიამოვნო სიმპტომს უჩიოდა. ის მოთმინებით უცდიდა, როდის დაუსვამდნენ წერტილს გულისგამაწვრილებელ სიჩუმეს გამომძიებლები. წინასწარვე იცოდა, რომ ისინი მის დაბნევას, შეშინებასა და შეცდომებში გამოჭერას შეეცდებოდნენ. ამიტომაც აჩვენებდა თავს მათ ისე, თითქოს ოდნავადაც არ ანერვიულებდა მამაკაცების დაჟინებული მზერა.
ბინა პატარა იყო და საძინებლიდან მცირე ზომის მისაღებს მხოლოდ თხელი ფარდა გამოჰყოფდა. მართალია, ფართობით ოთახი არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმის კვალობაზე, რომ იატაკზე მხოლოდ ხის სამფეხა მაგიდა, ერთი უზურგო სკამი, ტახტი და ჩუქურთმებიანი, ჭიისგან შეჭმული კარადა იდგა, სივიწროვისგან სული არ შეგეხუთებოდათ. მისაღებს ფანჯრები არ ჰქონდა, მხოლოდ ჭერთან ახლოს ოთხკუთხა ჩარჩო იყო ამოჭრილი, რომელიც, ალბათ, საჰაეროს ფუნქციას ასრულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათიოდე წლის ქალს ასეთ არახელსაყრელ პირობებში უწევდა ცხოვრება, იმის განცდა, რომ უბედური და უიღბლო იყო, არ აწუხებდა, მაგრამ მისი ეკონომიკური შესაძლებლობები რომ გაზრდას და განვითარებას საჭიროებდა, ამაში ჰანსისა და ფელიქსის აზრები ერთმანეთს დაემთხვა.
- იტყვით, რის თქმაც გსურთ თუ კიდევ დიდხანს უნდა გიყუროთ ასე? - უკმეხად იკითხა გულმოსულმა მასპინძელმა და მამაკაცებს შეუბღვირა.
- გვაპატიეთ, დროს რომ გაკარგვინებთ, ფრაუ პაოლა, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენს ნებისყოფას ვაფასებთ! - დაშაქრული ხმით გაეპასუხა ჰანსი. - ალბათ, იმის თქმა არ გჭირდებათ, რის გამოც აქ გეახელით, არა?
- ვიცი და ნუღარ გამიმეორებთ. იმაზეც მაქვს ინფორმაცია, რა ჭორებიც დადის ირგვლივ. ცდილობენ დამიმალონ, ეს ჩემ ზურგსუკან გააკეთონ, მაგრამ მოგეხსენებათ, სიმართლე არ იმალება.
- დიახ, სიმართლე არ იმალება, ფრაუ პაოლა... იმედი მაქვს, არც თქვენ შეეცდებით მის ჩვენთვის დამალვას. - პირში მიახალა ფელიქსმა მას და ავისმომასწავებელი ღიმილი არგუნა ქალს.
- მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ფრაუ პაოლა ერთ-ერთია, ვისაც დამნაშავის დასჯა და მშვიდობის დამყარება სურს. - გამოასწორა გამომძიებლის არასწორი სვლა ჰანსმა. - ჩვენ თქვენგან პასუხები გვჭირდება. ადასტურებთ იმას, რომ თქვენსა და გარდაცვლილ ქალბატონს შორის კონფლიქტი მის სიკვდილამდე რამდენიმე დღის წინ წარმოიშვა?
პაოლა შეყოყმანდა. აკურატულად დავარცხნილ თმაზე ხელი ანერვიულებულმა ჩამოისვა. სიყვითლეშეპარული კბილები ქვედა ტუჩისკენ გამოექცა და მათი ბასრი ბოლოები მსუქან ბაგეს მტკივნეულად ჩაესო.
