_ შენი შეცოდება შენთვის დაიტოვე! _ მომაკივლა, სანამ კიბეზე ავდიოდი, _ აჯობებს, საკუთარი თავი შეიცოდო. ეს გამოგადგება იმ გრძელი ღამეების განმავლობაში, მასზე უიმედო ოცნებებში რომ გალევ!
რაღაც საოცრებით მივაღწიე ჩემს ოთახამდე. ვარაუდით მივაბიჯებდი, მთელი სხეული მიცახცახებდა. საწოლზე ჩამოვჯექი. კარას ულმობლობამ ფეხქვეშ ნიადაგი გამომაცალა. კიდევ კარგი, როგორღაც მოვაღწიე აქამდე და მის თვალწინ არ ჩავიკეცე. მეტიც არ უნდოდა, საბოლოოდ იზეიმებდა გამარჯვებას. ჩემს სიცოცხლეში არ მიგრძნია არავისგან ასეთი დაუნდობლობა. მოდელებსაც კი, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი და გამუდმებით ერთმანეთს ჭამდნენ, მსგავსი რამ არ ჩაუდენიათ. მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს ასეთი სისასტიკე. არც ერთი ქართველი ქალი ასე არ მოიქცეოდა. იქნებ მართლა ჯობია ახლავე წავიდე?..
ყოველ შემთხვევაში, ერთ რამეში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული: კარა ყველაფერს გააკეთებდა, რომ ჩემთვის ბოლო დღეები ჩაემწარებინა.
საღამომდე ოთახიდან არ გამოვსულვარ. გვანცა და გიოც არ იყვნენ შინ, ამიტომაც არც მათ დაუწყიათ ჩემი ძებნა, ლეილა კი დილიდან შეუძლოდ გრძნობდა თავს და, ჩემი არ იყოს, თავისი ოთახიდან ისიც არ გამოსულა.
საღამოს ვახშამზე მაინც ჩავედი, მაგრამ მანამ უკვე ყველაფერი გადავწყვიტე. სიამაყემ მაიძულა, რაც შეიძლება უზადოდ ჩამეცვა. ჩემი ვერცხლისფერი თმა, ჩემი სავიზიტო ბარათი, ნახევრად კეფაზე დავიხვიე, რამდენიმე კულული კი თავისუფლად ჩამოვუშვი მხრებზე. თვალები ოდნავ დავიხატე, რათა უფრო გამომეკვეთა.
ყველანი სუფრას უსხდნენ, როცა მე ჩამოვედი. საკმარისი იყო, ლუკასი დამენახა, რომელიც კარასთან საუბრით იყო გართული, რომ გულში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი. იმ საღამოს შემდეგ არ მენახა, წვეულებაზე რომ ვიყავით. იმანაც, დამინახა თუ არა, ოდნავი ჩაღიმებით დააკანტურა თავი და მომმართა:
_ დალევ რამეს?
ძალზე რბილი ხმა ჰქონდა, რამაც ჩემს გულს ბაგაბუგი აუტეხა.
_ გმადლობ… მარტინი, თუ შეიძლება.
არ შემეძლო კარასთვის შემეხედა, ამის ძალა არ შემწევდა, მაგრამ როცა ლუკასი წამოიმართა ჩემთვის მარტინის დასასხმელად, გუმანით მივხვდი, რომ ჩემი მეტოქე თავის რჩეულს დროებით მოსწყდა.
წამით ლეილას მზერას შევეჩეხე. მისი თვალები თითქოს მეუბნებოდა, ვხედავ, როგორ ხლართავს კარა ლუკასს თავის აბლაბუდაშიო. შემდეგ მან თავის ძმას გახედა უკმაყოფილო მზერით.
ლუკასმა მარტინით ნახევრად სავსე ბროლის ჭიქა მომაწოდა და რაღაც მითხრა, რაც ვერ გავიგონე. ყურებს ისეთი გუგუნი გაჰქონდა, არაფერი მესმოდა. როცა ოჯახის უფროსი ჩემ შემდეგ სხვებს გამოელაპარაკა, ოდნავ მომეშვა. ამასობაში ვარდომ ახალი კერძი შემოიტანა და ჩამოტარება პირდაპირ ჩემით დაიწყო. ცოტა გადავიღე ტკბილ წიწაკაში მოშუშული შემწვარი ხორცი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვარდოსთვის მადლობა არ გადამიხდია, რაც სხვა დროს არასდროს დამვიწყებია.
თავს ძალას ვატანდი, რომ ჩემი მღელვარება არავის შეემჩნია. ვილუკმებოდი და პირში ჩალის გემოს ვგრძნობდი. მთელი არსებით გაუსაძლის ტკივილს განვიცდიდი, როცა ვიაზრებდი, რომ უკანასკნელად ვიჯექი ამ ოჯახში გაშლილ სუფრასთან.
როცა დესერტი შემოიტანეს, თავი გავიმხნევე და ჩემი გადაწყვეტილება ხმამაღლა გავაჟღერე.
_ ხვალ მივემგზავრები… ყოველ მიზეზს გარეშე. _ ინგლისურად გამოვაცხადე, რათა კარასაც გაეგონა.
ეფექტი ბომბის აფეთქების ტოლფასი აღმოჩნდა. ყველა გაშტერდა, ლუკასი გაშრა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დაბნეული დანა-ჩანგალს ჩავაფრინდი და გავირინდე.
