- არა იმიტომ, რომ რამე დაუშავე. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ავტომატით მოგადგება სახლში, მაგრამ თვითონ პოლიციას შეუძლია შენზე ზეწოლა მოახდინოს, გაიძულოს, რომ დაეხმარო მის დაჭერაში.
- არ მჯერა ამ ზღაპრების. თანაც… საკმარისი ფული არ გვაქვს, სად წავიდეთ ან რითი ვიარსებოთ? - გამომცდელად შევხედე.
მის აზრებს ადვილად ვკითხულობდი. ის აღფრთოვანებული იყო ჩემი სილამაზით. ეს მის გამოხედვაში იგრძნობოდა. ვატო ჩემთან არასდროს თამაშობდა და არაფერს მიმალავდა. ან კი რა ჰქონდა დასამალი. ადამიანები ცდილობენ მხოლოდ სისულელეების და ბოროტების დამალვას, მას კი არც ერთი ახასიათებდა და არც მეორე.
- რა მოვიფიქროთ? - საგონებელში ჩავვარდი, მეც შემეშინდა.
- არ ვიცი, პირველ რიგში, როგორმე ფული უნდა ვიშოვოთ.
- მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ, - გონება გამინათდა, - ვიპოვოთ ქალი, რომელსაც შენ პლასტიკურ ოპერაციას გაუკეთებ.
ის შეცბა, ქვემოდან ამომხედა გაფართოებული თვალებით.
- ამისთვის ლიცენზია დამჭირდება, რასაც არავინ მომცემს, მე ხომ ჩამომართვეს თავის დროზე.
- კი მაგრამ, ჩემზე ხომ არ დაგჭირვებია ლიცენზია?
- შენ ახლობელი იყავი, უცხო კი აუცილებლად მომთხოვს.
- ულიცენზიოდაც ვიპოვი ვინმეს, ბებერს, ნაოჭებიანს. შენ მას ორმოცი წლის მერილინ მონროს დაამსგავსებ, ფულს გააკეთებ, გახსნი კერძო კლინიკას, მე კი… - აქ შევჩერდი.
- შენ კი ბავშვებს გამიჩენ, არა? - გამიღიმა ვატომ.
სანამ ვუპასუხებდი, თვალებში შევხედე და პაუზა რამდენიმე წამით გავწელე.
- ჰო, - თავდაჯერებულად ვუპასუხე ბოლოს.
- ყველა ლამაზ ქალთან ურთიერთობისას სისუსტე მძლევდა ხოლმე, მუხლებზე არ დავცემულიყავი მათ წინაშე, რის გამოც ან მალევე ვშორდებოდი მათ, ან პირიქით, მაგნიტივით ვეკვროდი. მტაცებლური მზერა, ვითომ ბავშვური გულუბრყვილობა, პატივმოყვარეობა, შეფარული ქედმაღლობა… ეს ყველას ახასიათებდა. შენში კი ამ თვისებების მსგავსი არაფერია. და მე მინდა, დავეცე შენ წინაშე მუხლებზე და ვეცემი კიდეც, მაგრამ ვერ ვახერხებ, ელენე, იმიტომ, რომ შენ მიწაზე არ დგახარ… შენ ჰაერში დაფრინავ, ზეციური არსება ხარ… - მოღუშულმა ჩაილაპარაკა, - მე ხელი არ მიმიწვდება შენზე.
- კარგი, რა, ნუ პოეტობ, გთხოვ, - მისი დამშვიდება ვცადე, თან მიხაროდა, ასეთ შთაბეჭდილებას რომ ვახდენდი მასზე.
- თანაც, ერთხელ უკვე გითხარი…
- რა მითხარი? - გაკვირვებით შევხედე.
- ასეთი ოპერაციის გაკეთებას შთაგონება სჭირდება-მეთქი… მის გარეშე ვერ ვიმუშავებ, რაღაც სიმახინჯე გამომივა. მაგალითად, დიდ-პატარა ყური, სახის სხვადასხვანაირი ნაწილი და რა ვიცი… ამასთან, სასტარტო კაპიტალი აუცილებელი იქნება.
