- თავს ვერ ვიკავებ, - ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად წარმოთქვა, თან აღფრთოვანებული შემომცქეროდა, - ჩემი ნება რომ იყოს, ახლავე გაგიტაცებდი აქედან…
- აჯობებს, სხვა რამით გაერთო, ოცნებებს ნუ აჰყვები! ხომ იცი, შანსი არა გაქვს!
- თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ? - მოულოდნელად საიდანღაც ლუკასი გაჩნდა და მოქუფრულმა იკითხა.
რატომღაც, საშინლად გაბრაზებული ჩანდა, თუმცა გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ხელები ნაცრისფერი შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და ხან მე მომაჩერდებოდა, ხანაც მაიკლს.
- რა თქმა უნდა, - დაუმოწმა მაიკლმა, - ეს საყვარელი არსება ჩემი მეგობარია. თუმცა ბოლოს რომ ვნახე, უფრო შილიფად იყო ჩაცმული, მე ვიტყოდი, ნახევრად შიშველიც კი და სასწაული სანახავი გახლდათ. - გაიხუმრა მან. ეგონა, ხუმრობა კარგი გამოუვიდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო ეფექტი მოახდინა.
- ამით რისი თქმა გინდა? - ლუკასის მოწკურული თვალები ბოროტად აელვარდა. ასეთი გაგულისებული ჯერ არ მენახა. ის კი არა, მომეჩვენა, რომ მაიკლს ხელსაც გაარტყამდა. მანაც იგრძნო ეს და ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია.
- მან, უბრალოდ, გაიხუმრა, - დაძაბულობის განმუხტვას შევეცადე და შუაში ჩავდექი, - ძალიან გთხოვ, ლუკას, არ გინდა!
- არაფერიც არ გაიხუმრა! - ეს სიტყვები ისეთი განრისხებით წარმოთქვა, რომ ახლოს ვინც იყო, ყველა ჩვენკენ შემობრუნდა და ატმოსფერო სიჩუმემ მოიცვა.
ირიბად გავხედე გვანცას, რომელიც კარგა შორს იდგა და ისევ იმ ფეხმძიმე გოგოს ელაპარაკებოდა. ღმერთს ვევედრებოდი, აქეთ არ გამოეხედა, ეს სცენა არ დაენახა და თავში აზრად არ მოსვლოდა ჩვენს კამათში ჩარევა, თორემ ვინ იცის, რას ჩაატარებდა.
- მართალი ხარ, - მაიკლმაც შეკრა წარბები, - შეიძლება მთლად წარმატებული ხუმრობა არ გამომივიდა, მაგრამ ვიფიქრე, თუ ნაკას იცნობს, სწორად გამიგებს-მეთქი.
- მაგრამ მე არასწორად გავიგე, ამიტომ ამიხსენი, თუ შეიძლება.
მაიკლმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მაშინვე დამუწა. საჭირო სიტყვები აშკარად ვერ იპოვა და ამიტომ მე ავლაპარაკდი - სწრაფად და გასაგებად, თან ლუკასის მაჯას ვიყავი ჩაფრენილი.
- როცა ჩვენებებს ვმართავთ, ყოველთვის სათანადოდ მაცვია. მართალია, მოდელი არ ვარ, მაგრამ აუცილებლად კარგად უნდა გამოვიყურებოდე, რადგან მეც სააგენტოს წარმოვადგენ. რა არის გასაკვირი იმაში, რომ გულამოჭრილი ან ზურგამოჭრილი კაბა მეცვას ან ჩახსნილი? ჩვენების მერე კი აუზზე მივდივართ და მეც საცურაო კოსტიუმი მაცვია. სულ ეს არის, მაიკლმა სწორედ ეს იგულისხმა.
- მორჩა? სულ ესაა?
შეკითხვა მაიკლის მისამართით იყო დასმული და მანაც უპასუხა:
- ნაკამ ყველაფერი აგიხსნა. მაგრამ თუ იმის კითხვა გსურს, მომწონს თუ არა ეს გოგო, გეტყვი, რომ კი, მომწონს. საოცრად მომწონს! სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩემი გრძნობა უპასუხოდ დარჩა, თუმცა მე ასე ადვილად არ ვნებდები.
ლუკასი ისე იყო ჩვენ წინ წამომართული, როგორც სვანური კოშკი. მასთან შედარებით ამერიკელი ბაიერი ჯუჯა მოჩანდა, თუმცა მას ეს სულაც არ აშინებდა, რაც გულში მოვუწონე და სათანადო ათბალიანი შეფასებაც მივეცი, ოღონდ ხმამაღლა არაფერი მითქვამს.
რამდენიმე წამის განმავლობაში ორივენი გაუნძრევლად იდგნენ და თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს, მზერებით მხოლოდ მათთვის გასაგები დუელი გაემართათ. ლუკასმა უცებ გაიაზრა, რომ სხვების ყურადღებას იქცევდნენ და მაშინვე აიყვანა თავი ხელში. მან ჩემი ხელი მოიშორა და ოდნავ უკან დაიხია.
- ბუნებრივია, ეს შენი უფლებაა, - შეუვალი სახით განაცხადა, - მე და შენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მაიკლ, ამიტომაც არ მინდა ასეთ უსიამოვნო ვითარებაში დავშორდეთ ერთმანეთს.
- მეც ასევე, - ცივად მიუგო მაიკლმა და შერიგების ნიშნად ხელი გაუწოდა.
მანაც მშვიდად ჩამოართვა მარჯვენა, თითქოს რაღაცაზე შეთანხმდნენო.
- ახლა ყველაფერი გასაგებია, - ჩაილაპარაკა მაიკლმა და შემომხედა, - ჭკვიანად მოიქეცი, ლამაზო! - თბილად მითხრა და სახედასევდიანებული გატრიალდა. როცა მისი ქერა თავი სტუმრების ნაკადში ჩაიმალა, ლუკასთან დალაპარაკება გადავწყვიტე, მან კი საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ასწია.
- მე შენ ახლა ერთ ადგილას დაგსვამ და იქიდან ფეხს არ მოიცვლი, - ბრაზიანად თქვა, - თუნდაც მიწა გასკდეს ან ცა ჩამოიქცეს. მეტად არავისთან, ვიმეორებ, არავისთან დალაპარაკებული არ დაგინახო. თევზივით ჩუმად იჯდები, იცოდე!
მინდოდა მწარედ მეპასუხა, რა უფლება ჰქონდა, ემბრძანებლა ჩემზე, მაგრამ ვიცოდი, ასეთი შეკამათება კარგს არაფერს მომიტანდა, ამიტომ ჩავიჩურჩულე:
- დაუფიქრებლად იქცევი, ლუკას. გეფიცები, ცუდი არაფერი გამიკეთებია. მაიკლმა დამინახა და გამომელაპარაკა. შენ კი კოშმარივით შემოიჭერი ჩვენ შორის. მე ხომ არ ვიცოდი, ის აქ თუ იქნებოდა?