მდგომარეობიდან გვანცამ გამომიყვანა. ის აზრზე არ იყო, რა მოხდა დღის განმავლობაში, ჩემთან სალაპარაკოდ ვერ მოიცალა, ამიტომ გაოგნებულმა დამადო ხელზე ხელი და მკითხა:
_ შენ რა, ხვალ ჩემთან ერთად კოტეჯში წამოსვლას არ აპირებ? ფარდები მინდოდა დამეკიდა ფანჯრებზე და ცოტა მიმელაგებინა. ბევრი არაფერი დარჩა, მაგრამ მარტო მაინც ვერ შევძლებ. რა წასვლა, რატომ აიჩემე ასე უცებ? წუხელ რომ არაფერი გითქვამს? არც ამ დილით გიხსენებია ამაზე არაფერი. ხომ შემპირდი, გამოგყვებიო? ვიფიქრე, ერთი დღით აქედან გასვლა არ გვაწყენდა, გულს გადავაყოლებდით.
ამის თქმა და გამგმირავი მზერით შეხედა კარას, რომელსაც ჩემი განცხადების მოსმენით თვალები უბრწყინავდა.
_ მაპატიე, გვანცა, _ აკანკალებული ხმით მივუგე, თუმცა გარეგნულად მშვიდად გამოვიყურებოდი, _ ხვალ ყველა ვარიანტში უნდა გავფრინდე. ეს აუცილებელია. ისედაც გამიგრძელდა აქ ყოფნა. თბილისში საქმეები მიფუჭდება. დროზე უნდა ჩავიდე.
გვანცას იმწუთას ტანთ რომ გაეხადა და შიშველი საცეკვაოდ გასულიყო, ალბათ, ასეთ ეფექტს ვერ მოახდენდა. ლუკასი და გიო ენაჩავარდნილები მომჩერებოდნენ. ხმას ვერც ერთი ვერ იღებდა. ლეილა კი გამჭოლი მზერით საკუთარ ძმას შესცქეროდა. ვგრძნობდი, რა სახითაც მიყურებდა ამწუთას გვანცა, მაგრამ მისი შეხედვა არ მინდოდა. მეშინოდა, ვაითუ ცრემლი ვერ შევიკავო-მეთქი.
მოულოდნელად ლუკასი შლეგივით წამოიჭრა ზეზე, კინაღამ სკამი გადააყირავა.
_ ამით რისი თქმა გინდა? _ ისიც ინგლისურად ამეტყველდა და დაჟინებით სახეში ჩამაცქერდა, _ ხომ შემპირდი, ქორწილამდე დავრჩებიო. არ მეგონა, სიტყვას თუ გატეხდი.
_ მე შეგპირდი, მანამ დავრჩები, სანამ ქორწილისთვის ყველაფერი მზად არ იქნება-მეთქი. ახლა ყველაფერი მზადაა, _ აუღელვებლად შევუსწორე, თან თვალი არ მომიშორებია მისი გაცოფებული მზერისთვის, _ მე სახლში მინდა, ჩემს სახლში. _ ქართულად დავამატე.
ბოლო სიტყვები ისეთი მუდარით წარმოვთქვი, ყველამ ერთმანეთს გადახედა. ჟღალთმიანმა სტუმარმა, მართალია, ვერ გაიგო რა ვთქვი, მაგრამ გუმანით მიხვდა, რაღაცას რომ ვითხოვდი და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
ლუკასს ფერი დაეკარგა, ტუჩებიც კი გაუთეთრდა. წინ გადმოიხარა, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და კოპებშეკრულმა დაიგრგვინა:
_ არსადაც არ წახვალ! _ იმხელა ხმაზე იყვირა, თან ქართულად, თითქოს ირგვლივ ჩვენ მეტი არავინ იყო, _ მე არ გიშვებ! არ გაგიშვებ, იცოდე!
_ წავალ, _ ამჯერად ინგლისურად წარმოვთქვი კარას გასაგონად და ლუკასს თამამად შევხედე თვალებში, _ შენ ვერ დამიშლი.
ლუკასმა მაგიდას შემოუარა და მომიახლოვდა. ვიგრძენი, როგორ გავფითრდი, შიშმა ამიტანა.
_ ადექი!
მის უცნაურად მშვიდი ტონი ქარიშხლის ამოვარდნას მოასწავებდა. ლეილაც მსუბუქი ამოოხვრით წამოვიდა ჩემკენ.
_ თავი დაანებე გოგოს, ლუკას. თუ სახლში წასვლა უნდა, გაუშვი, ნუ დააძალებ.
დის ხმის გაგონებაზე ლუკასი გონს მოეგო და ჩამქრალი თვალებით მომაჩერდა.
_ უბრალოდ, მინდა დაველაპარაკო.
_ მე კი არ მინდა შენთან ლაპარაკი.
არ ვიცი, როგორ შევძელი ამის თქმა. ფაქტია, წამომცდა, მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ როგორც კი ეს სიტყვები წარმოვთქვი, ჩემი ოცნების მამაკაცის თვალებში ზუსტად იგივე ტკივილი დავინახე, რასაც თავად განვიცდიდი და მანაწევრებდა.
ლუკასი ნელა გაიმართა წელში და დაჟინებით დამაკვირდა, თითქოს ჩემი აზრების გამოცნობა ეწადა.
_ და ლეილა? _ მკითხა ბოლოს იმით კმაყოფილმა, რომ ჩემი დარჩენის საბაბს მიაგნო, _ გგონია, რომ ქორწილის დღეს იმდენ საქმეს უშენოდ გაართმევს თავს? დარწმუნებული ხარ?
_ ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ წავიდოდი, მაგრამ ვიცი, რომ ქალბატონი ლეილა ყველაფერს მოაბამს თავს. არც არაფერი დარჩა გასაკეთებელი, _ ძლივს ამოვღერღე.
_ კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა, _ ისე თქვა, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვსო, _ წადი, ნაკა, გაემგზავრე შენს თბილისში და… ჩალპი იქ.
_ ლუკას! _ ლეილას ხმამ ჰაერი გაკვეთა. დის ხმის გაგონებაზე ლუკასი მკვეთრად შეტრიალდა. სახე საავდრო ღრუბლებივით ჩაშავებოდა.
_ ჩემს სახლში მისი ნახვა აღარ მინდა! დაიმახსოვრე ეს, ლეილა, თუ გინდა, რომ მშვიდი ცხოვრება გქონდეს!
ქალი გაშრა. შეშინებული მიაჩერდა ძმას, მან კი მრისხანე ღიმილით, რომელმაც სახე დაუმახინჯა, თითები გაუტკაცუნა ვერანდაზე მთვლემარე ძაღლებს და მათთან ერთად შუშის კარიდან აუჩქარებლად გავიდა ბაღში.
კარაც წამოხტა, რათა უკან გაჰკიდებოდა, მაგრამ ლეილამ ისეთი უკივლა, შენს ადგილას დაჯექიო, რომ მაშინვე თავის სკამზე დაეშვა და დაბნეულმა სწრაფად აახამხამა მწვანე თვალები.
_ არ მესმის, რისთვის ატყდა ამხელა ხმაური, _ ძლივსგასაგონად ჩაიდუდღუნა, _ ის ხომ დაგეგმილზე სულ რამდენიმე დღით ადრე მიდის. ქორწილი რომ არა, უკვე წასული იქნებოდა. მხოლოდ იმისთვის დარჩა, თქვენ დაგხმარებოდათ. რა აჟიოტაჟი ატეხეთ?
_ მოკეტე! _ შეშლილივით წამოფრინდა გვანცა და ქორივით დააცხრა კარას, გაცოფებულს სახე ასწითლებოდა, _ შენ ისედაც უკვე გააკეთე, რაც შეგეძლო!
_ გვანცა, გთხოვ… _ მეგობრის დამშვიდებას შევეცადე, კარამ კი გაბოროტებული მზერა ახლა მე მომაპყრო.
_ გააჩუმე შენი გიჟი მეგობარი, თუ შეიძლება. ვერ ხედავ, სულელივით იქცევა!
_ შენ კი შენი თავი ყველაზე ჭკვიანი გგონია, არა? _ გაცოფებული გვანცა კარას მთლად ახლოს მიეჭრა და გიოს, რომელიც მის დაჭერას შეეცადა, ხელი აუქნია, _ ხო, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით მართლა ჭკვიანი ხარ, შე ბინძურო კატა!
ინგლისურად ნათქვამი `ბინძურო კატა~ ჩემთვის ახალი იყო. გამეგონა ეს გამოთქმა, მაგრამ პირადად არასდროს მიხმარია, არც დამჭირვებია. როგორც ჩანს, გვანცას კარგად ჰქონდა ათვისებული ჟარგონის ამერიკული ლექსიკონი, რახან ასე ბუნებრივად გამოუვიდა.
ძალიან შევწუხდი. ჩემ გამო რომ ასეთი ამბავი ატყდა, სულ არ მომეწონა.
_ გვანცა, რა დღეში ხარ, რა დაგემართა?! _ ამჯერად გეორგიოსმა მისცა შენიშვნა საცოლეს.
ამ დროს სრულიად მოულოდნელად ლეილა სკამზე დავარდა და განაცრისფრებულ სახეზე ოფლმა დაასხა.
შეშინებულები მას მივვარდით. მე თითები და საფეთქლები დავუზილე, გიომ ჭიქით წყალი მოურბენინა. დაზაფრული გვანცა ხან საქმროს მიაჩერდებოდა, ხან მე, არ იცოდა, რა გაეკეთებინა, ხელებს უაზროდ აქეთ-იქით აქნევდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლეილამ სუსტად გაიღიმა.
_ მგონი, აჯობებს ყველანი დასაძინებლად წავიდეთ, _ თქვა მან და ალერსიანი მზერა მე მესროლა, _ შეიძლება ერთი რამ გთხოვო, საყვარელო? _ ქართულად მკითხა.
_ რა თქმა უნდა, მთხოვეთ, ქალბატონო ლეილა.
ქალმა მაჯაზე ხელი მომკიდა და ინგლისურად დაიწყო:
_ ვიცი, რომ ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ ხვალ იქნებ მართლა გაჰყვე გვანცას კოტეჯში და მიეხმარო მილაგებაში? მეც მშვიდად ვიქნები, როცა მეცოდინება, რომ იქ ყველაფერი მოგვარებულია. თანაც, არ მინდა მის მდგომარეობაში მყოფმა ფარდები დაკიდოს. რა ვიცი, რა ხდება, უცებ არ ჩამოვარდეს სკამიდან. ორსულისთვის სიმაღლეზე ასვლა ცოტა საშიშია, უცებ თავბრუ არ დაეხვას. გპირდები, რომ მე თვითონ შევუკვეთ ბილეთს თბილისამდე შენთვის, ოღონდ ზეგისთვის. ძალიან გთხოვ, ნაკა, უარი არ მითხრა.