- მოხუცი ქალბატონი მდიდარი იქნება, დამიჯერე, - მის დარწმუნებას ვცდილობდი, - მე ვიპოვი ასეთ ქალს. ხომ მენდობი? გთხოვ…
- რას მთხოვ, გაგიჟდი? ჩემთან თხოვნა რაში გჭირდება? შენ ოღონდ მოისურვე და… ხომ ხედავ, რა მომდის. საკმარისია, შემოგხედო, რომ…
- არ გინდა, ასე ნუ ამბობ. შენ არ… არ…
- არ ვარ ნამდვილი მამაკაცი?
- არა, მამაკაცი როგორ არ ხარ, მაგრამ უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ… არ იცნობ ქალებს. ქალთან ასე არ უნდა მოისაწყლო თავი.
- რატომ, რაც უფრო ძლიერად გვიყვარს ქალი, მით უფრო ნაკლებად მოვწონვართ მათ? - დაჟინებით დამაცქერდა.
- ჰო, - ვთქვი და გავწითლდი.
უხერხულობის დასაფარავად თმა ავუჩეჩე. განაწყენებულმა თავი გასწია და საყვედურით სავსე თვალებით შემომხედა.
- იცი? ამწუთას შენში შენი მომავალი ცხოვრების ერთ-ერთი ვარიანტი შევიგრძენი. შენ გარშემო ყველა კაცი ოხრავს, თავს გევლებიან, არ იციან, თავი როგორ მოგაწონონ, ოთხზე დადიან, ხოლო მათ შორის ერთი ზედაც არ გიყურებს, თითქოს ქათამი იდგეს მის წინ და არა ულამაზესი ქალი. შენ ამაზე ცოფდები, ჭკუაზე იშლები და სიგიჟემდე გინდა, იმ ერთმაც შეგამჩნიოს, რომ იმ ერთისთვისაც ერთადერთი და განუმეორებელი იყო.
- არ მსიამოვნებს შენი სიტყვები, ტკივილს მაყენებ, თანაც უმიზეზოდ. მე შენთვის ამის თქმის საბაბი არ მომიცია.
- მაპატიე… მაგრამ გიყურებ და ვხედავ, რომ შენ ჩემი არ ხარ. მართალიც არის, ასეც უნდა იყოს. სილამაზე რჩეულთა ხვედრია, მათ ეკუთვნით. მე კი არავინ ვარ.
- რატომ არავინ, შენ ძალიან კარგი ვინმე ხარ.
- ჰო, რა თქმა უნდა, ერთი ლოთი და გზას აცდენილი კაცი ვარ.
- რა სულელი ხარ, ვატო! - სახეაფაკლულმა შევძახე, - მე შენ მიყვარხარ, გულწრფელად მიყვარხარ, ასე კარგად არასდროს არავისთან მიგრძნია თავი. ნუთუ ამას ვერ ხვდები? არავინ იცის, სანამ გაგრძელდება ასე, მაგრამ ეს ჩემი ბრალი ხომ არ არის? ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. შეიძლება ორი-სამი წელი გავიდეს და მოგვბერზდეს ერთმანეთი. შენ ხომ გამოგიცდია მსგავსი რამ. ახლაც რომ ასე დაგემართოს? მერე რა იქნება?
- შენ რას მთავაზობ?
- მოდი, გინდა? კონტრაქტი დავდოთ.
- კონტრაქტი? რა კონტრაქტი?
- ერთწლიანი კონტრაქტი. შევპირდეთ ერთმანეთს, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთად ვიქნებით, გვეყვარება ერთმანეთი და სხვისკენ არ გავიხედავთ. ბოლოში კი ჩვენ-ჩვენი ხელმოწერა დავაფიქსიროთ. ერთი წლის შემდეგ კი განვაახლოთ ან გავაუქმოთ, როგორც მომავალი გვიჩვენებს.
- და ნოტარიუსთან გავიქცეთ დასამოწმებლად?
- რად გვინდა ნოტარიუსი, მე გენდობი, შენ არა?
- უაზრობაა შენი წინადადება. მე შენ მთელი ცხოვრება მეყვარები.
- კი, გეყვარები, როგორ არა! ეს მანამ, სანამ ამ ეზოში იჯდები, მაგრამ საკმარისია, აქედან გახვიდე, ხალხში გაერიო, მაშინვე ვიღაცას დაადგამ თვალს, კარგად გიცნობ. მე კი… ეჭვიანი ვარ, ამას ვერ ავიტან. ჰოდა, როგორც კი ეჭვიანობას დავიწყებ, შენც მიმატოვებ და სხვასთან გაიქცევი, ჩემზე უფრო ლამაზს შექმნი შენი ხელების წყალობით, ეს არის სიმართლე.
