სამწუხაროდ, ბევრს ჯერ კიდევ ეშინია ღიად ისაუბროს საკუთარ გამოცდილებაზე, გააზიაროს შიში და ითხოვოს დახმარება. პანდემიამ აიძულა ფსიქოლოგები, განსაკუთრებით სერიოზულად მოეკიდონ ამ პრობლემას. OECD-ის ანგარიშის მიხედვით, შფოთვისა და დეპრესიის დონე თითქმის გაორმაგდა მთელ მსოფლიოში. ზოგიერთმა მათგანმა გადაწყვიტა საკუთარი მდგომარეობის გაზიარება ბლოგპოსტების, პოდკასტებისა და სტატიების საშუალებით, ამან კი დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები მსგავს პრობლემებს ებრძვიან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. პოპულარული ფსიქოთერაპევტი ილს სენდი აღნიშნული თემით დაინტერესებულ ადამიანებს წიგნში „სირცხვილის გრძნობა“ დეტალურად აღუწერს, როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა საკუთარი თავის მიღება და შეყვარება.
ისწავლეთ საკუთარი თავის შეცნობა
ჩვენ ყველანი ვხვდებით გარკვეულ სირთულეებს საკუთარი თავის გაგებაში, რადგან შეუძლებელია ახლობლებისგან მივიღოთ გულწრფელი და ადეკვატური პასუხი პიროვნების აბსოლუტურად ყველა ასპექტზე. საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში თქვენ თანდათან ისწავლით არაცნობიერში არსებული "ხარვეზების" შევსებას. რაც უფრო ცუდად იცით გარშემომყოფთა აზრი თქვენ შესახებ, მით უფრო ნაყოფიერია ნიადაგი ყველაზე დახვეწილი ფანტაზიებისა და შიშებისთვის. რაც უფრო უკეთ იცით, მით უფრო მეტად განავითარებთ სოციალურ უნარებს და უფრო დარწმუნებული იქნებით კომუნიკაციის დროს. ჰკითხეთ ადამიანებს, მათი აზრით, თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის. ეს კითხვა საკუთარ თავსაც დაუსვით და ეცადეთ, იპოვოთ პასუხი.
მიიღეთ შეფასება სწორად
დასმულ კითხვაზე პასუხი სიტყვასიტყვით არ უნდა მიიღოთ. სამყაროს ყველა საკუთარი უნიკალური ფილტრის საშუალებით უყურებს, ორი ადამიანი ერთ მოვლენას აბსოლუტურად ერთნაირად არასდროს აღიქვამს. ყველაზე უარყოფითი ემოციებისგანაც კი შეიძლება ისწავლოთ რაღაც, მიიღოთ ის, რომ იდეალური არ ხართ და უნაკლო არავინაა. თუკი თქვენი თავის რაღაც დეტალის გრცხვენიათ, ნუ ეცდებით მის დამალვას, პირიქით, წარმოაჩინეთ ის ისე, რომ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც მისაღები გახდეს.
ესაუბრეთ საკუთარ თავს
იმისთვის, რომ საკუთარი თავი შორიდან დაინახოთ, საუკეთესო საშუალება ვიდეოს ჩაწერაა. მოათავსეთ ტელეფონი შტატივზე და დაიწყეთ ჩაწერა. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ საკუთარ თავს სოციალური საქმიანობის დროს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თქვენი პიროვნების უკეთ გასაგებად.
მოუსმინეთ თქვენს ფარულ სურვილებსა და საჭიროებებს
საკუთარი თავის მოსმენისა და გაგების უნარი მოდის ვარჯიშით. რას გრძნობს სხეული? და გული? რა გინდა ახლა ყველაზე მეტად? ამ კითხვების დასმისას დაჯექით სარკის წინ. პირველი სურვილი, სავარაუდოდ, ზედაპირულია. შემდეგი კითხვა დაგეხმარებათ, უფრო ღრმად დაფიქრდეთ. თუ ოცნებობთ რაიმე არარეალურზე, მაგალითად, წარსულის დაბრუნებაზე, გარდაცვლილ ადამიანთან შეხვედრაზე, უბრალოდ იტირეთ და დაიცალეთ ემოციებისგან. ზოგჯერ ბევრი ტირილი ერთადერთი გამოსავალია, რომ თავი ბედნიერად იგრძნო.
დარეგისტრირდით ფსიქოთერაპიის სესიაზე ან თვითგანვითარების კურსზე
სპეციალისტი ირჩევს ნეიტრალურ პოზიციას და იცავს სამედიცინო კონფიდენციალურობას, რაც პაციენტს უჩენს ნდობას და საშუალებას აძლევს მას, აღიაროს ის, რასაც ახლობლებს ვერ ეტყოდა. ფსიქოთერაპიის სესია დაგეხმარებათ გაეცნოთ საკუთარ თავს და გადალახოთ თქვენი დაუცველობა. იგივე ეხება თვითგანვითარების კურსებს.
რაც უფრო კარგად იცნობ საკუთარ თავს, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ შებოჭილი და დათრგუნული იქნები. იმისთვის, რომ მიიღოთ და გაუგოთ საკუთარ თავს, არაერთი ნაცადი და ეფექტური ხერხი არსებობს, გამოიყენეთ ისინი და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება.