მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოვედღიურობას და არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
რამდენიმე დღის წინ მაყურებელმა ტელეეკრანებზე პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეორე ეპიზოდი იხილა. შოუმ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს, ზალიკო ბერგერს, აუტსაიდერთა გამოცხადების დროს მოულოდნელი რეაქცია ჰქონდა. მან სცენის დატოვებაც სცადა, თუმცა ორგანიზატორებმა მისი გადარწმუნება მოახერხეს, მოგვიანებით კი ზალიკომ მაყურებლისადმი უკმაყოფილება უხერხული ჟესტით გამოხატა. სწორედ ამ ამბავს ეხმაურება ია ფარულავა სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ რეიტინგის გამო ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება: „გუშინ ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტის ყურებისას, ერთ-ერთი მონაწილის მდგომარეობამ ძალიან დამთრგუნა. რეიტინგის გამო ასე არ შეიძლება... ადამიანი არის ცუდად, არის სამკურნალო და არ შეიძლება ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის იგივე, რომ ავადმყოფი ადამიანი გამოიყვანო და ძალით რაღაცები აკეთებინო, აჯამბაზო. თან პროექტი, რომელიც უნდა ასხივებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიხარულს, ბედნიერებას, სილამაზეს, ჯანსაღ სხეულს, ჯანსაღ სულს...“ - ამბობს ია ფარულავა.