ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ადამიანების უმრავლესობა წონაში მომატებას უჩივის და ბევრის სურვილია, დიეტა რაც შეიძლება მალე დაიცვას, რომ სწრაფად გათავისუფლდეს "აკრეფილი" კალორიებისგან. ასეთ დროს უმეტესობა ექიმსაც მიმართავს.
ექიმს AMBEBI.GE-მაც მიმართა - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა გვესაუბრება, როგორ მოვიცილოთ ახალ წელს დაგროვილი კილოგრამები, როგორ დავიქვეითოთ შიმშილის გრძნობა და დავუბრუნდეთ ცხოვრების მშვიდ რიტმს.
"საქართველოში, როგორც ყველა დღესასწაულს, ახალ წელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ. განსხვავებული და მრავალფეროვანია კერძები.
საახალწლო სუფრა გაჯერებულია ნიგვზიანი, ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი პროდუქტებით. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ საახალწლო დღეებში 4-5 კილოგრამს იმატებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ ზომიერებას, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებთ, გავაკეთოთ განტვირთვის დღეები, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ და არ დარჩეს მიღებული ცხიმები და კალორიები ჩვენს ორგანიზმში.
ორგანიზმში ინსულინის დასაქვეითებელი ქიმიური პრეპარატები არსებობს, თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ინსულინის დონეს აქვეითებს, რაც მადის დაქვეითებაზეც მოქმედებს. ისინი არა მარტო დღესასწაულების შემდგომ პერიოდში უნდა მივიღოთ, ჩვეულებრივ დღეებშიც.
ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი საშუალებაა დარიჩინი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცელულოზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.
გარდა ამისა, დარიჩინს აქვს ბევრი დადებითი თვისება: ამცირებს ინსულინის გამომუშავებას, ასევე მოქმედებს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე და ორგანიზმში ხელს უშლის ცხიმის წარმოქმნას; ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიც არის ინფარქტი, ინსულტი და დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. დარიჩინი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.
განაგრძეთ კითხვა