მიუხედავად ამდენწლიანი განშორებისა, კატიას მაინც უყვარდა იგი. ამ აზრმა საკუთარი თავი შეაზიზღა. როგორ უღალატა ასეთ ქალს, რატომ არ გააგრძელა მისი ძებნა, ასე უცებ რატომ დაყარა ფარ-ხმალი? რატომ მოუსმინა სხვებს, როცა ურჩევდნენ, ქორწინების ანულირება მოეხდინა? პოლიტიკურ კარიერას პირადი ბედნიერება შესწირა… ღირდა კი? იქნებ აღარ უყვარდა და ამან უფრო გადაადგმევინა ეს ნაბიჯი? მაშინ რატომ გაცოფდა, როცა რესტორანში იგი რობისთან ერთად დაინახა? რატომ იეჭვიანა? ან კი რატომ უნდა იეჭვიანოს მასზე, როცა პირველმა თვითონ გაცვალა სხვა ქალში? ნუთუ ისეთი მესაკუთრეა, რომ იმის დაკარგვისაც ეშინია, რაც მას მხოლოდ წლების წინ ეკუთვნოდა და ახლა ხელი არ მიუწვდება? ამის გაფიქრებაზე კბილი კბილს დააჭირა და ამოიგმინა. სწორედ ეს სიტუციაა, მოსვენებას რომ უკარგავს. ობიექტურად უნდოდა კატიზე ემსჯელა, მაგრამ არ გამოუვიდა. გოგონა წარსულიდან და დღევანდელი კატი ერთ არსებად შეერწყა მის ცნობიერებაში ერთმანეთს.
როცა ვერა და ვერ დამშვიდდა, შუქი აანთო. ჯობია რამე წაიკითხოს, ვიდრე სიბნელეში იწვეს და თვითგვემას მიეცეს. მაინც არ დაეძინება ასეთი ამაღელვებელი საღამოს შემდეგ. წინ დაძაბული პოლიტიკური ბრძოლა მოელის და მთელი თავისი ძალები ამ მიმართულებით უნდა დახარჯოს. მერეც ექნება დრო, პირად ცხოვრებაზე იფიქროს, როცა გამარჯვებას მიაღწევს.
გამარჯვება… რა ცარიელი, არაფრის მომცემი სიტყვაა. რისთვის სჭირდება ეს გამარჯვება? განა ისედაც დაფასებული პიროვნება არ არის? რა უნდა ოლიმპზე, ვინ ელოდება იქ? -უსიამოვნო ფიქრების გასაფანტავად თავი გააქნია და კამოდზე დადებულ წიგნს დასწვდა…
მომდევნო დღეებში, მთელი ერთი კვირა ანდრია და კატია ერთმანეთთან შეხვედრას თავს არიდებდნენ. ქალი სადილადაც და ვახშმადაც ბავშვებთან რჩებოდა და მათთან ერთად ჭამდა. სასტუმრო ოთახში ერთხელაც არ გამოჩენილა. არც რობი უხსენებია მასთან არავის. თუმცა, ერთხელაც, როცა დერეფანში შემთხვევით დიანას შეეფეთა, ნონიაშვილზე საუბარი არ ასცდა.
- თქვენთან დალაპარაკება მინდოდა, - დაიწყო დიკამ, როგორც კი კატია დაინახა, - რობიზე მინდოდა საუბარი.
- თქვენთან მასზე საუბარი არ მსურს. ის ჩემი მეგობარია და მასთან შეხვედრას ისევ და ისევ გავაგრძელებ. დარწმუნებული იყავით, რომ ამით ანდრიას პრობლემას არ შევუქმნი. ჩემი და რობის მეგობრობით თქვენი საქმრო არ დაზარალდება.
- არც არავინ ფიქრობს, რომ დაზარალდება, - ამაყად გამოუცხადა დიკამ, - საქმე ანდრიას პრობლემები როდია. თქვენ არ მინდა დაზარალდეთ.
- მე? - გაოცებულ კატიას დიდრონი ცისფერი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა.
