ბოლო დროს ძალადობის თემაზე სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ხმამაღლა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე კარგად იცის, რას ნიშნავს ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ უნდა ამოიცნოს ის, თუმცა, ადამიანებს უჭირთ, გაუგონ მსხვერპლს, რატომ ჩერდება ის იქ, სადაც თავს ცუდად გრძნობს. იშვიათად გვიფიქრია, როგორია მისი თვალებიდან დანახული სამყარო. უფრო რთული კი მოძალადის გაგებაა - რა ამოძრავებს მას და რა არის მისი მოტივი. ამის შესახებ საინტერესო ამბავს ამოიკითხავთ წიგნში „ჟანგბადის ქურდის დღიური“, რომელიც ანონიმური ისტორიებითაა შედგენილი.
„5 წლის განმავლობაში ვმკურნალობდი ალკოჰოლიზმს. სინამდვილეში, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჩემი დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ცხოვრებაში ასე დამაბრკოლებდა. მკურნალობის მიმდინარეობისას, 5 წლის მანძილზე, ერთ გოგოსთანაც კი არ მქონია ურთიერთობა, თითქოს მეშინოდა, მეგონა, რომ ისინი ზიზღით მიყურებდნენ, თუ ვინმე ჩემ მიმართ ყურადღებას გამოიჩენდა, მათ მიმართ აგრესია მიჩნდებოდა იმიტომ, რომ ვთვლიდი, ისინი მე დამცინოდნენ... არასდროს დამავიწყდება ფრაზა, რომელიც შემთხვევით მოვისმინე და რომელიც, დაახლოებით, ასე ჟღერდა: „დაჭრილი ადამიანი ყოველთვის ეცდება, სხვასაც მიაყენოს ზიანი“. მე მოგვიანებით გავიაზრე, რატომ მქონდა სხვებისთვის გულის ტკენის დაუოკებელი სურვილი.
განკურნებიდან ერთი წლის თავზე, მე გადავწყვიტე, ახალი კავშირები დამემყარებინა. გავიცანი ქალები, რომლებთან ურთიერთობაც ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა. დავპატიჟე ისინი რესტორნებში, ბარებში, თავდაპირველად არც კი მიგრძნიბინებია, რომ მათთან ფიზიკური კავშირის სურვილი მქონდა, მინდოდა, რაც შეიძლება მეტი გამეგო მათზე და მუდმივად ვუსვამდი კითხვებს, ისინი მიყვებოდნენ ოთხფეხა მეგობრებზე, მამასთან პრობლემებზე, დედასთან ურთიერთობაზე, წარსულზე, სამომავლო გეგმებზე... სიმართლე რომ ვთქვათ, მე არ მჭირდებოდნენ ისინი, როგორც ქალები, მე უბრალოდ მჭირდებოდა კამპანია, რადგან, როცა ჩავთვალე, რომ ალკოჰოლიზმისგან განვიკურნე, ისევ იგივე გზას დავუბრუნდი და ყველაფერი თავიდან დაიწყო...
მაშინ ლონდონში ვცხოვრობდი და სხვადასხვა რასისა და ეროვნების წარმომადგენელთან მიწევდა შეხვედრა, რადგან ლონდონი ძალიან ჭრელია. პენელოპას ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში ვხვდებოდი. ის ჩემ მიმართ თბილი და კეთილი იყო. ყველაზე მეტად ვნანობ, რომ მას ტკივილი მივაყენე, ეს ქალი ამას ნამდვილად არ იმსახურებდა.
მე ის მიყვარდა, მაგრამ მასთან ურთიერთობით დავიღალე. პენელოპა მუდმივად იდგა ჩემსა და ალკოჰოლს შორის. მე ვგრძნობდი, რომ მას ნელ-ნელა ვზიზღდებოდი, რადგან ჩემგან გულგრილობასა და სიცივეს გრძნობდა. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა.
პარასკევი საღამო იყო, როცა კიდევ ერთი სამსახურიდან წამოვედი და პაბში ვიჯექი. ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი - უნდა დამელია. შვიდი საათი იყო, რვაზე კი პენელობას ვხვდებოდი და მისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა. როგორ უნდა დამევიწყებინა ის ოთხი წელი? მისი სახე, ქცევები... მაგრამ მჯეროდა, ამ ღამით ყველაფერს შევძლებდი. ის გაოგნებისგან აკანკალდა და სასმელი შეუკვეთა. მე სხვა მაგიდასთან გადავჯექი და მის დასანახად სხვა გოგოების შებმა დავიწყე. ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა ჩემს თავში.
მე ნამდვილად მიყვარდა ის. პენელოპა ძალიან ლამაზი, მზრუნველი ქალი იყო, მაგრამ მომბეზრდა, თუმცა მისი დავიწყება რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე ჩვენ ფიზიკური კავშირი არ გვქონია, გადავწყვიტე, რომ ახლა იყო ამის დრო. მინდოდა, მისთვის ტკივილი მიმეყენებინა, მეგრძნობინებინა იგივე, რასაც მე იმ წამს ვგრძნობდი მის გამო და ასეც მოხდა. როცა ყველაფერი დასრულდა, მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ მის გარდა სხვა გოგოებთანაც ვაკეთბედი იგივეს.
ამის შემდეგ კი მე ის მივატოვე და როცა ბოლოს თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რომ მიზანს მივაღწიე, ვხედავდი, რომ ის შინაგანად ტიროდა. „დაჭრილი ადამიანი ყოველთვის ეცდება, სხვასაც მიაყენოს ზიანი“ - უკვე კარგად მესმოდა, რას ნიშნავს ეს ფრაზა“.