- წმინდანი არ ვარ... - ამოთქვა ტანჯვით მან. - მეც მინდოდა ხვალინდელ დღეზე ფიქრის გარეშე, სიმდიდრესა და ფუფუნებაში მეცხოვრა ისე, როგორც ამას ფრიდა აკეთებდა... ის ლამაზი ქალი იყო, ფრჩხილებზე ლაქი არასოდეს ჰქონდა აქერცლილი ან გადაცლილი, მისი თმა სულ ბზინავდა და ანათებდა... სურნელი იისა თუ ყოჩივარდის ჰქონდა. ვხვდებოდი, რომ მასსა და მის ქმარს შორის ყველაფერი რიგზე არ იყო. შეწუხებული გამომეტყველებით დადიოდა. რამდენჯერმე შევნიშნე, ფიქრებში გართულს ლოყაზე ცრემლი როგორ ჩამოუგორდა. იქამდე არ ამომიღია ხმა, ვიდრე ისეთი რამ არ ვნახე, გონება რომ საბოლოოდ ამირია. პროდუქტების საყიდლად ვიყავი წასული. უკვე სახლში ვბრუნდებოდი, შორიდან რომ დავინახე, როგორ გამოვიდა ბინიდან მამაკაცი, რომელსაც თავზე ქუდი ეხურა. ის ჩემგან ზურგით იდგა და სახეს ვერ ვხედავდი. თანაც ახლომხედველი ვარ, წინ კი ვერ წავიწევდი, რადგან მეშინოდა, ფრიდას არ დავენახე. კარში იდგა და მამაკაცს რაღაცას ეუბნებოდა.
ისინი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და კაცი ფრთხილი, ჩუმი ნაბიჯებით წავიდა. ვიცოდი, ერვინი შვილთან ერთად თავის მეგობართან იყო სტუმრად. მყისვე ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ფრიდას საყვარელი ჰყავდა. მისი ერთგულება ოჯახისადმი იაფფასიანი სიცრუე აღმოჩნდა. როდესაც ფრიდას ის მამაკაცი ვუხსენე, წატორტმანდა. დავამშვიდე, რომ ამას საიდუმლოდ შევინახავდი, თუკი იმდენ ფულს მომცემდა, რომ ჭაობიდან ამომეღწია. იმ წუთას არ დამთანხმებია, მეორე დღეს კი იმავე თემაზე რომ დავუწყე ლაპარაკი, მიკივლა. ეს ძალიან უცნაური იყო მისგან. ერვინმაც გაიგონა და ჩხუბის მიზეზით დაინტერესდა. ფრიდამ, რა თქმა უნდა, სიმართლე დამალა, შემდეგ კი მითხრა, რომ დუმილისათვის დამასაჩუქრებდა. მე ამ პირობის შესრულებას ველოდი, ეს ამბავი როდესაც დატრიალდა. მე რომ მკვლელი ვიყო, ამას არ გეტყოდით, ბატონებო. ჩემი ნაამბობიდან ერთი სიტყვაც არ არის ტყუილი... მე იმ ადამიანებს შორის ვარ, ვის წისქვილზეც ფრიდას სიცოცხლე ასხამდა წყალს...
გამომძიებლები გაოცებისგან გამშრალიყვნენ. ისინი არ ელოდნენ, რომ პაოლა ასე იოლად გატყდებოდა და მით უმეტეს, თუ ასეთ რამეს მოუყვებოდა მათ. ის, რასაც ვალცების მოსამსახურე ამბობდა, ამტკიცებდა, რომ ხალხის ჭორები ცილისწამება არ იყო. ამავდროულად, უფრო ძლიერ გამოკვეთდა ერვინ ვალცს ეჭვმიტანილთა სიაში.
- ნუთუ ის კაცი, ახლა რომ მოკლული იპოვეს...
- მეც სწორედ ასე ვიფიქრე! - წამოიძახა ქალმა. - თუ ერვინ ვალცმა ფრიდას ღალატის შესახებ გაიგო და ის მოკლა, იმის შესაძლებლობაც ექნებოდა, რომ ცოლის საყვარელი ეპოვნა.
ფელიქს ონდრამ პაოლას კოპებშეკრულმა გადახედა. მას არ მოსწონდა ბევრი ლაყბობა ისეთ საკითხებზე, რომელთა აზრზეც მოსაუბრე სრულებით არ იყო, თუმცა ამის გამო გაბრაზებული დიდხანს ვერ იქნებოდა.
შემდეგი გაჩერება ვალცების ორანჟერეაში უნდა ყოფილიყო...
გაგრძელება იქნება ოთხშაბათს