ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ალკოჰოლი საზიანოა და ალკოჰოლიკები არიან ისინი, ვისაც ჩაშავებული, სმისგან ამოღამებული თვალები, არეული საუბარი და საშინელი შესახედაობა აქვთ, თუმცა რთულია დაადგინო ადამიანმა, როდის მიიღო ალკოჰოლი ბოლოს და რამდენად ცდილობს, ამ სენისგან განიკურნოს.
ჩვენმა გმირმა თავისი ისტორიის მოყოლა ანონიმურად გადაწყვიტა და მძიმედ, თუმცა მაინც მოგვიყვა საზარელი ისტორია საკუთარ დანაკარგზე, ქმარზე, რომელიც ალკოჰოლმა წაართვა.
"თქვენი მდგომარეობა გასაგებია" - მითხრა ფსიქოლოგმა, როდესაც მასთან თერაპიის დასაწყებად მივედი. მისი გარდაცვალებიდან ორი თვე გავიდა. ამ დროში, უკეთესობის ნაცვლად, ჩემი სიტუაცია უარესობისკენ მიდიოდა, მთელი სამყარო ჩამოშლილი და განდგურებული იყო.
"იცით, თქვენ ყველაფერი დაკარგეთ, რაც გაგაჩნდათ" - მითხრა ფსიქოლოგმა. გაოგნებულმა შევხედე. მისგან ნუგეშს ველოდი, მან კი სიმართლე პირში მომახალა. ახლა ვხვდები, რომ ეს მისგან ტაქტიკური სვლა იყო, რომ ჩემი ემოციები ბოლომდე გამომეხატა.
ღრმად ჩავისუნთქე და უცბად ჩემს თავს ვუთხარი, კი, მე ბევრი რამ დავკარგე, ძალიან ძვირფასი ადამიანი, მაგრამ ამით ცხოვრება არ უნდა დავამთავრო; სამყაროსთან ბრძოლას ვიწყებ, რომელიც ჩემი გამარჯვებით დასრულდება-მეთქი.
იმ დღეს ჩემი ცხოვრება შევცვალე. ჩემი მეუღლე დიდხანს სვამდა, ზრდასრულობის წლები სმაში გაატარა. თავიდან ყველაფერი გართობით დაიწყო, გასართობად სვამდა, თუმცა შემდეგ ნასვამზე აგრესიული და წუწუნა გახდა. სასმლის გამო დაკარგა სამსახური, მოიმატა წონაში და ამან კიდევ უფრო შეცვალა მისი ხასიათი.
ნებისმიერი მისი მცდელობა, თავი დაეღწია სასმლისგან, ფუჭად დაკარგული დრო იყო. მეგობრები, ახლობლები, მშობლები - ყველა მოუწოდებდა, თავი დაენებებინა სმისთვის, თუმცა ვერავინ და მათ შორის, ვერც მე, შევძელით დავხმარებოდით. როდესაც ვეკითხებოდი, რა აწუხებდა, რატომ მეჩხუბებოდა, მიზეზს ვერ მეუბნებოდა.
მე, როგორც მისთვის ყველაზე ახლო ადამიანმა, ვნახე, როგორ გადაიქცა მოწყენილ, ლოთ კაცად. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის ყოველი წამი უხაროდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ არავის, არც მე, არ გვანახებდა თავის სუსტ მხარეს, კომპლექსებს საგულდაგულოდ მალავდა. ჩემი მეუღლე ძალიან სწრაფად შეიცვალა. ალბათ, დაავადება და მათ შორის, ალკოჰოლის სიყვარული, ერთიანად მალევე ცვლის ადამიანს. ჩემმა ქმარმაც უეცრად ყველაფრის ინტერესი დაკარგა და ნელ-ნელა მეგობრებსა და ახლობლებზეც უარს ამბობდა.
სამსახურიდან წამოსვლის დღეს, როდესაც ვკითხე, რატომ წამოხვედი-მეთქი, მიპასუხა, მოსაწყენ ოფისში ჯდომა მომბეზრდა, სისულელეებს ვაკეთებდი, უფრო შემოქმედებითი რამ უნდა ვიპოვოო, თუმცა მას შემდეგ სამსახური აღარც უპოვნია. დილაობით სმა ისწავლა და ალკოჰოლი არა მხოლოდ საღამოს, არამედ დილის მეგზურიც გახდა.
მასში პირქუში, წუწუნა კაცი ჩასახლდა. ფილმების საყურებლად აღარ მომყვებოდა, მეგობრების სანახავად არ გადიოდა, ყველაფერზე ჩხუბობდა, თუმცა საჩხუბარ მიზეზს არასდროს ვაძლევდი.