რა უნდა მეთქვა? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გული დასერილი მქონდა, ტკივილი მახრჩობდა და ვიცოდი, რომ ჩემი სულიერი გამოჯანმრთელების პროცესი მხოლოდ მაშინ დაიწყებოდა, როცა აქედან წავიდოდი და საბოლოოდ მოვშორდებოდი ამ სახლის გარუჯულკანიან ბინადარს, მაგრამ ერთი დღის გამო ლეილასთვის უარის თქმა არ შემეძლო.
_ მხოლოდ ერთი დღე, _ ვთქვი სევდამოწოლილმა და ლამის შევხტი, როცა კარამ სარკასტულად ჩაიცინა და ოთახიდან გასულმა კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.
ლეილამ გვანცას შეხედა და ორივეს გაეცინა. მერე ისევ მე შემომხედა:
_ ფერი არ გადევს სახეზე, შვილო. ნუ განიცდი ასე, ყველაფერი მოგვარდება.
_ მხოლოდ ერთი დღე, _ გავიმეორე ნირწამხდარმა.
_ რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი დღე, _ თავი დამიქნია, _ პირობას გაძლევ, თუ მანამ არაფერი გაირკვა, მე თვითონ გაგამგზავრებ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გაირკვევა. ამისთვის ერთი დღე სრულიად საკმარისია…
ის ღამე ძლივძლივობით გავათენე. თვალი არ მომიხუჭავს. არ მინდოდა მომხდარზე მეფიქრა, თუმცა გონება ვერ ივიწყებდა ლუკასის შეურაცხმყოფელ სიტყვებს. თავმოყვარე ადამიანი იმწუთასვე ადგებოდა და დატოვებდა იქაურობას, მაგრამ ვერა, ვერ შევძელი. როგორც ჩანს, ჩემი სიამაყე სიყვარულს ზვარაკად შევწირე. მეზიზღებოდა საკუთარი თავი, საკუთარი ყოფა და მაინც არაფრის შეცვლას არ ვაპირებდი.
საუზმეზე ლუკასი არ გამოჩენილა. ვარდომ თქვა, დილაუთენია წავიდა, როცა ყველას გეძინათო. თურმე მთელი ღამე იმასაც თეთრად გაუთენებია, წამითაც არ მოუხუჭავს თვალიო, აღნიშნა ვარდომ. ამის გაგონებაზე გული შემეკუმშა. უხეშად ველაპარაკე და ამან გაამწარა ალბათ.
გიო გვაჩქარებდა მე და გვანცას, დროზე მორჩით ჭამას, თორემ თქვენ გამო სამსახურში მაგვიანდებაო.
უკვე ათი ხდებოდა, როცა მე, გვანცა და გეორგიოსი კოტეჯისკენ გავეშურეთ. მთელი გზა კრინტი არ დამიძრავს, ხმის ამოღების თავი არ მქონდა. გვანცა ამჩნევდა, ხასიათზე რომ არ ვიყავი, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. გიოც უბრად მართავდა მანქანას, ყველას გადასდებოდა ჩემი უგუნებობა.
გვარიანად ცხელოდა. მწვანეში ჩაფლული სახლი თითქოს თვლემდა. ძალიან მომწონდა აქაურობა, კოხტა კოტეჯი იყო. გეორგიოსმა მისვლისთანავე გამოაღო ახალშეღებილი ფანჯრები, რათა ოთახები გაენიავებინა და ქარხანაში გავარდა.
გვანცა მაშინვე საქმიანობას შეუდგა, გულმოდგინედ დატრიალდა. მეც გამოვიცვალე ტანსაცმელი და შევუერთდი. პირველ რიგში ფარდები დავკიდეთ. იქაურობა წამში შეიცვალა. ოთახს სულ სხვა ელფერი შესძინა ყვავილებით მოჩითულმა ფარდებმა. ჩემი დაქალი აღტაცებას ვერ მალავდა, ვერც მე ვაშორებდი თვალს გაღიმებული. მერე პირველ სართულზე ავეჯი გადავაადგილეთ. ლუკასმა კოტეჯის მოსაწყობად არაფერი დაინანა, რაც წყვილს მოუნდა, ყველაფერი დაუნანებლად უყიდა. გვანცას გაუმართლა, ასეთ კარგ ოჯახში რომ მოხვდა. ახლა მთავარი იყო, კარგი ცოლობა გაეწია და კარგი რძლობა. თუმცა ამის საშიშროებას ვეღარ ვხედავდი. მაგრად იყო შეცვლილი ბოლო დროს. ალბათ, გათხოვების შემდეგ ჭკუა მოემატა. ამის გაფიქრებაზე გამეღიმა.
_ რატომ გეღიმება? _ გვანცამ ხელის ზურგი თმაზე გადაისვა და მომაჩერდა.
_ მიხარია ასე რომ შეგცვალა ოჯახის შექმნამ. მონდომებული ხარ, რომ ყველაფერი წესრიგში გქონდეს.
_ ჰოო. ეგ მართალია. იცი როგორ მიხარია? ხანდახან არ მჯერა, რომ რეალობაში ვარ, სიზმარში მგონია თავი. ლუკასმაც არაფერი დაიშურა, რასაც ხელი დავადე, ყველაფერი გვიყიდა. მეც სულ საუკეთესოები ავარჩიე.
