იმ ღამეს მამიდა ჩემთან დაწვა. ლამის შემოგვათენდა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, თან ვტიროდი. ამდენი მაშინაც არ მიტირია, გოლასგან რომ წამოვედი.
ბოლოს, როცა გული მოვიოხე, ცოტათი მომეშვა.
_ შენ კარგად იცი, რომ გოლას ვერასდროს ვიტანდი, _ თქვა მამიდამ, _ სანამ მასთან ცხოვრობდი, სულ ერთხელ გნახე. არც შენ მოდიოდა ჩვენთან, სულ იმის შიში გქონდა, ვაითუ, შინ არ დავხვდე, როცა დაბრუნდებაო. ის კი, კაცმა არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა. მის გარდა ქვეყანაზე არავინ გახსოვდა. კოკი საერთოდ არ ჰგავს მას. შენც ხომ იცი, რომ ასეა? დარწმუნებული ვარ, გულს არასდროს გატკენს. აი, მჯერა ამის და მომკალი თუ გინდა.
_ ვიცი, _ ამოოხვრით მივუგე, _ მაგრამ ისე მეშინია გათხოვების, რომ გარისკვის მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ სულ მინდა, ავკრიფო მისი ნომერი, დავურეკო და ვუთხრა, როგორ მიყვარხარ-მეთქი, მაინც რაღაც მაჩერებს.
_ იქნებ დაქორწინების გარეშე გეცხოვრათ ცოტა ხანს? ახლა ეს ხომ იცი, არავის უკვირს. თანაც, ერთხელ უკვე…
_ და ამას მეუბნები შენ, ტრადიციების ყველაზე თავგამოდებული დამცველი? _ ღიმილი მომერია, _ საქმე დაქორწინებას ან დაუქორწინებლობას არ ეხება, ლუი. უბრალოდ, მან არ უნდა გაიგოს, რამდენად ძლიერად მიყვარს. მართალი ხარ, იგი საერთოდ არ ჰგავს გოლას, მაგრამ მეშინია. როცა გაიგებს, როგორ მიყვარს, ვაითუ, შეიცვალოს. ოჰ, არ ვიცი, რა ვთქვა. ვიცი მხოლოდ ის, რომ საშინლად შეშინებული ვარ.
_ ეს გაშინებს და მარტოობა არა? _ ხმადაბლა მკითხა, _ არ მიპასუხო, უბრალოდ, დაფიქრდი ამაზე.
დავფიქრდი. ვფიქრობდი მთელი ღამე, მეორე დღე, ვფიქრობდი გზაში, როცა ლუისგან წამოვედი, სახლშიც, სამსახურშიც, დღეც და ღამეც. ვფიქრობდი მაშინაც, ვანდიმ რომ გამკიცხა. მაშინაც, როცა თავსხმა წვიმაში ფრთამოტეხილი ჩიტივით მივლასლასებდი სამსახურიდან სახლში უმანქანოდ, უქოლგოდ, უქუდოდ…
და აი, როგორც იქნა, დავიდა ჩემამდე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საბედისწერო შეცდომა დავუშვი, რომ საკუთარი ხელით მოვისპე ბედნიერება.
იმან, რაც ჩავიდინე, გოლასგან მოყენებული ტკივილიც კი გადაფარა. გავაგდე ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. გოლა ხომ დიდი ხანია, წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი გულიდან, ჩემი სამყაროდან. რატომ უნდა გავამწარებინო ძველ ტკივილს ჩემი მომავალი?
მამიდა მართალი იყო. კოკი საერთოდ არ ჰგავდა გოლას. ის სულ სხვანაირი იყო _ გულწრფელი, პირდაპირი… ჩემს ყოფილს ამ თვისებების ნატამალიც კი არ გააჩნდა. იგი არარაობა იყო, არარაობა მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცის ნიღბით. და ამისთანა არარაობას სურდა დავერწმუნებინე, რომ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ შიში და ძალადობაა.
საწოლში წამოვჯექი და ბრა ავანთე. რა სულელი ვყოფილვარ! ეს რა ჩავიდინე!