იმედი მქონდა, რომ მისი ხასიათი დროებითი იყო, სამოგზაურო ბილეთები ვიყიდე და ახალი ადგილების სანახავად წავედით. მოგზაურობის კვირეულში ყოველი საღამო ბარებში ალკოჰოლის დალევით სრულდებოდა, მოგზაურობა კოშმარად იქცა. ახალი ქალაქი ახალი სასმლის დაგემოვნებას გულისხმობდა. როდესაც სადმე გასეირნებას ვთხოვდი, უარზე იყო და მოკლედ მპასუხობდა.
"შენ წადი, მე ოთახში დავრჩები და წამოვწვები" - ამბობდა ჩემი ქმარი.
სულ მქონდა იმედი, რომ სმას თავს დაანებებდა, ერთ დღეს მობეზრდებოდა ეს ყველაფერი და ჩემი საყვარელი კაცი ძველ სახეს დაუბრუნდებოდა, ისევ ისეთი საყვარელი, მხიარული, ინტელექტუალი და ენერგიული იქნებოდა, როგორც ადრე.
სიტუაცია რომ ვერ გამოვასწორე, დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ რეაბილიტაციის კურსი გაეარა და ალკოჰოლის სიყვარული დაემარცხებინა. შევთავაზე, ფსიქოლოგთან მივსულიყავით და თავის გრძნობებზე ფსიქოლოგს გასაუბრებოდა. უარზე იყო, დამამშვიდებელი აბები იყიდა და ერთი კვირა სმას თავი დაანება. მეუბნებოდა, მორჩა, აღარ დავლევო, თუმცა ერთ კვირაში კვლავ დაიწყო. სახლში მისულს კუთხეში ცარიელი ბოთლების გროვა დამხვდა.
მადლობა ღმერთს, კარგი ხელფასი მქონდა, ოჯახს უპრობლემოდ ვარჩენდი, თუმცა ამდენი მუშაობა მეც ძალიან მღლიდა.
ერთხელ ჩემს ქმარს მოულოდნელად ეპილეფსიის შეტევა დაეწყო. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანე და ექიმმა ეპილეფსიის მიზეზად ალკოჰოლი დაასახელა. მთავამა ექიმმა, სათნო ქალბატონმა, თავის ოთახში შემიყვანა და მითხრა:
"საყვარელო გოგო, შენს ქმარს არაფერი ეშველება. ჯობს, დროზე გაეცალო სიტუაციას, დატოვო ის და წახვიდე. ის აღარასდროს იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო. მერწმუნე, მე აქ ვმუშაობ და ვხედავ მისნაირებს, ის სმას თავს არ დაანებებს", - მითხრა ექიმმა.
ექიმს არ დავუჯერე, ქმარი საავადმყოფოში არ დავტოვე და იმ დღის შემდეგ ჩემი ქმარი გამოსწორებას ცდილობდა, ალკოჰოლს არ ეკარებოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ იგივე დაიწყო. შემდეგ ჯგუფში გაწევრიანდა, სადაც ალკოჰოლიკები გამოსწორებას ცდილობდნენ. ისევ შეეშვა სმას, მაგრამ მოკლე კურსის შემდეგ თავი ვერ შეიკავა და ისევ დალევა დაიწყო.
მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ დამეტოვებინა და ახალი ცხოვრება დამეწყო, ალკოჰოლიკი ქმარი წლების შემდეგ უარესი ასატანი იქნებოდა. ზოგი მეგობარი თანამიგრძნობდა, ცდილობდა, გვერდში დამდგომოდა; ზოგი კი კატეგორიულად მეუბნებოდა, გაშორებაზე დავლაპარაკებოდი.
ერთ დღეს დავიღალე, მომბეზრდა მასთან ალკოჰოლზე კამათი და მეც წამოვედი. ვისაუბრეთ და მას პირობა წამოვუყენე, ან მკურნალობას დაიწყებდა, რომლის საფასურის გადახდაზეც თანახმა ვიყავი ან მე წავიდოდი. უარი მითხრა მკურნალობაზე და წამოვედი.
ბინა დავცალეთ. ჩემი ქმარი მშობლებთან გადავიდა. რამდენიმე კვირაში ნასვამზე დარეკვა დაიწყო, მთხოვდა, დავბრუნებოდი. მე იმავე აზრზე ვიყავი, თუ სამკურნალოდ წავიდოდა, მაშინ ერთად ცხოვრებას შევძლებდით. ჩემთან ცხოვრება სურდა, მაგრამ მკურნალობაზე უარს ამბობდა.