- არა, ეს შეუძლებელია. წარმოუდგენელია შენზე ლამაზის შექმნა.
- ეს შენ გგონია შეუძლებელი, იმიტომ, რომ მთელი დღე მხოლოდ მე მიყურებ. ვიცი, როგორიც ხარ. საკმარისია, სხვა ქალს შეხედო, მის მომავალ სილამაზეს ეგრევე დანახავ, ეგრევე მივხდები, რა როგორ უნდა შეუცვალო, რომ ღვთაებრივი გახდეს. იდეებით გაგეტენება თავი.
მისმენდა და სახე წარამარა ეცვლებოდა. მერე ცოტა ხნით ჩაფიქრდა, თავი გადააქნია და თითქოს თავის თავს უთხრა.
- კარგი, მე თანახმა ვარ, შეადგინე კონტრაქტი.
პატარა გოგოსავით ცქვიტად წამოვხტი, კალამი და ფურცელი მოვარბენინე და რამდენიმე წუთში კონტრაქტის ტესქტი მზად იყო. მართალია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო ჩვენი მხრიდან და არა სერიოზული გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც გვსიამოვნებდა ამის გაკეთება.
***
დიმიტრის გამოგზავნილი ხუთასი დოლარით ვარსებობდით. მე სხვა გამოსავალიც ვიპოვე. ალუბალი დავკრიფე, ჩემი მოყვანილი ბოსტნეული, მწვანილები, ნესვი და საზამთროც და მაღაზიაში ჩავაბარე. ორას ლარამდე გამოვიდა. წარმოგიდგენიათ, რამდენი მიმუშავია? მიუხედავად ამდენი პლასტიკური ოპერაციისა, დროს უქმად მაინც არ ვკარგავდი. ცოტათი მიჭირდა გადაადგილება, მაგრამ უმოძრაოდ მაინც ვერ ვჩერდებოდი. ვატოც მეუბნებოდა, სიარული ჯობია, რომ ძვალმა ელასტიკურობა არ დაკარგოსო. ამასობაში ოქტომბერიც მიილია. აცივდა.
7 ნოემბერს ქირურგმა მართლა მომხსნა მავთულები და მთელი დღე დამოუკიდებლად სიარულს მასწავლიდა. ძალიან დავიღალე, მაგრამ მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვიყავი. მართალია, ნელა დავდიოდი, მაგრამ გამართულად, არაფერი მტკიოდა.
გავიდა სამი დღე. უკვე ისე კარგად ავითვისე «სიარულის ხელოვნება», დაღლას ვერც ვგრძნობდი. ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში წავსულიყავი. მეგულებოდა პლატისკური ოპერაციის მსურველი რამდენიმე კანდიდატურა ჩემი ძველი სამსახურიდან. ნორაჩკა გამახსენდა, ჩვენი თანამშრომელი, სულ იმას წუწუნებდა, ერთი ვერ მოვიცალე, რომ პლასტიკური ოპერაცია გავიკეთო და ნაოჭები გავისწოროო. სამოცდახუთი წლის იყო, გაუთხოვარი და ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ თავის შესაფერის კანდიდატურას იპოვიდა. სულ აქვეყნებდა გაზეთში განცხადებებს, ოჯახის შექმნის მიზნით ასეთ და ასეთ უცოლო ან ქვრივ კაცს გავიცნობო. ამახე სულ მეცინებოდა, ახლა კი გამახსენდა მისი ნათქვამი და ჩავფიქრდი, ჭკუაში დამიჯდა, რომ მას ვსტუმრებოდი წინადადებით.
ვატო ძლივს დავითანხმე, ჯერ შენი გარეთ გასვლა ნაადრევიაო. მაინც გავიტანე ჩემი. გამოვიპრანჭე და წასასვლელად გავემზადე. ქირურგმა ჭიშკრამდე მიმაცილა.
- დედოფლის შეხედულება გაქვს, ტოპმოდელის სიარული, თეძოებს ისე მიარხევ, ნაომი კემპბელსაც კი შეშურდება, - თითქოს დანანებით თქვა მან, - შეიძლება არც დაბრუნდე. რომ იცოდე, არ გამიკვირდება.