ღამის პერანგზე ხალათი მოვისხი და ყავის მოსადუღებლად სამზარეულოს მივაშურე. რატომ არ მეყო სიმამაცე, მეთქვა, მიყვარხარ-მეთქი? ერთხელაც არ დამირეკა და არც ვამტყუნებ. დაიღალა. ჩემი მერყეობით დაიღალა. რაღა მეშველება აწი? როგორ გავძლებ მის გარეშე?
იმის გაფიქრებაც კი, რომ ჩემ მაგივრად სხვა ქალებს შეხვდებოდა, თავზარს მცემდა. თავზარს მცემდა თუნდაც ის, რომ იგი სხვას შეირთავდა, ის სხვა გაუჩენდა შვილებს და სამაგალითო ცოლობას გაუწევდა.
გამწარებულმა ამოვიკვნესე და თავი ხელებში ჩავრგე.
ყველაზე მეტად ამქვეყნად მის გვერდით ყოფნა მინდოდა. ახლა რა გავაკეთო? ისე ცუდად დავშორდი, რომ არ არის გამორიცხული, სამუდამოდ აიცრუოს გული ჩემზე. ქაფქაფა ყავა მოვსვი. ტუჩები დამეწვა.
არა, ასე მალე ვერ დამივიწყებს. თუ მართლა ვუყვარვარ, ისეთი უნდა ვუყვარდე, როგორიც ვარ _ ყველა ჩემი პრობლემით და ნაკლოვანებით. ის ასეთია, ის არ ჰგავს იმ მამაკაცებს, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია. უნდა ვენდო, სხვანაირად მასთან კი არა, საერთოდ არ მექნება მომავალი. არადა, როგორ მინდა მის გვერდით ყოფნა… მთელი ცხოვრება.
ახლაღა შევამჩნიე, რომ ოთახში წინ და უკან დავდიოდი, თითქოს ნაბიჯებით სამზარეულოს ვზომავდი. შევჩერდი. სხეული ერთიანად მქონდა დაჭიმული.
კვლავ ლოგინში შევწექი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. პარასკევი თენდება. ნეტავ რომელ საათზე უნდა ჩამოფრინდეს? როგორც კი გათენდება, დავრეკავ გედისთან და გავიგებ, მერე კი გავიქცევი და დავხვდები. ამ გადაწყვეტილებამ ოდნავ დამამშვიდა. ახლა მხოლოდ ის მინდოდა, რაც შეიძლება, მალე გათენებულიყო.
ეს ღამე ყველაზე გრძელი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში…
გათენებულიც არ იყო, რომ ავდექი. ვიბანავე, თმა ფენით დავივარცხნე და როცა საბოლოოდ მოვიწესრიგე თავი, ვანდის დავურეკე, დღეს შეიძლება ვერ მოვიდე სამსახურში და მამაშენთან საქმე როგორმე მომიგვარე-მეთქი. თან ჩქარ-ჩქარა ავუხსენი, რაც მქონდა ჩაფიქრებული, მერე კი გედის ნომერი ავკრიფე.
მივხვდი, რომ ზედმეტად ადრე მომივიდა, მამაკაცს ნამძინარევი ხმა ჰქონდა.
_ ბატონო გედი, დილა მშვიდობისა, _ შეცბუნებული მივესალმე.
_ ბარბარე, თქვენ ხართ? ხომ მშვიდობაა?
_ დიახ, დიახ, ბოდიშს გიხდით, ასე ადრე რომ გაწუხებთ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. შემეშინდა, არ დამაგვიანდეს-მეთქი. ხომ არ იცით, კოკი რომელ საათზე უნდა ჩამოფრინდეს?
_ კოკი? _ ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ვერ გაიხსენა, ვისზე ველაპარაკებოდი, _ ა, კი, როგორ არა, ექვს საათზე, საღამოს ექვს საათზე, ოღონდ დღეს არა, ხვალ საღამოს.