თან ვსაყვედურობდი, თან საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, თავის მართლება რომ მიწევდა. რატომ? რისი ან ვისი გულისთვის? რას წარმოადგენდა ეს კაცი ჩემთვის? რატომ ვერ ვეწინააღმდეგებოდი? კიდევ კარგი, გვანცას არაფერი გაუგია, თორემ ერთ ამბავს დააწევდა.
- მორჩი? - გამომწვევად მითხრა და ხელი მაგრად დამიჭირა. ისეთი გაბრაზებული იყო, სახეზე ნერვი უტოკავდა, - შენ რა, ვერ ხვდები, რომ მთელი სპექტაკლი გამართე ყველას დასანახად?
ასეთი უსამართლობისგან ყელი გამიშრა და სუნთქვა შემეკრა, მაგრამ როგორც კი გაპროტესტება ვცადე, ლუკასმა უფრო მძლავრად მომიჭირა მაჯაზე. ისე მძლავრად, რომ ტკივილისგან კინაღამ ვიყვირე.
- მეტკინა, - საცოდავად წარმოვთქვი, მაგრამ მან არც კი მომისმინა. სწრაფი ნაბიჯებით წინ გაიჭრა და თან წამათრია.
ცოტა ხანში თავი მაღალი კედრის ხეების ქვეშ ამოვყავით, სადაც რამდენიმე სავარძელი იდგა და კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
- დამიჯერე, ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემეძლო მომეყენებინა, - უხეშად მითხრა და ერთ-ერთ სავარძელთან მიმიყვანა, - აი, აქ დაჯექი და მანამ არ ადგე, სანამ არ დავბრუნდები. ჭამე რამე?
- რა? - გაოგნებული მივაჩერდი. ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა.
- გეკითხები, რამე ჭამე-მეთქი? - დამარცვლით წარმოთქვა, თითქოს იმ პატარა ბავშვს ესაუბრებოდა, რომელიც სასტიკად აღიზიანებდა.
- არა, ჯერ არა, - გულუბრყვილოდ მივუგე.
მოულოდნელად მის ნაცრისფერ თვალებში რაღაცამ გაიელვა, თუმცა იმწამსვე ჩაქრა.
- ბედს გამოცდას ნუ ჩაუტარებ, ნაკა, - მოკლედ მომიგდო და გატრიალდა, - წყნარად იჯექი, ახლავე მოვალ.
ზუსტად ერთი წუთის მერე დაბრუნდა სინით ხელში, რომელზეც უამრავი საჭმელი დაეხვავებინა. თვალში მომხვდა შემწვარი წიწილა, საქონლის მოხარშული ხორცი, ლორი, მწვანე სალათა, ღვინის გახსნილი ბოთლი და ორი ბოკალი. ოდნავი სიმსუბუქე ვიგრძენი, როცა მისი შერბილებული სახე დავინახე.
- ჭამე! - მიბრძანა, მუხლებზე ვეება ხელსაწმენდი გადამიფინა და ის თეფში დამიდო წინ, რომელზეც შემწვარი წიწილა იდო. მერე თეფშს გვერდზე დანა-ჩანგალიც მოუდო.
სანამ გონს მოსვლას მოვასწრებდი, სავარძელზე დაჯდა, ღვინო ჩამოასხა და ბოკალი ჩემს ფეხებთან დადო. ისე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან, მისი ოდეკოლონის სურნელი მეცა.
ძლივს მარტონი დავრჩით. საოცრად ინტიმური ატმოსფერო შეიქმნა. ამან ისე გამახარა, რომ მადაც კი მომგვარა. წიწილას ფრთა მოვატეხე და პირისკენ გავაქანე, დანა-ჩანგალი არც გამხსენებია.
"რას აკეთებ, სულელო!" - კი შევუკურთხე გულში ჩემს თავს, მაგრამ მეორე წამს ხელი ჩავიქნიე, ფეხებზე მკიდია, რაც უნდა, ის იფიქროს-მეთქი.
ლუკასი მადიანად შეუდგა ჭამას, დანით ლორი დაჭრა და ჩანგლით აიღო, თან თვალს არ აშორებდა მოცეკვავეებს, ტრადიციურ ბერძნულ ცეკვებს რომ ასრულებდნენ. მათი მკვეთრი ფერის კოსტიუმებსა და ცეცხლოვან რიტმს უამრავი მაყურებელი მოეზიდა.
- რას ინაზები, ნორმალურად ჭამე! - მკაცრად თქვა, თუმცა ჩემკენ არ იყურებოდა.
ბოლო დროს საგრძნობლად დავიკელი წონაში, რაც სულ ლუკასის ბრალი იყო. ასე ვიცოდი - როცა რამეზე ვნერვიულობდი, ჭამის მადა მეკარგებოდა.
- მზრუნველი მამიკოსავით ხარ, - ირონიულად ვთქვი და ირიბად გავხედე, ხომ არ ეწყინა-მეთქი, თან ენაზე ვიკბინე. როდის ვისწავლი, რომ სანამ რამეს ვიტყვი, ჯერ დავფიქრდე და მერე წარმოვთქვა?
- მეტი საქმე არა მაქვს! - არანაკლები ირონიით მიპასუხა, - დამიჯერე, გრძნობა, რომელიც შენთან მაკავშირებს, ძალიან შორსაა მამობრივისგან.
- ჰო, მაგრამ… - დავიბენი, რაც მანაც შენიშნა. თითქოს თვალებით გაიცინა, - შენ ხომ ამბობდი, მიღებაზე თქვენთვის ვერ მოვიცლი, უამრავი სამუშაო მექნებაო. შენ კი აქ ჩამომიჯექი, - ენაზე რაც პირველი მომადგა, ის წამოვაყრანტალე.
მან კოპები შეიკრა.
- მე მგონი, მაქვს უფლება, ვივახშმო. თუ შენთვის იმდენად აუტანელია ჩემი აქ ყოფნა, რომ ერთი სული გაქვს, როდის მომიშორებ თავიდან?
მისი ყინულივით ხმის გაგონებაზე შევკრთი, მაგრამ მაინც ვიპოვე საჭირო სიტყვები:
- ეს სულაც არ მიგულისხმია. თვითონ მოითხოვდი, ერთმანეთზე მე და გვანცას თავად გვეზრუნა. შენ, უბრალოდ, არ გინდოდა ჩვენი აქ წამოყვანა.
- და თურმე რა მართალი ვყოფილვარ! - საოცრად უცნაური გრძნობით ამოთქვა, თან თვალს არ მაცილებდა.
