ნესტიან სარდაფში თაგვები დაფხაკუნობდნენ. იატაკზე იმდენი მტვერი დაგროვებულიყო, რომ ალაგ-ალაგ ადამიანის მერ დატოვებული ნაკვალევი აჩნდა. ჭერს წებოვანი ლენტით მიმაგრებული სადენები მიუყვებოდა, ცენტრში კი სუსტად მბჟუტავი ნათურა ეკიდა. შუქი ოთახის კუთხეებამდე ვერ აღწევდა და კედლები მხოლოდ ბუნდოვნად მოჩანდა. ნათურას წვრილი მწერები დახვეოდნენ.
ზოგიერთი ზედ დაცოცავდა მასზე. ზუსტად მის ქვეშ დრომოჭმული მაგიდა იდგა, მისზედაპირზე კი ბანქოს ქაღალდები იყო მიმოფანტული. მაგიდას ორი მამაკაცი უჯდა. ერთს სახე გრძელ, გაბანჯგვლულ წვერში ჩამალვოდა და მხოლოდ სასმლისგან ამღვრეული მუქი თვალები მოუჩანდა, მეორე კი ნეტარებისგან გაპობილი ტუჩებიდან ნიკოტინის სურნელს უშვებდა ნაცრისფერ კვამლთან ერთად.
- უკანასკნელი შანსი გაქვს! ხომ იცი, ეს მე არ მითხოვია... თავად მოისურვე! - გააფრთხილა იმან, წვეროსნის მოწინააღმდეგე რომ იყო. ხმაში თავდაჯერება ეტყობოდა. ეს უფრო აშინებდა და ამასთან ერთად, აქეზებდა მის მოქიშპეს.
- ითამაშე, თუ რამის თავი გაქვს! - იხტიბარი არ გაიტეხა წვეროსანმა. - კარგი. იმედია, მზად ხარ... - საბოლოოდ გაიმეტა წინ მჯდომი მან და ქაღალდები, რომლებიც ხელში
ეჭირა, მამაკაცს წინ გადმოულაგა. - კიდევ ხომ არ გავაგრძელოთ?
წვეროსანი პირდაღებული უყურებდა მას და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, რად იყო ფორტუნა მუდამ მისი მოწინააღმდეგის მხარეს და რატომ არ უმართლებდა თავად მას არასდროს.
- ენა ხომ არ გადაყლაპე? - სახე ახლოს მიუტანა მამაკაცმა მას. - მე აღარ მცალია. მალე მამაჩემისგან მემკვიდრეობას მივიღებ და დამალვა აღარ დაგვჭირდება. ამ დამპალი ადგილის დანახვაც კი აღარ მინდა.
წვეროსანმა ინსტინქტურად დაუქნია თავი და ფეხზე წამომდგარმა გააცილა ამბიციური მოთამაშე. დიდი ხანი არ იყო გასული, როცა სარდაფის კარის სახელური ამოძრავდა. წვეროსანი გამოცოცხლდა. სარდაფის შესახებ მხოლოდ მან და იმ კაცმა იცოდნენ, ახლახან რომ გამარჯვება მოეპოვებინა.
- ნუ შეგეშინდებათ... - დაამშვიდა ის გაღებულ კარში მდგომმა. - მე ვიცი, ვინც ხართ. მასაც ვიცნობ, ცოტა ხნის წინ რომ დაგტოვათ. თეოდორი ჰქვია, არა? არც ამ სარდაფში ვარ პირველად, მაგრამ ცუდი განზრახვა არ გამაჩნია.
- კარი დაკეტეთ! სწრაფად! - შეუძახა მას წვეროსანმა, რომლის უპირველესი სადარდებელიც ის იყო, რომ კიდევ ვინმეს არ შეეტყო, სარდაფით დროგამოშვებით რომ სარგებლობდნენ.
უცნობი ბრძანებას დაემორჩილა, შემდეგ კი მაგიდისაკენ გადმოდგა ნაბიჯი. წვეროსანი აღარ აღელვებულა.
- ასე ნუ მიყურებ. როგორ არასოდეს გაგჩენია კითხვა, თუ რად სწყალობს მას ბედი ასე? -კარგი ახლობელივით ჰკითხა მამაკაცმა. ის მტრულად განწყობილს არ ჰგავდა, არც უგონო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. - როდემდე აპირებდი მის კლანჭებში დარჩენას? ვიდრე ბოლომდე არ გამოგღლეტდა?
- რას ამბობთ?
- იმას, რის სუნსაც ყოველთვის გრძნობდი, მაგრამ ცხვირზე ხელს იფარებდი, რომ ეჭვები გაგექრო. ჩემი სახელი ჰანსია. აქ იმისთვის მოვედი, რომ თვალი აგიხილო.
ჰანსმა მაგიდის ქვეშ ხელი შეყო და ცოტაოდენი თითების ფათურის შემდეგ იქიდან ბანქოს რამდენიმე ქაღალდი გამოაძვინა.