_ ხვალ საღამოს? მე როგორც ვიცი, დღეს…
_ ჰო, ეგრე გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მთელი რიგი პრობლემები შეხვდა. ლექსოს სიარული ჯერ არ შეუძლია, რადგან დაცემისას მუხლი მოიტეხა, ამიტომ ინვალიდის ეტლის ყიდვა გახდა საჭირო, ამან საქმე გააჭიანურა. თუმცა, უკვე მოაგვარა ეს საკითხი და ამაღამ წამოვლენ. ხვალ აქ იქნებიან.
_ კი მაგრამ, ინსულტგადატანილი ადამიანის ამხელა გზაზე მგზავრობა შეიძლება? _ შევშფოთდი.
_ ინსულტი არა, მიკროინფარქტი ყოფილა, ამიტომ საშიში არაფერია. მეც არ მინდოდა ჯერ წამოსულიყო, მაგრამ ხომ იცი, ახლახან დაქორწინდა და მისი მეუღლე გიჟს ჰგავს, ისტერიკაშია, ან წამიყვანეთ, ან ჩამომიყვანეთო, _ ტელეფონში მამაკაცის ხრინწიანი სიცილი გაისმა.
_ თქვენ აპირებთ აეროპორტში დახვედრას? _ მორიდებით ვკითხე. ცოტა არ იყოს, მეუხერხულებოდა აეროპორტში მარტოს მისვლა, რადგან მათ ლექსოს ოჯახის წევრებიც დახვდებოდნენ. უფრო კი იმის მეშინოდა, როგორ შეხვდებოდა კოკი ჩემს გამოჩენას. თუ გედისთან ერთად ვიქნებოდი, სიტუაცია ცოტათი მაინც განიმუხტებოდა.
_ მე თბილისში არ ვარ, ქუთაისში ვარ, ბაბი, ზეგამდე ვერ ჩამოვალ.
_ გასაგებია… დიდი მადლობა, ბატონო კოკი.
_ არაფრის, ჩემო კარგო და ისა… ჩვენთან როდის გამოხვალთ? მინდა, ფირმის საქმეები გაგაცნოთ, საქმის კურსში ჩაგაყენოთ და შევუდგეთ თანამშრომლობას.
_ ორშაბათს დაგირეკავთ ამ საკითხზე, ბატონო გედი, და შეგხვდებით.
_ ძალიან კარგი. ორშაბათს ნამდვილად თბილისში ვიქნები.
ესეც ასე. რადგან დღეს არ მიწევს აეროპორტში გავარდნა, სამსახურში წავალ, ტყუილად რატომ გავაცდინო სამუშაო, როცა საქმე თავზე მაყრია? კვლავ შევეხმიანე ვანდის და ვუთხარი, ფრენა გადაიდო და აღარ მივდივარ აეროპორტში, სამსახურში გამოვალ-მეთქი.
ის იყო, სახლიდან უნდა გავსულიყავი, რომ უეცრად თავში ახალმა აზრმა გამირბინა. ისევ გედის დავურეკე.
_ ბატონო გედი, ბოდიში, კიდევ რომ გაწუხებთ… ხომ არ იცით, რა ნომერზე დავუკავშირდე კოკის? ეს შესაძლებელია?
_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, _ წაიბურტყუნა აშკარად უკმაყოფილომ იმით, რომ დილის ტკბილი ძილი დაუფრთხეს და მცირეოდენი პაუზის შემდეგ ნომრის კარნახს შეუდგა.
ნაჩქარევად ჩავიწერე ნომერი და ბატონ გედის, ვინ იცის, მერამდენედ მოვუხადე ბოდიში შექმნილი დისკომფორტისთვის…
ნაშუადღევს, როგორც კი შინ დავბრუნდი, ტელეფონი მოვიმარჯვე და გედის მოცემულ ნომერზე დარეკვა ვცადე. ეს იმ სასტუმროს ნომერი იყო, სადაც კოკი უნდა ყოფილიყო დაბინავებული.
