38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ დღეს ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.
ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. ის ხშირად აქვეყნებს როგორც ოჯახურ, ისე პირად ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ხშირად უზიარებს.
ამჯერად ლელა მებურიშვილმა თმისა და სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე ჟურნალ „ნარგისთან“ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა უკვე დიდი ხანია, რაც ყოველდღიურ მაკიაჟზე უარი თქვა, გრიმის გაკეთება სპექტაკლებისა და გადაღებების წინ მაინც უწევს: „როცა გადაღება მაქვს, ან სპექტაკლი, თითქმის ყოველთვის თვითონ ვიკეთებ მაკიაჟს. თავიდან ბოლომდე ვასრულებ წესებს. ვიყენებ დამცავ ბაზას, რომ კოსმეტიკა კარგად დაჯდეს სახეზე. ამას მოჰყვება ტონალური, პუდრი, თვალის ჩრდილები, ტუში და ტუჩსაცხი. თავიდანვე შევეცადე, მესწავლა მაკიაჟის გაკეთება” - აღნიშნავს ის.
ლელა მებურიშვილი ქალებს ურჩევს, ზუსტად გაიგონ, რა ტიპის კანი აქვთ და შესაბამისად მოუარონ მას. თავად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახის საფუძვლიანად გასუფთავებასა და დატენიანებას. ასევე, როგორც თავად განმარტავს, ყოველთვის იყენებს მზისგან დამცავს: „პროცედურებს დადებითად ვუყურებ, თუკი კარგი სპეციალისტი გააკეთებს მათ... გამიკეთებია ინიექციური და აპარატურული პროცედურები, ბიორევიტალიზაციასაც მივმართავ, თუმცა ხშირად არა. ვფიქრობ, ეს პროცედურები ძალიან კარგად უწყობს ხელს დაბერების პროცესის შენელებას” - ამბობს ლელა.
„ნარგისთან“ ინტერვიუში ლელა მებურიშვილმა ცხოვრების წესსა და სტილზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ უპირატესობას ჯანსაღ და გემრიელ საკვებს ანიჭებს, თუმცა ვარჯიში მისთვის კომფორტსა და სიამოვნებასთან არ ასოცირდება. რაც შეეხება მის ჩაცმულობას, როგორც თავად აღნიშნავს, უყვარს კლასიკური სტილი, მაღალწელიანი შარვლები, პიჯაკები. მის გარდერობში კი უფრო მეტად თეთრი ფერი ჭარბობს: „ძალიან მომწონს სხვადასხვა სტილი, თუმცა ვხვდები, რომ ვიღაცის მსგავსად ჩაცმას ვერ ვახერხებ. მე მაინც ჩემს გემოვნებაზე ვარ დამოკიდებული. ალბათ, ვერც მოდას მივყვები. შეიძლება, რაღაც მოდურია, ყველას აცვია, მაგრამ მე ვერ ვირგებ, ან არ ვირგებ. რაც მსიამოვნებს, ყოველთვის იმას ვიცვამ” - აღნიშნავს მსახიობი.