"საჭირო არ გამხდარა, რომ ერთმანეთისთვის "მიყვარხარ" გვეთქვა, - ყველაფერი ნათელი იყო"
მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი ახლახან შეუღლდნენ. გოჩამ ნუკა პირველად ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" შენიშნა და დანახვისთანავე მაგნიტივით მიიზიდა, თუმცა კარგა ხნის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონიათ - უბრალოდ, სოციალურ ქსელში ერთმანეთი მეგობრების სიაში ჰყავდათ, სანამ გოჩამ გამბედაობა არ მოიკრიბა და ნუკას მესიჯი არ მისწერა... რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისთანავე, აეროპორტში მან ნუკას ხელი სთხოვა...
გადავწყვიტეთ, უსაზღვროდ შეყვარებული წყვილისთვის გამოცდა მოგვეწყო - გაგვერკვია, ერთმანეთს კარგად იცნობენ თუ არა: მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...
- სოციალურ ქსელში პირველად რა მოგწერა მან? თავად რა მისწერე?
ნუკა:
- ამას რა დამავიწყებს?! პირველი, რაც მომწერა და რამაც გამაღიზიანა, ეს ტექსტი იყო: პირსინგების გარეშე უფრო კარგად გამოიყურებიო. ვუპასუხე - ეს ჩემია. შენ რა გინდა? მიყურე, მიყურე, ვერ მოითმინე და მომწერე-მეთქი (იცინის)?..
გოჩა:
- დაახლოებით ასეთი ტექსტი მივწერე: ლამაზი გოგო ხარ, გაკვირდები. უბრალოდ, პირსინგები რომ მოიხსნა, უკეთესი იქნები-მეთქი. ზრდილობიანად, მეგობრულად, უცბად ამიხსნა, პირსინგების მიღმა როგორი ადამიანი იმალება...
- როდის, როგორ გამოგიტყდა სიყვარულში? თავად როდის გამოუტყდი?
ნუკა:
- ადამიანები ერთმანეთთან "70 საათი" რომ ლაპარაკობთ, ხვდები, რომ ეს უბრალოდ მოკითხვა არაა. სულელი ბავშვები ხომ არ ვართ? გამოტყდომა და მსგავსი რაღაცები არ გვქონია.
გოჩა:
- ყოველდღე ყველანაირ თემაზე ვსაუბრობდით: ჯერ 5 საათის განმავლობაში, შემდეგ - 7, 8... სიტუაცია 24/7-ზე საუბრის სახეს რომ იღებს, უკვე ყველაფერი ნათქვამია. ჩემი აზრით, "სიყვარული" უბრალო სიტყვაა იმ გრძნობასთან შედარებით, რასაც 2 შეყვარებული ადამიანი ერთმანეთის მიმართ გრძნობს. ნუკაც ასე ფიქრობს. საჭირო არ გამხდარა, რომ ერთმანეთისთვის "მიყვარხარ" გვეთქვა, - ყველაფერი ნათელი იყო.
- როცა პირადად შეხვდით ერთმანეთს, როგორ გამოიყურებოდა ის? შენ?
ნუკა:
- კრემისფერი "პლაშჩი", შავი შარვალი და მგონი, თეთრი ბოტასი ეცვა. კისერზე ყურსასმენები ეკეთა, თავზე - სათვალე. თმა შეკრული ჰქონდა, მაგრამ ცოტათი გაბურძგნილი იყო (იღიმის)... მე ჯინსის ქურთუკი მეცვა, ყვითელი კაპიუშონით და ყვითელი წარწერებით. წარწერებიანი, კრემისფერი ზურგჩანთა მეკეთა. ასევე, ღია ფერის ჯინსის შარვალი, "ტიგროვი" ბოტასები და შავი ზედატანი მეცვა. თმა გადაწეული მქონდა და პირბადე მეკეთა.
