- უნდა მითხრა, სეიფის გასაღები ვისა აქვს, რომ დრო არ დავკარგოთ. შენ მხოლოდ მისი სურათი მომიტანე, დანარჩენი ჩემზე იყოს. გეტყვი, რომელ საათზე მოვალთ. შენ მაგ დროს ტუალეტში გადი და არ გამოხვიდე. მაშინაც ტუალეტში არ იყავი? - გაიცინა.
- ამისთვის დამიახლოვდი, არა? ამიტომ შემირთე ცოლად? - იმედგაცრუებულს ცრემლები მომეძალა.
- ოო, კარგი რა. ეგ რა შუაშია? შენი ტილიანი ბანკის გულისთვის ცოლად რატომ შეგირთავდი? მე შენ გეტყვი და მილიარდები გიწყვიათ სეიფებში. უბრალოდ, ეგ საკაიფო ვარიანტია. თან ასეთი რამ არასდროს არავის გაუკეთებია. ერთი და იგივე ბანკი გაგიგია, ვინმეს ორჯერ დაეყაჩაღებინოს? მაგრად გაასწორებს.
ამას ისეთი თვითკმაყოფილი სახით ამბობდა, ლამის გული გამისკდა. ვხვდებოდი, რომ გიჟი, მანიაკი მეჯდა სახლში, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა, სანამ თავისას არ გაიტანდა. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ ჩემი გასვრაც უნდოდა თავის საქმეში.
- და რომ არ დაგთანხმდე მაგაზე?
- დამთანხმდები, თუ საკუთარი ქონების გადარჩენა გსურს. და არა მარტო ქონების… -ორაზროვნად დაამატა.
ახლა კი გამინათდა გონება. ის მემუქრებოდა. მემუქრებოდა შვილით. მის ორაზროვნებაში ვაკო იგულისხმებოდა.
კანკალმა ამიტანა.
- დენი, გესმის მაინც, რას მეუბნები?
- აბა რა! მე არასდროს ვამბობ ისეთ რამეს, რაც არ მესმის. ასე რომ, შენ სხვა გზა არა გაქვს.
- შენ რა, შეგიძლია ვაკოს რამე დაუშავო?
- შენ თუ არ დამინდობ და ჩემ წინააღმდეგ წახვალ, მე რა შემიშლის ხელს? ვაკო რა, ჩემი ღვიძლი შვილია, თუ? - არკასტულად შემომცინა.
თვალთ დამიბნელდა. ერთბაშად დამრია ხელი სიძულვილის ტალღამ. სიამოვნებით მივასიკვდილებდი, რომ შემძლებოდა, მაგრამ რა შემეძლო? სრულიად უძლური ვიყავი.
- ოღონდ ეგ არ ქნა და რაც დამრჩა, სულ მოგცემ, კარგი? - ათროთოლებული ხმით დავიწყე მუდარა.
- განა რა დაგრჩა? ზღვაში წვეთი? კი ბატონო, თუ არ გენანება, მაიტა, მაგრამ შენს ბანკს მაინც გავიტანთ. ამას წყალი არ გაუვა. და თუ ამაში არ დამეხმარები, ისე გაგიხდი საქმეს, ყველაფერი გასაყიდი გექნება, რაც გაგაჩნია - ბინაც, სახლიც, შვილიც და… მოკლედ, ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?
ვხვდებოდი, რა თქმა უნდა… ამიტომ დავთანხმდი…
თურმე როგორი მიამიტი ვყოფილვარ. მეგონა, ოჯახს შექმნის, გვერდით დავუდგები და ნელ-ნელა გამოსწორდება-მეთქი. პირიქით, რაც დღე გადიოდა, დენიელი უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. ისიც შევამჩნიე, რომ რაღაც აბებს სვამდა, რომლის მიღების შემდეგ საერთოდ უმართავი ხდებოდა. თითქოს სიგიჟე დარევდა ხელს. თან მიყვარდა, თან მეშინოდა. უმისოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ამის გაფიქრებაც კი ჟრუანტელს მგვრიდა. არადა, სიტუაცია დღითი დღე იძაბებოდა. დაშორებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. რომც მომენდომებინა, ალბათ ისე გაცოფდებოდა, მეც და ჩემს შვილსაც ყელს გამოგვჭრიდა.
