რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია აქტუალობას წლების განმავლობაში არ კარგავს. ის, გარდა ჩვენი ქვეყნისა, პოპულარობით სარგებლობს რუსეთშიც და რუსული მედია ხშირად ინტერესდება როგორც მისი კარიერით, ისე პირადი ცხოვრებით.
PeopleTalk-თან საუბრისას ქეთა თოფურია არაერთ საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის, საკუთარი ცხოვრების, მუსიკალური ბენდისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა:
- რა არის A’STUDIO-ს წარმატების ფორმულა?
- A’STUDIO-ში 16 წლის წინ მოვედი და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ წარმატების საიდუმლო არ გვაქვს. ვცდილობთ, ვიყოთ ორიგინალურები, ვატარებთ ექსპერიმენტებს და ვეძებთ შუალედს, რომ ჩვენი მუსიკა მსმენელისთვის მოსაწონი იყოს.
- როგორი გრძნობაა, როცა ბენდში ერთადერთი გოგო ხართ?
- მე კონფლიქტური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ხასიათით ლიდერი ვარ და არ მიყვარს უსამართლობა. ჩვენ ბენდში ერთგვარი ბალანსი გვაქვს, ვერიდებით ინტრიგებს და ყველაფერი მშვიდადაა.
- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს ცხოვრებაში?
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაშიც იგივე ვარ, რაც სცენაზე, თუმცა არაერთხელ გამიგია, რომ მე უხეშ, ზოგჯერ უცნაურ და პირდაპირ ადამიანად მახასიათებენ. „არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ თქვენგან“ - ასეც მეუბნებიან. ვფიქრობ, რომ კარგია, როცა საკუთარი აზრი გაქვს, მაგრამ მე თვითონ ვცდილობ, ყოველთვის მივაქციო ყურადღება, რას ამბობენ სხვები.
- რა არის ის ძირითადი თვისებები, რასაც ადამიანში აფასებთ?
- გულწრფელობა, ერთგულება, თვითმყოფადობა.
- თქვენი საქმიანობა თქვენთვის ნიშნავს...
- ჩემს მთელ ცხოვრებას, რომელიც შთამაგონებს და არ მაძლევს გაჩერების უფლებას. პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ მუშაობა და მიზნის ქონა ჩემთვის უმთავრესია.
- ოჯახისა და შვილების პარალელურად, მუდმივად რაღაცას აკეთებთ...
- ყოველთვის მინდა, რაღაც ახალი ვაკეთო. ტანსაცმლის ბრენდიც სწორედ ამიტომ შევქმენი, მაგრამ არასდროს მქონია პრეტენზია, რომ საუკეთესო ვარ. მე ვქმნი იმას, რაც თავად მაცვია და, საერთოდ, არ მიყვარს იმის კეთება, რაც კარგად არ გამომდის.
- მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ...
- კლასიკური მუსიკის შექმნა. ეს ძალიან რთულია, სჭირდება ბევრი მეცადინეობა და სწავლა. რუსეთში ამისთვის კარგი სკოლებია, ვნახოთ...
- თქვენი ოჯახი თქვენთვის შთაგონებაა?
- მე კარიერაშიც იმაზე ვარ დამოკიდებული, რაც პირად ფრონტზე ხდება. არიან ადამიანები, რომლებიც პირად ცხოვრებაში პრობლემების გაჩენისას საქმეზე კონცენტრირდებიან. მე ასე არ შემიძლია, პირიქით. როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, საქმესაც მაშინ ვაკეთებ კარგად.
- როგორ ახერხებთ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსებას?
- როცა კარიერას ვიწყებდი, მაშინ ოჯახი არ მყავდა და თავისუფალი ვიყავი, შეიძლება ითქვას, თვითმფრინავში ვცხოვრობდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა - გასტროლებს, ძირითადად, შაბათ-კვირას ვგეგმავ და თუ ვიცი, რომ დილით გასასვლელი ვარ, 2 საათით ადრე ვდგები, რომ ბავშვებთან დროის გატარება მოვასწრო.
- შვილებს თქვენი ინტუიციით ზრდით თუ საზოგადოებაში არსებული წესებით?
- არ ვარ მშობელი, რომელიც ბავშვებს აიძულებს, რასაც მე ვიტყვი, ის გააკეთონ. არ მგონია, რომ შეიძლება ბავშვების აღზრდის კონკრეტული წესები არსებობდეს. ჩემი უფროსი ქალიშვილი ექვსი წლისაა და უკვე საკუთარი ხასიათი აქვს. როცა იტყვის, რომ რაღაც უნდა, ვერავინ ბედავს შეწინააღმდეგებას. ჩემთვის მთავარია, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემს შვილებს ვაჩვენო საუკეთესო მაგალითი, მე უნდა ვიყო ის, ვინც მინდა, რომ ჩემი შვილი გახდეს.
- როგორ დაიწყო თქვენი და ლევ დენგოვის ისტორია? როგორ მიხვდით, რომ ის „ის“ იყო?
- ლევი შემთხვევით გავიცანი, როცა მის დაბადების დღეზე მიგვიწვიეს. შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა ვიდეოზარებით. ჩვენ არ ვიყავით პატარები, ორივეს გვქონდა წარსულში გამოცდილება და ქორწინება. როცა ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს ვუზიარებდით, მივხვდით, რომ ბევრი საერთო გვქონდა. ლევი არის კაცი, რომელსაც ბოლომდე შემიძლია ვენდო. რასაც ამბობს, ყოველთვის ასრულებს.
- რას ფიქრობთ თანამედროვე არტისტებზე - ბლოგერებსა და სწრაფად მოსულ წარმატებაზე?
- ხალხს მოსწონს ისინი, თუმცა ჩემი კოლეგები ხშირად ბრაზდებიან, როცა ჩვენ უამრავი დრო და ენერგია დავხარჯეთ, ვისწავლეთ, ვცადეთ, ვიწვალეთ და ახლა სცენაზე გვერდით ამაყად გვიდგას ადამიანი, რომელსაც არანაირი მუსიკალური განათლება და გემოვნება არ აქვს. მიუხედავად ამისა, მე მათ აგრესიით არ ვეკიდები. უბრალოდ უნდა მივიღოთ ისინი.