გოჩა:
- მაგას რა დამავიწყებს?! ჯინსის ქურთუკი ეცვა, რომელსაც ქუდი ჰქონდა - ჰუდი იყო, შესაკრავებით... ასევე, შავი ჯემპრი, შავი ფეხსაცმელები და ღია ცისფერი ჯინსის შარვალი ეცვა. მგონი, წელზე კიდევ რაღაც ჰქონდა მოხვეული. პირბადე ეკეთა, რომელიც კარგა ხანს არ მოიხსნა... მე ზოლიანი ზედატანი, კრემისფერი პალტო და თეთრი კეტასები მეცვა.
- ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?
ნუკა:
- არ ვკამათობთ, არ გვიკამათია...
გოჩა:
- არ ვკამათობთ საერთოდ. შეიძლება გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით მე ან ნუკას მცდარი მოსაზრება გვქონდეს. ერთმანეთს ვუსმენთ. რომლის მოსაზრებაც უფრო ჭკვიანურია, იმაზე ვთანხმდებით.
- ყველაზე ხშირად რის გამო წუწუნებს? შენ რის გამო წუწუნებ?
ნუკა:
- მე სულ წონაზე ვწუწუნებ ხოლმე, ის კი - იმაზე, რომ კარგი მზარეული ვარ, გემრიელ კერძებს ვამზადებ, თავს ვერ იკავებს და ბევრს ჭამს (იცინის).
გოჩა:
- რაც საქართველოში ჩამოვედი, წონასა და ჭამაზე ვწუწუნებთ. რავი, იქნებ დავაბა ან რამე ვიღონო, რომ საჭმელი აღარ მომიმზადოს?! წონაშიც დავიკლებდი... არ მინდა, პუტკუნა ვიყო (იცინის).
- ნუკა, შენი მეორე ნახევარი შენმა შვილებმა როგორ მიიღეს?
ნუკა:
- საქართველოში ჩამოსვლამდე ვიდეოზარით საუბრისას "მამას" ეძახდნენ. დღემდე ისეთი ურთიერთობა აქვთ, რომ ბავშვები მე აღარ მკოცნიან და მეფერებიან იმდენს, რამდენსაც მას. რაღაც, ეს არ მომწონს: მე ხომ ეგოისტი დედისერთა ვარ, არა (იცინის)? ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
გოჩა:
- ნუკას შვილებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მანამდეც ვიდეოზარით საუბრისას მათგან ისეთ გულთბილ დამოკიდებულებას, ენერგიას ვიღებდი, რომ მინდოდა, ტელეფონში შევმძვრალიყავი (იცინის). საქართველოში რომ ჩამოვედი, ბავშვები ფეხშიშველები გამოცვივდნენ და ჩამეხუტნენ. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს 24 წლის განმავლობაში შვილები ნანახი არ მყავდა, ეიფორიაში ვიყავი...
- შენამდე რამდენი სერიოზული ურთიერთობა ჰქონია მას? შენ?
ნუკა:
- მას - არც ერთი. მის ახლობლებს დღემდე უკვირთ, რომ ცოლად მომიყვანა (იცინის). ჩემთვის ყველაზე სერიოზული ეს ურთიერთობაა: მივხვდი, რომ თურმე წინათ არასოდეს მყვარებია, - როცა მეგონა, მიყვარდა, თურმე ამ გრძნობასთან შედარებით, რასაც ახლა განვიცდი, ის ყველაფერი უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდები, სწავლებები იყო, რა...
გოჩა:
- სერიოზული ურთიერთობები არ მქონია. ვფიქრობდი, სიყვარული არ არსებობს-მეთქი, მაგრამ - როგორ არ არსებობს?! სიყვარული შემომეპარა... ნუკას რაც შეეხება, არ მინდა, ამბიციური ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ვიცი, რომ მას ასეთი ურთიერთობა, როგორიც ჩემთან აქვს, არ ჰქონია. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ნუკას ჩემ მიმართ ამხელა გრძნობა აქვს. მადლობა სამყაროს!..
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>