26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1921 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს სამეფოს გაუქმებას ნიშნავდა. გენერალმა კნორინგმა ქართველ ხალხს ჯარით გარშემორტყმულ სიონში წაუკითხა იმპერატორის განაჩენი. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნე მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლის ხელში გადადიოდა.
იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.
ქართველები არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. ქართველებმა დროებით ჩააგეს ხმლები და წარსულის სევდით განმსჭვალულებმა მწერლობაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ასე დაიწყო საქართველოში რომანტიზმის ხანა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა.
"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო", - ლელთ ღუნიას ეს სიტყვები მთავარ იდეად გასდევდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ აზროვნებას.
"ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის წარსულს ივიწყებს". ამიტომაც თერგდალეულები ყოველნაირად ცდილობდნენ ეროვნული სულის გაღვივებას, თითქოს მომავალი დამოუკიდებლობისთვის ამზადებდნენ ქვეყანას. შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამოუშვეს ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღადგინეს ქართული თეატრი, დააფუძნეს ქართული სათავადაზნაურო ბანკი.
1905 წლიდან კი უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.
ისევე, როგორც ყველა სხვა იმპერიამ, მეფის რუსეთმაც ამოწურა თავისი ძალები. სახელმწიფოს შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობები 1917 წლის რევოლუციაში გადაიზარდა და საბოლოოდ დაასამარა რომანოვთა სამასწლიანი დინასტია. რუსეთს კავკასიისთვის აღარ ეცალა. საქართველოს ბედის შესაცვლელად ხელსაყრელი დრო დადგა. პირველმა ეს შესაძლებლობა ქართულმა ეკლესიამ გამოიყენა. 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები - მენშევიკები, რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა პოსტი ეკავათ. რევოლუციურ პეტერბურგთან შედარებით თბილისი ოაზისს ჰგავდა, მაგრამ პრობლემებმა აქაც მალე იჩინა თავი. რუსეთის ახალ ხელისუფლებას აღარ სურდა გერმანიასა და თურქეთთან ომის გაგრძელება. კავკასიის ფრონტი დაიშალა, საქართველოს კი თავისი არც ხელისუფლება ჰყავდა და არც არმია, თავი რომ დაეცვა...გაგრძელება