ჯეიმს მარიონ სიმსი მსოფლიო მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასტიკი ექიმია. მან სამედიცინო აღმოჩენებისთვის ყველაზე დაუცველი, შავკანიანი ქალები გაიმეტა. ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სისხლით მოსვრილი თეთრხალათიანი შავკანიანი ქალები მივიდნენ და მოითხოვდნენ, "პირველი გინეკოლოგის" ძეგლი გაენადგურებინათ. საინტერესოა, ასეთი რა ცოდვები მიუძღვის ექიმს?..
"გინეკოლოგიის მომავალი მამა" სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობდა. სკოლაში სიარული არ უყვარდა და არც კოლეჯში ჩაბარება სურდა. მამამისს, ადგილობრივ შერიფს, შვილისთვის ბედნიერი მომავალი და წარმატებული კარიერა უნდოდა. მას პოლიტიკოსის ან იურისტის როლში ხედავდა. გადარეული იყო, როცა შვილმა ექიმობა გადაწყვიტა. ვერ წარმოედგინა, მისი შვილი ნემსით ხელში როგორ იბრძოდა ბინძური ქალების გადასარჩენად. თავად სიმსი, სამედიცინო კოლეჯის პარალელურად, ექიმის თანაშემწედ მუშაობდა. სასწავლებლის დაბრუნების შემდეგ კი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. პირველი ორი პაციენტი - ჩვილები - მოუკვდა, რადგან მისივე თქმით, არ იცოდა, როგორ უნდა ემკურნალა ფაღარათისთვის. გულგატეხილი მაუნტ-მეინში გაემგზავრა და გამოცდილ ექიმს დაუდგა შეგირდად. იქვე იქორწინა, დაოსტატდა და მონტგომერიში თავისი საქმიანობა დაიწყო. პარიკმახერის სავარძელზე ქამრებით დაბმულ შავკანიან მონას სახეზე სიმსივნე ხერხით ჩამოათალა. საკვერცხეების მოცილებას ნევროზისგან განკურნებად მიიჩნევდა, მაგრამ მთავარი "აღმოჩენები" წინ ელოდა, როცა გინეკოლოგიით დაინტერესდა. მონათმფლობელები მზად იყვნენ მისთვის "ექსპერიმენტების მასალა" უხვად გაეგზავნათ, ოღონდ კი შობადობა და შესაბამისად - უფასო მუშახელი გამრავლებულიყო. მარიონი პირველი ექიმი იყო, ვინც შავკანიანები თავისი სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის გამოიყენა. მაგალითისთვის, 1801 წელს ტომას ჯეფერსონმა ჩუტყვავილის ვაქცინა ორი ათას მონაზე გამოსცადა.
მარიონის ასისტენტები მედიცინის განვითარებისთვის გულანთებული სტუდენტი მედიკოსები იყვნენ. ქალებს ანესთეზიის გარეშე ჭრიდნენ და ადებდნენ ნაკერებს, ჭრიდნენ და ადებდნენ ნაკერებს... და ასე განუწყვეტლივ, პაციენტის გარდაცვალებამდე. ანარჰამ 13 ოპერაციას გაუძლო. სიმსი დარწმუნებული იყო, რომ შავკანიანი ქალები ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ანესთეზია უკვე არსებობდა, ექიმი მას არ გამოიყენებდა. თუმცა არც თეთრკანიან ქალებზე.
ექსპერიმენტები არ ამართლებდა და ერთ დროს მისმა ერთგულმა ასისტენტებმაც კი ზურგი აქციეს ექიმს. 1849 წელს მედიკოსმა წარმატებას მიაღწია. ვერცხლის ძაფებით ჯერ ანარჰა გაკერა წარმატებით, შემდეგ სხვა ქალებიც.
მარიონ სიმსის ირგვლივ დღესაც კი ორმაგი დამოკიდებულება არსებობს. ზოგი გენიოს გინეკოლოგად მიიჩნევს, ზოგისთვის - ყასაბია. ცნობილია, რომ თავად სიმსი შავკანიანებს "ზარმაც და ბინძურ" არსებებად მიიჩნევდა. ყველას არწმუნებდა, რომ ამის გამო არიან ინტელექტუალურად შეზღუდულები და ამიტომ უჩნდებათ ავადმყოფი შვილები. ის აღმერთებდა თეთრკანიანთა რასას და ამტკიცებდა, რომ შავკანიანები არ გრძნობენ ტკივილს ისე, როგორც თეთრები. რთულია დღეს შეაფასო ადამიანი, ვინც უამრავი აღმოჩენა გააკეთა გინეკოლოგიაში, მაგრამ სამეცნიერო ნაშრომების პარალელურად, თავისი ექსპერიმენტებისთვის სისხლის მდინარეებიც რომ დატოვა, ეგეც ფაქტია.
წყარო: cosmopolitan