რამდენიმე დღემ უშფოთველად ჩაიარა, ისეთი არაფერი მომხდარა. ირაკლი მუშაობას შეუდგა. მისი ოთახიდან კარი პატარა საკუჭნაოში გადიოდა, სადაც ექვსი კამერა იყო დამონტაჟებული თავისი მიკროფონით, რომლითაც ნებისმიერი ოთახიდან საუბრის მოსმენა შეიძლებოდა. ეკრანზე ეზოს მთავარი შემოსასვლელი მოჩანდა, აგრეთვე - ჰოლში შემავალი კარი, კაბინეტი, სასადილო ოთახი, სახლის უკანა ეზო და მეორე სართულის დერეფანი, სადაც ირაკლის, გურამის და თაკოს საძინებლები მდებარეობდა. ირაკლიმ სამივე ოთახში სათადარიგო პისტოლეტი დამალა და სიგნალიზაციაც შეამოწმა. ყველაფერს რომ მორჩა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით.
თაკო შორიდან მტრული გამოხედვით ზვერავდა დაუპატიჟებელ პირად მცველს. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ ვიღაც უცხო კაცის თანხლებით უნდა ევლო თვეების განმავლობაში, თანაც ყველგან - შინ, გარეთ, პაემანზე, კინოში, საპირფარეშოშიც კი… ჰმ, ბოროტი აზრები მოსდის პატარას თავში. დააცადოს, უჩვენებს სეირს. ეგღა აკლია, ვიღაც ბებერი პოლიციელის ტყვე გახდეს. მეტი საქმე არა აქვს! თავისუფლებას ვერავინ წაართმევს, ვერავინ! ეს მამამისმა ვერ მოახერხა და ეგ გადახრჩუებული მოხუცი რას დააკლებს? ნახოს, რა დღეს დააყრის, მალე გააქცევს აქედან.
საღამო ხანი იყო. ვახშმის შემდეგ ირაკლი ეზოში გავიდა, გულდასმით დაათვალიერა იქაურობა, ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმა, რომ საეჭვო გარემოებები გამოერიცხა და როცა დარწმუნდა, საშიშროება არსაიდან იყო, მშვიდად შებრუნდა სახლში. გურამი ტელევიზორს მისჯდომოდა, მერის პირსახოცი მოეხვია თავზე და გაზინთულ თითებს სახეზე იტყაპუნებდა, აბაზანიდან გამოსული ღამის კრემს ისვამდა კანზე.
მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ქალმა კატასავით მინაბა ულამაზესი თვალები, გამომწვევი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე. მამაკაცმა თვალი აარიდა და მზერა იქვე მოკალათებულ ბიზნესმენზე გადაიტანა. გურამი ყურადღებით უსმენდა საინფორმაციო გადაცემას.
- გვწველიან, ამათი დედაც! - აქნეული ხელი მუხლზე დაიტყაპუნა მამაკაცმა.
- კარგი, გური, ყველაფერზე ნუ ნერვიულობ, ცოტაც მოიცადე და ყველასგან დაისვენებ, -შენიშვნა მისცა ცოლმა.
- ჩემს ოთახში ავალ, თქვენი ნებართვით, - ჩაიბურტყუნა ირაკლიმ და პასუხს არ დალოდებია, კიბეს აუყვა.
გურამს მისი სიტყვები არც გაუგია, მთელი ყურადღება ეკრანზე ჰქონდა გადატანილი. ირაკლი მაღლა ავიდა და ვიდეოკამერების შემოწმებას შეუდგა. ბოლოს თაკოს ოთახთან შეჩერდა და დააკაკუნა. არავინ გამოეხმაურა. ისევ დააკაკუნა და როცა კვლავ არავინ უპასუხა, კარი შეაღო. გოგონა საწოლზე მიწოლილიყო და ყურსასმენით ფლეერს უსმენდა. პირადი მცველის დანახვაზე ოდნავ შეირხა და მარცხენა წარბი ირონიულად აწკიპა.
მამაკაცი ზღურბლთან შეყოვნდა. ეს თავხედი გოგო ნერვებს უშლიდა. მისი ნება რომ ყოფილიყო, დიდი სიამოვნებით მიტყეპავდა, განსაკუთრებით იმ სიტყვების მერე, უფრო ახალგაზრდა ვერავინ ნახეთო, რომ თქვა. სამწუხაროდ, ამდენის უფლება არ ჰქონდა. ის იყო, გამობრუნება გადაწყვიტა, რომ თაკო ლოგინზე წამოჯდა და ყურსასმენი მოიძრო.