პასუხად გავუღიმე, მაგრამ ქუჩაში გავედი თუ არა, მეც გავიფიქრე, «მე შემიძლია არც დავბრუნდე», რადგან შემხვედრთა აღტაცებულ მზერას ვგრძნობდი, - ასეთი იშვიათი სიალამაზის ქალი აქ საიდან გაჩნდაო, ყველას გამოხედვაში ამ აზრს ვკითხულობდი. კაცებს კისერი ეღრიცებოდათ ჩემ დანახვაზე. მეც კმაყოფილი ღიმილით ავუვლიდი გვერდს ნაცნობ თუ უცნობ სახეებს და ამაყი რხევით მივაბიჯებდი ქუჩაში, ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე ასული.
გაჩერებაზე დიდხანს არ მომიწია ლოდინი. მოულოდნელად ჩემ წინ თეთრმა «მერსედესმა» დაამუხრუჭა. სათვალიანმა სოლიდურმა მამაკაცმა თავი გადმოჰყო მანქანიდან.
- ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენი წაყვანის უფლება მხვდება წილად.
- არა, გმადლობთ, «მარშრუტკას» ველოდები, - ცივად წარმოვთქვი, წესიერად არც შემიხედავს მძღოლისთვის.
- ელენე, ვერ მიცანი? - გაიღიმა უცნობმა.
ახლა კი შევხედე. ვიცანი, როგორ ვერ ვიცანი. ჩემი მკურნალი ექიმი იყო, გურამი.
- ღმერთო ჩემო, - წამოვიძახე, - აქ საიდან გაჩნდით?
- პაციენტის სანახავად ვიყავი. შემთხვევით შენ მოგკარი თვალი.
- როგორ მიცანით?
- ამ სახეს რა დამავიწყებს…
- მაგრამ მე ხომ…
- რამდენიმე წუთია, გაკვირდები, ხომ არ მეშლება-მეთქი, მაგრამ მაინც გიცანი. კარგად უმუშავია ვატოს, ყოჩაღ. სად მიდიხარ?
- თბილისში.
- დაჯექი, წაგიყვან, მეც იქით მივდივარ.
უყოყმანოდ ჩავჯექი მანქანაში. მექანიკურად უკან მივიხედე. მომეჩვენა, თითქოს ვიღაც იყო ამოფარებული მაღაზიის კედელს და მითვალთვალებდა. წარბები ავზიდე. ნუთუ ვატოა? ჩუმად ხომ არ გამომყვა? რას იფიქრებს, თუ მართლა ასეა? რაც უნდა, ის იფიქროს, ცუდს რას ვაკეთებ? ნაცნობი შემხვდა და დავემგზავრე, რა არის ამაში გასაბრაზებელი? თავს კი ვინუგეშებდი, მაგრამ გულის სიღრმეში სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი.
უხმოდ მივდიოდით, გურამი დუმდა. არც მე გამომიდია თავი, თუ რამის თქმა უნდა, პირველმა თვითონ დაიწყოს-მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის. რამდენჯერმე ფარულად შევავლე თვალი. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, თანაც - კარგად მოვლილი. როგორც ჩანს, ბევრი ფული აქვს. ეს ავტომობილიც ერთ-ერთი ბოლო მოდელია, «ხელმისაწვდომ» ფასებში ვერ შეიძენდა. აბა რა, კაცს თავისი კლინიკა აქვს და ფული არ ექნება? იქნებ ვატოს თავისთან დააწყებინოს მუშაობა? არა, არ გამოვა. ეს ხომ პლასტიკური ქირურგიის ცენტრი არ არის. იქნებ სადმე უშოვოს რამე? გამორიცხულია, ვატოს არსად მიიღებენ. ლიცენზია ხომ ჩამორთმეული აქვს.
თბილისამდე მალევე ჩავაღწიეთ. მეტრო «რუსთაველს» რომ მივუახლოვდით, ვთხოვე, აქ გამიჩერე-მეთქი, თან ცოტათი განხიბლულიც კი დავრჩი, მთელი ნახევარი საათის განმავლობაში სიტყვაც არ უთქვამს. სხვა ალბათ ქადაგად დავარდებოდა, რომ ჩემთვის თავი მოეწონებინა, ეს კი…
- იქნებ ერთად გვესადილა, რას იტყვი? რა თქმა უნდა, თუ ძალიან არ გეჩქარება… - თქვა გურამმა მოულოდნელად.