- ჰო. ნონიაშვილთან ურთიერთობა თქვენთვის სახიფათოა. ის მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რაც შეიძლება მალე გაიკეთოს პოლიტიკური კარიერა, სხვა დანარჩენი მისთვის მეორეხარისხოვანია. დანარჩენი არაფერი არ აინტერესებს.
- როგორც ანდრიას.
- არა. მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა. თუკი თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, სალაპარაკოც არაფერი გვქონია!
დიანას ქუსლებმა აუტანელი კაკუნი ატეხა მოზაიკადაგებულ იატაკზე, სანამ გავიდოდა. გასვლისას კი კარი მძლავრად გაჯახუნდა. კატია კვლავ მარტო დარჩა გრძელ დერეფანში.
შეფიქრიანებულმა თავის ოთახს მიაშურა. დიანას რატომ უნდა აღელვებდეს, რას წააგებს კატია რობისთან ურთიერთობით? უცნაურია, ასე რატომ ღელავს მასზე? რატომღაც, ზედმეტად აღიზიანებს დიანას, კატია რობის რომ ხვდება. რა იმალება ამ ყველაფრის უკან?
კითხვა უპასუხოდ დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კატია ამაზე მთელი დღე ფიქრობდა.
- მე მგონი, უკვე გითხარი, დღეს დაისვენე-მეთქი. - ამ სიტყვებით დახვდა ბეტი კატიას, როცა მან ბავშვები სავახშმოდ ოთახში შეიყვანა.
- ისე მომწონს შენს შვილებთან ურთიერთობა, რომ საერთოდ არ ვიღლები. პირიქით, მსიამოვნებს მათ გვერდით ყოფნა, - გაუღიმა კატიამ.
- მესმის შენი. იცი? ხანდახან მეც ისე ვერთობი მათთან, რომ ყველა პრობლემა მავიწყდება, მაგრამ ზოგჯერ იმდენად აუტანლები არიან, რომ ერთი სული მაქვს, ოღონდ მოვშორდე და მარტო დავრჩე.
- ალბათ ისიც გიშლის ხელს, რომ შენს გემოზე არ ხარ… აი, ცალკე სახლში რომ ცხოვრობდეთ… - თქვა და უცებ აიფარა პირზე ხელი, - ოი, მაპატიე, ამის თქმის უფლება არ მქონდა.
- კარგი, რა. მეც ვიცი, რომ ასე უკეთესია, მაგრამ ჩემს ძმას არ უნდა, ჩვენ ცალკე გავიდეთ. სპეციალურად მიაშენა ეს ორი ერთნაირი სახლი ერთმანეთს, ვითომ და-ძმა ერთად უნდა ცხოვრობდესო. დათოსაც არ სიამოვნებს ჩვენი სიტუაცია, მაგრამ რა ქნას? იმდენი ფული არ გვაქვს, რომ ცალკე გავიდეთ.
- მაგრამ საოჯახო საქმეების კეთება რომ არ გიყვარს?
- ვინ გითხრა? ყველაფერიც მიყვარს, მაგრამ დედა არ მანებებს. მეუბნება, ეს მოსამსახურის საქმეა, შენ თითი არ უნდა გაანძრიოო. ამიტომაც არ ვაკეთებ არაფერს, თორემ განა არ ვიცი ან მეზარება.
- არ გეწყინოს, რაც გითხარი, საწყენად არ მითქვამს.
- არც მწყენია. პირიქით, კარგია, როცა ხანდახან ცეცხლს შეგინთებენ. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს მეც ვიფეთქო და სწორი გადაწყვეტილება მივიღო. შენ ჩემთვის დასავით ახლობელი ხარ, რა უნდა მეწყინოს შენგან?
კატიას თვალები ცრემლით აევსო.
- რა გატირებს? ძალიან გთხოვ, ნუ ტირი. შენი წყენინება არ მინდოდა.
- არა, რა წყენინება, ბეტი. უბრალოდ, ეს ყველაზე სასიამოვნო სიტყვებია, რაც ბოლო წლების განმავლობაში მომისმენია. გადავეჩვიე სხვებისგან სითბოს მიღებას.
- მხოლოდ ეს არ უნდა იყოს შენი ცრემლების მიზეზი. სხვა რაღაც გაწუხებს, ხომ ასეა?
