ევროპაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ქორწინების ახალ ფორმატს - „ცხოვრება ერთად და, ამავდროულად, ცალ-ცალკე“. ასეთი კავშირის დროს, ცოლ-ქმარი მხოლოდ ერთმანეთისთვის მოსახერხებელ დროს ხვდება და საერთო შვილზე პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებს. ამ გამოცდილების შესახებ ჰოლანდიაში მცხოვრები ანნა ხმამაღლა საუბრობს. ანნა პროფესიით მასწავლებელია და, უკვე 11 წელია, რაც სკოლაში მუშაობს. მისი დედა კინოს რეჟისორია, მამა კი მხატვარი. ანნა, პედაგოგობასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლოგერიცაა ჰოლანდიაში. მან ცოტა ხსნის წინ „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ იდეალური სიყვარულის ფორმულა იპოვა. ამ პოსტმა ანნას გამომწერების მხრიდან უდიდესი გამოხმაურება და აღფრთოვანება გამოიწვია.
შენთან, მაგრამ შენ გარეშე
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ოჯახი ქორწინებიდან ძალიან მალე ინგრევა. ამას ემატება პანდემიის ეფექტიც და ეს მონაცემები ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, ქორწინების ტრადიციულ მეთოდს სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ირჩევს.
ანნა უკვე ექვსი წელია, რაც დაქორწინებულია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს და ახლა მეორეს ელოდება, თუმცა ანნასა და მის მეუღლეს საერთო საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ და არც არასდროს ჰქონიათ. ამ ოჯახის ცხოვრება ასეა ორგანიზებული: ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ანნას მეუღლე სამსახურის შემდეგ მიდის სახლში, იღებს შხაპს, ისვენებს, ავტომობილს ველოსიპედით ანაცვლებს და მიდის ანნასთან. პარასკევიდან კვირამდე კი მას ბავშვი საკუთარ სახლში მიჰყავს. ანნა და მისი ქმარი, როგორც წესი, შვებულების ნახევარს ერთად, მეორე ნახევარს კი ცალ-ცალკე ატარებენ. მათ ქორწინება დარეგისტრირებული არ აქვთ და ანნა ბავშვის საარსებო წყაროს სახელმწიფოსგან იღებს. ეს პრაქტიკა ევროპაში უკვე დიდი ხანია, რაც დამკვიდრებული და მიღებულია.
„ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიან მამასთან. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, სამი ბავშვის ხმაურის, საშინაო დავალებებისა და გართობის ფონზე მუშაობა. ამიტომ ჩვენ საერთო საცხოვრებელზე არც კი გვიფიქრია, არც მაშინ, როცა ორსულად ვიყავი. მე ამსტერდამის უძველეს ნაწილში ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია. კარანტინის პერიოდში დროს, ძირითადად, ერთად ვატარებდით და მე ძალიან მაწუხებდა პირადი სივრცის ნაკლებობა. ახლა ყველაფერი მწყობრში ჩადგა, ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ერთად ვართ, შემდეგ კი ის თავის დროს შვილებს უთმობს. ჩემი სამუშაო შაბათ-კვირას განსაკუთრებით ბევრია, ამიტომ ორი სახლის ქონა დიდ კომფორტს მიქმნის“ - ამბობს ანნა.
სიყვარული სამუდამოდ?
როგორც აღმოჩდნა, Living Apart Together – თანაცხოვრების ასეთ მეთოდს ადამიანები განსაკუთრებით მას შემდეგ ირჩევენ, რაც წარსულ ურთიერთობებში წარუმატებლობას იწვნევენ. ანნა თვლის, რომ ასე ყველაფერი გაცილებით უფრო რომანტიკული ხდება.
„მას შემდეგ, რაც პირველ მეუღლეს გავშორდი, მე არ ვარ მზად, ჩემს სახლში კიდევ ერთი კაცი ცხოვრობდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩემი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პირადი სივრცეა. დიდი ფუფუნებაა, როცა შეგიძლია, საღამო მარტომ გაატარო და არავის მიმართ არ გრძნობდე პასუხისმგებლობას“ - ამბობს ანნა.
ასეთი მიდგომის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ სხვადასხვა სახლში მცხოვრები ცოლ-ქმრისთვის ერთგულებისა და სიყვარულის შენარჩუნება რთულია. ამ მოსაზრებას ანნა კატეგორიულად არ ეთანხმება: „არასდროს გამიხედავს სხვა მამაკაცისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაქორწინებულებიც კი არ ვართ. მე ის მიყვარს, პატივს ვცემ და მგონია, რომ ეს გრძნობა სამუდამოდ გაგრძელდება“ -აღნიშნავს ანნა.
ბევრი ქალი მამაკაცს საკუთარ დამცველად და უსაფრთხოების გარანტად აღიქვამს. ასეთ ურთიერთობებს ეს შეგრძნება თან არ ახლავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდიაში ქალები ამის საჭიროებას არც გრძნობენ: „მე არ მჭირდება მამაკაცი იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო. თუ ოდესმე დახმარება დამჭირდება, პირველ რიგში, სახელმწიფოს იმედი მაქვს. ყველა ჩვენი დაქორწინებული მეგობარი ამბობს, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება სრულყოფილი და იდეალურია.“
„ურთიერთობაში, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს“ - ამბობს ბესტსელერის „ბედნიერი ურთიერთობა“ ავტორი, ბრიტანელი ფქისოტერაპევტი ლუსი ბესერფორდი. მისი განმარტებით, ქორწინების ასეთი მეთოდი ინდივიდუალიზმისა და დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს. თუკი პარტნიორები მზად არიან ამგვარი თანაცხოვრებისთვის და გააზრებული აქვთ, რას ნიშნავს „შენთან, მაგრამ შენ გარეშე“, ქორწინება აუცილებლად იქნება წარმატებული და ბედნიერი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>