გულში გამიხარდა. ასი წელია, რესტორანში არ ვყოფილვარ, მაგრამ… ასე ჩაცმული სად გამოვჩნდე? ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება, ვითომ კონკია ვარ, ღარიბი, მაგრამ ლამაზი… რა, არ შეიძლება? განა ასეთები არ არსებობენ? მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე.
- ჩემი ჩაცმულობა უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგაყენებთ?
- ჯერ ერთი, შევთანხმდეთ, მშვენიერო ელენე, რომ შენობით ვილაპარაკებთ, მეორეც, მე ასეთი უბრალო ჩაცმული უფრო მომწონხარ. ლამაზი ქალი ძვირფას ტანსაცმელში, ნურავინ მიწყენს, მაგრამ… ცოტა ვულგარულიც კი არის.
- მაშინ თანახმა ვარ, - კეკლუცად გავუღიმე ექიმს და სავარძლის საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი.
<div>***</div>
გურამი ხელგაშლილი აღმოჩნდა. ყველაფერი საუკეთესო შეუკვეთა ოფიციანტს, რომელიც მზერას არ მაშორებდა, ისე მათვალიერებდა, როგორც აუქციონზე გასაყიდად გატანილ ნივთს.
რესტორანს დიდი დარბაზი ჰქონდა. ხალხი ბლომად ირეოდა. ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო «სინათლეზე». პირველად ვიყავი ყურადღების ცენტრში, ყველა მაგიდიდან ვგრძნობდი გაკვირვებულ თვალებს, პირველად ვიყავი დედოფალი. მეც ვიფერებდი ამ ყურადღებას და ამაყად მხრებაწეული მოვავლებდი ხოლმე ღიმილიან მზერას ჩემ წინ თუ უკან მსხდომ მოქეიფეებს. წითელი ღვინო დავლიეთ. გურამს თვალები პირველივე ჭიქაზე აუციმციმდა. ჰოდა, რომ მოხსნა გუდას პირი, არ გაჩერებულა, თავისი ისტორიის მოყოლა დაიწყო. თურმე ცოლს გაყრილი ყოფილა, შვილებიც არ ჰყოლიათ. მერე თავი შემაცოდა, მართალია, ბევრი ფული მაქვს, მაგრამ უბედური კაცი ვარ, საყვარელი ქალი არ მყავსო.
- მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ისეთ ქალს შევხვედროდი, როგორიც შენ ხარ. გგონია, მართლა შემთხვევით მოვხვდი შენს სახლთან? რამდენი ხანია, გითვალთვალებ, ყოველდღე ამოვდივარ, იქნებ გარეთ გამოვიდეს და დაველაპარაკო-მეთქი. მანქანაში ხმა ვერ ამოვიღე, ისე დამაბრმავა შენმა სილამაზემ და სიახლოვემ. საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ჩემი ბედნიერება გადმოვცე. ამწუთას ალბათ მსოფლიოში არ მოიძებნება მეორე, ჩემზე უფრო იღბლიანი ადამიანი. გამიმართლა, რომ შეგხვდი. ნუთუ გულმა გიგრძნო? მაპატიე, ამას რომ გეუბნები პირველსავე შეხვედრაზე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. თუ შენ თანახმა იქნები, ახლავე წავიდეთ ჩემთან, სამსახურში მოგაწყობ, კლინიკაში, დედოფალივით იქნები. მაღალ ხელფასს დაგინიშნავ, ხელისგულზე გატარებ და როცა შენგანაც იმავეს ვიგრძნობ, რასაც მე ვგრძნობ შენ მიმართ, მზად ვარ, ერთად ცხოვრება გავაგრძელოთ. არ მაინტერესებს, როგორ ცხოვრობდი აქამდე, რა გაკავშირებს შენს ქირურგთან. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი და როცა თანახმა იქნები, იმ დღესვე მოგიყვან ცოლად. არ იცი, როგორი სახლი მაქვს, ნამდვილი სასახლე, ცხენი გაჭენდება შიგნით. მთელი ცხოვრება საზრუნავი არაფერზე გექნება. გადაიდებ ფეხს ფეხზე, იქნები განცხრომაში. აი, ეს არის ჩემი სათქმელი, - დაამთავრა გურამმა და ოფლით დაცვარული შუბლი ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით მოიწმინდა.