კატიამ პასუხის ნიშნად თავი დაუქნია.
ბეტიმ ბავშვებს გადახედა, რომლებიც ცნობისმოყვარედ მისჩერებოდნენ უფროსებს და კატიას ხმადაბლა უთხრა:
- მოდი, მეორე ოთახში გავიდეთ, სანამ ესენი ვახშმობენ და იქ ვილაპარაკოთ.
გავიდნენ თუ არა მეზობელ ოთახში, ბეტიმ მხრებზე ხელები დააწყო კატიას, თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:
- მეტყვი, რა გჭირს?
- იცი, რა? მართალია, ეს სისულელეა, მაგრამ… - ქალი შეყოყმანდა.
- ეს წუხილი რობი ნონიაშვილთანაა დაკავშირებული?
- ჰო. ყველა მეუბნება, რომ მას არ უნდა შევხვდე.
- სამაგიეროდ, მე არ მითქვამს.
- მაგრამ შენც ხომ ასე ფიქრობ?
- არა, ასე სულაც არ მიმაჩნია. მე ვიცი, რომ შენ რობის არასდროს ეტყვი ისეთ რამეს, რაც ანდრიას ჩრდილს მიაყენებს. არც რობია ისეთი ტიპი, რაღაცების გამოკითხვა დაგიწყოს. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, სრული უფლება გაქვს, ვისაც გინდა, იმას შეხვდე, თუნდაც ყოველდღე. არ მისცე ჩვენს ოჯახს უფლება, გიკარნახოს, როგორ უნდა იცხოვრო. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ.
- სულერთია, მაინც ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ უმადურივით ვიქცევი. - გული გადაუშალა კატიამ მულს, - თუკი ანდრია კიდევ ერთხელ მეტყვის, რომ ასე არ უნდა მოვიქცე, რობის მეტჯერ აღარ შევხვდები.
კატია განერვიულდა და ქართული და რუსული სიტყვები ერთმანეთში აურია.
- ძალიან გთხოვ, ნუ უსმენ მას. ის მიჩვეულია, თავისი ნება ყველას თავს მოახვიოს. მეც ეგრე არ მექცევა? შენ ხომ მხოლოდ ფორმალურად ხარ მისი ცოლი, რაც აქ ისედაც არავინ არ იცის. არ გეგონოს, ჩემი ძმა არ მიყვარდეს, მაგრამ რა ვქნა, მირჩევნია, სამართლიანი ვიყო.
- ბეტი, როგორი კეთილი ხარ… - კატია ბეტის მიუახლოვდა და აკოცა, მაგრამ იმდენად დააბნია თავისმა საქციელმა, რომ გაწითლდა, - წავალ, ბავშვებს დავაძინებ, კარგი?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემპირდები, რომ ამ საღამოს ჩემთან ერთად კინოში წამოხვალ. დათო წაგვიყვანს. სულაც არ მინდა მოსამსახურესავით შრომობდე ჩემს სახლში. მინდა, რომ ერთად გავერთოთ და სხვებმაც დაინახონ ეს.
კატიამ თავი დაუქნია. ყელში მობჯენილ ცრემლებს ძლივს იკავებდა. ანდრიასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ ემოციური შეგრძნებები ისე გაუმძაფრდა, რომ ცუდიც და კარგიც ერთნაირად მტკივნეულად მოქმედებდა მასზე.
- ქართული ფილმი უნდა ვნახოთ?
- არა, რა ქართული. ვინღა უჩვენებს ახლა ქართულ ფილმებს კინოთეატრებში. ალბათ რამე ამერიკული იქნება, ოღონდ რუსულად.
კატია ტანსაცმელს იცვლიდა, როცა რობიმ დაურეკა.
- შენი ხმა ცუდად მესმის, - გაისმა ყურმილში მამაკაცის ხმა.
- პარალელური ტელეფონით გელაპარაკები და ალბათ იმიტომ.
- მაშინ მოკლედ გეტყვი, მაგრამ სასიამოვნო რამეს. ხვალ საღამოს ჩემთან სახლში მოხვალ? ვახშამზე გეპატიჟები.
- მაგრამ მე შენი ოჯახის წევრებს არ ვიცნობ, - ღაწვები შეეფაკლა კატიას, - მერიდება.
რობიმ მხიარულად გაიცინა.
- როგორც კი მათ გაიცნობ, შენი მორიდებულობა ეგრევე გაქრება. ამის გარანტიას გაძლევ.
- მაშინ კარგი, მოვალ. მაგრამ არ გამომიარო, აჯობებს მე თვითონ, ფეხით გამოვისეირნო.
მამაკაცმა კარგა ხანს არ უპასუხა და მისი პაუზით კატია მიხვდა, რომ მან რაღაც იეჭვა.
- როგორც გინდა, - შეცვლილი ხმით თქვა ბოლოს, - მაგრამ თუ იწვიმა, დამირეკე და გამოგივლი.
კატიამ ყურმილი დაკიდა და გაიღიმა. ეს რობი ძალიან კარგი ადამიანია. სულ არ აინტერესებს, როგორ შეხედავენ მასთან მეგობრობას ანდრია და მისი ოჯახის წევრები. ბოლოს და ბოლოს, ბეტის თქმის არ იყოს, ის თავისუფალი ადამიანია და არავის აქვს უფლება, მის ცხოვრებაში უხეშად ჩაერიოს…
საბედნიეროდ, მეორე დღეს მშვენიერი ამინდი გამოვიდა და კატია ფეხით გაუდგა გზას სოფლის ცენტრისკენ. რობი ფოსტის შენობასთან დახვდა და ქალს მანქანის კარი გამოუღო. მამაკაცი ახლოს ცხოვრობდა, ხუთი წუთიც არ დასჭირვებიათ გზაში.
ცოტათი აღელვებულმა შეაბიჯა კატიამ ეზოში. მართალია, ჭავჭავაჭეებისნაირი მდიდრული სახლი არ იყო, მაგრამ სილამაზით სოფლის სხვა სახლებს არ ჩამოუვარდებოდა. ვარდები აქაც ყვაოდა. დაბალ ბელეტაჟზე აშენებული კოხტა ხის სახლი კოტეჯს უფრო ჰგავდა, რამაც ქალი, ცოტა არ იყოს, გააკვირვა. რობიმ მხარზე ხელი შეახო და ღიმილით აუწყა:
- ეს ფინური სახლია, ჩემი ხელითაა აწყობილი. ხომ ლამაზია?
- მართლაც. - აღტაცება ვერ დამალა ქალმა.
- მე თუ მკითხავ, ყველაზე ადვილი საქმეა. არც მშენებლობა გჭირდება და არც მძიმე შრომა. ააწყობ კონსტრუქციას და მორჩა, ერთ კვირაში მზადაა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ასეთ სახლზე. სულ არ მჭირდება აი, ეგეთი უზარმაზარი, - რობიმ ხელი მეზობლის სამოსახლოსკენ გაიშვირა, სადაც ორსართულიანი ვეებერთელა ბლოკის სახლი იდგა, -შეიძლება ცხოვრება ისე გალიო, რომ ზოგიერთი ოთახი არც კი გამოიყენო. მართალი არ ვარ?
- გეთანხმები. უკრაინაში ყველას პატარა სახლი აქვს, იქ არ უყვართ ორსართულიანების შენება. მხოლოდ აგარაკები აქვთ ფეშენებელური, ისიც მდიდრებს და არა ჩემნაირ დაბალ ფენას. - გაიცინა კატიამ.
- დაბალი ფენაო? შენს თავს დაბალ ფენაში მოიაზრებ? რას ლაპარაკობ! შენნაირი ლედი ნებისმიერი მულტიმილიარდერის აგარაკს დაამშვენებდა.
- უი, ბოსტანიც გქონიათ! - შესძახა კატიამ, როცა სახლის უკან გავიდნენ.
- აბა რა! სოფელში ცხოვრობდე და ბოსტანი არ გქონდეს, სირცხვილია. ახლა შენი ხელით დაგაკრეფინებ პამიდორსა და კიტრს. ნახე, რა სურნელი აქვს.