მის ხსენებაზე გული იდუმალად აფართხალდა მკერდში, თითქოს აკრძალული სახელი გაიგონაო. თუმცა არ შევიმჩნიე, მისმა ხსენებამ ასე რომ იმოქმედა ჩემზე.
სამი-ოთხი საათის შემდეგ სახლი ისე გალამაზდა, ნახატს დაემსგავსა.
ამასობაში მზე გადავიდა. კარგა გვარიანად კი დავიღალეთ. ყავა მოვიდუღეთ, ბაღში გავედით და შეზლონგებზე წამოვწექით. ჯერ კიდევ გაგანია სიცხე იყო, დახუთული ჰაერი იდგა, თუმცა ისე მოქუფრულიყო, აშკარად შეიცვლებოდა ამინდი, ცოტაც და კოკისპირულ წვიმას დაუშვებდა.
ღამენათევს და ნანერვიულებს თავი ამტკივდა. ასე აქ ყოფნის პერიოდში ხშირად მემართებოდა, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად მტკიოდა, თან ნერვებიც არ მქონდა მწყობრში გამუდმებით ლუკასზე ფიქრით. ვფიქრობდი იმაზე, რა ცუდად მომექცა, თუმცა არც მე დამიკლია. ეს უარესად მაფორიაქებდა.
_ აუ, სულ დამავიწყდა, წყალი რომ გაგვითავდა. იმედია გიოს მოსვლამდე არ მოგვწყურდება. ა, რას იტყვი?
_ ყავა ხომ დავლიეთ, არა მგონია მოგვწყურდეს. ყოველ შემთხვევაში, ისე როგორ გაგვიშრება პირი, ვერ მოვითმინოთ?
_ შენ რა გენაღვლება. ორსულად მე ვარ, შენ კი არა, _ გაიცინა გვანცამ და თავი სინანულით გადააქნია, წყლის ყიდვა როგორ დამავიწყდაო.
_ გინდა ჩავირბინო ცენტრში და მოვიტანო? არც ისე შორსაა, ნახევარი საათი მინდა სულ, მეტი არა. არ მეზარება.
_ ძაან დაიღალე, ცოდო ხარ.. იყოს, როგორმე მოვითმენ. ახლა, რომ ვიცი, წყალი არა გვაქვს, უფრო მინდება, თორემ სხვა დროს შეიძლება მთელი დღე არ გამახსენდეს.
_ ჰო, ეგ ეგრეა. მეც რამდენჯერ მქონია მსგავსი შემთხვევა. წავალ, სანამ დაღამებულა. ვინ იცის, გიო როდის მოვა.
_ წეღან დავურეკე და ჯერ ვერ ვიცლიო.
_ კარგი, დროს აღარ დავკარგავ. თუ მოვიდა, დამელოდეთ იცოდე, აქ არ დამტოვოთ, _ გავეხუმრე მეგობარს, ტანსაცმელი გამოვიცვალე და გზას გავუდექი.
მესამედი მანძილი არ მქონდა გავლილი, რომ ქარმა დაუბერა და ცაში გრუხუნი ატყდა. ერთ მომენტში უკან გამობრუნება გადავწყვიტე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე.
_ ბავშვი ხომ არ ვარ, იწვიმებს და იწვიმოს, ხომ არ დავდნები? _ შევუძახე საკუთარ თავს და ჩამობნელებულ ცას ავხედე.
საავდრო ღრუბლები უფრო და უფრო მუქდებოდა. ქარმაც უმატა ქროლას. იმ დღეს, როცა ჩემი მშობლები დაიღუპნენ, ძლიერი გრიგალი იყო და ჭექა-ქუხილი. მას შემდეგ მეშინოდა ასეთი ამინდის, მიუხედავად იმისა, რომ თავს დაჟინებით ვარწმუნებდი, ეს მხოლოდ ბუნების სტიქიაა და მეტი არაფერი-მეთქი. როცა გრგვინავდა, თავს შვიდი წლის გოგონასავით ვგრძნობდი, რომელმაც ამინდის გამო დედ-მამა დაკარგა და გაუვალ ტყეში თავშესაფარს ვეღარ პოულობს.
ნაბიჯს ავუჩქარე. თხუთმეტიოდე წუთში უკვე ცენტრში ვიყავი, მაგრამ სანამ ღია სასურსათო მაღაზიას მივაგნებდი, დრო დამჭირდა. გამიკვირდა, ნუთუ ისე გვიანაა, მარკეტები რომ დაუკეტავთ-მეთქი. შეიძლება ამინდის გაუარესების გამო მოხდა ასე. როგორც იქნა, ერთს მივაგენი, საკუთარი სახლის ეზოში ჰქონდა ვიღაცას პატარა მაღაზია გახსნილი.
ორი ბოთლი წყალი ვიყიდე და გამოვედი. ამ დროს წვიმის პირველი მსხვილი წვეთებიც დამეცა.
ნაბიჯს ავუჩქარე. თითქმის ნახევარი გზა გავიარე, როცა ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ლამის ცა ჩამოიქცა. წარამარა ელავდა და ცას თითქოს ას ნაწილად ხლეჩდა. გრგვინვის ხმა ბომბის აფეთქებასავით ჩამესმოდა ყურში. ასე მეგონა, მეხი დამეცემოდა და შუაზე გამგლეჯდა. ისეთი დაუშვა, გზა აღარ ჩანდა. არემარე სხვა სამყაროდ მეჩვენებოდა. წვიმის წვეთები სახეში მცემდა, სიცივე ძვალსა და რბილში მატანდა, მაგრამ მაინც მედგრად მივიწევდი წინ, თუმცა ვერაფერს ვარჩევდი.
