როგორ იქმნება სიტუაციები, როდესაც არ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება ორ ან თუნდაც სამ მამაკაცს შორის, რომელთა მიმართ თითქოს მსგავსი გრძნობები გვაქვს? შესაძლებელია თუ არა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი გიყვარდეს? ამის შესახებ საკუთარ გამოცდილებას ერთ-ერთი მომხმარებელი აზიარებს:
„ასეთ მდგომარეობაში ხშირად ვყოფილვარ და ეს იყო მშფოთვარე, მაგრამ ხანმოკლე პერიოდი და ტოვებდა ტყუილად გატარებული, დაკარგული კვირების და თვეების განცდას და, ამავე დროს, დანაშაულის გრძნობას, რადგან ჩვენი ტრადიცია ამბობს, წესიერი გოგონები ასე არ იქცევიან. რა თქმა უნდა, დრო და წეს-ჩვეულებები შეიცვალა და ახლა ამ მიდგომას ცოტა ადამიანი თუ ითვალისწინებს, მაგრამ ახალი ურთიერთობის დაწყება მაშინ, როცა ჯერ ძველი არ დამთავრებულა, მაინც იწვევს სინდისის ქენჯნას.
ფიზიკური ლაქები შხაპის საშუალებით მარტივად ჩამოიბანება, მაგრამ ფსიქიკას ასე მარტივად ვერ ვუშველით, რადგან ერთგულებისა და მონოგამიის შესახებ არსებული სტერეოტიპები რთული დასავიწყებელი და მოსაშორებელია. მიუხედავად ამისა, დღეს ურთიერთობების სხვადასხვა სახე არსებობს, მათ შორის, ღია ქორწინება, რომელიც რამდენიმე პარტნიორის ყოლას სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ზოგი ამ ტენდენციას გარყვნილებას უწოდებს, თუმცა ამგვარ ურთიერთობაში მსოფლიოში უამრავი ადამიანია და მას „პოლიგამია“ ეწოდება. პოლიგამია განიმარტება, როგორც სასიყვარულო კავშირი ორზე მეტ ადამიანს შორის. ასეთ დროს, ადგილი არ აქვს ეჭვიანობას, სკანდალებს, ყველაფერი შეთანხმებულია და პარტნიორები ერთმანეთს გრძნობებს დაუფარავად, გულახდილად უზიარებენ, იცავენ ერთმანეთის პირად სივრცეს, კონფიდენციალურობას.
უამრავ ადამიანს ასეთი ურთიერთობა წარმოუდგენლად მიაჩნია და მას სერიოზულად არც აღიქვამს, თუმცა წყვილების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ამ პრინციპით ცხოვრობს და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი კავშირის დროს განსაკუთრებით ზრუნავენ, რომ ადგილი არ ჰქონდეს ტყუილს, ღალატს... პარტნიორები არასდროს უსვამენ ერთმანეთს კითხვებს: „სად იყავი?“, „როდის დაბრუნდები?“, „ვისთან ერთად იყავი?“... თუ ქალი ქმარს სხვა ქალთან ერთად შემთხვევით შეხვდება ქუჩაში, სკანდალის მოწყობის ნაცვლად, თავაზიანად გაიღიმებს და გაივლის. და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ეს ურთიერთობები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საჭირო იქნება მტკიცედ გადაწყვიტოთ, რა მოხდება შემდეგ. ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც არაექსკლუზიური ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა და ამ პროცესის არცერთ მონაწილეს დისკომფორტი არ შექმნია. ასეთი ექსკლუზიურობა მთავრდება პარტნიორების ოფიციალურად დაშლის მომენტში, რაც ისევ ტოვებს მანევრირების შანსს. გავიხსენოთ ცნობილი შემთხვევა სერიალიდან "Friends", როდესაც რეიჩელი ეუბნება როსს, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა, ხოლო ერთი საათის შემდეგ როსი აღმოჩნდება სხვა ქალის მკლავებში. გმირებს შორის ცხარე კამათი გაიმართა. როსი ამტკიცებდა, რომ რეიჩელმა მასთან ურთიერთობა დაასრულა და სხვასთან ყოფნის აბსოლუტური უფლება ჰქონდა, რეიჩელი კი ამბობდა, რომ როსი არასწორად მოიქცა და მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა. იმისთვის, რომ ამგვარი გაუგებრობები აღმოიფხვრას, პარტნიორები თავიდანვე უნდა შეთანხმდნენ, რას ითხოვენ ერთმანეთისგან."