კატია სიხარულით მიადგა პამიდვრის რიგებს და რამდენიმე ცალი მოწყვიტა, ცხვირთან მიიტანა და თვალებმილულულმა დაყნოსა.
- რა საოცრებაა! - კრუტუნით წარმოთქვა.
- ეს არის დედაჩემის პასუხი ინფლაციაზე, - მხიარულად წამოიძახა მამაკაცმა, - როცა ასეთი ბოსტანი გაქვს, შიმშილი არ გემუქრება.
ამასობაში კატია კომბოსტოს მწკრივს დაუყვა და ღობეზე გადაბარდულ კიტრის ნარგავებს მიუახლოვდა. ფრთხილად მოწყვიტა ორი თუ სამი ცალი კიტრი და სახეგაბრწყინებული რობისკენ შემობრუნდა.
- ახლა შინ შევიდეთ, გველოდებიან.
სასტუმრო ოთახში უამრავი ადამიანი ირეოდა. კატია მიხვდა, რომ ისინი რობის და-ძმანი, მათი ცოლები და ქმრები იქნებოდნენ და ყველას დაბნეული სახით მიესალმა. ერთმანეთისადმი მიმართვაში აშკარად იგრძნობოდა, რომ ოჯახში ურთიერთპატივისცემა სუფევდა.
- ხომ მაგარი გოგოა, ა? - რობიმ ამაყად გადახედა თავისიანებს და კატიას გვერდით ამოუდგა.
ყველამ გაიღიმა და თანხმობის ნიშნად ქალებმა თავი დააქნიეს, მამაკაცებმა კი მოლაპარაკებულებივით ცერი შემართეს.
რამდენიმე წუთში ყველანი სუფრას მიუსხდნენ.
- რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ნატურალურია და ჩვენს ბოსტანშია მოწეული. ქათამიც შინაურულია, დედაჩემის გაზრდილი და გოჭიც. ასე რომ, მიირთვი ვიტამინების დიდი დოზა, ვატყობ, რომ გჭირდება. იქ, რა, საჭმელს არ გაჭმევენ? - აროხროხდა მამაკაცი.
- არა, რას ამბობ, პირიქით, სულ მაძალებენ, გინდა თუ არა, ჭამეო, - იცრუა კატიამ. აბა, იმას ხომ არ იტყოდა, ბავშვებთან ვჭამ და ოჯახის წევრებთან ერთად მხოლოდ საკვირაო სადილს ვესწრებიო. - ყველაფერი გემრიელია. - დააყოლა ბოლოს.
- მე კიდევ დაკონსერვებული საჭმელები უფრო მიყვარს, - ჩაერია საუბარში წითურთმიანი გოგონა, ასე, ცხრამეტი-ოცი წლის რომ იქნებოდა. იგი რობის ერთ-ერთი და იყო, ლალი, -ახალმომზადებულ საჭმელს ყოველთვის სხვადასხვა გემო აქვს, კონსერვებს კი სულ ერთნაირი. თანაც, დედას ისეთი გემრიელი გამოსდის, თითებს ჩაიკვნეტ.
- რას ამბობ, ლალი, სულ ერთი და იმავე გემოს საჭმელი როგორ უნდა ჭამო? ხომ გავგიჟდები, - შეეპასუხა რობი, - ხაჭაპური რომ ხაჭაპურია, ის მოგბეზრდება კაცს ყოველდღე. მუღამი სხვადასხვა კერძის დაგემოვნებას აქვს, ყოველთვის სხვადასხვანაირად გემრიელი რომაა. - მერე კატიას მიუბრუნდა, - შენც გიყვარს დაკონსერვებული საჭმელი?
- როგორ არა, მეც ძალიან მიყვარს, - თქვა კატიამ და ლალის სოლიდარობის ნიშნად გაუღიმა.
შემდეგ ზოგი რას ეკითხებოდა და ზოგი რას, რათა სტუმარს არ მოეწყინა. კატიაც თავაზიანად პასუხობდა ყველა კითხვაზე, მაგრამ სიფრთხილეს იჩენდა, რამე ზედმეტი არ წამომცდესო.
ბოლოს, როგორც იქნა, კითხვა-პასუხის რეჟიმი დამთავრდა, რასაც რობიმ დაუსვა წერტილი. იგი თავის საარჩევნო კამპანიაზე ალაპარაკდა:
- თელავში მიტინგზე სიტყვით უნდა გამოვიდე. გადავწყვიტე, კატიაც თან წავიყვანო, თუ დამთანხმდება, - თქვა და კატიას გამოხედა.
- ტვინი ნუ წაიღე შენი არჩევნებით, - შუბლი შეიჭმუხნა რობის დედამ, - შეეშვი ამ გოგოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ჯდომა უფრო სიამოვნებს, ვიდრე იმ შენს მოსაწყენ მიტინგზე წასვლა.
კატია გაოცდა, როცა რობის დედისგან ეს სიტყვები მოისმინა. "ნუთუ შვილის წარმატებები არ უხარია?" - გაიფიქრა შეღონებულმა. არადა, თავისი დედამთილი ისე იყო ჩართული ანდრიას საქმეებში, თითქოს საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარე ყოფილიყო. რამდენჯერ გაუგონია, საღამოს შინ დაბრუნებულ შვილს როგორ დაწვრილებით გამოჰკითხავდა დღის ამბებს და რჩევებსაც აძლევდა. თუმცა, ალბათ, არც იყო გასაკვირი, რადგან ეს ორი ოჯახი ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. ჭავჭავაძეებისთვის არჩევნები თითქოს რაღაც წმინდა საქმე იყო, ნონიაშვილებისთვის კი დროის ფუჭი ხარჯვა.
- სულ ვეუბნები, დაანებე თავი ამ პოლიტიკას, დაუდექი გვერდით შენს ძმებსა და სიძეებს, ვენახს, პირუტყვს მიხედე, ფერმერს უფრო მეტი შემოსავალი გექნება, ვიდრე პარლამენტარს-მეთქი, მაგრამ იჯერებს? - შესჩივლა ქალბატონმა დარიკომ კატიას.
კატიამ რობის დაცვა სცადა:
- მაგრამ პოლიტიკაც ხომ საჭიროა? რომ არა პარლამენტი, ქვეყანა ვინ უნდა მოაწესრიგოს?
- უიმეეე, ამათი მოწესრიგებული არ გაიშვას! ყველა იმას ცდილობს, ხალხს რაც შეიძლება მეტი წაღლიტოს და ჯიბე გაისქელოს. რამდენი მთავრობა გამოვიარეთ, მაგრამ შედეგი? რომელი ზრუნავდა ხალხზე? არც ერთი! - საჩვენებელი თითი ლამის ცხვირწინ დაუტრიალა დარიკომ ვაჟს და გაწიწმატებულმა ხელსაწმენდი სუფრაზე მოისროლა.
- მაპატიეთ, მაგრამ მე რობის მაინც გავყვები. არასდროს მომისმენია, სიტყვით როგორ გამოდის. საინტერესო იქნება, - გამოაცხადა კატიამ, ადგა და ეზოში გავიდა.
ზურგს უკან სიცილის ხმები გაისმა.
- ალბათ, თქვენთან როცაა, ენა მუცელში უვარდება, თორემ იმდენს ლაპარაკობს ხოლმე, ერთი სული გვაქვს, როდის გაჩუმდება, - გაიგონა რომელიღაცის წამოძახილი.
რამდენიმე წუთის შემდეგ რობიც გამოვიდა და კატიას ბოდიში მოუხადა დედამისის უკმეხობის გამო.
- საბოდიშო არაფერია. დედაშენი მართალია თავის მხრივ. არიან ადამიანები, პოლიტიკა რომ არ აინტერესებთ. უბრალოდ… - ქალმა აღარ გააგრძელა, მხოლოდ გაიღიმა და რობის თვალი თვალში გაუყარა, - რამდენ ხანში წავალთ?
- უკვე მივდივართ, - გამოცოცხლდა მამაკაცი, კატის ხელკავი გამოსდო და მანქანისკენ წაიყვანა.
ამასობაში ოჯახის წევრებიც ეზოში გამოვიდნენ და მიმავალთ ხელის ქნევით დაემშვიდობნენ.
- არაჩვეულებრივი ოჯახი გყავს, - შენიშნა კატიამ.
- ჰო, ზოგიერთის ოფოფებს თუ არ ჩავთვლით, - გულიანად გაიცინა მამაკაცმა და მანქანა დაქოქა.
თელავი ლამაზი ქალაქი იყო, ქალს მოეწონა. კმაყოფილი სახით იყურებოდა აქეთ-იქით და ყველაფერს გულდასმით ათვალიერებდა.
რობი სიტყვით კლუბში უნდა გამოსულიყო. დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი, რასაც კატია არ მოელოდა. ნეტავ ანდრიასაც ასე სავსე დარბაზი ხვდება ხოლმე? - გაიფიქრა წარბაწეულმა და იქაურობას დაკვირვებული მზერა მოავლო.
ამასობაში სცენაზე რობი გამოჩნდა. მას ოვაციებით შეხვდნენ. მამაკაცი მტკიცედ და თავდაჯარებულად ლაპარაკობდა, თან მომუჭულ მარჯვენას იშველიებდა. ხანდახან ადგილიდან ვიღაც რეპლიკას ესროდა შეკითხვის სახით, რასაც რობი მაშინვე პასუხობდა. ისე სხაპასხუპით წარმოთქვამდა სიტყვებს, თითქოს დაზეპირებული აქვსო.
როცა შეკრება დამთავრდა, ახლომდებარე კაფეში შევიდნენ.
- არჩევნებში თუ გაიმარჯვებ, ალბათ თბილისში მოგიწევს გადასვლა, - შენიშნა კატიამ.
- ქუთაისში. პარლამენტი ხომ ქუთაისშია.
- მართლა? არ ვიცოდი. - გაიოცა ქალმა და რატომღაც, გულით მოუნდა, რობის გაემარჯვა. ანდრია რომ გამხდარიყო პარლამენტარი, ალბათ ვეღარასდროს ნახავდა. ქუთაისში ვინ წაიყვანდა?
- შენ გინდა, მე რომ გავიმარჯვო? - ეშმაკური ღიმილით შეეკითხა რობი.
- შენ ამას იმსახურებ, - მსწრაფლ მიუგო კატიამ, - არაჩვეულებრივი სიტყვა წარმოთქვი.
მაგრამ იმ ღამეს, ლოგინში ჩაწვა თუ არა, მიხვდა, რომ ანდრიას გამარჯვება უფრო გაახარებდა. სულ რაღაც ერთი კედელი ყოფდა ამწუთას ყოფილი ქმრისგან, რომელიც მას აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც უყვარდა. ამიტომ სურდა, არჩევნები ანდრიას მოეგო. აქ იქნებოდა, თბილისში თუ ქუთაისში, მამაკაცი მისთვის მაინც დაკარგული იყო.
საინტერესოა, ისევ ისე სძინავს? ჩვეულ პოზაში? ახსოვს კატიას, ხელს თავს ზემოთ დაიდებდა და ისე იძინებდა. მანამ, რა თქმა უნდა, ცოლს მოეხვეოდა და მკერდზე ისე მიიკრავდა, თითქოს მისი დაკარგვის ეშინიაო, მერე კი იძინებდა.
არადა, რა გამოვიდა? კატიამ კი არ დაკარგა იგი, სწორედ მან აიღო ცოლზე ხელი. როცა მოვიდა მის სანახავად, კაცმა არც კი გაიკარა. მაგრამ არა, ეს მართალი არ არის. თვალწინ დაუდგა მისი მზერა, მონატრებული, მოწყურებული… მას ისევ ისე უნდა კატიასთან ყოფნა, როგორც ადრე, უბრალოდ, ახლა ვერაფერს შეცვლის. ვერშეცვლა კი ნიშნავს, რომ არ უყვარს. ამიტომ სულაც არ ნანობს, უარი რომ უთხრა. იმას უფრო ნანობს, წუთიერმა სისუსტემ რომ სძლია და კინაღამ დანებდა. მაგრამ რა უნდა ექნა? იმდენად მოსწყურებოდა ქმრის ალერსი, თავს ვეღარ მოერია. გარდა ამისა, რამდენი წელია, მამაკაცი არ მიჰკარებია. ბოლოს და ბოლოს, ქვა ხომ არ არის? დარწმუნებულია, კიდევ ერთხელ რომ მიეკაროს ანდრია, იმავეს გაიმეორებს, ისევ ისე ჩაეკონება მკერდში და კოცნით დაახრჩობს.
