სიყვარული საზღვრებს გარეშე
რატი 18 წლისამ უნივერსიტეტში გავიცანი, უფრო სწორად, უბრალოდ გადავეყარე - პირველი კორპუსის გასასვლელში გამაჩერა და სახელი მკითხა. არ ვუთხარი, მაგრამ რამდენიმე დღეში შემთხვევითობამ ისევ შეგვახვედრა. რატი შემოვიდა კაფეში, სადაც მეგობართან ერთად ვიყავი და რადგან საერთო სამეგობრო წრე აღმოგვაჩნდა, ერთ მაგიდასთან გავერთიანდით. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც თავიდან დიდი ინტერვალებით, წინააღმდეგობებით წარიმართა. არ დავუჯერე, რომ ერთი ნახვით შემიყვარა, მაგრამ თურმე ასეც ხდება. რატი მკაცრი და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებდა, ანუ იმის საპირისპიროსი, რაც სინამდვილეში იყო. მისი ნამდვილი ხასიათი, სითბო, ერთგულება, გონიერება და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა უკვე მოგვიანებით, 23-24 წლის ასაკში დავინახე. რატი თავისი ასაკის ბიჭებისგან ძალიან გამოირჩეოდა, თითქოს უფრო დიდი იყო; ზუსტად იცოდა, რა უნდოდა; მიზანს არასდროს გადაუხვევდა. იყო ძლიერი ნებისყოფის, ძლიერი ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის, ყველა სიტუაციაში დაეყრდნობი.
შეყვარებულობისას ხშირად ვჩხუბობდით, რაც ახლა ძალიან სასაცილოდ მახსენდება. ალბათ, ესეც საჭირო იყო. ჩვენ დიდხანს მაინც ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ, მალევე ვრიგდებოდით, მაგრამ მშობლები კი ვანერვიულეთ. 2007 წელს დავოჯახდით და თანდათან ვისწავლეთ ერთად, ერთმანეთისთვის ცხოვრება, უკონფლიქტო ურთიერთობა. რატის ოჯახი ჩვენი მუდმივი მხარდამჭერი იყო, სიკეთით სავსე ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი და საუკეთესო ნათესავები შევიძინე: რატის და, მამა, დისშვილი და კიდევ ძალიან ბევრი ახლობელი, რომლებიც ნათესაური შეკრებებისა და ტრადიციების წყალობით, იმერლებისთვის დამახასიათებელ ტკბილ ერთობას ქმნიან. პირველად რომ რატის დედა, თამრიკო გავიცანი, სუფრასთან ვისხედით და, როგორც ასეთ შეხვედრას ახასიათებს, ყველანი ვღელავდით. ახლაც თვალწინ მიდგას ის ღიმილი, რომლითაც თამრიკო მიყურებდა, უტკბესი ღიმილი, მხოლოდ მას რომ ახასიათებდა და ამ ღიმილში რაღაცნაირი პირობაც იდო, სიყვარულის პირობა, პირობა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს დანაპირები სრულყოფილად შეასრულა და მსოფლიოში საუკეთესო დედამთილად იქცა. თამრიკო იყო მოსიარულე სიყვარული და სიმშვიდე, სხვის კომფორტსა და სიამოვნებაზე გადაგებული, თავდადებული ადამიანი.