ამასობაში მე ცხოვრება განვაგრძე, მეგობრებს ვნახულობდი, წვეულებებზე დავდიოდი, ჩემს შვილებს ვნახულობდი, რომლებიც წინა ქორწინებიდან მყავდა. ერთხელ პარტნიორიც გავიჩინე, თუმცა ხანმოკლე რომანი მომბეზრდა და ურთიერთობა დავასრულე.
სიმართლე გითხრათ, მალევე მივხვდი, რომ ჩემი ქმარი კვდებოდა, ცხოვრება მას ასე უმოწყალოდ ექცეოდა. დავურკე და ვთხოვე, ჩემთან მოსულიყო. უარი მითხრა, ძალა არ ჰქონდა გამოსასვლელად. იმ საღამოს ვილაპარაკეთ. მითხრა, რომ მოწყენილი იყო, მოვლა-პატრონობა და სითბო აკლდა. კიდევ შევთავაზე, მკურნალობა დაეწყო, მაგრამ ისევ უარზე იყო. მასთან მივედი, ბევრი ვისაუბრეთ და სახლში იმედგაცრუებული დავბრუნდი.
არ მიფიქრია, რომ ეს ჩემი და მისი ბოლო საუბარი იყო. გვიან ეს-ემ-ესი მივიღე, სადაც ჩემი სიყვარული, ჩემი ქმარი დამემშვიდობა.
"ჩემი ცხოვრება გაქრა. ორი სიგარეტის კოლოფი დამრჩა. ისინიც ამოიწურება და თავს ჩამოვიხრჩობ. ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს დავურეკე. ისინი რაღაც უაზრობას მელაპარაკებიან." - ეწერა მესიჯში.
შეტყობინება მოსვლიდან ერთ საათში ვნახე. შემი ქალიშვილი მოვიდა და მესიჯის ხმა არ გამიგია. ვნახე თუ არა, მასთან დავრეკე. ტელეფონი არ აიღო. მის მეგობრებს დავურეკე. სასწრაფოდ მასთან გაიქცა, მეც სასწრაფოდ ჩავიცვი და გავვარდი. გზაში მისმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა: "ის აღარ არის".
საყვარელი ადამიანი ადრეც დამიკარგავს, თუმცა ამ ტკივილის გადმოცემა ახლა უფრო მიჭირს. ბევრი მოვიდა ჩემთან გასამხნევებლად. ზოგს თავისთან მივყავდი, თავი მარტო რომ არ მეგრძნო. დაახლოებით ერთ კვირაში ყველაფერზე უარი ვთქვი. ჩემი გრძელი თმა შევიჭერი, სპორტულ ტანსაცმელზე გადავედი და სიბნელეში საათობით უაზროდ ვიჯექი.
ერთხელ ეკლესიაში მივედი, იქ ვეძებდი ჩემს ნუგეშს. იქ მითხრეს, რომ ჩემი სიყვარული ახლა ცაშია, ღმერთი მოწყალეა და მის ხელშია. დაკრძალვის მეორე დღეს სამსახურში მომიწია მისვლა. ჩემი სამუშაო სხვებს გადაენაწილებინათ და დროებით თავისუფალი ვიყავი.
არაფრის ხალისი არ მქონდა. რამდენიმე თვეში ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა, მე კი ცრემლები ისტერიკულად მომდიოდა და გულს ვერაფერს ვუდებდი. შემდეგ ფსიქოლოგთან მივედი და ჩემი ყველა გრძნობა ოთახში დავტოვე. ექიმმა სერიოზული არაფერი დამინიშნა, მომისმინა, დამამშვიდა, ყველა დამალული განცდა და ფიქრი ზედაპირზე ამომიტივტივა. ისიც ვაღიარე, რომ მის სიკვდილში თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, იქნებ, რომ არ დამეტოვებინა, თავი არც მოეკლა, თუმცა საბოლოოდ ერთ რამეს მივხვდი.
როდესაც ადამიანს ცხოვრება არ უნდა, რთულია, სუნთქვა დააძალო. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ვერავისთვის. თუ ცხოვრება არ უნდა, შენ ვერ დააძალებ, იცხოვროს. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ადამიანებმა სიყვარული არასდროს უნდა დავიზაროთ. სიყვარული, მზრუნველობა და სითბოა ის, რაც ყველას გადაარჩენს და ბევრ სიცოცხლეს დაღუპვისგან იხსნის.
წყარო: www.cosmo.ru