- დიდხანს აპირებ ჩვენთან დარჩენას? - ისეთი ტონით ჰკითხა, თითქოს ოჯახის უფროსი ყოფილიყო.
- სანამ საქმეს დასჭირდება, - თავშეკავებით უპასუხა მამაკაცმა.
- რამდენი წლის ხარ?
- ოცდაცხრამეტის. კიდევ რა გაინტერესებთ?
- ბლეფია ეს ყველაფერი, მე არავინ მერჩის, - თქვა და ფეხები მოირთხა.
- მაგასაც ვნახავთ. გგონიათ, მე მეხალისება თქვენი დევნა? - ირაკლი ოთახში შევიდა და კარი მიხურა, რადგან მიხვდა, რომ თაკოს მასთან ლაპარაკის გაბმა სურდა.
- გული მერევა ამ ყველაფერზე. მამაჩემმა უკვე აღარ იცის, როგორ შემზღუდოს. ვერ ვიტან, -ზიზღით გამოსცრა კბილებში, - მასაც და მის კეკელკასაც.
- მას თქვენთვის სიკეთე უნდა, - ირაკლიმ დოინჯი შემოიყარა და ოთახში მიმოიხედა.
- სიკეთე, აბა! კი, როგორ არა! ახლა გავახსენდი? სხვების თვალის ასახვევად აკეთებს ამას. პრესტიჟის ამბავია და მეტი არაფერი. აქამდე სად იყო? ახლა გაახსენდა, რომ შვილი ჰყავს? მაშინ სად იყო, იმ დეგენერატს რომ აკვლევინებდა? არ იცოდა, სამაგიეროს რომ გადაუხდიდნენ?
ირაკლიმ კოპები შეკრა. რას ამბობს? მოაკვლევინაო? ამ ბავშვმა რაღაც იცის, რასაც მას უმალავენ. აბა, აბა, კიდევ რას იტყვი, პატარავ? ყურადღება დაძაბა, თუმცა ხმა არ ამოუღია.
- რაო, ქალბატონმა მერი შერვაშიძემ, შენც მოგნუსხა, არა? ხომ მაგარი ნაშაა! უყვარს მამაჩემს მისნაირები! კიდევ კარგი, მიდის, თორემ შენც შეგაბამდა, - გოგონამ აშკარად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
- მერი შერვაშიძე რა შუაშია? - ეგონა, თაკო დედინაცვალს ხუმრობით უწოდებდა ასე.
- შერვაშიძეა ქალბატონი, იმიტომაც დაიგრიხება ასე, თავადი ჰგონია თავი. არადა, ერთი ტეტია სომეხია, გვარგადაკეთებული. იცი, სინამდვილეში რა გვარია?
- არ მაინტერესებს, ეს ჩემი საქმე არ არის, - თავი გადააქნია ირაკლიმ და ბოლთის ცემას მოჰყვა.
- აბა, რა გაინტერესებს? მამაჩემის ბიზნესი?
- თუნდაც… და თქვენი ცხოვრებაც, სამეგობრო წრე, ამხანაგები…
- უკაცრავად, მაგრამ თქვენობით რატომ მომმართავ? მაშინ კაფეში არ იყავი ასეთი «თავმდაბალი»?
- ეს ჩემი სამუშაოა, მაშინ კი… ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი.
- აჰა! - თითები ერთმანეთზე შეატყუპა თაკომ და ნიკაპი ზედ ჩამოდო, - სამუშაო! ჩემს დაცვას საკუთარი ქალიშვილი დაიცვა, არ გირჩევნია? - თავხედურ ტონს არ იცვლიდა გოგონა.
- მე არ მყავს ქალიშვილი.
- აკი შენნაირი ერთი სახლში მიზისო?
- ის ჩემი დისშვილია, დროებით მსტუმრობს.
- ჰო-ო! მას არ სჭირდება დაცვა?
- არა, ის თვითონ უკეთ იცავს თავს, იაპონური ორთაბრძოლების დიდოსტატია, შავი ქამრის მფლობელი, მეორე დანი აქვს.
- კარატეზე დადის?
- აიკიდოზე დადიოდა.
- მეც მინდოდა კარატეზე, მაგრამ მამაჩემმა არ გამიშვა, ქალის საქმე არ არისო.
- ჰოდა, თქვენც იმას მიხედეთ, რაც თქვენი საქმეა.
- რას, მასწავლებლობას თუ ფარმაცევტობას?
- რატომ? თქვენ მშვენიერ ესკიზებს ხატავთ. კარგი მოდელიერი დადგებით, თუ გააგრძელებთ.