***
აშკარად ღელავდა გურამი.
ცხვირსახოციც მანქანისფერი ჰქონია, - შევნიშნე. ღიმილი ვერ შევიკავე.
- რატომ გეღიმება რაღაცნაირად? - მკითხა უცებ.
- შენი აზრით, როგორ უნდა გაიღიმოს ქალმა, რომელიც ახალგაცნობილი მამაკაცისგან ასეთ სიტყვებს მოისმენს? ნებისმიერს შეუძლია ასე თქვას. აი, იმ მაგიდასთან მსხდომ ყველა მამაკაცს, მაგალითად, - თვალით ვანიშნე მის ზურგს უკან მოქეიფე ოთხი მამაკაცისკენ, რომლებიც წარამარა ჩემკენ იხედებოდნენ და თვალებით მჭამდნენ, - ყველას შეუძლია, ოქროს მთებს დამპირდეს, მაგრამ შემსრულებელი რამდენი იქნება, შენი აზრით? არც ისეთი უტვინო ვარ, ასეთი რამეები დავიჯერო. თუ სურვილი ექნება, შენი მდგომარეობის მამაკაცს ქალი არ გაუჭირდება. განა ჩემში რა ნახე ასეთი საოცარი?
- მომისმინე, ელენე. ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არა ვართ, ზრდასრული ადამიანები გვქვია. როგორ დაგარწმუნო ჩემი სიტყვების გულწრფელობაში? თუ გინდა, ასი კაცის წინაშე დაგიფიცებ და შეგპირდები, ვისაც გინდა, იმას დავიყენებ მოწმედ. მე არცთუ ღარიბი კაცი ვარ, გავლენიანი პიროვნება, პერსპექტიული საქმრო, შენ კი მსოფლიოში ულამაზესი ქალი. ამით, მე მგონი, ყველაფერი ნათქვამია. გახდი ჩემი ცოლი და ჩიტის რძეს არ მოგაკლებ, თან ისეთ კარიერას გაგიკეთებ…
სკეპტიკურად გავხედე. «თოვლის ბაბუა», როგორც ჩანს, ასეთ მზერას არ იყო მიჩვეული და ოდნავ შეცბა, მერე კი სახე მოულოდნელად შეეცვალა და რაღაცნაირად ღვარძლით ჩაილაპარაკა.
- იცი რა, ჩემო კარგო? ერთი ჭკვიანური რჩევა მინდა მოგცე. თუ გგონია, რომ მხოლოდ სილამაზეა საკმარისი კარგი ცხოვრების მოსაწყობად, სასტიკად ცდები. თუ პატრონი არ გყავს, შენისთანების ბოლო «პასადკა» ცირკთან იქნება. მინახავს შენნაირი ლამაზები…
მის ასეთ შემობრუნებას არ ველოდი. გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.
- რატომ მელაპარაკებით ასე, დაგიშავეთ რამე? რა შემეშალა? - მოკრძალებული ქალის პოზიცია დავიჭირე, თუმცა ვაგრძნობინე, რომ შეურაცხყოფილი დავრჩი.
- მაპატიე, მაპატიე. ვიფიქრე… - თითქოს ჰიპნოზიდან გამოერკვაო, შეცბა გურამი, - იცი, რა? ასე მგონია, ახლა რომ ხელიდან გაგიშვა, ჩემთვის საბოლოოდ დამთავრდება ყველაფერი, გავნადგურდები. ამიტომაც ვთქვი ასეთი სისულელეები, - მომიბოდიშა, სკამიდან წამოიწია, ჩემი ხელი აიღო და მოწიწებით მეამბორა.
- მე კი მეგონა, უკვე დათვერით და სასმელი გალაპარაკებდათ. თავიდანვე ასე გეთქვათ, არ ჯობდა? - ირონიულად ვთქვი.
- ხომ შევთანხმდით, რომ შენობით ვილაპარაკებდით, რატომ გადახვედი თქვენობითზე?
- რა ვიცი… ისე შემომიტიე, რომ სხვა გზა არ დამიტოვე, - ისევ შევაფრქვიე ჯადოსნური ღიმილი.
- გიყვარს ის კაცი? - მკითხა უცებ.
- ვინ კაცი? - რაც შეიძლებოდა, გულუბრყვილო გამომეტყველება მივიღე.
- ვატო.
- არა, რას ამბობ! ის მხოლოდ ექიმია ჩემი, სხვა არაფერი. მე… მე მარტოხელა ქალი ვარ, არავინ მყავს და არავის ვეკუთვნი… ჯერჯერობით, - ტყუილების კორიანტელი დავაყენე, თვითონაც არ ვიცი, რატომ.
- მართლა მარტოხელა ხარ?
- მართლა, მართლა, მეზობლებიც კი არ მყავს… არც სამსახური მაქვს.
- ამაზე ნუ იდარდებ. ისეთ სამსახურში მოგაწყობ, ყველა ქალს შეშურდება შენი. აბა, რას იტყვი, თანახმა ხარ?
- გურამ… ასე სწრაფად გამიჭირდება გადაწყვეტილების მიღება. ჯერ კარგად არ გიცნობ, თანაც… ხომ უნდა შეგეჩვიო. მე არ ვეკუთვნი იმ ქალების კატეგორიას, გამორჩენის მიზნით რომ დგამენ დაუფიქრებელ ნაბიჯებს. არ მინდა მოგატყუო. რომ გითხრა ახლა, ამწუთას, მიყვარხარ-მეთქი, დამიჯერებ?
- დაგიჯერებ, - სწრაფად მიპასუხა.
- რანაირად, კი მაგრამ? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ შენს ფულს დავხარბდი? რაში გჭირდება ცოლი, რომელიც პირველივე დღიდან ტყუილებით დაიწყებს ურთიერთობას?
- შენ ხომ უკვე მიცნობ, თანაც არც ისე ცოტა ხანია, - შეიშმუშნა მამაკაცი და შუბლიდან კვლავ მოიწმინდა ოფლი, მერე ღვინით სავსე ჭიქას დასტაცა ხელი და სულმოუთქმელად გადაჰკრა, სადღეგრძელოც კი არ უთქვამს.
- მაგრამ მე სულ ორჯერ მყავხარ ნანახი, სამჯერ კი ტელეფონზე გელაპარაკე. ეგ არის და ეგ. მაგრამ არის კი ეს საკმარისი? არ არის, დამიჯერე.
- აბა, რა ვქნათ?
- რა და… ახლა სახლში წამიყვანე, ხვალ კი მოვალ და სამსახურში გამაფორმე. დანარჩენი მერე ვნახოთ.
გურამმა ღრმად ამოიოხრა, უკმაყოფილო სახით ოფიციანტი მოიხმო, დანახარჯი გადაიხადა და წამოდგა.
გარეთ თავსხმა წვიმა დაგვხვდა. უსიტყვოდ ჩავსხედით მანქანაში. ჩემი ახალი თაყვანისმცემელი ისე იყო აჭარხლებული, ღიმილს ვერ ვიკავებდი მისი შემხედვარე. მთელი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა, გადაუღებელი წვიმისგან მინები ერთიანად დაბურულიყო, გზაზე თითქმის არაფერი ჩანდა. შემხვედრი მანქანები მთელი ძალით გვისიგნალებდნენ, რადგან სველ ასფალტზე სწრაფად მიმავალი ავტომობილი მოძრაობის წესებს ძალაუნებურად არღვევდა. მოულოდნელად გურამმა საჭე მკვეთრად მიაბრუნა მარცხნივ, ვერ მივხვდი, რამ აიძულა და სანამ გავიაზრებდი, რა ხდებოდა, საშინელი ჭახანის ხმა გაისმა. გურამმა დამუხრუჭება სცადა, მე გვერდზე გადავიხარე და თავი ძლიერად მივარტყი საქარე მინას… მერე აღარაფერი მახსოვს.
***
თვალი რომ გავახილე, უზარმაზარ ცისფერ საძინებელ ოთახში აღმოვჩნდი ლაპლაპა აბრეშუმის საბანგადაფარებული. მიმოვიხედე. თეთრ, ოქროსფრად მოვარაყებულ საწოლზე ვიწექი და საოცარ, აქამდე არგანცდილ სურნელს ვგრძნობდი.