წერას ჰყავდა ატანილი. მანამ არ მოისვენებდა, სანამ არ დაიჭერდნენ… ესეც იმ შემთხვევაში, თუ არ მოკლავდნენ. რამდენჯერმე ვიფიქრე, მივალ პოლიციაში და ჩავუშვებ-მეთქი, მაგრამ არც ამისთვის მემეტებოდა. ბოლოს ხელი ჩავიქნიე, რაც იქნება, იქნება, ბოლოს და ბოლოს, როგორღაც ხომ დამთავრდება ეს ამბავი-მეთქი.
ერთ საღამოსაც ადრე დაბრუნდა შინ. სრულიად დამშვიდებული. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. კარგა ხანია, ასეთი დაწყნარებული არ მენახა. ივახშმა, ბავშვს ეთამაშა, მერე მიუწვა, დააძინა და სასტუმრო ოთახში გამოვიდა. მე ტელევიზორი მქონდა ჩართული, მაგრამ თვალი მისკენ მეჭირა, ისე ვიყავი გაოცებული. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, რა იყო მისი ასე უცაბედად გარდაქმნის მიზეზი.
- რას უყურებ?
- რა ვიცი, ისეთს არაფერს. რაღაც სერიალია… ნტვ-ზე გადის, რუსულ-თურქული.
- საინტერესოა?
- ისე რა… - მხარი შევატოკე და დივანზე ჩავიჩოჩე, რადგან მივხვდი, ჩემ გვერდით დაჯდომას აპირებდა.
დაჯდა და ხელი გადამხვია. რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ თავი თავზე მომადო და ჩამჩურჩულა:
- მაპატიე… ვიცი, რომ ძალიან დაგტანჯე, მაგრამ როგორმე უნდა გამიძლო.
- სანამდე? - გულგრილი ტონით ვკითხე.
ხელი ჩემი მხრიდან ჩამოიღო და უფრო მოხერხებულ პოზაში დაჯდა. ვგრძნობდი, რაღაცის თქმა უნდოდა და წელავდა.
- მიდი, თქვი, - შევაგულიანე.
- რა?
- რის თქმასაც აპირებ.
- ხოოო… რაღაც პირობა მინდა მოგცე.
ამის გაგონებაზე წარბები გავატოკე.
- პირობა? რა პირობა? რისი?
- იმის, რომ ეს ყველაფერი დავამთავრო და ადამიანურად ცხოვრებას შევუდგე… შენთან ერთად, რა თქმა უნდა… და ჩვენს ბიჭთან ერთად.
"ჩვენს ბიჭთან" დიდად არ მომეწონა. რამდენი ხანია, ვაკო თბილად არ მოუხსენებია. განა დამავიწყდა, რომ მემუქრებოდა.
- რატომ უნდა დაგიჯერო? - ეკრანს მივჩერებოდი და ისე ველაპარაკებოდი, ერთხელაც არ შემიხედავს.
არც თვითონ მიყურებდა. თავადაც უაზროდ მისჩერებოდა ტელევიზორს და ისე მესაუბრებოდა.
- რატომ არ უნდა დამიჯერო? ოდესმე რამეს შეგპირდი და არ შევასრულე?
გონებაში უკან-უკან წავედი, ჩვენი ურთიერთობა გადავქექე და საპირისპირო ვერაფერი აღმოვაჩინე.
- რასაც არ შემპირებიხარ, რა უნდა შეგესრულებინა? - არ დავინდე.
- ნისა, მე შენ გიყვარვარ? თუ უკვე გაცივდი ჩემ მიმართ? - უეცრად წინ გადაიხარა და ქვემოდან ამომხედა.
თავი არ მიმიბრუნებია, არც კი გავრხეულვარ.