- ჩემი სიხარული, - ვნებიანად ჩაიჩურჩულა და კედლისკენ გადაბრუნდა…
კატის სტუმრობის მეორე დღეს რობი სახლში გატანჯული დაბრუნდა. სიტყვით სწორედ იმ უბანში გამოდიოდა, სადაც ანდრიას ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდა. ამიტომ უამრავი შეურაცხყოფის ატანამ მოუწია. სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდნენ, წარამარა აწყვეტინებდნენ, ხმაურობდნენ და იგინებოდნენ. კიდევ კარგი, კატია არ წაიყვანა, თორემ შერცხვებოდა.
ოთახში შესულს უცხო ხმა შემოესმა და მოულოდნელად შედგა. დედამისი ვიღაცას ესაუბრებოდა… ეს ხმა… ოჰ, ეს ხმა!.. ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი და კარი შეაღო. შეაღო და ადგილზე გაშეშდა. დივანზე შავთმიანი, გრძელფეხება გოგონა იჯდა. ღმერთო ჩემო, რა უნდა დიანას მის სახლში? რა ქარმა გადმოაგდო?
- საღამო მშვიდობისა, - ცივად მიესალმა მამაკაცი, - მე მელოდებით?
- გამარჯობა, რობი, - ქალს მშვიდი ხმა ჰქონდა, იგი დივნიდან გრაციოზულად წამოიმართა, - როგორ მიდის შენი საქმეები?
- გადასარევად… და ამინდიც გადასარევი იყო დღეს! - უხეშად მიუგო.
დიკა დაფრთხა და თვალები დახარა. ქალბატონი დარიკო შვილს მიეგება.
- მოდი, დედა გენაცვალოს, თქვენ ილაპარაკეთ, მე კი სუფრას გავაწყობ.
- შეგიძლია დარჩე, - კბილებში გამოსცრა რობიმ და წამიერი მზერა შეავლო დიკას ჩაცმულობას, - ქალბატონ დიანას შენი თანდასწრებითაც შეუძლია მესაუბროს. ის აქ უმიზეზოდ არ მოვიდოდა.
- შეიძლება ასეცაა, - დაეთანხმა დედა, - მაგრამ მე დიასახლისი ვარ და ჩემი მოვალეობა ვიცი, როცა სტუმარი მოდის.
რობი დაელოდა, სანამ დედა გავიდოდა, მერე კი ქალს მიუტრიალდა:
- აბა, დიდი ხანია, შენი სტუმრობის პატივი არ გვღირსებია. ალბათ, თექვსმეტისაც არ იქნებოდი, უკანასკნელად რომ იყავი ჩვენთან, არა?
სწორედ ის პერიოდი იყო, თავისუფლებისკენ რომ დაიწყე სწრაფვა.
- აქ ამის განსახილველად არ მოვსულვარ და, საერთოდ, არ მესმის, რაში მადანაშაულებ? მე სკოლაში ვსწავლობდი, შენ კი უნივერსიტეტში ჩააბარე და აქედან წახვედი. ბუნებრივია, ვერ ვნახულობდით ერთმანეთს.
- მაგრამ მე არდადეგებზე ხომ ჩამოვდიოდი? - მშრალი ხმით ამოთქვა რობიმ, - სურვილი რომ გქონოდა, მოხვიდოდი ჩვენთან. რა თქმა უნდა, მე არაფერში არ გადანაშაულებ, მაგრამ შენ მაშინ უკვე ჭავჭავაძეებზე იყავი გადართული. ისინი უფრო იყვნენ შენი წრის, ვიდრე მე. სად მე და სად ანდრია! - დაგესლა მამაკაცმა. - მამაშენი უკანალში უძვრებოდა მაგის მამას. მე, გლეხის ბიჭი რაში ვჭირდებოდი, როცა თავადიშვილისთვის შეეძლო შენი მითხოვება!
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>