ოთახის კედლებზე ძვირფას ჩარჩოებში ჩასმული ჩემთვის უცნობი მხატვრების ტილოები ეკიდა. ქვემოთ, ლაკირებულ იატაკზე კი თეთრი დათვის ტყავი იყო გაფენილი. ჩემ უკან, საწოლის თავზე, სპარსული ხალიჩა ეკიდა, რომელზეც ირმის რქები, უძველესი ქართული ხმლები და ხანჯლები დაემაგრებინათ. ფანჯრებზე მუქი ლურჯი, მძიმე ქსოვილის ფარდები იყო ჩამოშვებული, რომლებიც თითქმის აბნელებდა ოთახს. მეგონა, სიზმარში ვიყავი.
რამდენიმე წუთის შემდეგ თეთრი კარი ფართოდ გაიღო და საძინებელში ცისფერკაბიანი და თეთრწინსაფრიანი სრულიად ახალგაზრდა, გამხდარი მოსამსახურე გამოჩნდა, რომელმაც მხიარულად გამიღიმა და მზრუნველად დაიხარა ჩემკენ.
- იცით, რამდენ ხანს გეძინათ, ქალბატონო ლელა? მთელი დღე-ნახევარი. თითქმის ოცდაჩვიდმეტი საათი. გუშინ, სადილზე, ბატონმა გურამმა მძინარე მზეთუნახავიც კი გიწოდათ. ისე დარდობს თქვენზე… ისე ენატრებით… ადგილს ვერ პოულობს უთქვენოდ.
გაკვირვებული ვისმენდი მის სიტყვებს, არაფერი გამეგებოდა, ამიტომ დუმილი ვამჯობინე. რატომ გავხდი ქალბატონი ლელა? მგონი, სხვა სახელი მერქვა? თუმცა, როცა შენზე დარდობს ვინმე გურამი, ასეთი მდიდარი და მოსიყვარულე ქმარი, უმჯობესია, გაჩუმდე.
მოსამსახურემ ატლასის მოჩითული ხალათი მომაწოდა, ჩაცმაში მომეხმარა და განაგრძო.
- ახლა აბაზანამდე მიგაცილებთ, შემდეგ კი გივი ექიმი გაგსინჯავთ, დიდი ხანია, თქვენ გამოღვიძებას ელოდება. ამბობს, რომ ორიოდ დღეში საბოლოოდ გამოჯანმრთელდებით.
«არა, რაღაც უცნაური რამ ხდება. ნუთუ ეს რეალობაა? სიზმარში ხომ არა ვარ?»
- თქვენ ალბათ, ისევ დაგავიწყდათ, რა მქვია, არა? - კვლავ გამიღიმა მოსამსახურემ.
მეც დაბნეულმა მხრები ავიჩეჩე.
- ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი მოწესრიგდება. მე ფრიდა მქვია. მართალია, ცოტა უცნაური სახელია ქართველი ქალისთვის, მაგრამ ნახევრად გერმანელი ვარ, დედის მხრიდან და მისი ხათრით დამარქვეს ასე. რა ლამაზი ხართ, ქალბატონო ლელა, თვალს ვერ გაშორებთ. თქვენი მეუღლე მხოლოდ თქვენზე ლაპარაკობს, ოცდაოთხი საათი თქვენი სახელი აკერია პირზე. როგორ გაუხარდება, რომ დაგინახავთ. გუშინ ამბობდა, იმ ელენეს ამბის გამო რამდენიმე სერიოზული საქმე ჩამეშალაო.
«ელენე ვინღაა? ან ეს გურამი ვის დაჰკარგვია? ალბათ ის არის ჩემი ქმარი, რადგან ასე ღელავს ჩემ გამო. საინტერესოა, როგორია? რატომ არაფერი მახსოვს? ვინ ვარ? რა ცხოვრებით ვცხოვრობდი დღემდე? სად წავიდა ჩემი წარსული? რა მომდის?» - ფიქრები ერთმანეთში მერეოდა, - თუკი სიმპათიურია და მდიდარი, რატომაც არა? იყოს ქმარი, რა… მაგრამ მე ხომ არასდროს მყოლია ქმარი? ჰოდა, ახლა გამოჩნდა. რა მემართება?»
- რა თვეა ახლა? - ვკითხე ფრიდას.
გაგრძელება იქნება