17 ოქტომბერს საბურთალოზე, გაზაფხულის N23-ში, 25 წლის ანასტასია შატალოვა მოკლეს. მეზობლები ამბობენ, რომ, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე 5-ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს. მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს, შვილის წართმევაში ადანაშაულებდა და მასთან სამართლებრივ დავას აწარმოებდა. საქმეზე სამი პირი დააკავეს, თუმცა ოფიციალურ უწყებებს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მათ, თავდაპირველად, პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ფოტო აჩვენა და ამბობდნენ, რომ მკვლელი სწორედ ეს ქალი იყო, დაკავებულს კი თანამზრახველობას ედავებოდნენ: „შემოვიდნენ სახლში, ჩემს ქმარს დაუწყეს ცემა, შემდეგ მე შემათრიეს მეორე ოთახში და გვირტყამდნენ. რაღაც ვიდეო მაჩვენეს, ხედავ ამ გოგოს, ეს გოგო არის მკვლელიო“ - იხსენებს დაკავებულის მეუღლე.