- მამა ამასაც მიშლის, ეგ პედერასტი კაცების საქმე უფროა, ვიდრე ლამაზი ქალებისო. წესიერ ქალს რა უნდა სამოდელო ბიზნესშიო. ამ დროს მისი ცოლი ყოფილი მოდელია, რომ იცოდე… და ზუსტად იმ ცისფერ მოდელიერებთან მუშაობდა.
- მართლა? - მისდა უნებურად წამოსცდა ირაკლის, რითაც თავი გასცა, რომ დაინტერესებული იყო მერის პიროვნებით.
- მაგარი ნაშაა, არა? სულერთია, მაინც არაფერი გამოგივა.
- რატომ გგონიათ, რომ ვეცდები? - გაიცინა ირაკლიმ და იქვე, ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ჩაჯდა, - მე ჩემი საქმე მაქვს, კლიენტის ცოლებთან არაფერი მესაქმება.
- დრო რომ ჰქონდეს, თვითონ ეცდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ასწრებს. იცი, რამდენი გააგიჟა? დააქლიავა გურამის ძმაკაცები. ზოგი სპეციალურად მოდიოდა ხოლმე, რომ მასთან შეხვედრის შანსი მისცემოდა.
- არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- ჰო, რა თქმა უნდა, შენ ასეთი რამეები არ გაინტერესებს. გგონია, რომ ღვარძლი მალაპარაკებს. როგორც გინდა. ადრე თუ გვიან ყველა დარწმუნდება ჩემი სიტყვების სიმართლეში.
გოგონა, თითქოს ჯიბრზე, თავიდან წამოწყებულ თემას არა და არ უბრუნდებოდა. ირაკლის კი არ უნდოდა, თვითონ შეეხსენებინა. ცოტა ხანს კიდევ აცალა და რადგან თაკო კვლავ თავისას აგრძელებდა, მოულოდნელად გააწყვეტინა ლაპარაკი.
- როდის მოხდა ეგ ამბავი?
- რომელი ამბავი? - მარცხენა წარბი ისევ აზიდა თაკომ და მორთხმული ფეხები გაშალა, ირაკლისკენ მობრუნდა და იდაყვით დაეყრდნო საწოლს.
- რომლის გამოც მამაშენს დასდევენ, - თქვა მამაკაცმა და სახეზე წამოხურდა, თითქოს დანაშაულს სჩადიოდა.
- აჰ, ორი თვის წინ. რა, თვითონ არ მოგიყვა?
- არა, არ უთქვამს.
- აბა, რა თქვა, რატომ დამდევენო?
- სხვა მიზეზი დასახელდა, - არ დააკონკრეტა პირადმა მცველმა და, ცოტა არ იყოს, ინანა კიდეც, რატომ დაუბრუნდა ამ თემას. არ არის ლამაზი, პატარა გოგოს დასტყუო სიმართლე, როცა უფროსები საგულდაგულოდ გიმალავენ ამას.
- არ დაიჯერო! მაყუთი მოუტეხეს და თავისი ბიჭები მიუგზავნა. მთელი ამბები იყო, ჩხუბი მოხდა, ერთი მოკლეს. ჰოდა, ახლა იმ მოკლულის ძმა დასდევს.
- ვინ არის, რას წარმოადგენს?
- სვანები არიან, ძმები, სამნი თუ ოთხნი… დიდ ფულს ატრიალებენ. ადრე ერთად იყვნენ საქმეში, მერე ცალ-ცალკე გავიდნენ. როცა ორივეს ინტერესი ერთმანეთს შეეჯახა, დასცხეს კიდევაც ერთმანეთს. შემდეგ ცუდი რამეები მოხდა, არც ერთს არ უნდოდა პირველობის დათმობა. მამაჩემი ღორია, თორემ ყველაფრის მოგვარება შეიძლება. ერთი თეთრითაც არ უნდა, რომ იზარალოს. მერე საყვარელი მეუღლე რითი გააძღოს? იმას ხომ ყველაფერი უნდა, ყველაფერი… არ იცი, როგორ აქეზებს. გადმოყრის ნიანგის ცრემლებს, ასე ცხოვრება არ შემიძლია, სახლიდან წავალო და ისიც გიჟს ჰგავს, საათობით ეფერება და აწყნარებს. რა მარაზმია! - ტუჩები აიბზუა თაკომ.
- რა ბიზნესი აქვს მამათქვენს? - დაინტერესდა ირაკლი.