არ ვიცი, ადმინისტრატორს ჩემი ინგლისური აქცენტი ეხამუშა თუ გამოუძინებელი იყო, მაგრამ ცოტა გაუძნელდა ჩემი თხოვნის შესრულება. რამდენჯერმე გამამეორებინა სახელი გვარი, ვისთან დაკავშირებასაც ვცდილობდი. ბოლოს, როგორც იქნა, სანუკვარი ხმაც გავიგონე.
_ ალო?
_ კოკი, შენ ხარ? ბაბი ვარ.
_ ბაბი?
მისი ხმის გაგონებამ სიხარულის ცრემლები მომგვარა. იმდენად ამიჩუყდა გული, რომ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.
_ ალო, ბაბი, აქ ხარ? _ ხმას აუწია.
_ ძალიან ვწუხვარ, რომ გული გატკინე. შეგიძლია მაპატიო?
_ ბაბი, ბაბი, არ მესმის შენი, ხომ კარგად ხარ?
_ შეგიძლია-მეთქი მაპატიო? _ ვიყვირე, _ ნამდვილი იდიოტი ვარ!
_ იდიოტი სულაც არ ხარ, _ მერე ხმა ისევ დაიკარგა, ტელეფონში შიშინი გაისმა და ბოლოს ნაწყვეტი სიტყვები გავიგონე, _ და ისეთი მამაცი, რომ ჩემზე უკეთ იცი…
_ ცუდად ისმის შენი ხმა.
_ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზი და მამაცი გოგო ხარ დედამიწის ზურგზე. მომისმინე… _ კვლავ გაქრა მისი ხმა, _ უკან… _ მხოლოდ ეს სიტყვა მოწვდა ჩემს სმენას.
_ კოკი, არ მესმის შენი. არ მესმის, რას მელაპარაკები, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ფრთხილად იყავი. თუ შეძლებ, ხვალ დამირეკე, თუ არადა, საღამოს აეროპორტში დაგხვდები. გესმის ჩემი?
მაგრამ მას არ ესმოდა. კავშირი უკვე გაწყდა.
ტელეფონი დივანზე მივაგდე, მეც ზედ გადავემხე და ავღრიალდი.
მეორე დღეს სამსახურში აღარ წავედი. მთელი დღე ტელევიზორთან გავატარე და საღამოს დადგომას მოუთმენლად ველოდებოდი, რომ აეროპორტში არ დამგვიანებოდა. ჩაცმულ-დახურული დივანზე ვიყავი წამოწოლილი და ადგილიდან არ ვინძრეოდი, ჭამაც კი არ გამხსენებია.
მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. ეკრანს რომ დავხედე, მივხვდი, უცხო ნომერი იყო და ტელეფონი ყურისკენ გავიქანე.
_ ბაბი? _ ეს კოკის ხმა იყო.
_ ღმერთო, რა კარგია, რომ დარეკვა მოახერხე. მაპატიე, მე ძალიან ვცდებოდი. ვხვდები, რომ შენთან ყოფნა მინდა, თუ არ გადაგიფიქრებია. გესმის ჩემი? _ მივაყარე და მივაყარე.
_ მესმის, საყვარელო.
საყვარელოო… მან პირველად მომიხსენია ასე. თვალებიდან კვლავ ცრემლები წამომივიდა, მაგრამ ამას ვეღარ ვამჩნევდი მისი ხმის გაგონებით დაბრმავებული.
_ კარგად ხარ? მოდიხარ დღეს?
_ კარგად ვარ, კარგად. აუცილებლად უნდა გამოვფრინდეთ დღეს, ლექსოც მომყავს. მართალია, საშინელი ქარიშხალია აქ, მაგრამ ფრენა არ გადაიდებაო, მითხრეს. იმედია, არ მატყუებენ.
_ ძალიან გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, ზედმეტად ნუ გარისკავ.
_ იცი, როგორ გამიხარდა, წუხელ რომ დამირეკე? _ ხმადაბლა, მგრძნობიარე ხმით მითხრა, მე კი ამ ხმამ ჩემი დამმართა.
_ მეც გამიხარდა შენთან დალაპარაკება.
_ მიყვარხარ, ბაბი.
_ მეც ძალიან მიყვარხარ და მინდა ეს იცოდე, _ და ისე შემრცხვა ამის თქმის, რომ სასწრაფოდ შევცვალე სასიყვარულო თემა, _ ლექსო როგორ გრძნობს თავს?
_ ძალიან სუსტად, მაგრამ ერთი სული აქვს, სახლში როდის დაბრუნდება. შენი ზარი კი ძალიან მჭირდებოდა და ამისთვის დიდი მადლობა.
_ ესე იგი, მაპატიე?
_ რა თქმა უნდა, ჩემო პატარავ.
ბედნიერებისგან გადავივსე.
_ კარგი, აბა, შენ იცი. მე აუცილებლად დაგხვდები აეროპორტში.
_ ძალიან გამახარებ, თუ ამას იზამ. მაშინ შეხვედრამდე, ჩემო დახატულო.
_ შეხვედრამდე.
ღმერთო, რამდენი რამის თქმა მინდოდა და ვეღარ ვუთხარი. თითქოს ენა დამებორკა. გავთიშე თუ არა ტელეფონი, გონებაში კიდევ კარგა ხანს ვატრიალებდი ჩვენს საუბარს. აუცილებლად უნდა ამეხსნა მისთვის, რა მაშინებდა ჩვენს ურთიერთობაში _ ეს იყო სიყვარული, რომლითაც ის მიყვარდა. მინდოდა მეთქვა, რომ შესანიშნავი ადამიანია, ყველაზე კარგი, ყველაზე მომხიბვლელი, მაგრამ…
რამდენიმე წუთს გაუნძრევლად ვიჯექი, დამშვიდებას ვცდილობდი. შემდეგ მამიდას დავურეკე და შთაბეჭდილებები გავუზიარე. ლუის ძალიან, ძალიან გაუხარდა, რომ საქმე ასე შემობრუნდა.
შემდეგ ისევ ტელევიზორის ეკრანს მივაშტერდი და ჩამთვლიმა…
_ ბაბი, რაღაც მგონია, რომ ეს დიდი შეცდომაა. ალბათ მოგეჩვენა. რა სისულელეა, იმ საუბრის შემდეგ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? _ ანერვიულებული მამიდა ჩემ გვერდით იჯდა და თმაზე ხელს მისვამდა, მე კი თვალცრემლიანი ვსლუკუნებდი.
არადა, ისეთი რამ მოხდა, რომ ჩემი ოცნების კოშკი ერთ წამში ხუხულასავით დაიშალა…
ხუთ საათზე უკვე აეროპორტში ვიყავი. მეშინოდა, არ დამგვიანებოდა, ამიტომ მანქანა დავქოქე და ადრევე გავედი.
ფოიეში შესულმა ვიკითხე, ზუსტად რომელ საათზე დაჯდებოდა ამერიკიდან მომავალი თვითმფრინავი. როგორც ყოველთვის, ექვს საათზე აქ იქნებაო, მითხრეს.
კვლავ მანქანაში დავბრუნდი. მოსაცდელ დარბაზში ყოფნას ჩემთვის განმარტოება მერჩია.
ექვს რომ ხუთი წუთი დააკლდა, კვლავ დარბაზში შევბრუნდი და სულგანაბული მივაშტერდი იმ ადგილს, საიდანაც კოკი უნდა გამოჩენილიყო. ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა. ყველა ვიღაცას ხვდებოდა, ყველა ვიღაცის ჩამოფრენას ელოდა.
და აი, სანუკვარი წუთებიც დადგა. გამოჩნდა კოკი, რომელსაც ცალ ხელში გორგოლაჭებიანი ნაცნობი ჩემოდანი ეჭირა, მეორე ხელით კი ინვალიდის ეტლს მოაგორებდა. ადგილიდან დაძვრა გამიჭირდა, თითქოს იატაკს მიველურსმნე. ისე ავღელდი, თვალთ დამიბნელდა.
