შარლენს ლეიკემიის დიაგნოზი ექვსი წლის ასაკში დაუსვეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარი თქვა, ფიქრობდა, რომ, თანმხლები დაავადების ფონზე, ვაქცინა მისთვის კარგი არ იქნებოდა. ეს დამოკიდებულება მას ინტერნეტში გავრცელებულმა მასალებმა ჩამოუყალიბა.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმები არწმუნებდნენ, გაეკეთებინა ვაქცინა, ქალმა აცრაზე მაინც უარი თქვა. როდესაც მის 13 წლის ქალიშვილს კორონავირუსი დაემართა, თავად შარლენმა თავი ძალიან ცუდად იგრძნო: „დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი. მციოდა, მაკანკალებდა და ყველაფერი ამით დაიწყო. ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ვცდილობდი, დადებითი განწყობა შემენარჩუნებინა და თავს ვარწმუნებდი, რომ ეს მხოლოდ გაციება იყო.“
მისი თქმით, თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ დღეში 20 საათს ეძინა. იღებდა ვიტამინებს და სითხეს, თუმცა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
„მე, სამწუხაროდ, ვარჩიე, რომ არ ავცრილიყავი, რადგან ინტერნეტში წაკითხული გვერდითი ეფექტების შემეშინდა. ორჯერ დავურეკე სასწრაფო დახმარებას, მათ კი მითხრეს, რომ საავადმყოფოები სავსეა და უმჯობესია, თუ თავად ვმართავ სიმპტომებს. ვიცოდი, რომ რეალური საფრთხის წინაშე ვიყავი და კიდევ ერთხელ დავურეკე სასწრაფო დახმარებას. ისინი მოვიდნენ და მაშინვე მიხვდნენ, რომ დახმარება მჭირდებოდა“ - თქვა ამერლიმ.
საბედნიეროდ, მას არ დასჭირდა ინტუბაცია, თუმცა მკურნალობას კვლავ საავადმყოფოში აგრძელებს. „აცრის შიშიც, აუცრელობის შიშიც და ყველაფერი, რაც მათ შორისაა, რეალურია. მე, უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ვაქცინირებული ვყოფილიყავი, იქნებ აქ არც მოვხვედრილიყავი“ - ამბობს შარლენ ამერლი. ინფორმაციას გამოცემა GlobalNews ავრცელებს.