- საიუველირო. ძვირფასი ქვები და ლითონი ჩამოაქვთ და გააქვთ, ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, ლალი, რა ვიცი, ყველანაირი. სამკაულებს აკეთებენ. ზოგს აქვე ყიდიან, ზოგსაც საზღვარგარეთ აგზავნიან.
- ამ ბიზნესში ამდენი ფული ტრიალებს? საიდან?
- ჰმ… საიდან და… აყალბებენ.
- როგორ? რას შვრებიან? - ირაკლი ახლოს მიუჩოჩდა, ყური ხომ არ მატყუებსო.
- აყალბებენ. ამას წინათ დუბაიდან ჩამოიტანეს ბიჟუტერიის დიდი პარტია და ისე გაუშვეს გაყიდვაში, როგორც იტალიური ოქრო და ვერცხლი. ყალბი ბრილიანტები კი რუსეთის გზას გაუყენეს. აი, სწორედ მანდ მოუვიდათ შეცდომა და ჩავარდნენ. ამაზე ატყდა ერთი ამბავი.
- თქვენ საიდან გაქვთ ამდენი ინფორმაცია?
- აქ რომ ყოველ ოთახში მიკროფონია დამონტაჟებული და შენ რომ გულდაგულ ამოწმებ, როგორ გგონია, მე არ ვიცი, რისთვისაა? ავდექი ერთხელაც, ღილაკს თითი მივაჭირე და მოვისმინე. გურამი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.
- აქ მოხდა მკვლელობა?
- არა, აქ არა, მაგრამ იქამდე ჩვენთან მოვიდნენ საქმის გასარჩევად. ახლაც ყურში ჩამესმის, ბოლო ხმაზე როგორ იგინებოდნენ. დაცვა რომ არ ყოფილიყო, დახოცავდნენ ერთმანეთს.
- მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დამთავრეს ეს ამბავი? რაღაც მოლაპარაკება ხომ უნდა შედგეს?
- არ ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არის. მე ის ვიცი, რომ პირადად არავინ შემეხება. აი, თვითონ ნახავ, რაც იქნება, მთქნარებისგან დაიღლები.
- საიდან იცით? რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
- ვიცი, - მტკიცედ თქვა თაკომ და მამაკაცს თვალები აარიდა, თითქოს რაღაცას მალავსო.
ირაკლი არ ჩაეძია, ამწუთას გურამის ამბავი უფრო აღელვებდა, ვიდრე თაკოს საიდუმლოებები. დინჯად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
- ძილი ნებისა, ხვალ შევხვდებით, - დაემშვიდობა გოგონას, სანამ კარს გაიხურავდა.
რატომ დაუმალა დამკვეთმა სიმართლე? ნუთუ უფრო სერიოზულადაა საქმე? მთელ არმიასთან ხომ არ მოუწევს შერკინება? სვანებს მტერი გადაეკიდა! საზიზღარი შურისძიება იციან. არა, უნდა დაელაპარაკოს გურამს, ასე არ შეიძლება. რად უნდოდა ეს ყველაფერი, რა შარში გაჰყო თავი! ვერა, ვერ ისწავლა ჭკუა.
ამ ფიქრებით თავის ოთახს მიადგა. ამ დროს კიბეზე ამომავალ მერის მოჰკრა თვალი და რატომღაც, სიწითლემ გადაუარა სახეზე. ქალმა ისე ვნებიანად გაუღიმა, ლამის გონება დაებინდა. რა მაცდური ვინმეა! მერი თანდათან უახლოვდებოდა, ირაკლი ადგილიდან არ იძვროდა. ბიზნესმენის ცოლმა უსიტყვოდ ჩაუარა გვერდით, სავსე მკერდით ოდნავ გაეხახუნა და რომელიღაც საოცრად ნაცნობი მცენარის სურნელება დატოვა, თითქოს ვარდის… შეიძლება მაგნოლიის… ეს იმ კრემის სუნია ალბათ, სახეზე რომ უსვია, გააჟრჟოლა მამაკაცს. მერი თავის ოთახს მიადგა. ერთმანეთისთვის თვალი არ მოუცილებიათ, ისე ჩამოსწია ორივემ კარის სახელური, ლამის ერთდროულად. ირაკლიმ ირიბად ვიდეოთვალს გახედა, რამდენად დაფიქსირდა ეს სცენა ეკრანზე. მერე შუბლშეჭმუხნილი შეიმალა ოთახში, ერთი ღრმად ამოიხვნეშა და ლოგინზე გაუხდელად მიესვენა.
ხვალ გაარკვევს ყველაფერს.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>