- შენთვის ეს საღამო, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქმიანი ღონისძიება, - ძლივს წარმოვთქვი, რადგან ერთიანად შემძრა მისმა სიცივით წარმოთქმულმა სიტყვებმა.
- უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს, - გადაკრულად მომიგო, - თანაც, თუ ამ საღამოს მიზანი კონტრაქტის დადების აღნიშვნა იყო, არ გეჩვენება, რომ წარმატებით დავაგვირგვინე?
მისმა ცინიზმმა გამაწითლა, ლუკასმა კი ხელი გამოიშვირა და ორი თითით ნიკაპი ამიწია, რათა თვალებში შემოეხედა.
- ნუ გეშინია, მეტად პატარა ბიჭივით არ მოვიქცევი.
მისმა შეხებამ ერთიანად დამადნო, მაგრამ მაშინვე უკან გავიწიე იმის შიშით, რომ მის გამოცდილ მზერას ეს არ გამოეპარებოდა.
- ჭამე! - კიდევ ერთხელ მიბრძანა…
უმწეოდ მივაჩერდი.
- ისე ნუ მიყურებ, თითქოს ამწუთას შენი გაუპატიურება მქონდეს განზრახული, - დამიღრინა, - აქ სრულიად უსაფრთხოდ ხარ, შეგიძლია დამიჯერო. ეჭვიც არ მეპარება, რომ შეუდარებელი მაიკლი შენ დასაცავად თავქუდმოგლეჯილი გამოიქცევა, წამით სხვანაირად რომ შემოგხედო. - თქვა და ნიშნის მოგებით ჩაიცინა, - სხვათა შორის, ამის გაკეთება ყოველთვის შემიძლია, - ჩაიდუდღუნა და ოდნავ შეეხო ჩემს აწითლებულ ლოყას.
ხელი მომაშორა თუ არა, ისე შემახურა, მთელი კანი ამეწვა. ღმერთო, დღემდე მაკვირვებდა მისი ძალა, ასე ადვილად რომ შეეძლო ჩემზე ემბრძანებლა და ის გამეკეთებინა, რაც მას სურდა. თუნდაც მცოდნოდა, რომ ხვალ ცოლს მოიყვანდა, თუნდაც ეთამაშა ჩემთან, როგორც კატას თაგვთან, წინააღმდეგობას მაინც ვერ გავუწევდი. ვერასდროს… ვერც ერთ ცხოვრებაში… ვერც ერთ განზომილებაში. მიყვარდა და მზად ვიყავი, დავმორჩილებოდი, რადაც უნდა დამჯდომოდა ეს. ვგრძნობდი, რომ თუ ვარსებობდი, მხოლოდ მისთვის ვარსებობდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ასე ემბრძანებლა ჩემზე, ასე ვეთამაშებინე…
მე ესეც მაკმაყოფილებდა… თუმცა სადღაც, გულის კუნჭულში, მეშინოდა მისი და მწარედაც მტკიოდა. არადა, როცა ვიაზრებდი, რასაც ვაკეთებდი და როგორ ქალადაც წარმოვაჩენდი თავს, ზიზღს განვიცდიდი საკუთარი პერსონის მიმართ. განა შეიძლება ასეთ ქალს ადამიანმა პატივი სცეს? თვითონაც მიკვირდა, ასეთად რომ მაქცია. გამოსავალს მხოლოდ ერთ რამეში ვხედავდი - სასწრაფოდ დამეტოვებინა აქაურობა და უკან არასდროს, არასდროს არ დავბრუნებულიყავი…
- მაინც გეშინია ჩემი? ამდენი რამ გითხარი, კაცური სიტყვა მოგეცი და მაინც? - მკითხა რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, თან ჭამას არ წყვეტდა.
ძლივს ვღეჭავდი ლუკმას, პირში უაზროდ რომ მედო.
ლუკასმა მეორედ ჩამოასხა ღვინო.
- მე მონსტრი ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ადამიანი ვარ და არა რომელიღაც მტაცებელი ცხოველი. ჩვეულებრივი კაცი ვარ, ვინც შეიძლება ხანდახან შეცდეს. ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც შენ.
მთვარის შუქზე მის მკაცრ სახეს შევხედე. ტუჩები, რატომღაც, გასთეთრებოდა, თვალებში კი რაღაცნაირი ნაპერწკლები უღვივოდა, თითქოს იქ, გულის სიღრმეში, სადღაც მოყუჩებულში, კოცონი უგიზგიზებდა, რომლის არსებობას საგულდაგულოდ მალავდა.
- არა, შენ მე არ მაშინებ, - მოვატყუე და თავი ამაყად ავწიე, მან კი იდუმალად ჩაიღიმა, წინ გადმოიხარა და ჩურჩულით წარმოთქვა:
- ძალზე შთამბეჭდავია. ამჯერად ვერ დამარწმუნე. იცი, რა? აქამდე მაოცებს, ასე როგორ შეძელი ჩემი გაცურება.
- რაც ჩემი ბრალი სულაც არ არის. შენ არ მომეცი შესაძლებლობა, ყველაფერი მეთქვა. ვხედავ, საერთოდ არ გინდა გაიგო, რა მოტივი მამოძრავებდა.
- შეიძლება, - თავი დააქნია, - თუმცა ვიცი, რომ ასეთ შემთხვევებში საკუთარ აზრს უნდა დაეყრდნო და არა სხვისას. შენ ბევრი დრო გქონდა იმისთვის, რომ სიმართლე გეთქვა. არადა, არ თქვი. გააგრძელე და გააგრძელე თამაში. რა გეგონა, არასდროს გამჟღავნდებოდა შენი ტყუილები?
- არა, ასე არ მეგონა. ვიცოდი, რომ ყველაფერს ბოლო მოეღებოდა, როცა გეორგიოსს შევხვდებოდი. სწორედ მაგ მომენტს ველოდი. აი, მერე კი შემეძლო ყველაფრის თქმა, მაგრამ უცნაურად შეტრიალდა სიტუაცია და არ დამცალდა, - დავიწყე და აღარ გავჩერდი, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მორიგ სკანდალამდე მიმიყვანდა, - შენ არაფრის გაგება არ გინდა, მხოლოდ ის გსურს, თვითონ იყო მართალი და შენ გარშემო ყველა მტყუანი გამოჩნდეს. ხანდახან მგონია, რომ როცა საქმე მე მეხება, შენი გული სადღაც უჩინარდება, რათა ჩემ მიმართ ლმობიერება არ გამოიჩინოს.
- გასაგებია, - პირქუშად ჩაილაპარაკა, - მაგრამ ვშიშობ, არ გესიამოვნება, თუ გეტყვი, რომ… - სახე ისე ახლოს მომიტანა, რომ მისი სუნთქვა ვიგრძენი, - მე უკვე მოგიხადე ბოდიში იმის გამო, რაც იმ ღამეს შენს ოთახში მოხდა. თუმცა მშვენივრად ვხვდები, რომ საბოდიშო არაფერი მაქვს. - თავდაჯერებული ტონით დაამთავრა.
- მე უკვე დავივიწყე ის ამბავი. - იმდენად გულღიად წარმოვთქვი, რომ დამიჯერა.
- მაშინ რაშია საქმე? ასე მგონია, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ. რატომღაც, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. რაც ამერიკიდან დავბრუნდი, ვერანაირად ვერ მოგიდექი, სულ გამირბიხარ.
- იქნებ არ მომწონხარ და იმის ბრალია?
რადაც უნდა დამჯდომოდა, უნდა გამეჩუმებინა, თორემ თავს ვერ შევიკავებდი და ვეტყოდი, როგორ გამიბზარა გული და გამინადგურა ოცნებები, რომ ყველაფერი ვიცოდი მასზე, კარაზე, მათ ერთობლივ მომავალზე.
ლუკასი ოდნავადაც არ გარხეულა, არც სახის გამომეტყველება შესცვლია, კვლავ გაქვავებული მომჩერებოდა.
- შესაძლებელია, - მოულოდნელად დამეთანხმა, - იქნებ მართალიც ხარ… და… როგორ შევამოწმოთ ეს?
ძალიან შორს შევტოპე, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა უეცრად წამოხტა, მკვეთრად წამომახტუნა სავარძლიდან და ზურგით კედრის ხესთან მიმიმწყვდია, რომელიც იმხელა იყო, რომ ადვილად გვიფარავდა ცნობისმოყვარეთა მზერებისაგან.
- აბა, რაო, რა თქვი წეღან? - ჩახლეჩილი ხმით მკითხა და თვალები ჩემთვის კარგად ნაცნობი განზრახვით გაუბრწყინდა.
- თავი დამანებე, - თავმობეზრებულის ტონით მივუგე და ოდნავ დავიკვნესე, რადგან კედრის ქერქმა ზურგი დამიფხაჭნა.
- შენ ისევ და ისევ გამოსცდი ჩემს მოთმინებას, - ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა, - არ შეიძლება ვერ გრძნობდე, რას მიშვრები, რა დღეში მაგდებ…
სახეში შევყურებდი. მის ნაცრისფერ თვალებში არც ალერსი მოჩანდა, არც არანაირი სითბო და სირბილე, სინაზეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მისი დაჟინებული მზერა ერთიანად მწვავდა და მდაგავდა.
- ძალიან გთხოვ, ლუკას, გეყოფა, - შევეხვეწე და აკანკალებული ხელებით მის ლოყებს შევეხე.
სახე მომენტალურად დაურბილდა, მაგრამ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, მიყურებდა, მიყურებდა და მიყურებდა, თან უფრო და უფრო ძლიერად მიკრავდა მკერდზე, ლამის მიმაჭყლიტა ხის ტანს.
- რას ვუშვრებით ერთმანეთს? - ჩაიბურტყუნა მან და შავთმიანი თავი გვერდზე გადახარა, - ასე მგონია, უკვე ჩემში ხარ განსხეულებული.
მისმა ასეთმა სინაზემ უფრო დამაფრთხო, ვიდრე დაუოკებელმა ვნებამ. კი არ დამაფრთხო, შემაშინა. შემეძლო გავმკლავებოდი მის მრისხანებას, გაცოფებას, სიბრაზეს, მაგრამ ეს მაცდური სინაზე ბევრად ძლიერი იყო, მოვრეოდი. მასთან შედარებით ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება უსუსური და უმწეო ჩანდა.
- მინდიხარ, - თქვა მან ჩვეული ამპარტავნებით.
განა რა იყო მის ნათქვამში მიუღებელი? ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ… რამდენად გულწრფელი გახლდათ მისი ნდომა? ასე სხვა დროსაც მოქცეულა, უთქვამს, ნაბიჯი გადაუდგამს, მაგრამ მერე?.. მერე უცებ შეჩერებულა და ბოდიშები უხდია, ცუდად მოგექეცი და მაპატიეო.
ვერ ვხდებოდი, ბოლოს და ბოლოს რა უნდოდა ჩემგან.
უცებ მჭიდროდ მიმიკრა თავისი ღონიერი მკლავებით ერთიანად აცახცახებულმა და ჩემს ტუჩებს მოწყურებულივით დაუწყო ძებნა. მერე კი მკოცნიდა და მკოცნიდა გაუჩერებლად, თითქოს ძალა არ შესწევდა, გაჩერებულიყო.
ჩემი სხეული მის ნებისმიერ შეხებაზე რეაგირებდა და როცა მისმა გახურებულმა ტუჩებმა ჩემი ყელი დაშანთა, თავი ვეღარ შევიკავე და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. როცა იგრძნო, რომ უკვე ვნებდებოდი, ხეს მომაშორა. ახლა მხოლოდ მის მკლავებს ვყავდი დაჭერილი. სუნთქვა არათანაბარი გაუხდა, მისი თითები სწრაფად დაცოცავდნენ ჩემს ზურგზე.
- მგონი, შემეძლო შენთვის ბევრი რამ მესწავლებინა, თუნდაც ცხოვრებით ტკბობა, მოგეწონებოდა შენ ეს თუ არა, - ოდნავ დამცინავად წარმოთქვა და თვალები გაუსხივოსნდა.
მინდოდა მოვშორებოდი, რადგან ვხვდებოდი, რომ გაქცევის შანსი მეძლეოდა, მაგრამ ამის ნაცვლად უფრო მივეჯაჭვე, ვისრუტავდი მის დამათრობელ სურნელს და მისი ვეება სხეულის სიახლოვით ვტკბებოდი.
- გრძნობ, რასაც განვიცდი? - არათანაბარი ხმით მკითხა.
მტკიცედ დავუქნიე თავი, დაბლა დავხარე და თმა სახეზე ჩამოვიშალე, რათა ჩემი ალმურმოდებული სახე დამემალა.
- მაგრამ ეს საკმარისი არ არის, არა? - მოულოდნელად ხმა აუკანკალდა და იმწამსვე ვიგრძენი, როგორ დაიძაბა.
ისევ და ისევ რამდენიმე მოპარული წამი. სულ ერთი და იგივე მეორდება. რა იქნება, ერთხელ მაინც მომცეს უფლება, დავნებდე, ბოლომდე გააკეთოს გასაკეთებელი? მერე ვეღარ მაქცევს ზურგს, ვიცი, ეს დანებება სამარადისო იქნება. მე ხომ მთლიანად მინდა იგი, არა მხოლოდ მისი სხეული, არამედ მისი სულიც.
- მისმინე, ნაკა, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, - რაღაც უნდა აგიხსნა. ის, რაც შენ აუცილებლად უნდა იცოდე.
ამ სიტყვების წარმოთქმისას ხელი შემიშვა და ოდნავ განზე გადგა. იმწუთას ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს საყინულეში შემაგდო.
გონებაში ფიქრები გაავებული მიაწყდა ერთმანეთს. ვიცოდი, რომ ახლა კარას შესახებ მომიყვებოდა. ოღონდ ეს არა, ოღონდ არა კარაზე! ამას ვერ გადავიტან!
- არა! - ვიყვირე და სახედაღრეჯილმა უკან დავიხიე, - ამის მოსმენა არ მინდა! რაც უნდა მითხრა, ჩემთვის არაფერს მნიშვნელობა არა აქვს, უკვე ძალიანაა დაგვიანებული.
- გასაგებია, - წარბები შეჭმუხნა, - ეს იგი, ტყუილუბრალოდ ჩავიყენე თავი სულელურ მდგომარეობაში, არა?
- არა, - მინდოდა ხელებზე შევხებოდი, მაგრამ მის სახეზე აღბეჭდილმა სიამაყემ შემაჩერა, - შენ ამის უნარი არ გაქვს.
- არ გინდა, ნაკა, - მის ხმაში ცივი გაფრთხილება გაისმა, - ძალად ნუ ამაგდებ. ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციასთან…
- რა სიტუაციასთან? - შემაცახცახა.
- ქალი ძალით მეხმარა… წადი! - მითხრა, თუმცა თავად ადგილიდან არ დაძრულა.
თვალებგაფართოებული მივჩერებოდი მის ხმაში გარეული ტკივილით აფორიაქებული…
- ლუკას, შენ ვერ მიმიხვდი…
- გითხარი, წადი-მეთქი.
მონატრებულებივით დიდხანს შევცქეროდით ერთმანეთს და ბანკეტის ხმაური სადღაც ძალიან შორიდან ჩაგვესმოდა.
არც მე გავრხეულვარ. მაშინ თვითონ მომვარდა, ბერძნულად რაღაც ჩაილაპარაკა, ალბათ, ლანძღვა-გინება ამიტეხა და ისე ჩამიქროლა, უკან არ მოუხედავს…
ბოლოს ხალხში ჩაიკარგა…
თითქოს ნაჭრის ფეხები გამომება, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე მეკეცებოდა. უკან მივყევი, მაგრამ სად მივდიოდი, თვითონაც არ ვიცოდი. გაოგნებული ვიყავი. წესიერად ვერც მივხვდი, ასე რატომ გააფთრდა. გარშემო ვიყურებოდი, იქნებ ერთი ნაცნობი სახე მაინც დამენახა, მაგრამ ვერავის ვამჩნევდი. ძალიან კარგი, რომ არავის გადავაწყდი. ერთი ნაცნობი სახეც და ეს ბოლო წვეთი იქნებოდა, ტირილით გავმსკდარიყავი, რადგან ნერვებს ვეღარ ვთოკავდი.
ვერც ლუკასს ვხედავდი, მაგრამ რატომღაც, მეგონა, რომ ის აქვე იყო, ახლოს, გამუდმებით თან მდევდა და თვალს არ მაშორებდა.
ბოლოს შევჩერდი და რაღაცას მივეყრდენი. არ ვიცი, რას. მთავარი იყო, რომ იმ რაღაცამ დამიჭირა და არ წავიქეცი. ამასობაში გვანცა მომიახლოვდა და წინ დამიდგა. საოცრად დაღლილი გამოიყურებოდა.
- სად დაიკარგე? - შეშფოთებულმა მკითხა, თან მზერას არ მაშორებდა, - საშინლად გამოიყურები. რა მოხდა?
- არაფერი, - სხვისი ხმით მივუგე, მან კი ჩაიფხუკუნა.
- ჰო, როგორ არა, საათზე მეტია, დაიკარგე ჩვენს პატივცემულ მასპინძელთან ერთად, მერე კი მოარული მიცვალებულივით გამომეცხადე და მეუბნები, არაფერი მომხდარაო?
- ძალიან გთხოვ, გვანცა…
მხოლოდ სამი სიტყვა ვთქვი, მაგრამ დაქალი მიმიხვდა, რომ უკვე ზღვარზე ვიყავი.
- გიომ ტაქსი გამოგვიძახა. მე მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, თუ არ გინდა, არაა აუცილებელი, ჩემთან ერთად წამოხვიდე-მეთქი, მაგრამ ვატყობ, წამოხვალ. - თანაგრძნობით მითხრა.
- კი, წამოვალ.
მხოლოდ მაშინ გამოვედი მდგომარეობიდან, როცა ტაქსიმ ვილამდე მიგვიყვანა. ძაღლების ყეფა ისე ჩამესმა, თითქოს სიზმარში ვყოფილიყავი.
- ახლა კი, ქალბატონო, - გამომიცხადა გვანცამ, როგორც კი სასტუმრო ოთახში შევედით, - აქედან მანამ ვერ მოიცვლი ფეხს, სანამ არ მეტყვი, რა შეგემთხვა! და არ გაბედო მითხრა, არაფერიო!
მსუბუქად ამოვიოხრე, სკამზე დავჯექი და საზურგეს მივეყრდენი. ნახევრად სიბნელეში მეგობარს მივაჩერდი, თან საკუთარი სუნთქვის ხმა მესმოდა.
- ასე ნუ მომჩერებიხარ! - გამიბრაზდა გვანცა, - მაინტერესებს, რა მოხდა, თან ახლავე უნდა გავიგო! ამისთანა საღამოს დედაც ვატირე! ეს რა გამოვიდა? იმის ნაცვლად, გართობა გამოგვსვლოდა, ყველაფერი ჩაგვშხამდა? ჯერ იყო და, ლუკასი ვიღაცას აუშარდა თურმე, ერთ-ერთ იმ სტუმარს, ვისთვისაც წვეულება მოაწყო. გიო საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, ბიძაჩემი ხომ არ შეიშალაო.
- მაიკლი იყო… მას ეჩხუბა.
- მაიკლი? ვინ მაიკლი?
- ლალის მეგობარი, არ გახსოვს? ბაიერი.
- უი, რას ამბობ! აქ საიდან გაჩნდა?
- მაგის ძმა ლუკასის საქმიანი პარტნიორი ყოფილა.
- მერედა, რა დაუშავა? რატომ ეჩხუბა? მგონი, მთვრალი არ იყო.
- არც არაფრის გამო… ერთი სიტყვით…
- კიდევ ერთხელ თუ გაიმეორებ მაგ სიტყვას, მოგკლავ, იცოდე! - გამაფრთხილა გვანცამ, - მითხარი, საერთოდ რა ხდება. მარტო მე ვზივარ ჭურში და სხვა ყველანი ღია ცის ქვეშ ქეიფობთ? მისმა საქციელმა სტუმრები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. მერე შენ გაგაქანა სადღაც და ისე გაქრით ორივენი, თითქოს მიწამ ჩაგყლაპათო. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდი და ფერი არ გედო სახეზე… რა იყო, გიხმარა?
- გვანცა, გესმის მაინც, რას როშავ?
- რას ვროშავ, რას! - ხმას აუწია გვანცამ, - მიტკალივით იყავი გათეთრებული, სამარიდან ამდგარ მიცვალებულს ჰგავდი. ის კი კაი ნაცემივით გამოიყურებოდა. ახლავე თქვი, რა ხდება და არ გაბედო იმის თქმა, არაფერიო.
- რაღაც საშინლად დაიხლართა ყველაფერი, - გაწელილად წავიჩურჩულე, რათა არ ავტირებულიყავი, ტუჩები დამებრიცა, - საშინლად დაიხლართა.
- ნაკა, მართალია, შენი ნათესავი არ ვარ, მაგრამ მეგობარი ხომ ვარ? ნუ, ხომ ვიყავი მაინც, თუ ახლა აღარ მიგაჩნივარ? ყოველ შემთხვევაში, ამ ოხერ ქვეყანაში ერთადერთი ვარ, ვინც ყოველთვის შენს მხარეს დაიჭერს და გვერდით დაგიდგება, თუნდაც რამეში მტყუანი იყო, - შეშფოთება დაეტყო სახეზე, - აბა, რა მოხდა?
- პირობამ მომცემ, რომ არავის მოუყვები? - აკანკალებული ხმით შევეკითხე, თან ცახცახს ვერ ვიკავებდი, დასტრესილს ისე მციოდა.
დაქალმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც სიცარიელეს მივაშტერე თვალი.
- ლუკასი კარაზე ქორწინდება.
სიჩუმე ჩამოვარდა, სანამ ჰაერში ასროლილი სიტყვები გვანცას სმენამდე მიაღწევდა. მცირე პაუზის შემდეგ ჩემმა მეგობარმა გრძლად დაუსტვინა.
- არ მჯერა, - მტკიცედ გამოაცხადა.
- ეს მართალია, გვანცა.
- ვინ გითხრა? კარამ?
- ჰო.
ამის გაგონებაზე გაცოფებული წამოხტა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
- ოხ, ნაკა, რა მიმნდობი ხარ, რა მიამიტი, რა გულუბრყვილო! ეს ტყუილია! კარა რამდენი წელია, ლუკასს ასე დასდევს კუდში, მაგრამ არაფერი გამოსდის. აქ ჩამოვიდა, შენ დაგინახა და მთლად გამხეცდა! გიო ამბობს, ბიძაჩემი ასეთი ჩაკეტილი არასდროს მინახავსო. ბოლო დროს მაგრადაა შეცვლილი, რაც შენი დაქალის ბრალიაო. და რახან ეს მან შენიშნა, როგორ გგონია, კარა ვერ შეამჩნევდა? ჰოდა, ამიტომაც დაგაბოლა. უნდა, რომ აქედან რაც შეიძლება მალე წახვიდე, რათა შენი სახით მეტოქე თავიდან მოიშოროს.
- შენ არ გესმის, - მოუთმენლად მივუგე, - სულაც არ არის ისე, შენ რომ გგონია. ადრე ლუკასს ერთი გოგო უყვარდა, რომელიც გარეგნულად თურმე ძალიან მგავს მე. იმ გოგომ ლუკასს მაგრად ატკინა გული და ამას იგი დღემდე ვერ ინელებს. შეიძლება ისევ უყვარს, არ ვიცი. მთავარი ისაა, რომ მე მას ვგავარ. ახლა გესმის? მას იმიტომ ვუნდივარ, რომ მის თავს ვაგონებ და არა იმიტომ, რომ რაიმე გრძნობა აკავშირებს ჩემთან. ის ვერ მოიყირჭა და ახლა ამის შანსი მიეცა.
- ჯანდაბა! - გაცხარებით წამოიძახა გვანცამ, - შენ ლუკასი ვიღაც პატარა ბიჭი ხომ არ გგონია, რომ მხოლოდ შენი კარგი ფიგურის გამო გდიოს უკან? თუ ასე ფიქრობ, გეტყვი რომ იმაზე სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. მაპატიე, ნაკა, მაგრამ, უბრალოდ, ვერ დავიჯერებ, რომ მას კარას ცოლად მოყვანა უნდა. ჰკითხე მაინც ამის შესახებ? მისი აზრი მოისმინე?
სასომიხდილმა უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
- აი, ხედავ? ვიღაც ამერიკელის მონაჭორს იჯერებ და სიმართლის გარკვევას არც ცდილობ.
- როგორ, აბა? იმ გოგომ მთხოვა, ეს საიდუმლოა და ჯერ არავისთან არაფერი დაგცდესო. ლეილამაც კი არაფერი იცის ჯერ. ამის გაცხადებას შენს ქორწილში აპირებენ. ბეჭედიც კი მაჩვენა. ისეთი ძვირფასი ბეჭედია, ათასი ევრო მაინც ეღირება, მეტი თუ არა.
გვანცას მაინც ეჭვი გაუკრთა მზერაში და ჯიუტად გადააქნია თავი.
- ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. არ მჯერა, რომ კარამ ლუკასის მახეში გაბმა მოახერხა. იქნებ სხვისი ბეჭედი ეკეთა და მოგატყუა?
- რას ამბობ! ასეთ ძვირიან ბეჭედს ვინ ათხოვებდა? - რბილად გავაპროტესტე, - ეს ხომ მთელი ქონებაა. რაში მჭირდება თავის მოტყუება, გვანცა. ის უფრო შეეფერება ლუკასს, ვიდრე მე. ან კი ამხელა ტყუილს რატომ მეტყოდა? გამორიცხულია.
ახლა უკვე ჩემს დაქალსაც შეეტყო შეშფოთება. დაბნეულმა ხელები მოიფშვნიტა და ხმადაბლა მითხრა:
- უნდა იბრძოლო, ნაკა. ხომ ვიცი, როგორ გიყვარს. უფლებას ნურავის მისცემ, შენი ბედნიერება გააცამტვეროს.
- მე მებრძოლი არ ვარ და შენ ეს კარგად იცი, შენნაირად არ გამომდის და რა ვქნა. ამასთან, საბრძოლველიც არაფერია. ლუკასმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. იქნებ ასეც ჯობდეს ჩვენთვის.
გვანცამ ზიზღით ჩაიცინა.
- ნუ მიყვები რაღაც სისულეეებს. ასეთ საშინელ დღეში აქამდე არ მინახავხარ. თუ კარას მართლა სთხოვა ხელი, არა მგონია, ლუკასს ეს დიდი სიამოვნებით გაეკეთებინოს. მეეჭვება. რაღაც მეჩვენება, რომ ორივე ცალ-ცალკე იღუპავთ თავს თქვენივე სიჯიუტით.
- დაივიწყე ეს ამბავი, გთხოვ. ნუ გაახმოვანებ, - შევევედრე მეგობარს, - მე რამდენიმე დღეში აქედან წავალ, თქვენ კი მშვიდად გააგრძელებთ ცხოვრებას.
- და შენ? შენ რაღას იზამ?
- მე? რა ვიცი… ნელ-ნელა ავკრეფ ჩემი ცხოვრების დამსხვრეულ ნარჩენებს და ვეცდები შევაკოწიწო, იქნებ რამე გამოვიყვანო. უპასუხო სიყვარულით ადამიანები არ კვდებიან. ალბათ, არც მე მოვკვდები.
- და გგონია, მაგას რომ მეუბნები, ამით შვებას ვიგრძნობ? - ლამის ატირდა, - მომეცი ნება, ვკითხო ლუკასს ამის შესახებ… ჩემებურად ვიზამ, ფრთხილად…. შეიძლება? ა?
- არავითარ შემთხვევაში! - ახლა მე ვიყვირე, - თუ ვინმეს ამის შესახებ თუნდაც ერთ სიტყვას ეტყვი, იცოდე, სამუდამოდ დამკარგავ! - ყინულივით ცივი ხმით ავლაპარაკდი და გვანცა მიხვდა, რომ ასეც მოვიქცეოდი. მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ნაწყენი სახით მომაჩერდა.
მე კი ცრემლებმა დამიბინდა თვალები. ისე მომინდა გულიანად ტირილი, ერთი სული მქონდა, ჩემს საძინებელში ამერბინა და ბალიშში თავჩარგულს გულამოსკვნით მეტირა.
გვანცა მიმიხვდა. მომიახლოვდა, ჩემ წინ ჩაიმუხლა და ხელები მომხვია.
- ტირილს ყოველთვის მოასწრებ, მეგობარო, ნაადრევად ნუ დაყრი ფარ-ხმალს, გესმის? ხანდახან ყველაფერი მაშინ იწყება, როცა გგონია, რომ დამთავრდა.
გაოცებულმა ავწიე თავი და მივაჩერდი, მისგან ასეთი ბრძნული ნათქვამი პირველად მესმოდა, თუმცა პასუხი არ გამიცია…
უხმოდ ავდექი, მეგობარს მხარზე ხელი მოვუთათუნე და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს ლასლასით ავუყევი…
ახლა მხოლოდ ტირილი თუ მიშველიდა…
ალბათ, გაოცებაც არის და გაოცებაც… რაოდენ მოულოდნელი იყო ჩემთვის, როცა მეორე დილით კარა ხელმეორედ გამოგვეცხადა.
მეძინა, როცა დაბლა ხმაური ატყდა. ვიფიქრე, ლეილა გახდა ცუდად-მეთქი, ფართხაფურთხით ჩავიცვი და კიბეზე დავეშვი. გავიხედე და რას ვხედავ? ვიღაც კაცს უამრავი ბარგი შემოაქვს ოთახში, უკან კი კარა მოსდევს გაბადრული სახით. ფორმის ტანსაცმლით მივხვდი, რომ ტაქსის მძღოლი იყო. გაქვავებული მივჩერებოდი ამ სურათს. სწორედ ამ დროს გვანცაც კისრისტეხით დაეშვა მეორე სართულიდან.
- მშვიდობაა? რა მოხდა? - აფორიაქებულმა მკითხა და როცა თვალებით კარასკენ ვანიშნე, ჩემზე უარესი დაემართა. გაოგნებულმა პირი დააღო, მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ჟღალთმიანი ამერიკელის ასე სწრაფად უკან დაბრუნება.
მეხდაცემულივით ვიდექი. არ ველოდებოდი. ყოველ შემთხვევაში, ქორწილამდე მაინც… მეგონა, ქორწილის წინა დღეს ჩამოფრინდებოდა. რას ვიფიქრებდი, ასე უცებ თუ დაბრუნდებოდა? აკი დედამისი ცუდად იყო? ნუთუ გამოჯანმრთელდა? თუ ავადმყოფი ქალი ღვთის ანაბარა მიაგდო, ოღონდ ლუკასს ცოლად გაჰყოლოდა? სიმართლეს არავინ მეტყოდა…
ჩამოვიდა და თან უამრავი საქორწინო საჩუქარი ჩამოიტანა, რაც გვანცამ ერთობ უკმაყოფილო სახით ჩაიბარა.
ჟღალთმიან ლამაზმანს საპატარძლოს რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩენია, თვალები ბოროტად დააკვესა და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულმა ირონიანარევი ხმით ჰკითხა:
- რა, ქორწილის წინ ნერვებმა გვიღალატა? - გაწელვით წარმოთქვა, თან გვანცას გაბრაზებულ სახეს თავის მწვანე თვალებს არ აშორებდა.
- ნერვები არაფერ შუაშია! - უკმეხად მიუგო ჩემმა მეგობარმა და ჯიქურ გაუსწორა მზერა.
კარამ ამერიკულად გადაიკისკისა და თავისი უამრავი ხელბარგიდან კიდევ ერთი ყუთი გამოაძვრინა. საწყალი ტაქსის მძღოლი, თითქმის ნახევარი საათი ეზიდებოდა კარას ჩემოდნებსა და სამგზავრო ჩანთებს მანქანის საბარგულიდან სასტუმრო ოთახამდე.
- ეს კი ლეილას ჩამოვუტანე, - ისე, სხვათა შორის ჩაილაპარაკა, პირადად არავისთვის მიუმართავს, - თავის ოთახშია?
- ჰო, თავისთანაა. კაცები კი სამსახურში არიან უკვე, - ჯოჯოხეთური ხმით მიუგო გვანცამ, მაგრამ ისეთი გაალმასებული თვალებით შევხედე, მაშინვე გაწითლდა.
- როგორც ვხედავ, თქვენ ისევ ფუტკარივით დაუღალავად აგრძელებთ მუშაობას, - დამცინავი ტონით კარა ახლა მე მომიბრუნდა.
მზერა ავარიდე. ხმა არ ამომიღია, არც კი გავხადე პასუხის ღირსად. ნეტავ რაში მეტყობა, რომ დაუღალავად ვმუშაობ? ამწუთას ავდექი, წესიერად ჩაცმაც ვერ მოვასწარი, რა შემატყო დაუღალავი შრომის? ნეტავ თვალები ხომ არ მაქვს ამოღამებული? რა მაწაკი ქალია, ოღონდ მიკბინოს და სხვა არაფერი უნდა. აშკარად მაგრად ეშინია ჩემი, საქმრო არ წამართვასო.
- აჰა… დღეს განსაკუთრებულად მეგობრულ დამოკიდებულებას იჩენთ ჩემ მიმართ, - გვესროლა ორივეს, როცა მისი რეპლიკა უპასუხოდ დავტოვე და ტანის რხევით კიბეს მიაშურა, თან ენას არ აჩერებდა, - კარა, როგორ გაგვიხარდა შენი ჩამოსვლა… კარა, როგორ იმგზავრე, მეგობარო? - სხვადასხვა ხმით გამოგვაჯავრა.
- შენი კუბო მენახოს! - ქართულად ჩაისისინა გვანცამ, როცა მეორე სართულზე ასული კარა ლეილას ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა.
ის დღე დილიდანვე ჩამშხამდა. რატომღაც, გული მიგრძნობდა, კარგი არაფერი მოხდებოდა, ამიტომ უფრო და უფრო ავნერვიულდი. ვერაფრით ვახერხებდი თავის დაწყნარებას, ხელები მიკანკალებდა, მუხლები მეკვეთებოდა. თავი საშინლად ამტკივდა, ადგილს ვერ ვპოულობდი.
კარას ყინულივით ცივი თვალები თითქოს ყოველი დანახვისას მბურღავდნენ, ისე მტკივნეულად, რომ მზად ვიყავი მეყვირა. მთელი დღე ვმუშაობდი, უამრავი საქმე მქონდა ქორწილამდე მოსაგვარებელი, მაგრამ საკმარისი იყო თავი ამეწია, მაშინვე მის დაჟინებულ მზერას ვაწყდებოდი, რომელიც ჩასაფრებულივით ჩემს თითოეულ ნაბიჯს კვალში მოჰყვებოდა. ნეტავ სცოდნოდა, როგორ ამახინჯებდა მის ლამაზ სახეს ეს ცივი გამოხედვა.
- თქვენ მე ვერ მიტანთ, არა? - ისეთი ტონით მკითხა, თითქოს ფინჯან ყავას მთხოვდა.
- რატომ ვერ უნდა გიტანდეთ? - სრულიად მშვიდად მივუგე და ზურგი ვაქციე, რათა კონვერტებში მოსაწვევების ჩადება გამეგრძელებინა.
- მშვენივრად იცით, რატომაც, - ხაზგასმით მიპასუხა.
მისი თითოეული სიტყვა გულზე ეკალივით მხვდებოდა, თითქოს მოსალოდნელი თავსხმა წვიმის პირველი წვეთები მეცემოდა თავზე.
- იცით რა მიკვირს? რატომ არ გაემგზავრებით აქედან, სანამ თქვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა ბოლომდე არ გათელილა? სიმართლე გითხრათ, თქვენს აქ ნახვას ნამდვილად არ მოველოდი. ცოტა უცნაურია.
ისე ვიყავი ანერვიულებული, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურს სრულყოფილად ვფლობდი, ზოგიერთ სიტყვას ვერ ვიგებდი, მხოლოდ შინაარსით ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა. თუმცა გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი, თან ვცდილობდი, პასუხი ისე გამეცა, არაფერში ჩავჭრილიყავი და არ ეფიქრა, რომ გაიმარჯვა.
- მაპატიეთ, რომ თქვენი იმედები ვერ გავამართლე, - დინჯად მივუგე.
ჩემი სიმშვიდე და გულგრილი პასუხები მეტოქეს აშკარად აღიზიანებდა.
- არ გეგონოთ, თქვენი ამ გულუბრყვილობის გამომხატველი პასუხებით ჩემ მოტყუებას შეძლებთ, - ნიშნის მოგებით მითხრა, თან ნელ-ნელა მოიწევდა ჩემკენ ბრაზით ანთებული მწვანე მზერით, - ლუკასის გაცურებას რომ ცდილობდი, ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი პირველად დაგინახე. კიდევ კარგი, ჩამოვედი, თორემ საწყალ ბიჭს ალბათ გზაკვალს აურევდი. ახლა მე აქ ვარ, შენ კი ჩანაფიქრი არ გამოგივიდა. მომავლის ტკბილი გეგმები ჩაგიფლავდა, ხომ ასეა? ამიტომ არ მიკვირს, რომ გძულვარ, - მიმართვის თავაზიანი ფორმა დაივიწყა კარამ და ისე დამიწყო ლაპარაკი, როგორც მოსამსახურეს, - ვხედავ, რომ მონადირე ხარ, სხვისი ქონების მითვისებაზე ნადირობ. შენნაირი ბევრი მინახავს. ლუკასსაც ბევრი უნახავს. დამიჯერე, დროს ტყუილად კარგავ. როგორც კი ესენი დაქორწინებიან, შენ საცობივით მოგისვრიან აქედან. ასე რომ, არ ჯობია ახლავე ჩაალაგო შენი ჩემოდანი და აქედან გაქრე? წადი შენს ჯორჯიაში, - ბოლო სიტყვა ისე ირონიულად წარმოთქვა, აშკარად მაგრძნობინა, შენი ჯორჯია ამერიკულთან ახლოსაც ვერ მოვაო.
- მე მაშინ წავალ, როცა ყველაფერი მზად იქნება, - ძალა მოვიკრიბე და მტკიცედ მივუგე, თან თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე.
რამდენიმე წამის განმავლობაში დაჟინებით შევყურებდით ერთმანეთს, ბოლოს კარამ ჩემს მზერას ვერ გაუძლო და განზე გაიხედა. ბრაზით ისე წამოენთო, ერთიანად წამოჭარხლდა სახეზე.
- შენნაირი ბევრი მინახავს, მაგრამ ისინი მოდიოდნენ და მიდიოდნენ, - ჩაისისინა და შეტრიალდა, თან თავისი ლამაზი თვალებიდან მწვანე ნაპერწკლებს ყრიდა, - დიდი-დიდი, ერთი ან ორი თვე გაწელო აქ ყოფნის ვადა, ის შენ მიმართ მაინც მალე დაკარგავს ყოველგვარ ინტერესს. ჩემთან კი ყოველთვის ბრუნდება, ეს დაიმახსოვრე.
- მეც ბევრი მინახავს თქვენნაირი, - ჩავიცინე, - და ისინიც მოდიან და მიდიან. ასე რომ, ამ მხრივ ჩვენ დიდად არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, - ამაყად დავუბრუნე ხურდა, - რაც შეეხება დროის გაწელვას, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. ეს ჩემს გეგმებში არ შედის. - მკაცრი ტონით გავაგრძელე, მაგრამ შიგნიდან ერთიანად ვხურდი. თავი რომ არ გამეცა, საქმეს თავი დავანებე და კარისკენ გავემართე, თუმცა სანამ გავიდოდი, თავშეკავებულად დავამთავრე ჩემი სათქმელი, - უბრალოდ, მეცოდება ლუკასი, თუკი თქვენნაირი ცოლი ეყოლება. მთელი გულით მეცოდება.
გაგრძელება იქნება