როცა კიდევ ერთხელ დაიქუხა, ხმა იმხელა იყო, კინაღამ გული გამისკდა. შეშინებულმა ინსტინქტურად გავაგდე ხელიდან წყლის ბოთლები და ყურებზე ავიფარე ხელისგულები, თან რაც ძალა და ღონე მქონდა, გავიქეცი მდინარედ ქცეულ გზაზე.
როცა გიოს კოტეჯთან ახლომდებარე გზაჯვარედინს მივუახლოვდი, მომეჩვენა, თითქოს ვიღაც ჩემს სახელს იძახდა, მაგრამ სანამ რამეს გავიაზრებდი, უარესად დაიგრგვინა და შიშისგან აცახცახებულმა გზაჯვარედინზე გადავირბინე.
მოულოდნელად ჩემკენ მომავალი სატვირთო მანქანის ფარები დავინახე და მძღოლის შიშისგან შეშლილი სახე. მერე ვიგრძენი, როგორ ავფრინდი ჰაერში ნაჭრის თოჯინასავით და სადღაც დავენარცხე. თითქოს მილიონობით პატარა ისარი ჩამერჭო სხეულში, საშინელმა ტკივილმა ერთიანად დამკრუნჩხა. ბოლოს რაც დამამახსოვრდა, წითელი ბინდი და წვიმა იყო, ულმობლად რომ მესხმებოდა სახეზე. ამასობაში ტკივილის შეგრძნებაც გაქრა და თითქოს უსასრულობაში გადავეშვი.
გაურკვეველი ხმები ჩამესმოდა, ვიღაცები ჩემს სახელს ყვიროდნენ, მე კი ხმას ვერ ვცემდი. როცა უფრო გარკვევით გავიგონე ხმაური, ტკივილი ხელახლა დამიბრუნდა, თან ისეთი, რომ სუნთქვასაც ვერ ვახერხებდი. მერე ვიგრძენი, ვიღაცის ორმა ძლიერმა ხელმა თავი რომ ამიწია, ხოლო ვიღაცის ბღავილისმაგვარი ხმა იმეორებდა და იმეორებდა ჩემს სახელს. ბოლოს ისევ გავითიშე, თითქოს უწონო მდგომარეობაში აღმოვჩნდი და უფსკრულის თავზე დავეკიდე გაშეშებული.
როცა კვლავ მოვედი გონს, სასწრაფო დახმარების სირენების ხმა ჩამესმა. როგორც ჩანს, საავაადმყოფოში მიმაქანებდნენ. თვალს ვერ ვახელდი. ვიღაც ჩემთან ახლოს იჯდა და ტიროდა, თან მეფერებოდა და წარამარა ჩემს სახელს იმეორებდა.
უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა: ცეცხლი, რომელმაც შთანმთქა და მოსვენებას არ მაძლევდა, ჩაქრა და მსუბუქმა ნიავმა დამიბერა სახეზე. თვალების გახელას შევეცადე, მაგრამ ქუთუთოები ძალზე დამმძიმებოდა. სადღაც შემაქანეს, მერე კიდევ სადღაც ამარბენინეს და ბოლოს რაღაც რბილზე აღმოვჩნდი.
უეცრად შრიალი გავიგონე და შუბლზე რაღაც ცივი ვიგრძენი, აშკარად ადამიანის ხელი.
_ ნაკა! _ დამიძახა მამაკაცის ბოხმა ხმამ ტანჯული ამოკვნესით, _ იბრძოლე, გოგონი, არ დანებდე. გაახილე თვალები, გთხოვ!
ვცდილობდი შემეხედა მისთვის, მაგრამ თავის ტკივილი ისეთი აუტანელი იყო, მერჩივნა ისევ სრულ სიბნელეს შევფარებოდი. ისეთი დაღლილი ვიყავი, ისეთი დაღლილი…
როცა გამეღვიძა და ირგვლივ თვალი მოვავლე, ოთახში ბნელოდა და მხოლოდ პატარა ღამის ლამპა ენთო. უკიდურესი დაღლილობა, რომელმაც ჩემი პარალიზება გამოიწვია, სადღაც გამქრალიყო. ჩემი სხეული ისევ მე მეკუთვნოდა და მას ვგრძნობდი. ყურადღებით მიმოვიხედე გარშემო. თავში თითქოს ჩაქუჩს მირტყამდნენ, თუმცა ბუნდოვნად მახსენდებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ტკივილი უფრო ძლიერი იყო.
პატარა, თოვლივით თეთრ ოთახში ანტისეპტიკების მძაფრი სუნი იდგა. როცა წამოდგომა დავაპირე, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ფეხები არ მემორჩილებოდა და პანიკურად ავკივლდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავარიის შედეგად მომაჭრეს.
_ ყველაფერი რიგზეა, ნაკა, არ გაინძრე, ჯერ შენთვის ადგომა არ შეიძლება!
ლუკასი წამოხტა სავარძლიდან, რომელიც ისე დაედგათ, რომ ვერ დავინახავდი და ჩემ წინ მუხლებზე დავარდა. მოქუფრულ სახეზე მისი ნაცრისფერი თვალები თითქოს მეწამულისფერ წრეებში ჩაძირულიყო.
_ სად ვარ? _ გაოცებულმა ჩავიჩურჩულე, თან თავის ტკივილის პულსაციას საფეთქლებთან ვგრძნობდი.