- რომელიც დასჭირდებოდა, იმას იყენებდა... ვიღაცამ მითხრა, რომ მას ძალიან მარჯვე ხელი ჰქონდა. ის ახერხებდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ შენ ვერაფერი შეგემჩნია. ბევრს არც წვალობდა. იცოდა, თაღლითობაში რომც გამოგეჭირა, ზიანს ვერ მიაყენებდი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც უზარმაზარი მემკვიდრეობის მფლობელი გახდებოდა. მაპატიე, მაგრამ მისთვის კარგი საკბილო იყავი.
ცოდნა და გამოცდილება გაკლია, მან კი ამით ისარგებლა და გაგაცურა. - ბურანი გაუფანტა თავისი სიტყვებით წვეროსანს ჰანსმა და არაფრის თქმა არ დააცადა მას, ისე გააგრძელა. -მგონი, დროა, მასზე შური იძიო! მან რაღაცის დამალვა გთხოვა, არა? მითხარი, ნუ მოგერიდება... მას არ დაუნდიხარ, გახსოვდეს!
წვეროსანი მოიკუნტა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ეს კაცი ამბობდა, რომ სარდაფში პირველად არ იყო. ეს ქაღალდები შეიძლებოდა მისი დამალული ყოფილიყო, მაგრამ, აბა, რატომ იყო თეოდორი თამაშის დაწყებამდე იმაში ღრმად დარწმუნებული, რომ დასასრულს მოგებული ის იქნებოდა? რად მოდიოდა სარდაფში ყოველთვის პირველი? მამაკაცმა ბუნდოვნად ისიც გაიხსენა გონებაში, ერთხელ თეოდორის მხარეს დაჯდომა რომ მოინდომა და უარი მიიღო. რა იყო მის ადგილში განსაკუთრებული?
ამას მაშინ ვერ იგებდა, მაგრამ ახლა ნათელი იყო, რის ხარჯზეც ისქელებდა ჯიბეებს გაიძვერა.
- თეოდორს მამა უკრძალავდა თამაშს. - გამოტყდა ის. - ამიტომაც აქ მოვდიოდით მარტონი. სარდაფი მიტოვებული იყო, ბინძური და ნესტიანი, მაგრამ ჩვენ ეს ხელს არ გვიშლიდა. თეოდორი მეუბნებოდა, რომ მხოლოდ მე მენდობოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რატომაც ამომირჩია. სულელი ვიყავი და მისი მჯეროდა. წინასწარ შევთანხმდით, რომ ერთმანეთის გარეშე აქ არ მოვიდოდით, რათა ხალხს კითხვები არ გასჩენოდა. იმ დღესაც აქ ვიყავით, მისი დის სიკვდილის დღეს. თეოდორმა მითხრა, რომ მემკვიდრეობას ხელში ჩაიგდებდა, თუკი ვერავინ გაიგებდა, რომ კვლავ აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. მისი მოთხოვნა იყო, რომ ვისაც არ უნდა ეკითხა, არავისთვის უნდა მეთქვა, რომ იმ დილას, იმ მომენტში, ფრიდა ვალცი რომ მოკლეს, ჩემ გვერდით იყო.
- ერთი წუთითაც არ მოგცილებიათ? სარდაფში როდის მიხვედით?
- ერთი მიზეზის გამო ზუსტად მახსოვს, რომ დილის ათი საათი იყო. სარდაფში რომ შემოვდიოდით, საათი თეოდორმა მკითხა. ჩემს მაჯის საათს დავხედე და... ათი საათი იყო... არ ვცდები! სარდაფში ყველაზე ცოტა, ერთი საათი დავყავით... ჩემი თვალები მას ხედავდნენ, როცა შეიტყო, რომ მისი და გარდაიცვალა...
ჰანსს თვალწინ გაურბინა ყოველმა დღემ, როცა მკვლელის ძიებით იყო დაკავებული. თურმე რამდენჯერ მოტყუებულა... ალბათ, რამდენჯერ დაუცინიათ მისთვის ზურგსუკან. აი, თითქმის ფინალისთვის მიეღწია და თავს ყველაზე გულუბრყვილო ადამიანად გრძნობდა... თითქოს ამ პლანეტას ჯერ ახლა მოვლენოდა და ანბანსაც კი ვერ ფლობდა. იხსენებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ოდესღაც დაეკითხა და წუხდა, რომ მათ მსახიობურ ნიჭს გაებითურებინა. კანი უხურდა. მთელი შიგნეულობა უდუღდა. გადმოხეთქვის პირას იყო მისი ყველა არაფრისმქონე მოსაზრება, იდეა თუ ვარაუდი. მათი თავიდან მოშორება, გაჭყლეტა უნდოდა, თითქოს არასოდეს ეარსებათ ჰანსის გონებაში.
გამარჯვება უნდა ეზეიმა და დამარცხებას განიცდიდა. ჰანს აჟბე დიდი გადატრიალებისთვის ემზადებოდა.