ერთი დედა საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მკითხველს, თუ რატომ სძინავს მის შვილს კვლავ მშობლების საწოლში. აქვე, პედიატრის რჩევებსაც გთავაზობთ:
"ჩემი შვილი თითქმის ოთხი წლისაა და ჯერ კიდევ ჩვენს საწოლში სძინავს. ნუ იჩქარებთ ჩემ ჩაქოლვას! "ერთად გძინავთ?" - ეს ფრაზა ხშირად მომისმენია მეგობრებისა თუ ნათესავებისგან. მე ბავშვთან ერთად დაძინებას პოპულარიზაციას არ ვუწევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ოჯახი ისე იქცევა, როგორც თავად აწყობს და თავს კომფორტულად გრძნობს. მე და ჩემს მეუღლეს ის ფაქტი, რომ ბავშვი ჩვენს საწოლშია, ხელს არაფერში გვიშლის, პირიქით, დადებითი ემოციები მოაქვს. ხოლო მათ, ვინც თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და ენასაც ვერ აჩერებს, ვეუბნები: "ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა". მინდა, საკუთარი ისტორია გაგიზიაროთ, შვილთან ერთად დაძინებამ როგორ გააუმჯობესა ჩემი ჯანმრთელობა, ბავშვის სიმშვიდე და ოჯახური ცხოვრება.
ვიდრე ჩემი შვილი დაიბადებოდა, ვფიქრობდი, რომ ის საკუთარ საწოლში დაიძინებდა, მე კი ჩემს ქმართან ერთად. თუმცა ჩემმა ვაჟმა უარი თქვა ძალიან კარგი ხარისხის საწოლზე, ულამაზეს თეთრეულზე და მთელი ღამე ტიროდა. მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როცა ხელში ამყავდა. ასე ორი კვირა გაგრძელდა და მეც და ჩემს ქმარსაც ყველანაირი ენერგია წაგვართვა. ჩახუტების სურვილიც კი აღარ გვქონდა. მეუღლემ შემომთავაზა, რომ ბავშვი ჩვენს საწოლში გადაგვეყვანა. პირველი ღამე იყო, როცა მას 8 საათი ეძინა და ჩემს მეუღლეს სამსახურშიც
კი არ დაგვიანებია. ღამის ტირილები შეწყდა. დილით როგორც კი გაიღვიძა, მაშინვე ძუძუს ჭამა დაიწყო და მეც უფრო დიდხანს მეძინა. ლაქტაციაც ძალიან სწრაფად გამიუმჯობესდა, დამიბრუნდა ძალა და ღიმილი. მას შემდეგ ასე გვძინავს, სამივეს ერთად და არც ერთხელ მინანია.
დედის ჯანსაღი ძილი
დამერწმუნეთ, ამ პუნქტზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. როგორც უნდა გიყვარდეთ თქვენი შვილი, ქმარი, არავისთვის არ გექნებათ საკმარისი ძალა და ენერგია, თუ დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 საათს დაიძინებთ. სამწუხაროდ, ამას ბევრი ქალი აკეთებს. ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ამ რეჟიმში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ დედებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ჩემთვის ნორმალური ძილი მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ბავშვი ჩვენს საწოლში გადავიყვანე. ემოციურ კავშირსაც ვგრძნობ მასთან, უფრო დიდხანს ვსეირნობთ და არც ჩემი ქმარი ბრუნდება სახლში წაშლილი სახით.
პედიატრის პასუხი
რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც ბავშვისთვის, ისე დედისა და მამისთვის. ერთმნიშვნელოვანი პასუხი, კარგია თუ არა მშობლისა და შვილის ერთად ძილი, არ არსებობს. არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დაბადებიდან ცალკე სძინავთ და არც ძუძუ სჭირდებათ ამისთვის და არც საწოვარა. თუმცა, პირიქითაც არსებობენ. თუ ერთად დაძინებით ოჯახის წევრები სიმშვიდეს იპოვიან, ეს შესანიშნავი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მშვიდი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალშობილებს სამ თვემდე, დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 14-17 საათი უნდა ეძინოთ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს - 12-15 საათი, ხოლო ერთი წლიდან ორ წლამდე - 11-14 საათი.