_ კლინიკაში ხარ, თბილო გოგო, _ არეული ხმით მომიგო და დაჟინებით დამაშტერდა, ჩემი გამომეტყველების წაკითხვას ცდილობდა. ალბათ ამით სურდა გაეგო, უკეთესად ვიყავი თუ უარესად.
_ ა, ხო, ჭექა-ქუხილი, _ გამახსენდა და ისევ მივლულე თვალები.
ცოტა ხანში კვლავ ჩამეძინა.
როცა გამეღვიძა, ფანჯრიდან უკვე დღის სინათლე შემოდიოდა, ლუკასი კი ისევ ისე დამხობილიყო მუხლებზე ჩემ წინ. საბანზე თავჩამოდებულს ეძინა. მას შემდეგ, რაც გავიცანი, პირველად მეცა თვალში მისი დაჭმუჭნილი ტანსაცმელი და მუქი ლაქა პერანგზე, რომელიც გამხმარ სისხლს წააგავდა. ჩემი ოდნავი შერხევა და იმწამსვე გაეღვიძა.
_ ნაკა!
_ მაპატიე, _ ჩურჩულით წარმოვთქვი, _ უამრავი პრობლემა გაგიჩინე.
_ ეს ფრაზა მგონი შენი მეორე სახელია, ყოველ ჯერზე ამით იწყებ საუბარს, _ გახუმრებას შეეცადა, _ როგორ გრძნობ თავს?
_ თითქოს სატვირთომ გადამიარა, _ გავიღიმე.
თვითონაც გამიღიმა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდათ, ეს-ესაა აღრიალდებაო.
_ როგორ შემაშინე. მეგონა, დაგკარგავდი. _ სათუთად წარმოთქვა და მთელი სახე რბილი კოცნით დამიფარა, ჩემს სახელს იმეორებდა და თავისკენ ფრთხილად მიმიზიდავდა, _ რა მწარე ყოფილხარ, თურმე.
შევეცადე განზე გავწეულიყავი, რათა მისთვის უკეთ შემეხედა, მაგრამ ტკივილმა მკერდში გამიარა და სუნთქვა ისე შემეკრა, ლამის დავიხრჩვე.
მან მაშინვე ზარის ღილაკს მიაჭირა თითი.
_ არ გაინძრე! _ შეშფოთებულმა თქვა და შუახნის წვერიანი ექიმიც სწორედ ამ დროს შემოვიდა პალატაში. თეთრხალათიანი მამაკაცი სწრაფად მომიახლოვდა.
_ დილა მშვიდობისა, ლედი!
შესანიშნავი ინგლისური აქცენტი ჰქონდა. გაღიმებულმა ზემოდან დამხედა, თან შპრიცს ამზადებდა.
_ აუცილებელია ცოტა წაუძინოთ და როცა გაიღვიძებთ, უკვე ფოლადივით იქნებით.
ექიმმა ნემსი მკლავზე გამიკეთა. უამრავი კითხვა მიტრიალებდა გონებაში, თუმცა მათი დასმის თავი არ მქონდა. თვალები დავხუჭე.
_ საფრთხე არ ემუქრება, მისტერ ლუკას, _ მიმართა ექიმმა, _ ლედის მხოლოდ ხანგრძლივი დასვენება სჭირდება.
მერე კიდევ ცოტა ხანს მესმოდა მისი ხმა, ბოლოს კვლავ ჩამეძინა.
მორიგ გაღვიძებაზე ოთახი მზის კაშკაშა შუქს გაენათებინა. დიდხანს ვიწექი გაუნძრევლად, შემდეგ კი მიმოვიხედე. ირგვლივ არავინ იყო. ზარი დავრეკე, თან ვცდილობდი აზრები მომეკრიბა, რათ გამერკვია, სად იყო რეალობა და სად ველური ოცნებები.
_ ეს შეუძლებელია, _ ვუჩურჩულე სახეზე დაცემულ მზის სხივს, _ ნუთუ მართლა მითხრა, შენი დაკარგვის შემეშინდაო? ნუთუ ვუყვარვარ?
პატარა შავგვრემანი გოგონა შემოსრიალდა და მაშინვე ბავშვური ხმით ატიტინდა.
_ მისტერ ლუკასმა მთელი კლინიკა ფეხზე დააყენა. სულ ყვიროდა, ყველაფრით უკმაყოფილო იყო. ამბობდა, ექიმს ინგლისიდან გამოვიძახებო. ეგონა, ვერ გადაგარჩენდით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლედი. უბრალოდ, ნეკნების დაბეჟილობა გაქვთ და წვივის ძვალი გაბზარული. ეგ არაფერია, შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო. ხომ არაფერი გინდოდათ? მისტერ ლუკასი გარეთ გელოდებათ.
_ არა, არაფერი. უთხარით, შემოვიდეს.
გოგონა გავიდა თუ არა, იმწამსვე ლუკასიც შემოქანდა.
_ როგორ ხარ?
_ არა მიშავს.
_ ხომ მაპატიებ? გინდა ისევ მუხლებზე დავდგე? უნდა მაპატიო, ნაკა.
_ არა, რა საჭიროა. არც არაფერია საპატიებელი.