- არ გინდა მითხრა? - მკითხა, როცა ჩემგან პასუხს ვერ ეღირსა.
ამოვიოხრე… მძიმედ… მერე თვალები დავხუჭე და ხმადაბლა ვთქვი:
- შენ იცი, რომ მიყვარხარ. ისიც იცი, რომ შენი გულისთვის უკან არაფერზე დავიხევ. მითხარი, რა გინდა. ისევ ფული? რამდენი? მილიონი? მილიარდი? ამდენი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, მოგცემ, ოღონდ შენ დაწყნარდი.
მინდოდა მეთქვა, "გაძეხი-მეთქი", მაგრამ თავი შევიკავე.
- არა, შენი ფული არ მინდა. ისედაც ბევრი გაზარალე.
- რას მელაპარაკები! არ მითხრა, რომ ნანობ! - სუსხიანი მზერა ვესროლე.
- კი, ვნანობ, მაგრამ უბრალოდ, ცუდი პერიოდი მქონდა. შენ რომ არა, ვერ გამოვძვრებოდი. ერთი-ორი კვირაც და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება, გპირდები. კაცურ სიტყვას გაძლევ.
- საინტერესოა, რა შეიცვლება ამ ორ კვირაში?
- ყველაფერი. აი, თავიდან ბოლომდე ყველაფერი. შენი ფული უკან დაგიბრუნდება, მე ჩემი მექნება და ღრმა სიბერემდე მშვიდად და წყნარად ვიცხოვრებთ. რაც მთავარია, ტკბილად.
როგორ არ მჯეროდა მისი ამ "იავნანის". აშკარად კიდევ რაღაცას მაბოლებდა.
- ოღონდ შენც უნდა დამეხმარო… - შემაპარა.
მკვეთრი მოძრაობით მივუტრიალდი.
- მე? რაში? ავტომატს მოვკიდო ხელი და მირზას ნაცვლად მეექვსე ბანდიტად გამოგყვე?
გაიცინა. თმაში შეიცურა თითები და მობღუჯა.
- მთლად ბანდიტად არა, მაგრამ… როგორ ამბობენ იურიდიულ ენაზე? თანამზრახველიო, ხომ? ჩვენი თანამზრახველი უნდა გახდე.
გული დამესერა. ისევ ჩემს სამსახურს უმიზნებდა.
- დენი… - რაც შემეძლო, რბილად დავიწყე, - ძალიან გთხოვ, მაგ განზრახვაზე ხელი აიღე. მე, შანსი არაა, არაფერში არ დაგეხმარები. უფრო სწორად, ვერ დაგეხმარები. შენი თავი თუ არ გეცოდება, მე მაინც შემიცოდე. რამე რომ დამემართოს, ჩემს შვილს რა ეშველება?
- ჩვენს შვილს, - შემისწორა.
- ის ჩემი შვილია და ეს შენც კარგად იცი, თავს ნუ იკატუნებ, გთხოვ.
- მეორედ არ გაიმეორო ეს, გესმის? მე ვაკო შვილივით მიყვარს. დავიჯერო, ამას ვერ ხედავ?
არ ვუპასუხე.
- ეს იქნება ჩემი ბოლო საქმე და მორჩა, ამის მერე თუ არ შევეშვა, ბოზიშვილი ვიყო! შენც ხომ გინდა, რომ გამოვსწორდე? შენც ხომ დაიღალე ჩემი ასეთი უკუღმართი ცხოვრებით?
- დავიღალე… სიმართლე გითხრა, დავიღალე, მაგრამ არა მარტო შენმა ცხოვრებამ, პირადად შენ დამღალე. სიმართლე აი, ეს არის, - მივახალე გაწიწმატებულმა.
- ანუ?
ისევ არ ვუპასუხე და დავიძაბე. მივხვდი, კულმინაციური მომენტი დადგა.
- ანუ? - გამიმეორა, ნიკაპქვეშ ხელი ამომდო და სახე თავისკენ მიმაბრუნებინა.
შევხედე. მზერით ჩავლურსმნე.
გაგრძელება იქნება