"გალიფ და კრისტინა ოზ თურქებს საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ, რომ 14 შვილი ჰყავთ. 5 წლის ვიკა კრისტინას პირველი შვილია, პირველი ქორწინებიდან, დანარჩენი 13 კი მას და თურქ ბიზნესმენს სუროგატი დედებისგან ჰყავთ. ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ და ამბობენ, რომ 100 შვილი უნდათ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს", - ნათქვამია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში, რომელიც ბათუმში მცხოვრები თურქი ბიზნესმენისა და რუსი ქალის წყვილს ეხება.
"მე ჩავაბარე ჩემი კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის და ბავშვები სუროგატებმა გამიჩინეს, მაგრამ მე ვარ ჩემი შვილების დედა", - ამბობს 25 წლის ჩინელი ქალი ვეიმინგ კონგი, რომელიც გალიფ ოზ თურქთან ერთად ბათუმში 2 წელი ცხოვრობდა. როგორც გაირკვა, ბიზნესმენის ამჟამინდელი ცოლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე სამი ბავშვი კონგს ეკუთვნის, თუმცა უცნობია, სად არის დანარჩენი სამი ბავშვი.
ვეიმინგის მონაყოლის მიხედვით, თურქი ბიზნესმენი 2019 წელს გაიცნო და რამდენიმე თვის შემდეგ გალიფმა ერთად ცხოვრება და სუროგაციის გზით შვილების გაჩენა შესთავაზა. თანხმობის შემდეგ ბიოლოგიური მასალა ჩააბარეს და 2020 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სუროგატმა ქალმა წყვილს 6 შვილი გაუჩინა.
ჩინელი ქალი ამბობს, რომ შვილებთან მხოლოდ 2021 წლის 15 მარტამდე შეძლო ყოფნა. ვეიმინგი თურქი ბიზნესმენის სასტუმრო "ეიფორიაში" 5 ძიძასთან ერთად ცხოვრობდა.
ტელეკომპანიამ ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ ძიძასთან, რომელიც ამბობს, რომ ბავშვების მამა შვილების სანახავად თვეში ერთხელ ან ორჯერ მიდიოდა რამდენიმე წუთით. ბავშვები იზრდებოდნენ დედასთან და მამას თითქმის არც იცნობდნენ.
15 მარტს ყველაფერი შეიცვალა. როგორც ჩინელი ქალი ამბობს, მას გალიფმა და მისმა იურისტმა უთხრეს, რომ თუ რამდენიმე დღეში საქართველოს არ დატოვებდა, ბინადრობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდა და ასევე პრობლემები იქნებოდა ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც. ვეიმინგმა გადაკვეთა საზღვარი, თუმცა უკან აღარ შემოუშვეს. ქალი ფიქრობს, ეს გავლენიანმა ბიზნესმენმა მოაგვარა.
ვეიმინგის სასტუმრო აპარტამენტიდან გასვლის შემდეგ რამდენიმე საათში ოზ თურქის დაცვა და კრისტინა ბავშვებთან მივიდნენ და წაიყვანეს როგორც კონგის შვილები, ასევე ყველა დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა, რომ ჩინელი ქალი 6 ბავშვის დედაა.
"გალიფი არ არის ნორმალური. მას დიდი გავლენების აქვს და შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოინდომებს. როცა ეს გავაანალიზე, მე ვეუბნებოდი ძიძებს, რომ მისთვის კარი არ გაეღოთ. თუმცა მათ მაინც მოახერხეს ჩემს სახლში შესვლა, წაიყვანეს ყველა ბავშვი და ყველა დოკუმენტაცია წაიღეს. მე არ შემიძლია საქართველოში შემოსვლა, არც ერთი საზღვრიდან არ მიშვებენ, თუმცა ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს გალიფის და იმ რუსი ქალის ნამდვილი სახე. ყველა ბავშვი სხვადასხვა ქალის შვილია, არც ერთი არ არის იმ რუსის", - ამბობს ვეიმინგ კონგი.
მის საუბარს ადასტურებენ ძიძები, რომლებიც ჩინელ ქალს 6 ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდნენ, თუმცა, როგორც კი ვეიმინგმა საზღვარი გადაკვეთა, ხუთივე ძიძა გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ყოფილი ძიძები ჰყვებიან, რომ ისინი ბავშვებს ქართულად ესაუბრებოდნენ, თუმცა ამჟამად ბიზნესმენთან მომუშავე ყველა ძიძას აკრძალული აქვს ქართულად ლაპარაკი, ისინი მხოლოდ რუსულ ენაზე საუბრობენ.
ერთ-ერთი ყოფილი ძიძის თქმით, როცა ვეიმინგის ბინიდან ბავშვების წასაყვანად დაცვასთან ერთად კრისტინა მივიდა, როგორც ვეიმინგმა დაარიგა ძიძები, კარს არ უღებდნენ, თუმცა დაემუქრნენ, რომ პრობლემა შეექმნებოდა ყველას და ამიტომ იძულებულები გახდნენ, კარი გაეღოთ.
როგორც სოციალურ ქსელში ჩანს, გალიფ და კრისტინას 15 მარტამდე მხოლოდ 10 შვილი ჰყავდათ, თუმცა ცოტა ხანში 3 კიდევ შეემატათ, რომელიც ჩინელ ქალს ეკუთვნის. თუმცა მისთვის გაუგებარია, სად წაიყვანეს დანარჩენი სამი ბავშვი.
როგორც ძიძები ამბობენ, თურქი ბიზნესმენის სასტუმროში სხვადასხვა სახლში არა 14, არამედ 21 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგანაც ბიჭებს მამის სახელი ჰქვიათ - გალიფი, გოგონებს კი გალიფის დედის - ფატიმე.
"უნდოდა, როგორც იმპერია, ისე გაეკეთებინა საქართველოში", - ამბობს ბავშვების ყოფილი ძიძა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>