_ რა ბრმა ვყოფილვარ თურმე, _ წინ გამოიწია და ახლოს დამიდგა, _ უნდა აგიხსნა, რატომაც ვიქცეოდი ასე, მაგრამ უფრო ახლოს არ მოვალ. ახლა რომ შეგეხო, მერე ხმასაც ვერ ამოვიღებ, თავს დავკარგავ. ადრე ერთი გოგო მიყვარდა, რეგა ერქვა. როცა შენ პირველად დაგინახე, იქ, შენს ბინაში, ვიფიქრე, ბედისწერამ კიდევ ერთი განსაცდელი მომივლინა შენი სახით-მეთქი. გარეგნულად ჰგავხარ მას, მაგრამ შენმა საქციელმა მიმახვედრა, რომ სულ სხვანაირი იყავი. გეორგისმა ისე დამიხატა გვანცას პიროვნება, შენ არანაირად არ გგავდა. გახსოვს, რომ გაკოცე? შენ მაშინ ისე ბავშვურად უპასუხე ჩემს კოცნას, მივხვდი, რომ შენთვის ეს ახალი ხილი იყო და სრულიად გამოუცდელი იყავი სასიყვარულო საკითხებში. რაც უფრო მეტხანს ვიყავი შენ გვერდით, მით უფრო მომწონდი, მაგრამ გეორგიოსის ფაქტორი ხელს მიშლიდა. ჯერ თქვენ უნდა შემეხვედრებინეთ ერთმანეთისთვის და მერე გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ იქ, სანაპიროზე რომ გავედით, საბოლოოდ მივხვდი, რომ ვერ შეგელეოდი. გავრისკე და ამდენი წლის შემდეგ პირველად საკუთარ გულს მოვუსმინე. თითქოს გუმანით ვგრძნობდი, რომ შენ არ იყავი ის გოგო, ვინც ჩემს დისშვილს უყვარდა, თუმცა ამაში ბოლომდე უნდა დავრწმუნებულიყავი. როცა ყველაფერი გაირკვა და აღმოჩნდა, რომ გამაცურე…
_ მაპატიე…
_ მოიცა, დამამთავრებინე! მე თვითონ ვარ ყველაფერში დამნაშავე, გესმის? თავიდანვე უნდა გამერკვია ყველაფერი, უნდა მეცლია შენთვის, სიმართლე გეთქვა. მე გავაფუჭე საქმე. ქორწილამდე დარჩენა იმიტომ გთხოვე, რომ არ შემეძლო შენი გაშვება. მინდოდა სულ გვერდით მყოლოდი. თან ვერ ვიჯერებდი, რომ გიყვარდი და მენდობოდი მას შემდეგ, რაც ასე სასტიკად მოგექეცი. როგორ შეგიძლია ასეთი გიყვარდე? ჩემამდე არ დადის. კარამაც ისეთები დაახეთქა, გული მოგიკლა. ეს ამბები არ ვიცოდი. კიდევ კარგი, ლეილამ მიამბო. კარა სულელი ქალია, რაღაცებს ბოდავს. მასთან არანაირი სასიყვარულო კავშირი არ მქონია, უბრალოდ, ვმეგობრობდით. რაც შეეხება ბეჭედს, თვითონ აქვს ნაყიდი და მოგატყუა. არ ვიცი, ეს რაში დასჭირდა, რისი იმედი ჰქონდა. მისნაირ ცოლზე არასდროს მიოცნებია, დამიჯერე. ვერასდროს ვერავის შევიყვარებ ისე, როგორც შენ მიყვარხარ, ნაკა. ჰო, მიყვარხარ და ნუ მიყურებ ასეთი დაბნეული სახით. შენ ჩემთვის მზე ხარ, მთვარე, ვარსკვლავები. ალბათ, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა. მინდა ჩემი ცოლი გახდე, შვილები გამიჩინო, სიბერემდე გვერდით მყავდე. ერთად დავბერდეთ. თუ ზურგს შემაქცევ, აღარავინ მეყოლება გვერდით და არც არაფერი დამრჩება ამ ცხოვრებაში.
მისი დაჟინებული სიღრმისმიერი ხმა მაღელვებდა და მაშინებდა კიდევაც. ხელები მისკენ გავიწვდინე. არასდროს, ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ სიტყვებს ისეთი პატივმოყვარე, გულგრილი ადამიანისგან, როგორიც ჩემს თვალში ჩანდა.
იგი ჩემს ტუჩებს მისწვდა. თან მკოცნიდა, თან ცახცახებდა. მერე უცებ შემიშვა ხელი და თვალებში ჩამაშტერდა.
_ შენ არ მიპასუხე. გახდები ჩემი ცოლი?
_ აბა რა, _ ღიმილით მივუგე, _ მანამ, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს, _ `ამერიკულად~ ვუპასუხე.
ლუკასი საწოლზე ჩამოჯდა და ჩემს თმას შეეხო.
_ რა ლამაზია. ახლა ამ თმის ყოველი ღერი ჩემია. იმედია, მალე დადგები ფეხზე. მე მოუთმენელი ვარ, საყვარელო.
_ შენ თუ მაპატიე ჩემი ტყუილები?
_ რა იყო მანდ საპატიებელი? რაც გააკეთე, მხოლოდ შენი დაქალისთვის. თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ასე იყო და ამიტომ უფრო დაგაფასე. მე თვითონ ავბურდე ეს ძაფი და მევე უნდა გამოვხსნა. უფლის მადლიერი ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე, შენი თავი რომ მაჩუქა. ამიერიდან ხელს აღარ გაგიშვებ…
და არც მიშვებს, აგერ უკვე მეექვსე წელია…
დასასრული