რატი და ეკა
რატი, ასაკთან ერთად, ისე გაიზარდა, რომ ბევრჯერ დამტოვა სასიამოვნოდ გაკვირვებული. ვინმეზე რომ ვკითხავდი, ეს ვინ არის-მეთქი, პასუხს იწყებდა ასე: "ძალიან კარგი ადამიანია...“ სხვა დასაწყისი აღარ ჰქონდა მის წინადადებებს და შემდეგ აუცილებლად გაიხსენებდა ამ სიკარგის დამადასტურებელ ამბავს. მეც ვიჯერებდი, რომ ადამიანები არიან კარგები. შეცდომებს კი უშვებენ, მაგრამ რატის სახით მყავდა საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა იქცე სიკეთის დეტექტორად, როგორ ეძებო ადამიანებში კარგი, შეაგროვო სინათლე და ეს სხივი მიაშუქო სხვებსაც. მუდამ მიკვირდა, როგორ ახერხებდა პოლიტიკურად თუ ფილოსოფიურად სულ სხვა მხარეს მდგომი ადამიანის მოსმენას, 100%-ით პატვისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, მასთან ნამდვილ დიალოგს, აგრესიისა და წინასწარი განწყობებისგან, აბსოლუტურად, დაცლილ მიდგომას, გულწრფელ ინტერესს და დაშვებას, იქნებ განსხვავებული რაკურსი შენსაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, იქნებ სხვასაც აქვს თავისი სიმართლე და თუ მისი თვალებით გამოიხედავ, საკითხს მისი მხრიდან შეხედავ, უფრო სრულფასოვნად დაინახავ ჩვენს ასეთ მრავალფეროვან სამყაროს. რატის ანალიზისა და მოვლენების აღქმის უნარი წლებთან ერთად ისეთი ღრმა და ღირებული გახდა, სულ მინდოდა, მეტ ადამიანს მოესმინა მისთვის. თითქოს ყოველი შეცდომისგან წურავდა სიბრძნეს, განსაცდელისგან - სიკეთეს, მეტ შემწყნარებლობას. როცა ადამიანზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობ, არასდროსაა დამაჯერებელი, მაგრამ ვინც რატის მართლა იცნობდა, მიხვდება, რომ მე მისი მხოლოდ პატარა ნაწილი გაგიზიარეთ. რატიმ 42 წლის განმავლობაში იმდენი და ისე იცხოვრა, იმხელა გულით ემსახურა სიკეთეს, სიყვარულის იმოდენა ბირთვი ატარა, ადამიანები ისე გააერთიანა და ხანაც შეარიგა, დაამეგობრა, ერთს კი არა, უამრავ ცხოვრებას რომ ეყოფა. ჩემგან ეს სუბიექტურად ნათქვამი ეგონება ვინმეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მისი დაკარგვით მარტო ოჯახმა კი არა, მთლიანად ქვეყანამ დაკარგა ადამიანობისა და მოქალაქეობის საუკეთესო მაგალითი და უდიდესი რესურსი.
"ცოტას მოვყვები თუთაზე“
ზოგჯერ მგონია, რომ ბავშვის დაბადებით ადამიანი საკუთარ თავზე გამარჯვებას სწავლობს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს იწყება ისეთი სიყვარული, რომელიც არის განსხვავებული, უპირობო, არაფერზე დამოკიდებული და ყოვლისმომცველი. ჩნდება ვიღაც, ვისაც ყოველთვის შენზე წინ დააყენებ, ვისთვისაც დაუფიქრებლად გასცემ, დათმობ, გაწირავ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სიცოცხლესაც და რა არის ეს, თუ არა გამარჯვება.
თუთა
არასდროს დამავიწყდება ახალშობილი თუთას ის მზერა, რომელიც სრულ სიყვარულს გამოსახავდა. მიყურებდა და მე ვიყავი ყველაფერი, მთავარი საარსებო წყარო - ყველაზე ძვირფასი ადამიანიცა და ყველაზე გემრიელი, სასარგებლო საკვებიც - მთელი სამყარო მე ვიყავი და ეს შეგრძნება არაფერს შეედრება. დროთა განმავლობაში ბავშვის სიყვარული სხვებზე ნაწილდება, მისი ყურადღება სხვა მოვლენებზე გადადის, ავტორიტეტს სხვაგანაც ეძებს, თითქოს აღარ ხარ აბსოლუტურად კმარი, ერთადერთი და შეუცვლელი. უფრო და უფრო გვიწევს იმის გააზრება, რომ შვილი არა ჩვენი ნაწილი, საკუთრება, არამედ აღსაზრდელად დროებით მობარებული სულია. ეს პროცესი რთული, საინტერესო, ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ განვითარებისთვის სასარგებლოა. ამ გზაზე ვსწავლობთ ბევრს: სხვა ადამიანის მიღებას, მისი სურვილების, მისწრაფებების პატივისცემასა და ხელშეწყობას, ურთიერთობის მართვას და ისევ და ისევ უპირობო სიყვარულის თავისებურებას.
ბავშვობაში სულ მშურდა მათი, ვისაც დედები უშურველად აქებდნენ, ჩამოთვლიდნენ შვილების ათას კარგ თვისებას, დედაჩემს კი სიტყვას ვერ დააცდენინებდით. მეც მასავით რომ არ დამემართოს, ცოტას მოვყვები თამარზე (თუთაზე). ერთხელ სკოლაში გადასცეს ჯილდო თანაგრძნობის, თანადგომისა და განსაკუთრებული მეგობრული უნარებისთვის. აღმოჩნდა, რომ მისი ახალი კლასელი, რომელიც სიმორცხვის თუ გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების გამო არავისთან ურთიერთობდა, მხოლოდ თუთასთან გაიხსნა, მხოლოდ მან შეძლო მდუმარე ბავშვთან დამეგობრება, მისი ალაპარაკება და პრაქტიკულად, შუამავლად იქცა მასა და მასწავლებლებს შორის. ეს ძალიან ტკბილად დამამახსოვრდა. თუთა ზოგადად ყოველთვის ცდილობს იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დაცვას, ვინც უმცირესობაშია და რაიმე ფორმით იჩაგრება. მგრძნობიარეა ამ თემების მიმართ და ეს მიხარია...
თუთა იოლად სწავლობს უცხო ენებს და აქვს ერთი საინტერესო ნიჭი, რომლის სახელიც არ ვიცი: სწრაფად პოულობს კავშირებს მოვლენებსა და სიტყვებს შორის. მაგალითად, ერთხელ რაღაცაზე ვლაპარაკობდით და შემთხვევით გავიგე, რა გზით დაიმახსოვრა ფრანგულად სიტყვა "პური“ - “(le)pain”. მარტივად ამიხსნა: "ხომ იცი, რომ პური და ღვინო ქრისტეს სისხლი და ხორცია; ხომ იცი, ქრისტემ რაც გზაც გაიარა - ტკივილის გზაო - ჰოდა, ინგლისურად ტკივილი“pain” ფრანგულად არის პურიო“. დაფიქრებაც არ სჭირდება, პირდაპირ მოსდის ასოციაციები და ამ პატარა მაგალითებით კიდევ ერთხელ ვხვდები, რამდენად სავსე და საინტერესოა მისი სამყარო.
"ვცდილობთ, რატის სახლში ისევ ისმოდეს სიცილი“
თუთას ტვირთი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელ მომენტს თუ გავიხსენებ, ეს ის ხუთი საათია, როცა რატის ოთახში ძირს ვიჯექი, მისი უსულო სხეული უკვე ჩაცმული ესვენა ლოგინზე და მე ვფიქრობდი, როგორ შევსულიყავი ჩემი შვილის ოთახში და როგორ, რა სიტყვებით მეთქვა, რომ ყველაფერი დამთავრდა, წავიდა მამა, მსოფლიოში ყველაზე კეთილი, დიდი და უძლეველი ადამიანი. წავიდა და აღარასდროს დაბრუნდება. ამისთვის ზუსტად ხუთი საათი დამჭირდა. გათენდა, მზემ ძალა მოიკრიბა, ქალაქი ახმაურდა, თუთას ონლაინსკოლაც დაიწყო... ვიჯექი გაშეშებული და ყველაზე მეტად მეშინოდა ამის წარმოთქმის. ფეხს ვითრევდი, ვიხანგრძლივებდი იმ არაფრისმომტან პაუზას, დუმილს და უთქმელობას. თითქოს, თუ არ ვიტყოდი, არც იყო ასე. ბავშვი ჩვეულებისამებრ ესწრებოდა ონლაინგაკვეთილებს და ჯერ არ იცოდა, რომ გვერდით ოთახში დრომ ახალი ათვლა დაიწყო, დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ. არ ვიცი, რამ უნდა გადაფაროს ის ხმა, რომელიც თუთამ ყელიდან ამოუშვა და რომელიც დღემდე ჩამესმის. თუმცა ტირილი მოულოდნელად შეწყვიტა და ისე სწრაფად გადმოვიდა ჩემ დამშვიდებაზე, მართლა გავოგნდი. ჩემი სახე ხელებით დაიჭირა და ათასი სანუგეშო სიტყვა მოიფიქრა.
მაშინ, როცა რატის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში თუთას სასკოლო დავალებად ესე უნდა დაეწერა, ასეთი თემა შეარჩია: "სტრესის დადებითი მხარეები“. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. კარგის ძიება მამისგან მემკვიდრეობით ერგო და თუ ეს თვისება ყველაზე დიდი განსაცდელის დროსაც შეინარჩუნა, ვფიქრობ, ყოველთვის იპოვის ძალას, დადგეს ცხოვრების ნათელ მხარეს.
საბავშვო ლიტერატურის დაწერა ერთადერთხელ მომიწია ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შექმნა რეალურ ფიგურებზე, ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ქალებზე დაფუძნებული ზღაპრების კრებული "იყო ერთი გოგო“. მე ორი უძვირფასესი პერსონაჟი, ჩვენი ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი და პირველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე შემხვდა. ურთულესი ამოცანა იყო, ბიოგრაფიული ხაზის დაცვით ბავშვებისთვის გასაგებად და საინტერესოდ მომეყოლა მათი ტრაგიკული ამბავი. თუთას გარეშე ამას ვერ გავართმევდი თავს. ჩემი მთავარი ადრესატი ჩემი შვილი იყო, სწორედ მან მასწავლა დიდების თემების საბავშვო ენაზე გადათარგმნა.
ზოგადად, წერა, ცხადია, დიდ დროს, ნებისყოფას, კონცენტრირებას, ყველა მოვლენისა თუ განცდის საკუთარ თავში გატარებას მოითხოვს, რაც ჩემთვის შეუძლებელია სრული სიჩუმის, განმარტოების გარეშე. მშობლებს მუდმივად გვაქვს დილემა, როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ არც ბავშვის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ ენერგიას მოვაკლოთ რამე და თან სრულფასოვანი მუშაობაც შევძლოთ. მე, პირადად, ვერც ერთ წიგნს ვერ დავწერდი, ვერც ერთი პროეტისთვის ვერ მოვიცლიდი, საერთოდ ვერ ვიმუშავებდი, რომ არა დედა - ეს მუდამ კულისებში მდგომი, უზარმაზარი დაუფასებელი შრომის გამწევი ადამიანი, ჩუმი საყრდენი და იმედი, რომელსაც არავინ უთვლის წლებს, არავინ ითვალისწინებს მის დაღლილობასა და სევდას, ითხოვს მისგან ყველაფერს, რადგან თავად შეგვაჩვია ასე და ბავშვობაში რომ ჯადოქარი მეგონა, არასდროს ვაპირებ, შეველიო ამ რეალობად ქცეულ ტკბილ ილუზიას. ასეთია ახლა ჩემი ოჯახი, სამი თაობის გოგოს ტკივილითა და სიყვარულით გაერთიანებული ცხოვრება, სადაც ყველა მდუმარედ ვატარებთ ჩვენი დიდი სიყვარულის ჭრილობას და ვცდილობთ, რატის სახლში ისევ ისმოდეს სიცილი.