ლექსო ძალიან ფერმკრთალი ჩანდა. სწორედ ამ დროს ორივეს ხანში შესული მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი მუახლოვდნენ. მამაკაცი ლექსოს გადაეხვია, გოგონა კი კოკის ჩამოეკიდა კისერზე და ისეთი აგზნებით დაუკოცნა სახე და ტუჩები, რომ ნერწყვი ყელში გამეჩხირა. ვიცანი, ვინც იყო _ ლექსოს და. ეს ის «გალიის ჩიტი» გახლდათ, რომელზეც ერთხელ უკვე ვიეჭვიანე. შეცდომა გამორიცხული იყო.
მუხლმოკვეთილი იქვე ჩავჯექი და თავი ჩავღუნე, რომ კოკის არ შევემჩნიე. თვალწინ საშინელი სურათი მედგა: კოკი თავის მეგობრის დას ხელს ხვევს და კოცნის. ამ კოცნას მეგობრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი.
ყველაფერი მესმოდა. მესმოდა ის, რომ ისინი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, რომ ძალიან ახლოს იყვნენ ოჯახებით, მეგობრობდნენ, მაგრამ ბავშვობის ძმაკაცის დას ასე კოცნიდნენ… აი, ეს არ მესმოდა.
ტკივილმა გული შუაზე გამიპო. რა უნდა მექნა? ახლა ისე მქონდა სახე წაშლილი, ძალიანაც რომ მდომებოდა, ვერ გამოვჩნდებოდი. უნდა დავლოდებოდი, როდის გავიდოდნენ, რომ ჩემს მანქანამდე მიმეღწია და გზას გავდგომოდი. წამით კვლავ გავაპარე თვალი მათკენ. კოკის ლექსოს და ჩამოსცილებოდა, ძმის წინ ჩაჩოქილიყო და სახეზე ხელებით ეფერებოდა. კოკი კი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. თითქოს კი არა, აშკარად ეძებდა ვიღაცას და ვიცოდი, ის ვიღაცა მე ვიყავი.
უცნაური ის იყო, რომ ლექსოს ცოლი არსად ჩანდა. ალბათ შინ მოცდა არჩია. ვინ იცის, იქნებ ჩემსავით საშინლად მგრძნობიარეა და მეუღლის დანახვისას აქვე გაშხლართულიყო გონწასული…
ისევ დავხარე თავი, რომ კოკის ჩემთვის თვალი არ მოეკრა. საშინელ გუნებაზე დავდექი. ოცდაოთხი საათის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ეიფორიაში ჩამაგდო, ახლა ნამდვილ სიგიჟედ მეჩვენებოდა. ჩემი ყველა შიში ახალი ძალით დამიბრუნდა უკან.
როგორ ვიჩქარე, სიყვარულში რომ გამოვუტყდი. რა მრჯიდა? ვერ მოვითმინე? რატომ დავიმცირე ასე თავი? ახლა რაღა უნდა ვუთხრა, როცა კარს მომადგება? მოგატყუე-მეთქი? პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? იქნებ ვუთხრა, მოგესმა-მეთქი? არა, რა სისულელეა, იმდენ ხანს ვუხსენით ერთმანეთს სიყვარული, «მოგესმა» ნამდვილად არ გამოდგებოდა.
ისევ გამახსენდა ის ჟურნალი, კოკი და ლექსოს და რომ იყვნენ გარეკანზე გამოჭიმულები. იმ სურათში ამ გოგოს ყვითელი კაბა ეცვა. «გალიის ჩიტიც» ამის გამო შევარქვი, ყვითელ თუთიყუშს ჰგავდა. საინტერესოა, კოკი როგორ ახსნის ამ ფაქტს?
როგორ მინდოდა, ამწუთასვე დამერეკა მისთვის და მეკითხა, რატომ ეხვეოდი ასე უსირცხვილოდ შენი ძმაკაცის დას-მეთქი, მაგრამ ვიცოდი, ამას არ გავაკეთებდი. ნუთუ მისი ნდობა არ შეიძლება?
გული მეუბნებოდა, რომ შეიძლებოდა, ამ გულს ხომ უყვარდა იგი, მაგრამ თვალები? თვალები რომ სხვა რამეს ხედავდნენ? ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა თვალი იტყუება.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი